შორენა გოგოლაძის ბლოგი
ჩემს ნევროზს ვეგეტონევროზი ჰქვია, ეს კი ნერვული სისტემის იმ ნაწილის პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც შინაგან ორგანოთა ნორმალურ ფუნქციონირებას განაპირობებს. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ტვინის ნაწილი გეუბნება, რომ „შენს სხეულში ყველაფერი რიგზე ვერ არის“. სინამდვილეში, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ნევროზი გაიძულებს, იფიქრო, რომ ასე არ არის. ჩემ შემთხვევაში, ეს გამოიხატა ყლაპვის გაძნელებაში. გაძნელება სამედიცინო ენაზე ჰქვია, თორემ საერთოდ არ შემეძლო არაფრის ჭამა. ნევროზის მიზეზად კი ნევროპათოლოგმა ძლიერი ემოციური სტრესი და ფიზიკური გადაღლა დამისახელა.
პირველი დიდი ემოციური სტრესი განვიცადე მაშინაც, როცა ამერიკაში ჩამოვედი. ამ სტრესის სიძლიერეს მარტო ის ადამიანები გაიგებენ, ვისაც ემიგრაციაში რამდენიმე წელი მაინც უცხოვრია. ჩემი ნევროზის პირველი ნიშნებიც სწორედ ემიგრაციის პირველ თვეებში გაჩნდა, რაც გამოხატული იყო შიშებსა და აკვიატებულ აზრებში. ვფიქრობდი, რომ მაქვს რაღაც დაავადება. დავიწყე ექიმებთან სიარული, გამოვიკვლიე ყველა ორგანო, გავიკეთე ყველა სახის ანალიზი და იმის მიუხედავად, რომ ყველა ექიმისგან ძალიან კარგი პასუხი მივიღე, აკვიატებული აზრები არ გამქრალა. ვიყავი თითქმის ყველაფრის ექიმთან, გარდა ნევროპათოლოგისა.
აქედან დაიწყო ჩემი შეცდომა – ნევროზის მსუბუქი ფორმის იგნორირება. ამ დროს, ვინც ჩემს მდგომარეობას ხედავდა, ყველა მარწმუნებდა, რომ ეს იყო ნევროზი და უნდა მივსულიყავი ნევროპათოლოგთან, ან თავი ამეყვანა ხელში. არის კიდევ ადამიანების კატეგორია, რომლებიც გარწმუნებენ, რომ ძალიან ძლიერი ხარ და შეძლებ, დამოუკიდებლად დაამარცხო ნევროზი. ეს არის ყველაზე ცუდი რჩევა, რაც კი შეიძლება ადამიანს მისცე. უფრო არასწორია, როცა ამას იჯერებ.
ყველაფერს აქვს ზღვარი, ადამიანის ნერვულ სისტემასაც და წარმოუდგენელია, ძლიერი სტრესის ფონზე, რომელიც შენი ყოველდღიური მდგომარეობაა, გაუძლო ყველაფერს. ვერ გაუძლებ და ბოლოს აუცილებლად მიხვალ იმ მდგომარეობამდე, სადამდეც მე მივედი. ამას ახლა ვფიქრობ, თორემ მაშინ დავიჯერე, რომ გავუძლებდი და დავივიწყე ჩემი ნევროზი.
მარტო ერთი რამ არ მავიწყდებოდა, – რომ მქონდა დაავადება, არ ვიცოდი რა, მაგრამ მჯეროდა ამის. შემდეგ იყო სიკვდილის შიში (სხვათა შორის, ეს ყველაზე გავრცელებულია ნევროზის დროს და თუ გამუდმებით ფიქრობთ სიკვდილზე და სულ გეშინიათ ამის, დიდი ალბათობით ნევროზი გაქვთ). ეს შიშიც უგულებელვყავი იმ იმედით, რომ გავუძლებდი. ამაში მანამდე ვიყავი დარწმუნებული, სანამ ფაქტის წინაშე არ დავდექი, – ვერ გავუძელი.
