ბლოგები

პატარა ფემინისტები

ავტორი ელენე ქაიხოსროშვილი

გაფრთხილება: პოსტი შეიცავს სპოილერებს

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ფილმები, სადაც „დაუმორჩილებელი“ პატარა გოგონები „ბოროტ“ მასწავლებელს, დირექტორს ან მთლიანად სკოლის მჩაგვრელ სისტემას ებრძოდნენ.

სკოლა არ მიყვარდა და ვთვლიდი, რომ როგორც ჩემ, ისე სხვა ბევრი მოსწავლის მიმართ ბევრი უსამართლობა ხდებოდა. ჰოდა, წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ საიდანმე მატილდა ან სარა გამოჩნდებოდნენ და მასწავლებლებს და მჩაგვრელ ბავშვებს თავის ადგილს მიუჩენდნენ!

ძალიან მიყვარდნენ და მაძლიერებდნენ მატილდა და სარა.

მაშინ მათ აღვიქვამდი, როგორც ორ დაჩაგრულ ბავშვს, რომლებმაც იცოდნენ, როგორ დაეცვათ თავი მჩაგვრელი სისტემისგან. მოგვიანებით, დავუფიქრდი იმას, რომ ისინი არა უბრალოდ დაჩაგრული, მებრძოლი ბავშვები, არამედ ძლიერი, ფემინისტი გოგონები იყვნენ და არაფრით გავდნენ იმ პრინცესებს, რომლებიც 90-იან წლებში სულ ჩვენ გარშემო იყვნენ და არ გვაძლევდნენ გაძლიერების და ბრძლის მოტივაციას.

თავიანთი უფლებების დასაცავად, არც მატილდას („მატილდა“, 1996) და არც სარას არ დასჭირვებიათ პრინცი. ყველაზე მეტად მათში ის მომწონდა, რომ ყოველ ეტაპზე, ზუსტად იცოდნენ, რომ მართლები იყვნენ და ტვინი „უფროსი ყოველთვის მართალიათი“ არ ჰქონდათ გამოჭედილი. მატილდას მამას ფილმის დასაწყისში წამოსცდება, რომ „თუ პიროვნება ცუდად მოიქცევა, ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს“. ეს ალბათ ერთადერთი დადებითია (გაშვილების გარდა), რაც მატილდას მამას მისი განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის გაუკეთებია. მატილდა მიხვდება, რომ ცუდად არა მხოლოდ ბავშვები იქცევიან, არამედ პიროვნებები, ანუ უფროსებიც.

ჩვენ სულ გვასწავლიან, რომ უფროსი ყოველთვის მართალია, რომ უნდა დავუჯეროთ, მათ უკეთ იციან, ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ და ჩვენი ჭკუით თუ მოვიქცევით, აუცილებლად შეცდომას დავუშვებთ (თითქოს ასეთი საშინელი იყოს საკუთარი შეცდომების დაშვება). ჰოდა, ჩვენც არასდროს ვართ დარწმუნებულნი, რომ როდესაც გვჩაგრავენ და ცუდად გვექცევიან, ეს ჩვენი ბრალი არ არის. მატილდას და სარას არც ერთ ეტაპზე არ აქვთ ეს პრობლემა. ისინი გამალებით იცავენ თავს ზუსტად იმიტომ, რომ ზუსტად იციან, რომ მართლები არიან!

მატილდაც და სარაც ფემინისტები არიან. არ ვიცი, ეს იციან თუ არა, მაგრამ ყველაზე ფემინისტური პერსონაჟები არიან, ვინც კი ეკრანზე გამოჩენილა.

