ბავშვზე ძალადობა / რა უნდა იცოდე ძალადობაზე / სექსუალური ძალადობა

რა უნდა ვიცოდეთ ბავშვზე ძალადობის შესახებ?

ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობა ნებისმიერ გარემოებაში დაუშვებელია. რწმენა იმისა, რომ ამგვარი ძალადობა ბავშვის ინტერესებს წაადგება, უკიდურესად მცდარი და დანაშაულებრივია. ძველი ქართული ანდაზის თანახმად, „შვილი მტრად უნდა გამოზარდო და მოყვარედ გამოგადგება“. სინამდვილეში, ბავშვის მიმართ სასტიკმა მოპყრობამ შესაძლოა ძალზე მძიმე და ხშირად გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს.

ფიზიკური ძალადობა – ბავშვისთვის ფიზიკური ტრავმების, სხეულის სხვადასხვა დაზიანებების მიყენებაა, რომლებიც ბავშვის ჯანმრთელობას ზიანს აყენებენ, არღვევენ მის განვითარებას და ართმევენ სიცოცხლეს. ეს არის დაჟეჟილობები, ნაიარევები, დარტყმებით, სილის გაწვნით, ცხელი საგნების ან სითხეების შეხებით, სიგარეტის მიწვით, სხვადასხვა დამაზიანებელი საგნების გამოყენებით მიყენებული დაზიანებები.

ფიზიკური ძალადობა ასევე მოიცავს ბავშვის ჩათრევას ნარკოტიკების, ალკოჰოლის გამოყენებაში, მისთვის მომწამვლელი ნივთიერებების ან/და თრობის გამომწვევი სამედიცინო პრეპარატების მიცემას (მაგალითად ძილის წამლის, რომელიც ექიმს არ გამოუწერია), ასევე ბავშვის მოგუდვის ან დახრჩობის მცდელობებს.

ზოგიერთ ოჯახში დისციპლინურ ზომებად  ფიზიკური დასჯის სხვადასხვა სახეობა გამოიყენება: კეფაში წამორტყმიდან დაწყებული, ქამრით ცემით დამთავრებული. აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ ფიზიკური ძალადობა ნამდვილად ფიზიკური თავდასხმაა ჩვენზე გაცილებით სუსტ, უსუსურ არსებაზე, რომელსაც თითქმის ყოველთვის თან ახლავს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქიკური ტრავმები.

სექსუალური ძალადობა ან მოტყუება – არის ნებისმიერი სქესის ბავშვის გამოყენება უფროსის ან სხვა ბავშვის მიერ, საკუთარი სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების ან სარგებლის მიღების მიზნით. სექსუალური ძალადობა მოიცავს სექსუალურ აქტს (კოიტუსს), ორალურ ან ანალურ სექსს, ურთიერთმასტურბაციას, სასქესო ორგანოებით სხვა სხეულებრივ კონტაქტებს. სექსუალური ძალადობაა ასევე ბავშვის სექს სამუშაოში ან პორნობიზნესში ჩათრევა, ბავშვის წინაშე საკუთარი სასქესო ორგანოების ან დუნდულების გაშიშვლება, მისი თვალთვალი, როდესაც მან ამის შესახებ არ იცის: გახდის, ტუალეტში შესვლის დროს.

ფსიქოლოგიური (ემოციური) ძალადობაა მშობლების, მეურვეების, ძიძების, მასწავლებლების მხრიდან ბავშვის მუდმივი ან პერიოდული სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარები, ღირსების დაკნინება, იმაში დადანაშაულება, რაშიც ბრალი არ მიუძღვის, ბავშვის მიმართ სიძულვილის დემონსტრირება. ძალადობის ამ სახეობას განეკუთვნება ასევე ბავშვის მუდმივად მოტყუება, რის შედეგადაც იგი უფროსის ნდობას კარგავს, ასევე ბავშვის მიმართ მის ასაკობრივ შესაძლებლობებთან შეუსაბამო მოთხოვნების წაყენება.

ბავშვის ინტერესებისა და საჭიროებების უგულებელყოფაა ბავშვის ძირითადი საჭიროებების და მოთხოვნების სათანადო უზრუნველყოფის არარსებობა (საცხოვრებელი, საკვები, ტანსაცმელი, აღზრდა, განათლება, სამედიცინო დახმარება). ბავშვების მიმართ დაუდევარი დამოკიდებულების ტიპური მაგალითია მათი მეთვალყურეობის გარეშე დატოვება, რაც ხშირად ბავშვისთვის უბედური შემთხვევებით, მოწამლვებითა და სიცოცხლისთვის საშიში სხვა შემთხვევებით მთავრდება.

ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობის ნებისმიერი ფორმა სხვადასხვა სახის პრობლემებად იჩენს თავს, მაგრამ მათ ერთი საერთო აქვთ – ბავშვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ.

ბავშვზე ნებისმიერი სახის ძალადობას სხვადასხვა შედეგი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ამ ყველაფერს ერთი რამ აერთიანებს: ბავშვის ჯანმრთელობისთვის ან მისი სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხე. ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება რომელიმე ორგანოს დაკარგვა ან ფუნქციის მოშლა, დაავადებების განვითარება, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური განვითარების დარღვევა. ფიზიკური ძალადობის შედეგად, ბავშვები სხვადასხვა სახით ზარალდებიან: იღებენ დაჟეჟილობებს, ტრავმებს, მოტეხილობებს, შინაგანი ორგანოების (ღვიძლი, თირკმელი, ელენთა და სხვ) დაზიანებებს. ამ დაზიანებების მოსარჩენად ბევრი დრო და ძალისხმევაა საჭირო, მაგრამ კიდევ უფრო მეტი დრო სჭირდება სასტიკად მოპყრობის ქვეშ მყოფი ბავშვის სულიერი ტრავმების, მისი ფსიქიკის გაჯანსაღებას.

ბავშვის მიმართ სასტიკ მოპყრობას ახლო და შორეული შედეგები გააჩნია.

ახლო შედეგებია ფიზიკური ტრავმები, დაზიანებები, პირღებინების შეგრძნება, თავის ტკივილები, გონების დაკარგვა, მცირე ასაკის ბავშვებისთვის დამახასიათებელი ტვინის შერყევის სინდრომი, როდესაც მათ მხარში ხელს კიდებენ და გამეტებით ანჯღრევენ. გარდა ზემოთ ხსენებული ნიშნებისა, ამ დროს ბავშვებს თვალის თეთრონებში სისხლჩაქცევების კვალი უჩნდებათ. ბავშვზე ძალადობის უახლოესი შედეგებია ასევე მათი მხრიდან მწვავე ფსიქიკური დარღვევები აგრესიის ნებისმიერ სახეზე პასუხად, განსაკუთრებით სექსუალური სახის თავდასხმისას. ამგვარი რეაქციები შესაძლოა გამოვლინდეს აღგზნების, სადღაც გაქცევის ან დამალვის სურვილის, შენელებული რეაქციების, გარეგნული გულგრილობის სახით. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ბავშვი შეპყრობილია შიშის, განგაშისა და ბრაზის უმწვავესი განცდით. უფროსი ასაკის ბავშვებში ამ დროს შესაძლოა ღრმა დეპრესიის განვითარება, საკუთარი არასრულფასოვნების და უსარგებლობის განცდის თანხლებით.

რაც შეეხება ბავშვზე ძალადობის ხანგრძლივ შედეგებს, ისინი შესაძლოა ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განვითარებაზე სხვადასხვაგვარად აისახოს: სხვადასხვა სომატური დაავადებებით, მენტალური და ემოციური დარღვევებით, სოციალური შედეგებით.

როდესაც ბავშვის მიმართ მისი ოჯახის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემსწრენი ვხდებით და ვხედავთ, რომ ბავშვს ოჯახის წევრები ძალადობრივად, უდიერად ან უგულებელყოფით ეკიდებიან, ჩვენ მოქმედება გვმართებს. ამისათვის საჭიროა, დავუკავშირდეთ პოლიციას და სოციალურ სამსახურს. ასევე, ამ შემთხვევებში, შეგვიძლია, დავუკავშირდეთ ბავშვთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის – “საფარს”, რომელსაც ოჯახში და ბავშვთა მიმართ ძალადობაზე კომპლექსური მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ამ შემთხვევაში, დარწმუნებულნი ვიქნებით, რომ ჩვენ მიერ აღმოჩენილი ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩება. ორგანიზაციაში დარეკვა შეგიძლიათ შემდეგ ნომრებზე: 599 407 603; 0322 307 603.

 

როგორ ავიცილოთ თავიდან ჩვენს ბავშვებზე გარეშე ადამიანების მხრიდან ძალადობა?

გთავაზობთ რჩევებს, რომლის გათვალისწინებაც ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაში დაგვეხმარება.

