წარმოდგენა ღმერთის შესახებ ჩვენს ფსიქოლოგიაზე გავლენას ახდენს, მიაჩნია პოლონელ ფსიქოლოგ ანჯეი მოლენდას (Andrzej Molenda), ავტორს წიგნისა „ღმერთის სახე-ხატი ეკლეზიოგენური ნევროზის აღმოცენებაში“.
პირველად ამ საკითხზე გასული საუკუნის 50-იან წლებში ალაპარაკდნენ. გერმანელმა გინეკოლოგმა ებერჰარდ შეტცინგმა (Eberhard Schaetzing) დაადგინა, რომ ორთოდოქსი ქრისტიანების ოჯახურ წყვილებში ძალზე ხშირი იყო სექსთან დაკავშირებული პრობლემები: იმპოტენცია, სექსის მიმართ გულგრილობა და, რაც მთავარია, სექსუალური სურვილების გამო საკუთარი თავის დადანაშაულება. ზოგჯერ, ამგვარი ფიქრები სექსისთვის შესაბამისი უნარების სრულ დაკარგვას იწვევდა.
„წმინდა წერილის გაგება სრულიად სხვადასხვაგვარი არსებობს, მაგრამ ნევროზიანი ადამიანი მასში აუცილებლად იხილავს შურისმაძიებელ ღმერთს, რომელიც მას ცოდვისთვის, მათ შორის სექსუალობისთვის, ჯოჯოხეთითა და სამარადჟამო ტანჯვით ემუქრება“, – ამბობს მოლენდა. თავის წიგნში იგი განიხილავს საეკლესიო დოგმატიზმის დამღუპველ გავლენას ძირითადად ქალებზე და განმარტავს, რომ ეს უკანასკნელნი ამ კუთხით განსაკუთრებით იზღუდებიან.
ტრადიციულად, რელიგია ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტის შეზღუდვას ესწრაფოდა, განსაკუთრებით სექსის სფეროში. ქორწინებამდე სექსის, კონტრაცეფციის აკრძალვა, მენსტრუაციის დემონიზება, დაშვებული პოზებისა და პრაქტიკების ჩამოთვლა – ყველაფერი ეს გვხვდება ქრისტიანობაშიც, იუდაიზმშიც, ისლამშიც და წარმართულ კულტებშიც.
სექსუალურ სფეროში შეზღუდვები რელიგიაში ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან ჩნდება. აფრიკულ და ავსტრალიურ ტომებში სექსუალური სახის აკრძალვები არსებობდა. ძველ სემიტურ ტომებში აკრძალვები ძველი აღთქმის გამოჩენიდან ბევრად ადრე გვხვდება. თავდაპირველად, ეს წესები ზოგადად მიღებული ფოლკლორი იყო, შემდეგ კი იგი საღვთო წერილებში შედიოდა. ამის შემდეგ, მისი ინტერპრეტირება ღვთისმეტყველებს შეეძლოთ, რის გამოც, სექსუალურ სფეროში არსებული აკრძალვები დროდადრო იცვლებოდა.
მაგალითად, ახალი აღთქმისგან განსხვავებით, ყურანში მისი მიმდევრებისთვის საკმაოდ მკაფიოდ გაწერილია სექსუალური ურთიერთობებიც: „თქვენი ცოლები ყანაა თქვენი. შედით თქვენს ყანაში, როგორც გენებოთ და საკუთარი თავისთვის წარიმძღვარეთ” (წმ. ყურანი, 2:223). მიუხედავად ასეთი მაცდური თავისუფლებისა, იგივე ყურანში აკრძალვებია გაწერილი: ჰარამი, ანუ აკრძალვაა ქორწინების გარეშე სექსი, ანალური შეღწევა, მენსტრუაციის დროს, დღის მანძილზე ან რამადანის პერიოდში სექსი. დანარჩენი ინტერპრეტაციების საკითხია, და ღვთისმეტყველები და თეოლოგები მასში დღემდე ვარჯიშობენ.
