დღეს, 1-ელ დეკემბერს ორგანიზაცია „საფარმა“ გამართა ონლაინ დისკუსია თემაზე „ფემიციდთან ბრძოლის გამოწვევები საქართველოში: საქმის ,,თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ“მიხედვით.“
ღონისძიებას მოდერატორობას საფარის აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია უწევდა. საფარის იურისტმა ნათია გამხიტაშვილმა კი საქმის დეტალებზე, მის მნიშვნელობასა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
მარიკა წივწივაძე ფაქტობრივი მეუღლის მხრიდან, სისტემატიურად, ვერბალური და ფიზიკური ძალადობისა და მუქარის მსხვერპლი იყო. მან სამართალდამცავ ორგანოებს არსებული საფრთხის შესახებ 2014 წელს 11-ჯერ აცნობა და დახმარება სთხოვა, თუმცა, 2014 წლის 17 ოქტომბერს, ფაქტობრივმა მეუღლემ მას ერთ-ერთ უნივერსიტეტში, ლექციის ჩატარებისას, სამსახურში მიაკითხა და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
გარდაცვლილი მარიკა წივწივაძის დედის, თალიკო თხელიძის ინტერესებს სტრასბურგში, ორგანიზაცია „საფარი“იცავდა.
საქმეზე ,,თხელიძე საქართველოს წინააღდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში2021 წლის 8 ოქტომბერს შევიდა.
მოცემული საქმე პრეცედენტული და მნიშვნელოვანია, რადგან ის საქართველოს წინააღმდეგ ფემიციდის პირველ საქმეს წარმოადგენს, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ იმსჯელა და რიგი დარღვევები დაადგინა.
ასევე, მოცემული საქმე პირველია სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში, როდესაც ოჯახში მომხდარ დანაშაულზე დისკრიმინაცია სიცოცხლის უფლების დარღვევით, როგორც მატერიალურ, ასევე პროცედურულ წილთან მიმართებაში დადგინდა.
ღონისძიებას დაესწრნენ EQUALITY NOW-ს ევრაზიის რეგიონული წარმომადგენელი თამარ დეკანოსიძე, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.