ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი, რომელშიც “საფარიც” მრავალმხრივ იყო ჩართული, – ბრძოლა სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო ჩარჩოებში მოსაქცევად – 3 მაისს წარმატებით დასრულდა. საქართველოს პარლამენტმა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 102-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილება ოთხ კანონში შევიდა: შრომის კოდექსში, სახალხო დამცველის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოში სექსუალური ხასიათის შევიწროებაზე გათვალისწინებული იქნება როგორც ფულადი ჯარიმები, ასევე გამოსასწორებელი სამუშაოები.
საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს, გამოიწვევს დაჯარიმებას – 300 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქმედება ჩადენილი იქნება ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, პირს დაეკისრება 500 ლარის ოდენობის ჯარიმა, ან იძულებითი გამასწორებელი სამუშაოები ერთ თვემდე ვადით.
ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმას საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევისთვის, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით (500-დან 800 ლარამდე). მსგავსი ქმედებების განმეორებაზე ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის ვადის განმავლობაში, გათვალისწინებულია დაჯარიმება 800-დან 1000 ლარამდე, ან გამასწორებელი სამუშაოები ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციული პატიმრობა 10 დღემდე ვადით. კანონპროექტში დაკონკრეტებულია სექსუალური ხასიათის ქცევის განმარტება – სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, ასევე გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.
რაც შეეხება კერძო სივრცეს: სექსუალური შევიწროების კონტროლი და მონიტორინგი სამუშაო სივრცეში თავად დამსაქმებელს და სახალხო დამცველს დაეკისრება. იმ შემთხვევაში, თუ სახალხო დამცველს ესა თუ ის პირი მიმართავს და ქმედება დადასტურდება, ომბუდსმენი რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რომელთა შესრულებაც დამსაქმებელს დაევალება. პარლამენტის გადაწყვეტილებით, სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციად (მათ შორის, სექსუალურ შევიწროებად) ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ან პირისთვის ისეთი პირობების შექმნას, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან/პირებთან შედარებით.