ავტორი: მარიამი
სახელისა დედისათა, და ქალიშვილისათა და სულისა სიყვარულისათა.
შევძლებთ ისეთ ღმერთში ცხოვრებას, რომელსაც გაფართოების უნარი უფრო ექნება, ვიდრე შეკუმშვის? უცხო რომ მოდის ან უცხოობაში რომ წავალთ, მივიწ-მოვიწევით ან მიიწ-მოიწევიან და იქ, სადაც თითქოს ზედმეტი ადგილი არ იყო, უცებ რომ გამოჩნდეს უმტკივნეულოდ ვინმეს წასვლის გარეშე, შევძლებთ?
ასეთი შესავლით დავიწყოთ სხვა თემა, რომელშიც თეისტიც და ათეისტიც უნდა ხედავდნენ თავიანთ ადგილებს, ან თუ ჰგონიათ, რომ ამ თემაში მათი ადგილი არაა, უნდა შემოვიდნენ და იპოვონ. ამ ტექსტის მიზანი გაფართოებაა და არა შეკუმშვა, გონივრულად მიღება და არა – დაუფიქრებლად გაძევება, ან უფრო მეტიც, ამ თემას არ სურს მკითხველის გაუცხოება და ავტომატურად დასაწყისის წაკითხვისთანავე მისი მარგინალურ ნაპირზე გარიყვა.
ამ თემაში არის ისეთი მხარეც, რაზეც კაფკა იტყოდა, როცა მოდიხარ, გღებულობს, მიდიხარ გიშვებსო. ამ ტექსტსაც გააჩნია სინდისი, რომელიც ჯერ არ შეგიშვებთ, მერე დაგაყოვნებთ, მერე – თქვენს გამბედაობას დაელოდება.
დღეს პეტრე-პავლობაა. როცა იმას შეიყვარებ, ვინც არ გინახავს, ალბათ სამუდამოდ გეყვარება. ვინც გინახავს, იმის გადაყვარება უფრო მარტივია. რადგან ვხედავთ, როგორ იცვლებიან ან როგორ ვიცვლებით. ცვლილება ყოველთვის არ ქმნის გადაყვარების საფუძველს. ზოგჯერ აძლიერებს ხედვის უნარს, გააჩნია, მაგალითად, ფოკუსი ღმერთის ნაცვლად ადამიანებზე გიფართოვდება, თუ ადამიანების ნაცვლად – ღმერთზე.
ჩემი არც თუ ისე “ჰამბლ” აზრით, ღმერთი არის ცრუ კრებითობა, ამიტომ ღმერთზე ფიქსაცია ხშირად გამორიცხავს ადამიანების სიყვარულს, განსაკუთრებით მათ სიყვარულს, ვისაც რაღაც არ მოუჭრია. რა აზრი აქვს რას მოიჭრი. აი, რომ იტყვიან თავი მომეჭრაო, არც კი იციან, თავი ვის ეჭირა, ვინ აჭრიდა (საერთოდ, რატომ აჭრიდა), ვინ იდგა და უყურებდა. რეალურად ხომ არც გილიოტინა ჩანს და არც ჯალათი? თუ ჩანს? მესამე თვალით?
ადამიანობა, და ზოგადად Fauna-Flora, მოკვდავი კრებითობაა, მაგრამ უფრო მალე მიგიყვანს ღმერთამდე, ვიდრე თავად ღმერთი. ევა ხომ გაჩნდა პირველი, თუ ადამი? თემიდან უკვე სერიოზულად გადავუხვიეთ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ იმ პირველ ადამიანს აშკარად მოუწყენია ღმერთის საზოგადოებაში. წარმოიდგინეთ, რომ ღმერთი თქვენთანაა, მიდის, მოდის და გესაუბრებათ, თქვენ კი მაინც მოიწყინეთ ჯერ კიდევ მაშინ, როცა უცოდველ-უმანკო არსება ხართ. რატომ არ კმაყოფილდებით ღმერთით? ეს უკვე სხვა თემაა.