ფუნდამენტურ ტექსტებში, იუდაიზმიც დიდ ყურადღებას უთმობს სექსს. თორას პირველი მცნება სწორედ გამრავლებას ეხება. მაგრამ, ამ სფეროში იუდეველებსაც საკმაოდ ბევრი აკრძალვა და მკაცრი წესი აქვთ, მაგალითად, ქალის სავალდებულო სარიტუალო განბანვა სპეციალურ რეზერვუარში – მიკვაში. და მაინც, სამიდან ორ მთავარ არამეულ რელიგიაში სექსი ნორმად მიიჩნევა, თუ მასში ყველა გაწერილი წესი დაცულია.
სრულიად სხვაგვარია სექსის მიმართ დამოკიდებულება ქრისტიანობაში. განქორწინების აკრძალვის გარდა, იესოს ამ თემაზე ბევრი არ უსაუბრია, მაგრამ, სამაგიეროდ, ტაბუებითა და დოგმებითაა გაძეძგილი პავლე მოციქულის ტექსტები. აქ გვხვდება ჰომოსექსუალური კავშირების აკრძალვაც: „ანუ არა უწყითა, რამეთუ ცრუთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ? ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა ანგაჰრთა” (პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, თავი მეექვსე). სავარაუდოდ, ჰომოფობიის ყველაზე რეალური წყაროა მცნება „აღორძინდით და გამრავლდით“. ანუ, რეპროდუქციულ შედეგს აპრიორი მოკლებული კავშირი რელიგიისთვის სრულიად უსარგებლოა.
თუმცა, სექსუალური ტაბუების სასტიკი ნაკრები მოგვიანებით, შუასაუკუნეებში გაჩნდა, როდესაც ეკლესიამ სამწყსოს ცხოვრებისა და სხეულის სრულ კონტროლქვეშ აყვანა განიზრახა. ქრისტიანების სექსუალობაზე ზეწოლის შესუსტება მხოლოდ რეფორმაციის დროს მოხერხდა, ისიც ნაწილობრივ. აკრძალვის ქვეშ მოხვდა არა მხოლოდ ანალური და ორალური სექსი, პოზები „ქალი ზემოდან“ და „დოგისთაილ“, არამედ სექსის დროს ცოლისთვის ყურებაც. ერთადერთი პოზა, რომელსაც ეკლესია შემწყნარებლურად ეკიდებოდა, მისი სახელწოდებიდან გამომდინარე, „მისიონერული პოზაა“: ეს პოზა საზოგადოებაში კაცის პრივილეგირებულ მდგომარეობას ასახავდა.
საერთო ჯამში, ეკლესია ყველანაირად ცდილობდა სექსის რეპროდუქციულ ფუნქციებამდე დაყვანას და ადამიანში სირცხვილის გრძნობის გამოწვევას.
იუდაიზმსა და ისლამში სექსი განიხილება, როგორც არა მხოლოდ გამრავლების საშუალება, არამედ ქორწინებაში მყოფი ადამიანებისთვის სრულიად კანონიერი სიამოვნება და წყვილისთვის დაახლოების საშუალება. სოლომონის კანონიკურ წიგნში ამგვარ ურთიერთობაში ეროტიკული ელფერის ნიუანსებიცაა აღწერილი. ქრისტიანობა კი, ზოგიერთი პროტესტანტული განშტოების გარდა, ამ მხრივ გაცილებით სასტიკია. სექსის, როგორც ადამისა და ევას სამოთხიდან განდევნის პირველქმნილი ცოდვის მიზეზად დასახელება მე-6 საუკუნეში, წმინდა ავგუსტინეს შრომებში გაჩნდა.
მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალურ რელიგიად იქცა, ღვთისმეტყველებმა მისი ტექსტების შესწავლა და საკუთარი ინტერპრეტირებების დამატება იწყეს. მათ შორის ბევრი მათგანი სტოიკოსი ფილოსოფოსების დიდი გავლენით ყალიბდებოდა, რომლებიც სულის სხეულზე მბრძანებლობასა და ცხოვრების ასკეტურ წესს ქადაგებდნენ. ამის გამო, ქრისტიანობა გაცილებით ასექსუალური გახდა, ვიდრე სხვა რელიგიები.
იუდაიზმში ღვთის მსახურება უბიწოების აღთქმას არ ითხოვს. მორწმუნეთა ვიწრო წრეში, თავშეკავების შესახებ დისკუსიები იშვიათად იმართება, მაგრამ ეს გავრცელებული პრაქტიკა არაა. პირიქით, როგორც წესი, რაბინებს ბევრი შვილი ჰყავთ, და თორა ამას პირდაპირ იწონებს.
