პოლიტიკაshe

პირველად ისტორიაში, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ქალი უხელმძღვანელებს

გუშინ, 13 მარტს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთდროულად რამდენიმე საკადრო ცვლილება განახორციელა: გაათავისუფლა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი (Rex Tillerson), მის ადგილას ცსს-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, Central Intelligence Agency, CIA) ყოფილი შეფი მაიკ პომპეო (Mike Pompeo) დანიშნა, ცსს-ს ხელმძღვანელის ადგილზე კი ჯინა ჰესპელი (Gina Haspel) წარადგინა. ჯინა პირველი ქალი იქნება, რომელიც ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს სათავეში ჩაუდგება. მართალია, მისი და პომპეოს დანიშვნის შესახებ სენატს კენჭი ჯერ არ უყრია, მაგრამ, როგორც ამერიკული მედია წერს, ეს უკვე გადაწყვეტილი საკითხია.

61 წლის ჰესპელი ცსს-ში 1985 წლიდან 29 წლის ასაკიდან მუშაობს. ბოლო წლების მანძილზე, იგი ცსს-ს ანტიტერორისტულ ცენტრს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2017 წლის თებერვლიდან სააგენტოს შეფის მოადგილედ მუშაობს.

The New York Times-ის თანახმად,  ჰესპელი 2002 წლიდან ხელმძღვანელობდა საიდუმლო სადაზვერვო ციხეს ტაილანდში, სადაც „ალ ქაიდას“ ტერორისტული დაჯგუფების წევრები ჰყავდათ დაპატიმრებული. მსგავსი ციხეები 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ შეიქმნა.

მიუხედავად ნეგატიური დამოკიდებულებისა ცალკეული ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან, ამერიკული მედია ჰესპელს მოიხსენიებს, როგორც პატივსაცემ ფიგურას ბუშისა და ობამას ადმინისტრაციების დროს. პომპეო მას ახასიათებს, როგორც „სანიმუშო სადაზვერვო ოფიცერს“, რომელიც „წარმატების მიღწევისა და გარშემომყოფთა შთაგონების ზებუნებრივ უნარს ფლობს“.

სენატის სადაზვერვო კომიტეტის ხელმძღვანელმა რიჩარდ ბურმა (Richard Burr) USA Today-ს განუცხადა, რომ „ამაყობს ჯინას მუშაობით და დარწმუნებულია, რომ კომიტეტი კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებს ცსს-სთან, მისი ხელმძღვანელობის დროს“.

ცსს-ს ახალ ხელმძღვანელს ბევრი ჯილდო აქვს მიღებული. მის ანგარიშზეა ჯორჯ ბუში უფროსის მიერ გადაცემული ჯილდო კონტრდაზვერვაში მუშაობისთვის, ჯოზეფ დონოვანის ჯილდო და დამსახურების მედალი. ჰესპელი ასევე პრეზიდენტის რანგის პრემიის (Presidential Rank Award) მფლობელია – უმაღლესი ჯილდოსი სამოქალაქო სამსახურისთვის.