მატილდას მშობლები მას სკოლაში მხოლოდ იმიტომ უშვებენ (8 წლისას, ანუ 2 წლის დაგვიანებით), რომ ის „ცუდად“ იქცევა და იმედი აქვთ, რომ სკოლის სადისტი დირექტორი მის მორჯულებას შეძლებს. მატილდა წიგნებთან უსასრულო მეგობრობის დამყარებას მხოლოდ იმიტომ ახერხებს, რომ მშობლები მას საკმარის ყურადღებას არ აქცევენ. იგი სახლიდან იპარება ბიბლიოთეკაში და მშობლებისგან უჩუმრად მოაქვს წიგნები. მატილდას დედას მიაჩნია, რომ განათლება გოგონებისთვის არ არის, რომ გოგონების მნიშვნელოვანი მხოლოდ გარეგნობაა, რომ ისინი შეძლებულ კაცებს გაყვნენ ცოლად. ამ სტერეოტიპების გამო, მატილდას თითქმის დაბადებიდან უწევს განათლების მიღებისთვის ბრძოლა: იბრძვის ჯერ ოჯახში, ხოლო შემდეგ უკვე სკოლაში, რადგან არც სკოლაა მოტივირებული მისთვის განათლების მიცემისთვის. სკოლის დირექტორი, ისევე, როგორც ფილმში ყველაფერი, გაშარჟებულად „ბოროტი“  პერსონაჟია, რომელიც მთლიანად სასკოლო სისტემის სიმბოლოა და რომლის წყალობითაც სკოლა სადამსჯელო, ბავშვების გასაკონტროლებელ და „მოსარჯულებელ“ დაწესებულებად არის გადაქცეული.

თუმცა მატილდას სამართლიანობისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ამას ემატება მისი სუპერძალა (დიახ! მატილდა ჩემთვის პირველი სუპერგმირი იყო!!!), მას საგნების და ადამიანების დისტანციურად, გონების მართვით გადაადგილება შეუძლია. ბევრი ვარჯიშის შემდეგ ისწავლის, როგორ უნდა მართოს თავისი სუპერძალადა მას მხოლოდ კარგი, კეთილი საქმეებისთვის იყენებს.

სუპერძალა სარასაც აქვს. ოღონდ არა პირდაპირი გაგებით. მას წარმოსახვის საოცარი უნარი აქვს, რომლის მეშვეობითაც თავისთვის და სკოლის მოსწავლე სხვა გოგონებისთვის ცხოვრების რთული ეპიზოდების გადალახვას ახერხებს.

სარამაც, ისევე როგორც მატილდამ, ზუსტად იცის, რომ გოგონებს გაცილებით უფრო მეტი გასაქანი აქვთ, ვიდრე ეს საზოგადოებას წარმოუდგენია. ოდესმე, წიგნის კითხვისას, გაგჩენიათ პროტესტი ნაწარმოების შინაარსზე და გიფიქრიათ, სიუჟეტი შეგეცვალათ? მე არა. სკოლაში (და უნივერსიტეტშიც), კრიტიკული აზროვნება არასდროს ყოფილა მასწავლებლების პრიორიტეტი. ვსწავლობდი იმას, რაც ეწერა და ვიღებდი უპირობოდ.

ამიტომ, „პატარა პრინცესაში“ (სათაურმა არ მოგატყუოთ, ძალიან ფემინისტური ფილმია) ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ის სცენა იყო, სადაც სარამ, სხვა გოგონებისთვის წიგნის კითხვის დროს ძალიან მოსაწყენი და დეპრესიული შინაარსი შეცვალა და იმის ნაცვლად, რომ მოეყოლა, როგორ დათანხმდა საწყალი პრინცესა იძულებით გათხოვებას, მოყვა ისტორია, როგორ დაუპირისპირდა პრინცესა მოძალადე მამას, როგორ გაიქცა სასახლიდან და როგორი საოცარი თავგადასავლები გადახდა თავს.

სარასთვის პროტესტი და საკუთარი წარმოსახვის ხარჯზე რეალობის კონტროლი ჩვეულებრივი მოვლენაა. მისთვის სამყარო არ არის დადგენილი წესები, რომლებიც უპირობოდ უნდა მივიღოთ. როდესაც იგი სულ პირველად შედის ახალ სკოლაში და ეუბნებიან, რომ გულსაბნევი, რომელიც დედამ აჩუქა, აუცილებლად უნდა მოიხსნას და სკოლის ადმინისტრაციას ჩააბაროს, ამას უპირობო წესად არ იღებს. სარა არ ფიქრობს, რომ რადგან უფროსები ამას ეუბნებიან, ე.ი. სხვა გზა არ არის. მას უნდა, რომ დაიტოვოს გულსაბნევი და დაუფიქრებლად აპროტესტებს ამ წესს.

