სექსუალობა

როგორ ავიცილოთ არასასურველი ორსულობა დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ?

????????????????????????????????????

ავტორი: ლილი გვარამაძე, MD, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი

ორსულობის თავიდან აცილება შესაძლებელია როგორც სქესობრივ კონტაქტამდე კონტრაცეფციის გარკვეული მეთოდის არჩევით, ასევე – სქესობრივი კონტაქტის შემდეგაც. კონტრაცეფციის ამ მეთოდს, რომელსაც მიმართავენ ქალები სქესობრივი კონტაქტის შემდეგ, გადაუდებელი კონტრაცეფცია ეწოდება. გადაუდებელი კონტრაცეფციის რეგულარულად გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.

როდის უნდა მივმართოთ გადაუდებელ კონტრაცეფციას?

  • თუ კონტრაცეფციის არც ერთი მეთოდი არ გამოგვიყენებია;
  • თუ დაირღვა კონტრაცეფციის მეთოდის გამოყენების წესი (კონდომის მთლიანობის დარღვევა, კომბინირებული ორალური კონტრაცეფტივის ზედიზედ 2 ან მეტი აბის გამოტოვება და სხვ.);
  • თუ ადგილი ჰქონდა სქესობრივ ძალადობას (რეგულარული კონტრაცეფციის გამოყენების გარეშე).

გადაუდებელი კონტრაცეფციისთვის შესაძლებელია შემდეგი საშუალებების გამოყენება:

  • გადაუდებელი კონტრაცეფციის ტაბლეტირებული ფორმა:
    • პროგესტინული აბები (ლევონორგესტრელის შემცველი);
    • მიფეპრისტონი;
    • კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები;
    • ულიპრისტალის აცეტატი;
  • სპილენძის შემცველი საშვილოსნოსშიგა საშუალება (სპირალი).

გადაუდებელი კონტრაცეფცია არ იწვევს უკვე დამდგარი ორსულობის მოშლას და არ ახდენს უარყოფით გავლენას ორსულობაზე იმ შემთხვევაში, თუ ის მაინც შედგება. ის არ ზრდის საშვილოსნოსგარე ორსულობის ალბათობას. გადაუდებელი კონტრაცეფციის მოქმედება ვრცელდება უშუალოდ სასქესო უჯრედების (კვერცხუჯრედი, სპერმატოზოიდი) სიცოხცლისუნარიანობაზე, ოვულაციის, განაყოფიერების და/ან იმპლანტაციის პროცესის დარღვევაზე.

გადაუდებელი კონტრაცეფციის ტაბლეტირებულ ფორმის, ე. წ. „მორნინგ“ აბების რამდენიმე სახეობა არსებობს. მათი ეფექტურობა მეტ-ნაკლებად განსხვავდება და დამოკიდებულია არჩეულ პრეპარატზე, მენტრუალური ციკლის რომელ პერიოდში ჰქონდა ადგილი სქესობრივ კონტაქტს, კონტაქტიდან გასულ დროზე, მენსტრუალური ციკლის რომელ ფაზაში მოხდება კონტრაცეფციული მეთოდის გამოყენება, ქალის წონასა და სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედებაზე. სხეულის მასის ინდექსი 30 და მეტი, და ასევე, გარკვეული მედიკამენტები ამცირებენ „მორნინგ“ აბების ეფექტურობას. „მორნინგ“ აბები არ იცავენ ორსულობისგან მათი მიღების შემდეგ სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში. განვიხილოთ ისინი:

  1. ლევონორგესტრელის შემცველი აბები (პროგესტაგენული აბები) უნდა მიღებულ იქნას სქესობრივი კონტაქტიდან არაუგვიანეს 72 საათისა (3 დღე-ღამე). რაც უფრო მალე იქნება მიღებული მედიკამენტი, მით უფრო მაღალია ეფექტურობა. 72 საათის შემდეგ პროგესტინული ეფექტურობა კლებულობს. ლევონორგესტრელის შემცველი აბების დოზირებიდან გამომდინარე მიღების ორი რეჟიმი არსებობს:
  • 0,75 მგ ლევონორგესტრელის შემცველი ერთი აბი მიიღება აქტიდან 72 საათში, ხოლო მეორე, ასევე, 0,75 მგ ლევონორგესტრელის შემცველი ერთი აბი მიიღება პირველი აბიდან 12 საათში.
  • 1,5 მგ ლევონორგესტრელის შემცველი 1 აბი მიიღება აქტიდან 72 საათში.

ორივე სქემის ეფექტურობა ერთნაირია.  ეს მეთოდი ეფექტურია ციკლის პირველ ფაზაში, ანუ ოვულაციამდე. პროგესტინული აბები იწვევს ოვულაციის დათრგუნვას ან მის გადაწევას დაახლოებით 5 დღით. ოვულაციის გადავადება ამ პერიოდით საკმარისია იმისთვის, რომ სპერმატოზოიდებმა დაკარგონ განაყოფიერების უნარი. სწორი გამოყენების შემთხვევაში პროგესტინული აბების ეფექტურობა აღწევს 75%-ს. ოვულაციის პერიოდში და ციკლის ლუთეინურ ფაზაში კონტრაცეფციის ეს მეთოდი ნაკლებად სანდოა.

