ბლოგები / ქალზე ძალადობა

ოჯახში ძალადობა – არაინფორმირებულობა და საკუთარი უფლებების არცოდნაა

ავტორი: შალალა ამირჯანოვა

ბევრ ქალს, რომელიც ინფორმაციულ ვაკუუმში ცხოვრობს, არ აქვს წვდომა საკუთარი უფლებების დაცვაზეც. საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ქალებს ეს პრობლემა ორმაგად აწუხებთ. ქართული ენის არცოდნა და საზოგადოებრივი სტიგმა იმ მრავალ პრობლემას შორისაა, რომლელიც აზერბაიჯანელ ქალებს ცხოვრების ხარისხს უქვეითებს.

32 წლის რაისა ამ მრავალ ქალთა შორისაა. იგი სოფლებში საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებისას შემხვდა.

სოფლებში საინფორმაციო შეხვედრებზე სიარული ადგილობრივების სურვილი არაა, ისინი ან სოფლის რწმუნებულმა ან და სკოლის დირექტორმა უნდა მოიწვიოს, ან დააძალოს მოსვლა. მე კარგად მახსოვს ის სახეები, როცა საუბრის დაწყებამდე ქალებს ერთი სული ჰქონდათ, შეხვედრა მალე დაწყებულიყო და მალე დასრულებულიყო. მე კი ჩუმად ვუსმენდი მსგავს წინადადებებს: „ძლივს გამოვედი სახლიდან, საჭმელი უცებ დავდგი გაზქურაზე და დეიდა მეტანეტს (დედამთილი) ვთხოვე, მიხედე, მალე დავბრუნდები-მეთქი“, „კომშის მურაბას ვამზადებდი, მეთქი ბარემ კომპოტსაც გავაკეთებ. უცებ დაურეკეს ძია ახმედს (მამათილი), შენი რძალი არ მოდისო და გამომიშვეს. ბევრი საქმე მაქვს, მალე უნდა დავბრუნდე“; „ლეილა მასწავლებელმა მითხრა, მოდი, რაღაც შეხვედრა არისო, დედამთბილმა ტყუილად მიდიხარო, ძლივს გამოვედი“ – ეს და მრავალი ხმა ისმოდა შეხვედრის დაწყებამდე სკოლის ცივ ოთახში.

მიუხედავად ამისა, ჩატარებული ათობით ტრეინინგიდან თითქმის ყველა ქალი მახსოვს. რაისა განსაკუთრებულად დამიმახსვორდა.

რაისას სახელი და ისტორია არ ვიცოდი იმ მომენტში, მაგრამ მისი თვალები დღემდე მახსოვს. ინტერესით მიყურებდა. შემდეგ ყველაფერი გვიამბო.

რაისა 16 წლის ასაკში გაათხოვეს, ოჯახის სიყვარული გარეშე შექმნა. მისი თქმით, თავიდან ყველაფერი კარგად იყო, თუმცა მერე სიტუაცია გაუარესდა. თავიდან ძალადობა ისეთი სახის იყო, რომ მას არ ესმოდა, რომ ქმარი მასზე ძალადობდა.

ქორწილიდან რამდენიმე თვეში, რაისას სახლიდან საკუთარი გადაწყვეტილებით გასვლის უფლება არ ჰქონდა. მისი თქმით, ეჭვიანი ხასიათი ჰქონდა ქმარს. მას ეს სიყვარულის მაჩვენებელი ეგონა და მის დაუკითხავად არსად გადიოდა. სახლს ტოვებდა მხოლოდ მისი თანდასწრებით და ისიც – მანქანით. იმის შესახებ პირველად ჩემთან შეხვედრაზე გაიგო, რომ ეს მისი უფლებების დარღვევა და ოჯახში ძაალდობაა, და რომ ეს პირდაპირ თავისუფლების აღკვეთას ნიშნავს.

„რაც არ უნდა მეთქვა, პასუხად გინებას ვიღებდი. საჭმელი თუ არ იქნებოდა გემრიელი, მაგინებდა, რაღაცას ჩავიცვამდი – არ მოწონდა და მაგინებდა, სადმე გასვლა, დედასთან წასვლა მინდოდა – არაო, და მაგინებდა. ყველაფერზე გინება მესმოდა. დედასთან ერთი-ორი საათი შემეძლო გაჩერება. დაგვიანებაზე – ისევ გინება“, – ამბობს რაისა.

მისი თქმით, ეს არასდროს სიამოვნებდა. შეხვედრაზე გაიგო, რომ ეს ფსიქოლოგიური ძალადობა ყოფილა და მისი ქმარი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

„ყველა კაცი იგინება, ამაში ცუდი არაფერია. ჩემი მამამთილიც დღის განმავლობაში იგინება, შვილიც ასეთი ჰყავს, მე უკვე მივეჩვიე. ისეთ სახეს ვიღებ, ვითომ არ მესმის“, – დაამატა აუდიტორიიდან ერთ-ერთმა ქალმა.