ქრისტიანულ ეთიკაში კი, საქმე სრულიად სხვაგვარადაა: იგი აკურთხებს ქორწინებას, იესოს მოციქულები დაქორწინებულნი იყვნენ. მაგრამ, პავლე მოციქულის დროიდან, თავშეკავება კეთილ საქმედ იქცა, თუმცა, იგი ამას რჩევის, და არა ბრძანების სახით იძლევა. აქ სექსის ნებართვა გაგებულია, როგორც ადამიანის ცოდვილი ბუნების მიმართ ხარკის გადახდა. ქრისტიანობაში ცელიბატი უმაღლეს რანგში აყვანილ ღირსეულ ქმედებად მიიჩნევა.
ძველი აღთქმის თანახმად, ქალმა კი არ უნდა მიანიჭოს ქმარს სიამოვნება, არამედ პირიქით, ქმრის პირდაპირი მოვალეობა ცოლისთვის სიამოვნების მინიჭებაა. ამგვარად, ქალის სექსუალური დაუკმაყოფილება გაყრისთვის ლეგიტიმური მიზეზია. ამის გამო, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ იუდეველებს ჯერ კიდევ მაშინ ესმოდათ, რომ ქალის სექსუალობა კაცისაზე გაცილებით მნიშვნელოვანი და რთულია. შმული ბოტეახი (Shmuley Boteach), რაბინი და ბესტსელერ „კოშერული ნდომის“ (Kosher Lust) ავტორი, სულაც მიიჩნევს, რომ კაცი ვალდებულია, ცოლი ორგაზმამდე უნდა მიიყვანოს მას შემდეგ, რაც თავად დაკმაყოფილდა. თავდაპირველად კი, ეს წარმოდგენა სტერეოტიპებს უკავშირდებოდა, რომ მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში შეეძლო ქალს ბიჭის ჩასახვა.
უდავოა, რომ აბორტებისა და კონტრაცეპტივების მთავად მტრად აბრაამის რელიგია ითვლება. რომის კათოლიკე ეკლესიის წესების თანახმად, ორსულობის შემწყვეტი ქალი ავტომატურად ზიარების გარეშე რჩება. მართალია, 2016 წელს პაპმა ფრანცისკემ ყველა მაღალი რანგის ღვთისმსახურს მისცა ამ „ცოდვის“ მიტევების უფლება და ქალის ეკლესიის წიაღში დაბრუნება.
რელიგიის მხრიდან აბორტებისა და კონტრაცეპტივების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი აშკარაა: დაცულ სექსს რეპროდუქციული ფუნქცია არ აქვს და წმინდა სიამოვნების წყაროა, ე. ი. ცოდვაა.
ყურანში პირდაპირ საუბარია ორსულობაზე უარის თქმაზე: სიღარიბე და საცხოვრებელი ფართის უკმარისობა მორიგ ბავშვზე უარის თქმის მიზეზი არაა.
სექსის რელიგიურ კონტექსტში, ჰომოსექსუალური ტაბუ ერთ-ერთი უმთავრესია. მას ერთნაირად გმობს იუდაიზმიც, ქრისტიანობაც და ისლამიც. მაგრამ, ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, კაცებს შორის ერთმანეთში ურთიერთობა არ იკრძალებოდა.
