ავტორი თამარ მესხი
რაოდენობრივ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში გოგონების სკოლაში სიარულის და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების მაჩვენებელი ბიჭებისას არ ჩამორჩება და არც სწავლის მიტოვების მაჩვენებელია მაღალი. თუმცა, გოგონებისათვის განათლების მიღების შესაძლებლობებზე მსჯელობისას, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტორებს, რაც შეიძლება, დაბრკოლება აღმოჩნდეს მათთვის. მიმდინარე ბლოგპოსტში რამდენიმე მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას.
პირველ რიგში, ძალადობა მოქმედებს დამანგრევლად ბავშვის სწავლის უნარებსა და განვითარებაზე. ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, არასრულწლოვანზე ძალადობად ითვლება როგორც ფიზიკური და ემოციური ზეწოლა, ასევე, ბავშვის უგულვებელყოფაც.
ფიზიკური ძალადობა განიმარტება, როგორც ცემა, წამება და ჯანმრთელობის დაზიანება, ხოლო ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმები შემდეგია: დაშინება, კრიტიკა, დადანაშაულება, გადამეტებული კონტორილი, დაცინვა, ყვირილი, შეურაცხყოფა, მიტოვების მუქარა და სხვა. ძალადობის მესამე ფორმა, უგულებელყოფა, კი გულისხმობს ბავშვის საჭიროებების, მაგ. ჰიგიენისა და საცხოვრებლის დაუკმაყოფილებლობას, განათლების უფლების შეზღუდვას, საფრთხისგან დაუცველობას. აქვე გვხვდება ცხოველის წვალება, მავნე ჩვევების ათვისება, სიგარეტის მოწევინება, ალკოჰოლის გასინჯვა და სხვ. (გ. ხატიაშვილი. სახელმძღვანელო ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, 2021).
ამასთანავე, მსხვერპლად ითვლებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეზე ძალადობის შემსწრენი ხდებიან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყანაში ოჯახში ძალადობის, კონკრეტულად კი ქალზე ძალადობის საგანგაშო მაჩვენებელი გვაქვს (2020 წელს საქსტატის მონაცემებით, 7500-მდე ქალი იყო ძალადობის მსხვერპლი), დავინახავთ, თუ რა მძიმე მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება ბავშვებს.
ბავშვთა მიმართ ძალადობის განსხვავებული სახეები გვხვდება როგორც მსხვერპლის, ასევე მოძალადის სქესის მიხედვით. აღმოჩნდა, რომ ფიზიკურ ძალადობას უფრო მეტად ბიჭების წინააღმდეგ იყენებენ, გოგონები კი უფრო ხშირად ხდებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფიზიკური ძალადობა უფრო მძიმე გავლენას ახდენს გოგონებზე. რაც შეეხება ძალადობის შედეგებს, მსხვერპლი გოგონებისთვის მაღალია ინტერნალიზებული დარღვევების (მაგ. დეპრესიისა და შფოთვის) რისკი, ხოლო ძალადობის მსხვერპლ ბიჭებში უფრო მეტად თავს იჩენს გარეგანი (ექსტერნალიზებული) დარღვევები, მაგ. ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარება (Meng and D’Arcy, 2016).
ქალი მოძალადეები უფრო ხშირად ცემას მიმართავენ, კაცი მოძალადეები კი სექსუალურად ძალადობენ. მაგრამ, აღსანიშნავია ისიც, რომ ქალების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი ისაა, რომ კაცები ხშირად არ არიან სახლში და ქალები მეტ დროს ატარებენ შვილებთან. ხოლო, როდესაც ფიზიკური დასჯა კაცის მიერ ხორციელდება, ამ შემთხვევაში ძალადობა უფრო სასტიკია, ვიდრე ქალის მხრიდან. ზოგიერთ კულტურაში კი ფიზიკურ სასჯელს ბავშვის აღზრდისას კაცები მიმართავენ, ხოლო ქალები – ემოციურ და ძალადობას და უგულებელყოფას. (Sanchez-Rodriguez, 2021).
როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა მძიმე კვალს ტოვებს ბავშვის განვითარებაზე. ძალადობაგამოვლილ ბავშვებს თანატოლებთან შედარებით დაბალი მიღწევები აქვთ კითხვის უნარებსა და მათემატიკაში. გარდა ამისა, მათ უქვეითდებათ კონცენტრაცია, უარესდება მათი სოციალური უნარები და საკლასო ოთახში ქცევა (CASA Child Advocate Center), უვითარდებათ დეპრესია, შფოთვა, აქვთ დაბალი თვითშეფასება. ძალდობის გამოცდილება უარყოფითად მოქმედებს თანატოლებთან ურთიერთობაზეც, ბავშვებს უჭირთ მეგობრობის შენარჩუნება. (McGaha-Garnett, 2013) რაც შემდგომ დიდად გასაკვირი შეიძლება აღმოჩნდეს მშობლისთვის, თუ რატომ არ აქვს მის შვილს განვითარებული ზემოთ ჩამოთვლილი უნარები და რატომ არ არის უფრო მეტად წარმატებული სწავლასა თუ ადამიანებთან ურთიერთობაში.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვისათვის ერთ-ერთ მაშველ რგოლად სკოლა შეიძლება მოგვევლინოს, თუ სკოლის თანამშრომლებს აქვთ შესაბამისი ცოდნა, რომ მსხვერპლი ამოიცნონ. ეს ნიშნები შეიძლება იყოს დაზიანებები სხეულზე, ბავშვის საეჭვო ქცევა, შეცვლილი ხასიათი, აღგზნება ან დათგუნულობა, მოუწესრიგებლობა და ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა და ა.შ.