  1. მიფეპრისტონი ეფექტურია მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ ფაზაში. მისი მიღება უნდა მოხდეს სქესობრივი კონტაქტიდან არაუგვიანეს 120 საათისა (5 დღე-ღამე). ოვულაციამდე მიფეპრისტონი პროგესტინული აბების მსგავსად თრგუნავს ან გადაწევს ოვულაციას, ხოლო ოვულაციის პერიოდში და ოვულაციის შემდეგ მიფეპრისტონის მოქმედება აისახება ენდომეტრიუმზე, რაც შეუშლის ხელს იმპლანტაციის პროცესს. არსებული ცნობების მიხედვით, მას შეუძლია ადრეული ორსულობის განვითარების დაბლოკვა. ეფექტურობა აღემატება 85%-ს.

 

  1. კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება გადაუდებელი კონტრაცეფციის მიზნით ადრე იყო მეტად აქტურალური და ცნობილია „იუზპეს მეთოდის“ სახელწოდებით. გვერდითი მოვლენების სიმრავლის გამო, ამ მეთოდს ქალები ნაკლებად მიმართავენ. დაბალდოზიანი ორალური კონტრაცეპტივის (30-35 მგ ეთინილ ესტრადიოლის შემცველი) 4 აბი უნდა იქნას მიღებული სქესობრივი კონტაქტიდან არაუგვიანეს 72 საათისა, 12 საათში – ისევ 4 აბი უნდა იყოს მიღებული. ეფექტურობა 70%-ს აღწევს.

 

  1. ანტიპროგესტინი, ულიპრისტალის აცეტატი, დაშვებულია გადაუდებელი კონტრაცეფციის გამოყენების მიზნით 2010 წლიდან. ულიპრისტალის აცეტატის 30 მგ უნდა იყოს მირებული არაუგვიანეს 120 საათისა (5 დღე-ღამე). მას შეუძლია ოვულაციის დატრგუნვა ან გადაწევა.

აბების მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს გარკვეული გვერდითი ეფექტები, რომლებიც რამდენიმე დღეც კი შეიძლება გაგრძელდეს: გულისრევა/ღებინება, სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მკერდის დაჭიმულობა, სისხლიანი გამონადენი, ტკივილი მცირე მენჯის ღრუში. უმეტეს შემთხვევაში, გვერდითი ეფექტები გარდამავალია. ღებინების განვითარებისას აბის მიღებიდან მალევე, 2-3 საათამდე საჭიროებს პრეპარატის ხელახლა მიღებას. მენსტრუალური ციკლის 7 დღეზე მეტხანს გადაცილებისას საჭირო ხდება ორსულობის გამორიცხვა, ხოლო მცირე მენჯში ტკივილის და სისხლიანი გამონადენის შემთხვევაში ქალი საჭიროებს დამატებით კლინიკურ გამოკვლევას, იმისთვის რომ გამოირიცხოს ორსულობის თვითნებითი შეწყვეტა და საშვილოსნოსგარე ორსულობა.

გადაუდებელი კონტრაცეფციის მიზნით სპილენძისშემცველი სპირალის გამოყენება ითვლება ყველაზე სანდო მეთოდად, რომლის ეფექტურობა აღწევს 99%-ს. სპირალის ჩადგმა ორსულობის პრევენციის მიზნით შესაძლებელია სქესობრივი კონტაქტიდან 120 საათში (5 დღე-ღამე). სპირალის ჩადგმისას მოქმედებს იგივენაირი ჩვენებები და უკუჩვენებები, რაც სხვა დროს. სპილენძისშემცველი სპირალი მოქმედებს როგორც სპერმატოზოიდებზე და არღვევს მათ სიცოცხლისუნარიანობას, მოძრაობის უნარს, ასევე – საშვილოსნოს ენდომეტრიუმზე და იწვევს ისეთ ცვლილებებს, რომლებიც ხელს უშლის იმპლანტაციის პროცესს. სპირალის ეფექტურობაზე არ მოქმედებს არც სხეულის მასის ინდექსი და არც სხვა მიღებული მედიკამენტები. სპირალი ეფექტურია მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ ფაზაში.

ექსტრემალური კონტრაცეფციის გამოყენების აბსოლუტური უკუჩვენება არ არსებობს. გადაუდებელი კონტრაცეფციის ხშირი მოხმარება წარმოადგენს ორგანიზმისთვის სტრესს და იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას. აქედან გამომდინარე, ამ სახის კონტრაცეფციის გამოყენება უნდა მოხდეს გამოუვალ მდგომარეობაში, დაახლოებით არაუმეტეს 1-2 შემთხვევისა წელიწადში.