This house made of glass is shattering… ჰო, ესეც არაფერ შუაშია, ბექში მიდის…
პეტრე ტრადიციული კაცია (ზოგადადაც ასეა სახარებაში), გადახვევ-გადმოხვევები უჭირს.
პავლეს ლავირების დიდი უნარი აქვს, ალბათ იმიტომ, რომ, პეტრესგან განსხვავებით, განათლება აქვს მიღებული და ვიღაც იუდეველი კი არა, რომის ნამდვილი მოქალაქეა, რომელსაც მარტივად ვერ შეეხები.
პავლე, საქმე მოციქულთას თანახმად, ჩადის ათენში და ემზადება ქადაგებისთვის. ყველამ იცის, ვინც ლექციას ატარებს ან სიტყვით გამოსვლა უწევს, რა რთულია არა მხოლოდ შინაარსის გადაცემა, არამედ დაინტრიგება (ზოგს ინტელექტუალურად დააინტრიგებ, ზოგს ემოციურად, და თუ ეს ორი ერთადაა, ხომ მთლად კარგი მესენჯერი ყოფილხარ), დაინტრიგება იმისთვის, რომ როგორც კი მთიდან ჩამოხვალ თუ აუდიტორიიდან გამოხვალ, გამოგყვნენ. თუმცა ეს ალბათ, ყველაზე ცუდი მიდგომაა, როცა “გამომყევით” სტრატეგიას უმიზნებ.
პავლემ ათენში იპოვა კერპი, რომელსაც ეწერა სიტყვები “უცნობ ღმერთს”, და შთაგონებაც ეწვია. აი, სწორედ, ეს ის ღმერთია, რომლის შესახებაც არაფერი იციან და მე გავაცნობო, – იფიქრა პავლემ და ასეც მოიქცა.
იმ საპატიო დაწესებულებაში პავლეს ეპიკურეელები, სტოიკოსები და სხვები უსმენდნენ. ბოლოს უთხრეს, შენ რასაც ამბობ, საინტერესოა, მაგრამ ჩვენი საქმე არ არისო. ეპიკურეელებს ჰედონიზმთან აიგივებენ, სტოიციზმს – თვითგვემასთან. პირველს სიცოცხლისეული სიამოვნებები სურს, მეორეს – სიკვდილი. სიკვდილის და აღდგომის თემა, როგორც მონეტის ორი მხარე, არც ერთს მიუტანია გულთან.
პეტრე და პავლე ხშირად გვერდიგვერდ არიან, თავითავზე მიდებულები. თუმცა იყო დრო, ერთმანეთს ეკამათებოდნენ იმაზე კაცმა ჩუჩა უნდა მოიჭრას თუ – არა. წინადაცვეთაზეა საუბარი. ზედმეტად ტრადიციულ პეტრეს წინადაცვეთა ქრისტიანობის მიღების წინაპირობად მიაჩნდა, პავლე ხომ ცოტა უფრო კოსმოპოლიტი იყო და ხორცის წაკვეთა რა ქრისტიანობააო, გაიძახოდა. საქმე იმაშია, რომ პეტრეს იუდაური წესები შორს არ ახედებდა და პავლე უფრო იმპერიული მასშტაბით აზროვნებდა.
ზოგადი იდეა ასეთია: ერთ ერს (პეტრეს) სურს, სხვა ერები მისი ტრადიციების შესაბამისად მოიქცნენ. მაგრამ, მე თუ სხვა ერი ვარ, მინდა ქრისტიანი ვიყო, მაგრამ ჩუჩის მოჭრას არ ვაპირებ, ვერ გავხდები ქრისტიანი, თუ რა?
რამდენადაც ინფანტილურია ეს მსჯელობა, იმდენად სასაცილოა ბევრი მსჯელობა, რაც ეკლესიიდან ისმის. უბრალოდ, გადავხედოთ გაზაფხულის დღის წესრიგს.