 

  •       უსაფრთხო, საიმედო ადგილას უნდა შევინახოთ ჩვენი ბავშვის/ბავშვების ფოტო ანფასსა და პროფილში, თუ შესაძლებელია, მისი თითების ციფრული ანაბეჭდები.
  •         უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბავშვებმა იციან სახლის/დედის/მამის ტელეფონის ნომერი და მისამართი.
  •        ბავშვებს უნდა ვაჩვენოთ, როგორ იკრიფება პატრულის ნომერი და რისი თქმა არის საჭირო დარეკვისას. უპრიანი იქნება, თუ ამის რეპეტიციას რამდენიმეჯერ გავივლით.
  •         ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, სად არიან ჩვენი ბავშვები, დაე მათაც იცოდნენ, სად ვართ ჩვენ.
  •         არასოდეს უნდა დავტოვოთ მარტო ბავშვი საზოგადოებრივ ტუალეტებში.
  •         ბავშვს მუდამ თან უნდა ახლდეს უფროსი.
  •      ბავშვის სახელი არ უნდა იყოს ხილვადი. მაგალითად, მას იგი არ უნდა ეწეროს ტანსაცმელზე, ველოსიპედზე, ჩანთაზე, სათამაშოებზე.
  •      ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ კარის მიღმა უცნობ ან ზერელედ ნაცნობ ადამიანებთან საუბარი არ შეიძლება.
  •      არასოდეს არ უნდა დავტოვოთ ბავშვი/ბავშვები მარტო მაგალითად წიგნის ან სათამაშოების მაღაზიებში, არ მივცეთ უფლება, იხეტიალონ სავაჭრო ცენტრებში ან სადგურებში.
  •       იმ შემთხვევისთვის თუ ბავშვი დაიკარგება, იგი წინასწარ უნდა გავაფრთხილოთ, რომ ფეხი არ მოიცვალოს იმ ადგილიდან, სადაც ბოლოს დაშორდით ერთმანეთს.
  •        უნდა ვიცოდეთ ჩვენი ბავშვის მეგობრების ვინაობა, მათი მშობლების მისამართი და ტელეფონის ნომრები.
  •         უნდა ვიცოდეთ ის ჩვეული მარშრუტები, რომლითაც ჩვენი ბავშვები სკოლაში ან მეგობრებთან დადიან.
  •       ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენი ბავშვის აგრესიულ ან ზიზღიან რეაქციას რომელიმე გარშემომყოფის მიმართ. უნდა ვეცადოთ, გავარკვიოთ, რატომ განიცდის ბავშვი ზიზღს?
  •         ყურადღების გარეშე არ უნდა დავტოვოთ შემთხვევა, როდესაც რომელიმე ჩვენი ნაცნობი ჩვენი ბავშვის მიმართ უადგილო და ზედმეტ ინტერესს იჩენს.
  •         არასოდეს წავუყრუოთ ბავშვის დამოკიდებულებებს და შიშებს კონკრეტული ადამიანების მიმართ, მაშინაც კი, თუ ვფიქრობთ, რომ ისინი უსაფუძვლოა.
  •         ბავშვი უნდა დავარწმუნოთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, საშველად აუცილებლად მოვალთ.
  •      ბავშვს უნდა ავუხსნათ, როგორ გადაირჩინოს თავი და მოძებნოს თავშესაფარი, თუ მას თავს დაესხმებიან.

რჩევები ყველაზე პატარების მშობლებისთვის

ძვირფასო მშობლებო, შეეცადეთ, არ შეაშინოთ თქვენი ბავშვი, მაგრამ მიაღწიეთ, რომ მან მტკიცედ დაიმახსოვროს შემდეგი წესები:

  •        არასოდეს ჩაუჯდეს მანქანაში უცნობ ადამიანს. თუ ვინმე ამას სთხოვს, აუცილებლად მშობელს უამბოს.
  •         ყოველთვის ითამაშოს მეგობრებთან.
  •         უფროსის ნებართვის გარეშე, არასოდეს მიიღოს საჩუქრები ან ტკბილეული უცხო ადამიანისგან.
  •         არასოდეს დათანხმდეს უცხო ადამიანებთან ერთად სადმე წასვლას.
  •         მთელი ხმით იყვიროს, თუ ვინმე უცნობი მანქანაში ჩაჯდომასა და სადმე გასეირნებას შესთავაზებს.
  •      დაიმახსოვროს საკუთარი მისამართი და ტელეფონის ნომერი, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში დარეკოს 112-ზე.
  •      არასოდეს მისცეს უფლება უცხო ადამიანს, შეეხოს. თუ ეს ბავშვის ნების წინააღმდეგ მოხდა, მან აუცილებლად მშობლებს უნდა  უამბოს.
  •         ბავშვს მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ მშობლებს უყვართ და სიმართლის თქმისთვის არასოდეს დასჯიან.