ესმა გუმბერიძის ბლოგი
დღეს ილიას უნივერსიტეტში დეა გოშხეთელიანთან გამართულ შეხვედრაზე ვიყავი. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ამ საინტერესო დისკუსიის დროს გამოიკვეთა მრავალი ისეთი საკითხი, რომელიც მხოლოდ ქალთა უფლებებსა და ოჯახში ძალადობას (არადა ეს ორი საკითხიც უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს სწორედ ქალები შეადგენენ) არ მოიცავს: კორუფციის, ნაცნობობის/ნეპოტიზმის, უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების, განუკითხაობის, დაუსჯელობისა და კანონის უზენაესობის იგნორირების ზოგადი პრობლემები.
დეა გოშხეთელიანი ქმრის მხრიდან სისტემატურად იყო ძალადობის მსხვერპლი, რომელიც ქმარმა, თავისი ოჯახის წევრებთან ერთად, განქორწინების შემდეგაც სცემა. დეას ყოფილი მამამთილი არის ქუტირის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარი ექიმი. მის ფაქტობრივად შეუზღუდავ განკარგულებაში, ძალაუფლების ქვეშ არის ათეულობით მოწყვლადი, კანონის გზით გამოკეტილი და ხმაწართმეული ადამიანი. ეს ამბავი ერთ ფაქტს მახსენებს: 51–ე სკოლაში 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში მომხდარ მოზარდთა მკვლელობაში ერთ–ერთი ეჭვმიტანილის მამა რომ თურმე, ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანი ყოფილა (თუ მისი შვილის წინააღმდეგ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ნორმალური ქვეყანა რომ ვიყოთ, ის უნდა გადააყენონ თანამდებობიდან. საკუთარ შვილს თუ ვერ მიხედა, თუ ვერ ასწავლა კანონისა და ადამიანების პატივისცემა და დაფასება, სხვას რა უფლებით უნდა მოკითხოს იმან რამე?).
ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში. იმიტომ მოითხოვენ ფსიქო–სოციალური საჭიროების მქონე ადამიანთა უფლებადამცველი აქტივისტები დეინსტიტუციონალიზაციას და დახურული, დიდი ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან რაც შეიძლება, მეტი ისეთი პაციენტის გამოყვანას, რომლებიც რემისიაში არიან ან რომელთა მკურნალობაც შესაძლებელია ამბულატორიულად, – რომ მსგავსი მოძალადეების აღმზრდელ–დამცველებს ნაკლებ ადამიანზე ჰქონდეთ შეუზღუდავი ბატონობის, მათი ფლობის უფლება.
კიდევ ძალიან მიკვირს ეკლესიის ტოლერანტული და მიმღებლური დამოკიდებულება ოჯახში ძალადობის მიმართ. არც ერთ მართლმადიდებლურ დოგმატში არ არის ნათქვამი, რომ ქმრის მიერ ცოლის ღალატი დასაშვებია. ყველგან წერია, რომ როგორც ცოლის, ისე ქმრის მხრიდანაც არის განკიცხული ღალატი, მნიშვნელობა არ აქვს, მეუღლეთაგან რომელი სჩადის ამას. რატომ უწყობს ეკლესია ხელს კაცის მხრიდან ღალატის მეტ მიმღებლობას? რატომ არ გმობს ამას ღიად? ან სად წერია, რომ ქმარმა ცოლს უნდა სცემოს? კი, ცოლი რომ მორჩილი უნდა იყოს, წერია, მაგრამ იქვე წერია, რომ ქმარი ცოლს უნდა გაუფრთხილდეს, უნდა დაიცვას და პატივს სცემდეს, რომ აკრძალულია ეჭვიანობა, ცილისწამება; მიმტევებლობა/მოწყალება, თავმდაბლობა კაცსაც და ქალსაც მოეთხოვება დოგმატებით და რატომ ხდება ამ დოგმატების აღსრულება მხოლოდ ქალებთან მიმართებაში? რატომ არ მოითხოვენ კაცებისგანაც ამ დოგმატების აღსრულებას თანაბარი სიმკაცრით საჯაროდ, ქადაგებებში?
ახლა კი ჩემს ბოლო მოსაზრებას გავაზიარებ: ნამდვილად დავეთანხმები იმას, რაც დღეს შეხვედრაზე ითქვა: სანამ მოძალადე თავად არ გაიაზრებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრიობას, მიუღებლობას, სანამ ის თავს უდანაშაულოდ და გმირად, სისტემის უმანკო მსხვერპლად მიიჩნევს, მისი თუნდაც რამდენიმე წლით ციხეში ჯდომა ნაკლებად ეფექტური იქნება: ის იქიდან ისევ თავისი სიმართლის განცდით გამოვა, გაბოროტებული და შესაძლოა, ისევ სცადოს შურისძიება.
ჩადენილის აღიარება და სინანული ინკვიზიციისთვისაც კი მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ, ძალიან რთულია, დამნაშავე თავისი საქციელის მიუღებლობაში დაარწმუნო, მაშინ, როცა ბევრ ადამიანს ოჯახში მოძალადე მამაკაცი მართალ, უდანაშაულო, ტყუილად, არაფრისთვის გასამართლებულ ადამიანად მიაჩნია; როცა მას სისტემის მსხვერპლად ან, უფრო მეტიც, გმირად აღიქვამენ ციხეშიც და ციხის გარეთაც. ამიტომ, ოჯახში ძალადობის შესამცირებლად, მასთან ბრძოლისთვის აუცილებელია, ეს კანონით გამოცხადებული დანაშაული ამორალურად და მიუღებლად აღიქმებოდეს საზოგადოებაშიც. ამისთვის კი საჭიროა საჯარო განხილვები, საჯაროდ ამაზე საუბარი.
მაგრამ, აქ პრობლემას ვაწყდებით. ქალთა უფლებადამცველი აქტივისტი ქალები, როგორც წესი, საზოგადოების პრივილიგირებული წევრები არიან, მათ შორის ეკონომიკურადაც. ისინი უფრო მეტად ემანსიპირებულები, ნაკლებად დამოკიდებულნი არიან ოჯახის აზრზე, ანდაც ოჯახში მხარდაჭერით მოსარგებლენი. ბევრი მათგანი თამამი და გამომწვევი ქცევითაც კი არის ცნობილი საზოგადოებაში. ბუნებრივიცაა, რომ ეკონომიკურად, განათლებით და უნარებით სწორედ ფეხზე მყარად მდგარ, ოჯახისგან დამოუკიდებელ ან ოჯახის მიერ მხარდაჭერილ და გაძლიერებულ ქალს შეუძლია, სცალია და აქვს ქალთა უფლებებზე და პრობლემებზე საუბრის მოტივაცია და გამბედაობა; მისთვის ეს ხომ არ არის დიდ რისკთან და მსხვერპლთან დაკავშირებული. ის, რაც შეიძლება, მიიღონ ერთი ადამიანის პირით, შესაძლოა, საერთოდ დაბლოკონ, თუკი ამას სხვა იტყვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, ქალთა უფლებებზე მეტად ისაუბრონ ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოების მხრიდან პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობენ. ამ გზით გამოჩნდება ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის საყოველთაობა, რომ ის არ არის გამოწვეული კონკრეტული ქალის ბრალეული ქცევით, არამედ გამომდინარეობს ქალის მიმართ ძალადობის მიმღებლობიდან და არის დასაგმობი.