ძალადობის გარდა, გოგონების აკადემიურ მიღწევასა და უნარებზე გავლენას ახდენს სკოლის ფარული კურიკულუმი. ივან ილიჩის მიერ ფარული კურიკულუმი განმარტებულია, როგორც ქცევისა და განწყობის თავისებურებები, რომელსაც სკოლაში სწავლობენ, თუმცა ფორმალურ კურიკულუმში არ შედის. ჩვენს შემთხვევაში, ეს არის გენდერული განსხვავებების ასპექტების გადაცემა. გენდერული იმიჯის შენარჩუნებას ხელს უწყობს საკითხავი ტექსტებიც. ენტონი გიდენსის თანახმად, წიგნებში, რომლებსაც დაწყებით კლასებში იყენებენ, ბიჭი ინიციატივის მქონე და დამოუკიდებელ არსებად არის წარმოდგენილი, გოგონა კი, თუ საერთოდ მოიხსენიებენ, უფრო პასიურ არსებად რჩება.
გენდერის მიხედვით როლების განაწილების მაგალითს სკოლამდელ აღზრდაშიც შევხვდებით, სადაც გოგონებს და ბიჭებს განსხვავებულ სათამაშოებს სთავაზობენ და ამ ნივთების ფერებიც სქესის მიხედვით განსხვავებულია. ამას გარდა, როდესაც მასწავლებელი არასაგაკვეთილო აქტივობაში რთავს მოსწავლეებს, მაგ. საკლასო ოთახის მოწყობაში სთხოვს დახმარებას, ბიჭებს უმეტესად მაგიდებისა და სკამების გადაადგილებას სთხოვენ, გოგონებს კი – ოთახის დალაგებას. ფარული კურიკულუმი გოგონებს დამყოლ და მდუმარე როლებს სთავაზობს, ბიჭებს კი დომინანტობას და ამბოხს (ამრევობას) აჩვევს (Butt, 2020).
მსგავს ტენდენციებზე საუბრობენ საქართველოშიც. „სკოლა და საზოგადოების“ 2009 წლის გამოცემაში ნათქვამია, რომ მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის სექსისტური წინასწარი დაშვებები გოგონებისა და ბიჭების ნიჭისა და შესაძლებლობების შესახებ, აგრეთვე თავად გოგონების დაბალი აკადემიური თვითშეფასება და არაამბიციურობა – ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია, ახდენს შედეგებზე ზეგავლენას და აძლიერებს საერთო ეფექტს (ნათია გიორგაძე, 2015).
მესამე ფაქტორი, რაც ხელს შეუშლის გოგონებს განათლების მიღებაში, მიმდინარე პანდემიაა. კოვიდ კრიზისმა განათლებაში აქამდე არსებული უთანასწორობა კიდევ უფრო გააღრმავა, მათ შორის – გენდერული უთანასწორობაც. გოგონებს, ბიჭებთან შედარებით, ნაკლებად აქვთ გამოცდილება და თავდაჯერება სწავლის დროს ტექნოლოგიის გამოყენებისთვის. ისინი კომპიუტერს უფრო მეტად კომუნიკაციისთვის იყენებენ, აქაც ფარული კურიკულუმის კვალი ჩანს (Korlat, Kollmayer, Holzer, Lüftenegger, Pelikan, Schober, Spiel, 2021)
პანდემიის დროს სიღარიბისა და უმუშევრობის გაზრდილი მაჩვენებლის გამო, ოჯახები უფრო მეტად ფიქრობენ ალტერნატიულ დანახარჯზე და შვილების, უფრო ხშირად კი გოგონებისთვის განათლებისთვის ხარჯის გაწევას ამჯობინებენ მათ ოჯახში თუ ოჯახის გარეთ დასაქმებას და დამატებითი შემოსავლის მიღებას (UN Policy Brief: Education during COVID-19 and beyond, 2020).
მალალა იუსაფზაის ფონდის პროგნოზის მიხედვით, კოვიდ კრიზისის დასრულებისა და დასწრებით სწავლების აღდგენის შემდეგ უფრო ნაკლები გოგონა დაბრუნდება სკოლაში. სახლში დარჩენისას, გოგონებს უწევთ ოჯახებში მუშაობა და არსებობს საფრთხე, რომ მათ მუშაობის გამო სკოლაში დაბრუნების საშუალება არ მიეცემათ. კოვიდ იზოლაციის დროს გაზრდილია ქალებსა და გოგონებზე ძალადობის შემთხვევები, ასევე, ადრეული ქორწინება და ორსულობა, რაც სკოლის მოსწავლე გოგონებს არ აძლევს სწავლის გაგრძელების საშუალებას (Jenkins and Winthrop, 2020). როდესაც გოგონები ნაკლებ დროს ატარებენ სკოლაში, მათ ამ დროის გატარება კაცების საზოგადოებაში უწევთ, რაც ზრდის სექსუალური ქცევის და სექსუალური ძალადობის შესაძლებლობას (Witter, 2021).