ზუსტად მისი კომენტარის მეშვეობით მივედით იმ დასკვნამდე, რომ სანამ კაცი ქალს არ სცემს, ეს ძალადობად არ აღიქმება. ის, რომ არსად არ უშვებს, ჩაცმულობაში ერევა ისე, რომ შენი გემოვნება გავიწყდება, გაგინებს ყველაფერზე, სხვების თანდასწრებით შეურაცხყოფას გაყენებს – ეს ყველაფერი მათი გაგებით ძალადობა არაა. თუმცა, ეს ყველაფერი ძალადობაა, ემოციური და ფსიქოლოგიური ძალადობა, და ასევე თავისუფლების აღკვეთაა.

რაისას თქმით, მას კარგად გამოსდიოდა მაკიაჟის გაკეთება. სოფელში სილამაზის სალონი იყო. მას ძალიან უნდოდა იქ მუშაობა, ქმარი კი ამის უფლებას არ აძლევდა და მასზე ეკონომიკურად ძალადობდა.

„რომ ვუთხარი, მუშაობა მინდა-მეთქი, ძალიან გაბრაზდა. მაგრამ მეც მინდოდა, ჩემი 5 ლარი მქონოდა და ელემენტარულად ჩემი ფულით თავისუფლად მეყიდა კევი მაინც. ფულს რომ ვთხოვდი, არ მაძლევდა, მთელი დღე სახლში რად გინდა ფული, რაც გინდა, მე გიყიდი და მოგიტანო, მეუბრნეობდა ქმარი“, – ამბობს რაისა.

რაისას ისტორია გინებით არ დასრულებულა. ქმარი მას ცემდა კიდევაც, ანუ მასზე ფიზიკურად ძალადობდა.

„ძმიშვილის დაბადების დღეს, ძმამ დამირეკა, დილით ჩამოვალ, მანქანით წამოგიყვან და საღამოს უკან ჩაგიყვანო. ქმრის თანდასწრებით მოხდა ეს საუბარი. საღამოს სახლში რომ დავბრუნდი, სახეში „კარგი“ დარტყმა მივიღე: ამიერიდან ჩემ გარეშე არსად არ წახვალო, მითხრა ქმარმა“, – ამბობს რაისა.

რაისას თქმით, იმ პერიოდში ქმარზე ნაწყენი იყო. ქმარმა იგრძნო ის, ცოტა დროის მერე ის „გამოსწორდა“. თუმცა,  ძალადობა არსად გამქრალა – მეორდებოდა და ყოველ ჯერზე უფრო ძლიერი იყო. ეს ძალადობის ციკლზე მეტყველებს, როდესაც კონკრეტული სიტუაციის შემდეგ მოძალადე „სწორდება“, პირდება, რომ ეს სიტუაცია არ განმეორდება, თუმცა ისევ მეორდება და ეს ასე ციკლურად გრძელდება.

„დედამთილმა, დედამ, ძმებმა – ყველამ ერთი და იგივე თქვა, ოჯახში ყველაფერი ხდება და უნდა მოითმინო განქორწინება გამორიცხულია, ხალხი რა იტყვისო. ყველაფერი ისევ მე დამბრალდა“, – ამბობს რაისა.

რაისას თქმით, ყველას აზრი ამ საკითხზე თითქმის იდენტურია: ოჯახში ყველაფერი ხდება, ქალმა კი უნდა მოითმინოს. საზოგადოებრივი გმობა და სტიგმა ამ პრობლემას მოუგვარებადს ხდის და ქალებს აფერხებს, რომ არ მიმართონ პოლიციას ოჯახში ძაალდობის ნებისმიერი სახეობის დროს, ანდა მიმართონ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, რომელიც დაიცავს მათ უფლებებს ოჯახში ძალადობის ნებისმიერი სახეობის დროს, იქნება ეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური თუ ეკონომიკური ძალადობა.

შეხვედრაზე სექსუალურ ძალადობაზე (რომელიც ძალადობის ნაირსახეობაა) საუბარი რომ დავიწყეთ, ქალებმა ეს ინფორმაცია სიცილით მიიღეს. მათი თქმით, ქმარი ის ადამიანი არაა, რომ მასთან სექსუალური კავშირი ძალადობად აღიქმებოდეს. თუმცა, მათთვის ისევ არ იყო ცნობილი ის, რომ თუ ქმართანაც კი, სექსუალური კავშირი მათი სურვილი გარეშე ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქმარი ცოლზე სექსუალურად ძალადობს, რადგან სექსუალურ კავშირს ცოლის სურვილის გარეშე ამყარებს.

ყველა ზემოთ განხილულის შესახებ ქალებმა პირველად გაიგეს. მართალია, ეს არ იყო საკმარისი მათი დამოკიდებულებების შეცვლისთვის, თუმცა კითხვის ნიშნის დატოვებაც კი პროგრესია, რადგან მომდევნო ჯერზე ვინმე თუ მათ შეურაცხყოფას მიაყენებს, ეცოდინებათ, რომ ეს მათზე ძალადობაა და იქნებ ამის გაპროტესტებაც შეძლონ.

 

ბლოგის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია კავშირი საფარი. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.