პეტრე ამბობდა, ჩუჩიანი კაცი ქრისტიანი ვერ გახდებაო. და იონასავით ჯიუტდებოდა, არა, მე მაგათ არ ვაკურთხებო.
სანამ იმ ამბავს მოგიყვებით, როგორ გამოეცხადა პეტრეს ცისარტყელა, ჯერ 50 წელს იერუსალიმის კრების დასკვნას გეტყვით. პეტრე გააჩერეს, არ ხარ მართალიო, და დაუწერეს იმპერიის ხალხებს, ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. თუ ამათგან მოიზღუდავთ თავს, კარგს იზამთ. იცოცხლეთო! (ანუ წინადაცვეთა არ გჭირდებათ, ეს ოთხი გაითვალისწინეთო).
როგორც ხედავთ, სამი საკითხი (კერპისთვის შეწირული, სისხლიანი ან დამხრჩვალი ცხოველის ხორცის ჭამა) კუჭს ეხება, ერთი კი ცოტა უფრო ქვემოთ.
ახლა პეტრეს გამოცხადებაზე ვთქვათ. პეტრე რომ იონასავით ჯიუტობდა და წარმართების ოჯახში მისვლა არ სურდა, გამოცხადება მიიღო. კიდობანი ნახა ცაში ტილოსებრ დაკიდული, ცისარტყელისებრ დაკიდული, სადაც სხვადასხვა საჭმელად “უვარგისი” ცხოველები იყვნენ. პეტრემ სამჯერ გაიგო ხმა: “პეტრე, აიღე და დაკალი!”. მართლა კი არ უნდა დაეკლა, ის ანიშნა, მიიღე ეგ ხალხი, რას ჯიუტობ, მაგათზე კარგი რით ხარ, შენი ხელის აღმართვის გარეშეც მოვაფენ მაგ ოჯახზე ჩემს სულსო. გავიხსენოთ, პირველად ნოემ მიიღო აკრძალვა, რა ცხოველები უნდა ეჭამა და რა – არა. ცისარტყელაც ნოეს გამოეცხადა პირველად, მაგრამ ქვეყანას მხოლოდ ის ესმის, რაც კუჭს ეხება, ხოლო რაც იდეურად უფრო დახვეწილი და ამაღლებულია (მშვიდობის მაუწყებელი ცისარტყელასი არ იყოს), იმისა არაფერი გაეგება.
იმასაც ამბობენ, ნოემდე ხორცის ჭამა ნებადართული არ იყოო, მაგრამ წარღვნილ ქვეყანას გამრავლება სჭირდებოდაო. ანუ იმისთვის უნდა გამრავლდეს, რომ სანამ აღთქმულ მიწაზე შევა იქამდე ხალხი გაჟუჟოს (მაპატიეთ, ცოტა სარამაგუს გავლენაა). მალთუსიც ამბობდა ორასი წლის წინ მოსახლეობა გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდებაო. ეხლა იმას წერენ, ვეგეტარიანელის ეკოლოგიური ნაკვალევი (footprint კი არა burden), არავეგეტარიანელისაზე მცირეაო.
ერთი სიმღერისა კი არ იყოს ‘if less is more, how you’r keeping score?’.
მოკლედ, პეტრე და პავლე შერიგდნენ. მაგრამ, პავლესაც წაუცდა ხელი ისეთი შეცდომებისკენ, რისი დაშვებაც პეტრეს არ დაანებეს.
კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი – კაცისთვის. ამიტომაც მართებს ქალს, ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე, ანგელოზების გულისთვის. თუმცა, არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი – კაცის გარეშეო – თქვა პავლემ და კიდევ ერთი სიტყვა მიამატა იქვე – უფალში.
All animals are equal, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვა დანარჩენიო, ასე თქვა პავლემ და ბოლოს საკუთარ თავსაც დაუპირისპირდა.