ხვალ, 11 სექტემბერს, 11.00-ზე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გენდერული კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომელიც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა (Task Force) 37 000-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვების შედეგად წარადგინა.
ინიციატივის განხილვას ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მხარდამჭერები სპეციალური დრესკოდით დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას, რომლის მიხედვითაც, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულნი იქნებიან საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. იმ შემთხვევაში კი, თუ არჩეული წევრს რაიმე მიზეზით შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება, მაშინ დეპუტატის მანდატს იმავე სქესის რიგით მომდევნო კანდიდატი მიიღებს.