რაც შეეხება მენსტრუაციის პერიოდში ქალის მიმართ აკრძალვებს, იგი იუდაისტურ და ისლამურ ტექსტებში პირდაპირაა გაწერილი, მაშინ, როცა ქრისტიანობაში ამგვარ პირდაპირ აკრძალვას ვერ ვნახავთ. ბიბლიაში ეს მითითებები განსაკუთრებით საგულდაგულოდაა განმარტებული: „და დედაკაცი რომელი იყოს წიდოვანებასა შინა მისსა და წიდოვნებაჲ იგი იყოს მის თანა, შჳდ დღე იყოს ჯდომასა მას მისსა ზედა. ყოველი, რომელი შეეხოს მას, არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე. და ყოველსა რომელსა ზედა დაწვეს განსლვასა მას მისსა, არაწმიდა იყოს. და ყოველი რომელი შეეხოს საწოლსა მისსა, განირცხეს სამოსელი მისი და განიბანოს გუამი მისი წყლითა და არაწმიდა იყოს. და ყოველი რომელი შეეხოს ყოველსა ჭურჭელსა, სადა-იგი დაჯდა, განირცხეს სამოსელი და დაიბანოს გუამი წყლითა. და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე. უკუეთუ დაწვეს იგი რასმე ზედა, რომელსა ზედა დაჯდა იგი შეხებასა მას მისსა, არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე. უკეთუ დაწოლით ვინმე დაწვეს მის თანა და არაწმიდებაჲ იგი იყოს მის თანა, არაწმიდა იყოს იგი შჳდ დღე. და ყოველი საწოლი, რომელსა ზედა დაწვეს, არაწმდა არს. გინათუ დედაკაცი, რომელსა სდიოდის დინებაჲ სისხლისაჲ დღეთა მრავალთა და ჟამსა განსლვისა მისისასა, დაღათუ სდიოდის შემდგომად დაჯდომისა მისისა ყოველნი დღენი დინებისა არაწმიდებისა მისისანი, ვითარცა დღენი დაჯდომისა არაწმიდებისა მისისანი, იყუნენ არაწმიდაჲ. და ყოველსა საწოლსა რომელსა დაწვეს მას ზედა ყოველთა დღეთა დინებისა მისისათა დღეთა მათებრვე საწოლისა არაწმიდებისა მისისა, შეერაცხნენ მას და ყოველსა ჭურჭელსა, რომელსა ზედა დაჯდეს არაწმიდა იყოს მსგავსად არაწმიდებისა მისებრვე დაჯდომისა. ყოველი, რომელი შეეხოს მას, არაწმიდა იყოს და განირცხეს სამოსელი და დაიბანოს გუამი მისი წყლითა და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე. უკუეთუ განწიდნეს გინებისაგან მისისა, და აღირაცხნენ შჳდნი იგი დღენი მისნი და ამისა შემდგომად განწმიდნეს. და დღესა მერვესა მოიქუნეს ორნი გურიტნი, ანუ ორნი მართუენი ტრედისანი და მოართუნეს იგინი მღდელსა მას კართა თანა კარვისა საწამებელისათა. და შეწიროს მღდელმან მან ერთი იგი – ცოდვისათჳს და ერთი იგი – მრგულიად დასაწველად და ლხინება-ყოს მისთჳს წინაშე ღმრთისა დინებისა მისთჳს არაწმიდებისა მისისა“ (ლევიტელთა,15:19-30).
არსობრივად, ახალ აღთქმაში „უწმინდურების“ ცნება მხოლოდ და მხოლოდ მორალურ სიბრტყეში განიხილება. მეთოდე ოლიმპიელი ამბობს, რომ ქრისტიანობისთვის აქტუალური არაა იუდაიზმში მიღებული წარმოდგენები სიბილწის შესახებ, რადგან ჯვარცმის შემდეგ, იესომ ყველა განწმინდა. კლიმენტ ალექსანდრიელი აღნიშნავს, რომ ქრისტიანისთვის სექსის წინ თორაში აღწერილი განბანვის რიტუალის შესრულებაც არაა საჭირო, რადგან „უფალმა ყველა მორწმუნე ნათლობისა და ქორწინების საიდუმლოების გზით განწმინდა“. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ქრისტიანობის მკვლევარები ძველ აღთქმას დაუბრუნდნენ, და მენსტრუაციაზე ტაბუც გაიხსენეს.
ამ კუთხით, იუდეველები ყველაზე შორს წავიდნენ და აკრძალეს არა მხოლოდ მენსტრუაციის დროს სექსი, არამედ – მის შემდეგაც. წყვილს სექსუალური ურთიერთობა მენსტრუაციის დაწყებიდან საშუალოდ 12 დღემდე ეკრძალებოდა, ციკლის დასრულებიდან 7 დღის შემდეგ. თანამედროვე მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ამგვარი აკრძალვა ოვულაციის (ჩასახვის) პერიოდში სექსუალურ აქტივობას ამაღლებდა და კონტრაცეფციის კალენდარული მეთოდის გამოყენებას შეუძლებელს ხდიდა.
