ბლოგები

რანგდაკარგული მამაკაცის პასუხი პრეზიდენტს

გიორგი ურჩუხიშვილის ბლოგი

რაც შეეხება მამაკაცებს, მათ უწინ ქვეყნის დაცვის მისია ჰქონდათ და მათაც დაიწყეს თავიანთი ადგილის დაბრუნების მცდელობა. ეს [ოჯახური ძალადობა] ახალი ფენომენია და ჩემი აზრით, მამაკაცების “რანგის” დაკარგვასთან არის დაკავშირებული, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Madame Figaro-სთან ინტერვიუში.

„მამაკაცები“ ერთგვაროვანი ჯგუფი არ არის, ბევრნაირი მამაკაცი არსებობს საქართველოში: დაბალი, მაღალი, მდიდარი, ღარიბი, ძალაუფლების მქონე, მუშა, განათლებული, გაუნათლებელი, ქართველი, აზერბაიჯანელი, გეი, ბაბულიკი და სხვა, და ამ განსხვავებულ კაცებს განსხვავებული რანგი აქვთ.

ე.წ. „რანგი“, რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, მხოლოდ ერთი ჯგუფის მამაკაცებს აქვთ: ისინი არიან მდიდარი, გავლენიანი და ძალაუფლების მქონე, პოლიტიკური და კულტურული ელიტის წევრები. პრეზიდენტის ლოგიკით, ისე გამოდის, თითქოს ძალაუფლების მქონე კაცები არ ძალადობენ და მხოლოდ „რანგწართმეული“, დაკნინებული, ანუ ღარიბი კაცები არიან მოძალადეები. ეს ცინიზმია. ოჯახური ძალადობის მსოფლიო და ქართული დინამიკა სხვა სურათს გვიჩვენებს. ძალადობენ არა მხოლოდ რანგიანი, ან რანგდაკარგული კაცები, არამედ ყველა. ან რა რანგზეა საუბარი?! ბატონ-ყმობის პერიოდში გლეხი ქალის სხეული ბატონს ეკუთვნოდა. ბატონს რანგის დაკარგვის ეშინოდა, როდესაც გლეხ ქალებს აუპატიურებდა? ან ომის თანმდევი  გაუპატიურებები, ან ბავშვთა ქორწინება რანგდაკარგულების თვისება იყო მხოლოდ? – არა!

იმას, რაც პრეზიდენტმა თქვა, „პოპ-ფსიქოლოგიას“ უწოდებენ.  “პოპ-ფსიქოლოგიის” მიხედვით, მამაკაცისა და ბიჭების პრობლემები ე.წ. “როლების აღრევის” შედეგად წარმოიქმნა, რომელიც ინდუსტრიალიზაციას მოჰყვა. მამაკაცური სხეული შეიცვალა, „დაკნინდა“, მამაკაცის კლასიკური როლი დაიმსხვრა. იგი აღარ არის მებრძოლი, მონადირე, მომნაგრებელი, დამპყრობელი, ძლიერი და სასტიკი. მამაკაცები “განაზდნენ”: შევიდნენ ოფისებში, ქალებთან ერთად დასხდნენ სამუშაოდ და „დაჩიავდნენ“. პოპ-ფსიქოლოგიის მთავარი პრობლემა ნოსტალგიური ხასიათია. მისი მიმდევრები თვლიან, რომ კაცების პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია წარსულში დაბრუნებით. იგი პრეინდუსტრიულ წარსულს აიდეალებს: როდესაც კაცმა იცოდა, როგორი ყოფილიყო ნამდვილი მამაკაცი, ხოლო ქალებმა იცოდნენ, როგორები ყოფილიყვნენ დედები.

ასეთი მიდგომა ხელს უწყობს ძალადობას და უთანასწორობას. წარსულში დაბრუნება ვერ მოაგვარებს პრობლემებს, ვინაიდან ახლა სხვა ისტორიული მოცემულობა გვაქვს. ამ ისტორიულ მოცემულობაში ჯობია, არსებულ პრობლემებზე ვისაუბროთ. სწორედ ქალების და კაცების გენდერული როლებისაგან გათავისუფლება შეიძლება იყოს საზოგადოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სასიცოცხლო პირობა.

პოპ-ფსიქოლოგია, იგივე “მძიმე-მასკულინობა”, პატარა ბიჭებსა და კაცებში მასკულინურ ნიღბებს ქმნის. ესაა სუსტი ადამიანის მცდელობა, გახდეს “დამრტყმელი” და მოჩხუბარი, ატაროს იარაღი, ან დაისწავლოს ე.წ. “ბაზარი”, – ენით მაინც რომ დაიქვემდებაროს/დაჩაგროს სხვები, მუდმივად ისაუბროს ქალების სექსუალურ „დაპყრობებზე“, დასცინოს მეცადინე, ბეჯითად მომუშავე კაცებს, ვინაიდან ერთ ადგილას ჯდომა და სიბეჯითე ფემინური/“ქალაჩუნური” პროცესია. მძიმე-მასკულინობა ცდილობს, მიწასთან გაასწოროს საოფისე საქმიანობები და ქალი უფროსები. ამ ყველაფრით მამაკაცები იტყუებენ თავს, თითქოს ისინი ისეთივე “დაუძლეველი მამრები“ არიან, როგორც ინდუსტრიალიზაციამდე იყვნენ – ცხენებისა და ხმლების ხანაში.

მოდი, სიმართლეს გავუსწოროთ თვალი: მამაკაცებმა კი არ დაკარგეს „რანგი“, არამედ ქალები გაძლიერდნენ: „ყმებმა“ ხმა ამოიღეს და ძალადობაზე საუბარი დაიწყო. ფარდა აეხადა სოციალურ სტრუქტურას, რომელმაც ერთ გენდერს მწვანე აუნთო ძალადობაზე, მეორეს კი ძალადობის უფლება ჩამოართვა.

მოდი, ისიც ვთქვათ, რომ წარსულის გაიდეალებით, ამ „რანგის დაკარგვაზე“ საუბრით, უფრო მეტი მოძალადე წარმოიქმნება, უფრო მეტი ცდილობს „რანგის დაბრუნებას“ ქალებზე, ბავშვებზე და ღარიბებზე ძალადობით. ჩვენი მიზანი განათლების რეფორმა და თანასწორობის მიღწევა უნდა იყოს და არა – წარსულის ნოსტალგია და ცრემლები.

მე თავისუფალი და ემანსიპირებული ქალი არ მიქმნის პრობლემას, პრობლემას ის სტრუქტურა და ის კაცები მიქმნიან, რომლებიც ჩემ დაკნინებას შეეცდებიან, თუ მე თავისუფალ, დამოუკიდებელ და ემანსიპირებულ ქალებთან ერთად ვიდგები. ამიტომ, თუ ვინმე რანგის დაკარგვის გამო ძალადობს, მიმართოს ძალადობა იმისკენ, ვინც ეს რანგი ჯერ გამოუგონა და მერე წაართვა – კაცებმა ურტყან კაცებს. სალომეს კი, პირველ ქალ პრეზიდენტს, უფრო მეტის ცოდნა და მგრძნობელობა მოეთხოვება, ვიდრე რანგდაკარგულ კაცებს ამ ქვეყანაში.