ჩემი აზრით, ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ყველანი ბავშვებთან ვუშვებთ, არის ქცევის და აზროვნების მზა რეცეპტების მიცემა და მათით ცხოვრების იძულება. ჩვენ არ ვასწავლით მათ, როგორ იყვნენ დამოუკიდებლები, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს არ სჭირდებათ, რომ მათზე ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, ისინი „ჩვენები“ არიან და საკუთარ ორ ფეხზე დგომა არ სჭირდებათ არაფერში.

ამას ხან ნებით ვაკეთებთ და ხან უნებლიეთ. „რომ გეუბნებიან, არ გახვიდე, არ უნდა გახვიდე!“, „რომ გეუბნებიან, ასეა, ე.ი. ასეა“, „რომ გეუბნებიან, რომ არ შეიძლება, ე.ი. არ შეიძლება“, „რომ გეუბნებიან, რომ უნდა გააკეთო, უნდა გააკეთო“, და საშინელთა შორის ყველაზე საშინელი: „რომ გეუბნებიან, რომ დამნაშავე ხარ და ბოდიში უნდა მოიხადო, ე.ი. უნდა მოიხადო!“. პირდაპირი გაგებით რაღაც მოკვდა ჩემში, როდესაც ვნახე, როგორ აიძულა ტასუნა („ჩემი ცოლის დაქალები“) მთელმა საზოგადოებამ, ბოდიში მოეხადა დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. ალბათ, ასე არ მოხდებოდა, მას მატილდას და სარასნაირი მეგობრები რომ ჰყოლოდა. ჩვენ არ შეგვიძლია, ყოველთვის ჩვენით ვიყოთ მატილდა ან სარა. ხანდახან გვჭირდება, რომ ვინმე სხვა იყოს ჩვენთვის… და ხანდახან შევძლებთ, რომ ჩვენც ვიყოთ სხვისთვის.

სამწუხაროდ, რეალობა უფრო ტასუნას ისტორიას გავს, ვიდრე მატილდას და სარასას. „უფროსებმა უკეთ იციან“ ყველაფერი, მათ შორის ისიც, ბავშვმა ფული მოიპარა თუ არა. ასევე, მშობლებიც ამ უფროსებს უჯერებენ – აბა მათი შვილი პატარაა და შესაბამისად, ნაკლებად სანდრო. მათი შვილი… ნაკლებად სანდო…

ტასუნას სკოლის დირექტორი პირდაპირი ანალოგია (ჩემთვის) მატილდას სკოლის სადისტი დირექტორის, რომლის არათუ სკოლის დირექტორობა, არამედ საერთოდ ბავშვებთან გაკარება არ შეიძლება. მაგრამ, აქ კონკრეტული სკოლის დირექტორი არაფერ შუაშია. სამივე პერსონაჟის სკოლის დირექტორი იმ სისტემის სახეა, რომელიც სკოლას, განათლების მიღების ადგილის ნაცვლად, ბრძოლის ველად აქცევს, სადაც ბავშვები გადარჩენისთვის უფრო იბრძვიან, ვიდრე განათლებას იღებენ.

ძალიან მინდა, მჯეროდეს, რომ ყველა ბავშვი ძალიან გაბრაზდა „ჩემი ცოლის დაქალების“ ამ სერიის ყურებისას და არასდროს დაუშვებენ მათ გარშემო იგივე მოხდეს რეალურ ცხოვრებაში! მაგრამ, ისინი ბავშვები არიან, და მათ ბრძოლას იშვიათად აღიქვამს ვინმე სერიოზულად.