ყველა აბრაამისტულ რელიგიაში, სექსუალური აკრძალვები მარხვის პერიოდზე მოდის. მართალია, მუსლიმებისთვის სექსი რამადანის პერიოდშიცაა ნებადართული, მხოლოდ ღამის საათებში, ისევე, როგორც საკვების მიღება. ასევე, იკრძალება ორსულობისა და ლაქტაციის დროს სექსი, რაც უცნაურად ეხმიანება თანამედროვე მედიკოსთა რეკომენდაციებს (მშობიარობის შემდგომი ტრავმების გამო, ქალი კარგა ხანს ვერ იქნება მზად სექსისთვის). თუმცა, თუ წარსული დროის ქალების ორსულობებისა და მშობიარობების რიცხვს გავიხსენებთ, შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რომ რეპროდუქციული ასაკის ადამიანს რელიგია ცხოვრების საკმაოდ დიდ მონაკვეთში უკრძალავდა სექსს.
საერთო ჯამში, თანამედროვე რელიგიებში, სექსუალური აკრძალვები ასეთი სასტიკი აღარაა.
მუსლიმურ კულტურაში ე. წ. „დროებითი ქორწინება“ არსებობს. შიიტური ისლამის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ მუჰამედ წინასწარმეტყველმა ხანგრძლივ მოგზაურობაში მყოფ თავის თანამოაზრეებს დროებითი ქორწინება ურჩია, თუმცა, ხალიფა უმარ იბნ ალ-ჰატაბმა ეს პრაქტიკა აკრძალა. მიუხედავად იმისა, რომ სუნიტების უმრავლესობას დროებითი ქორწინება აკრძალულად მიაჩნია, ბევრ უპირატესად სუნიტურ ქვეყანაში მისი ვერსიები – ორფი და მისიარი, არსებობს. პირველი განსაკუთრებით პოპულარულია ეგვიპტეში.
ორფი ქორწინება ორი მოწმისა და იურისტის თანდასწრებით ფორმდება და გულისხმობს, რომ მეუღლეებს ერთმანეთთან ქონებრივი პრეტენზიები და მოვალეობები არ ექნებათ. ამასთან, დროებით ქორწინებაში დაბადებული ბავშვები კანონიერად ითვლება, ქმარმა კი ცოლს პარალელურად ძღვენი უნდა მიართვას. ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ დროებითი ქორწინება ისლამურ ქვეყნებში არსებული სასტიკი კანონების გვერდის ავლით პროსტიტუციის ლეგალიზების მცდელობაა. მართლაც, ბევრი მუსლიმი კაცი დროებით ქორწინებაში სწორედ სექს-მუშაკ ქალებთან იმყოფება, რითიც კანონთან პრობლემებს არიდებს თავს.
დროებითი ქორწინება ქალსაც ცოტა გარანტიას ანიჭებს, რადგან ქორწინების ხელშეკრულების გაწყვეტა ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია, მაშინაც კი, როდესაც მისი ასლი იურისტთან ინახება. სწორედ ამის გამო არ შეუძლიათ ხშირად მუსლიმ ქალებს თავიანთი ბავშვების მამების პასუხისმგებლობის ქვეშ მოქცევა – კაცები კონტრაქტს უბრალოდ ანადგურებენ. ზოგიერთ გოგონას იურისტებისთვის დახმარების თხოვნა უწევს, რადგან კაცები დროებითი ქორწინების აღიარებაზე უარს ამბობენ. მაგრამ, დასავლეთის ქვეყნებში ყველაფერი გაცილებით მარტივია: ქორწინებამდე სექსის ტაბუ აქ ადვილად ირღვევა, ისევე, როგორც წმინდა წერილში გაწერილი ბევრი სხვა სექსუალური აკრძალვა.
საერთო ჯამში, თანამედროვე სამყაროში რელიგიური აკრძალვები სულ უფრო და უფრო სუსტდება, მრევლის დაკარგვის შიშით, კონფესიები ლიბერალური ხდება. იუდაიზმში კონტრაცეფციის შესახებ ერთიანი აზრი არ არსებობს, ასევე, განმტკიცდა პრინციპი, რომლის თანახმადაც, ქალის ჯანმრთელობა ბავშვის დაბადებაზე მნიშვნელოვანი გახდა. ზოგიერთ პროტესტანტულ თემში კი, ჰომოსექსუალობა იმდენად მისაღებია, რომ ლგბტ ადამიანები ღვთისმსახურებადაც გვევლინებიან.