დაახლოებით ორი წელი ამ რეჟიმში გავატარე: შფოთვაში, აკვიატებული აზრებში, ექიმებთან სირბილში და იმის მოსმენაში, რომ ხარ ახალგაზრდა, ძლიერი და უარესებისთვისაც გაგიძლია. არც კი დამიშვია, რომ შეიძლებოდა, დამელია ანტიდეპრესანტები მანამ, სანამ ეს პროცესი იყო მართვადი ჩემ მიერ და ძალიან ხანმოკლე მკურნალობის კურსით შემეძლო მემკურნალა. მეგონა, ანტიდეპრესანტებს ძალიან სუსტი ადამიანები სვამდნენ, რომლებიც ელემენტარულ დაბრკოლებებს ვერ უძლებენ, მე ასეთი არ ვარ და არც მჭირდება-მეთქი, – ასე ვეუბნებოდი საკუთარ თავს.
ბოლოს, ჩემი ნევროზი მივიდა იმ მდგომარეობამდე, რომ აღარ შემეძლო საკვების მიღება. არ მქონია უმადობა, მინდოდა, მაგრამ ვერ ვჭამდი, საერთოდ ვერაფერს. მხოლოდ სითხის დალევა შემეძლო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ორი წელი აკვიატებული აზრებიც მქონდა და შიშებიც, პირველად მაშინ შემეშინდა, როცა ერთი თვე მხოლოდ სითხეზე ვიყავი და საერთოდ არ არსებობდა სხვა საკვების მიღების შანსი. ყლაპვის შიშს დაემატა ისიც რომ შემეშინდა, უჭმელობით არ დამმართნოდა რამე. რა თქმა უნდა, ისევ არ მიფიქრია არც წამლების მიღება, არც ნევროპათოლოგთან მისვლა, ჯიუტად ვაჯერებდი თავს, რომ მე შემიძლია, გავუძლო ამას.
ასე გავატარე მხოლოდ სითხეების მიღებაში ორი თვე. შემდეგ ვაიძულე ჩემი თავი, რომ მეჭამა რამე, რადგან არ ჰქონდა მნიშვნელობა, უჭმელობა მომკლავდა თუ საჭმელი დამახრჩობდა. ვაიძულე თავი, რომ თუნდაც კრემსუპები მიმეღო. ვისაც არ გამოუცდია ეს, წარმოდგენაც კი რთულია, რა ჯოჯოხეთია. ვჭამდი ერთ კოვზ პიურეს და გადაყლაპვის შემდეგ თვალს რომ ვახელდი და ცოცხალი ვიყავი, მიხაროდა. ასე გრძელდებოდა ჭამის პროცესი, ლუკმიდან ლუკმამდე ტანჯვა , სიკვდილის მოლოდინი და შემდეგ – გადარჩენის სიხარული. შემდეგ ისევ ფიქრი და შიში, რომ ორ საათში ისევ უნდა ჭამო რამე, ისევ ასე გამართლებაზე, ან გადარჩები, ან – მოკვდები.
რა თქმა უნდა არაფერი მომკლავდა, მაგრამ ნევროზი გაიძულებს, ასე იფიქრო, არა მხოლოდ იფიქრო, არამედ გარწმუნებს ამაში. ერთი სიტყვით თუ შეიძლება ამ მდგომარეობას სახელი დაერქვას, – ეს სახელია ტანჯვა. ტანჯვა, რომელიც არ სრულდება და გგონია, არც არასდროს დასრულდება.
ბოლოს დავიღალე. იმდენად დავიღალე, რომ სულ ერთი იყო, გადავრჩებოდი თუ არა. ერთადერთი, რაზეც ოცნება დავიწყე, ის იყო, რომ არ მეგრძნო არაფერი. ვყოფილიყავი გათიშულ მდგომარეობაში, რომ დამესვენა ცოტა ხანს მაინც, რადგან ფხიზელი როცა ხარ, კარგზე არაფერზე ფიქრობ. გამუდმებული შიში ისე გღლის, რომ ყველაფრის ძალას გართმევს. საერთოდ არ დარდობ იმაზე, რომ თვეებია, გშია. ეს გრძნობა დაივიწყე, მთავარია გადარჩე, ფიზიკურად. ეს არ არის გაზვიადებული ნათქვამი, ეს არის მდგომარეობა და მხოლოდ მათთვის გასაგები, ვისაც იგი გამოუცდია.
ამ დროს, გარშემომყოფები აუცილებლად გიმტკიცებენ, რომ არაფერი გჭირს, რომ შეგიძლია ჭამო, რომ არაფერი მოგივა. შენ ამბობ, რომ არ შეგიძლია. არ სჯერათ, რადგან მათ შეუძლიათ და მათ არ აქვთ ნევროზი.
თუმცა, იყო კარგი ამბავიც: საკუთარ თავზე, ნევროზზე, ჩემს დამოკიდებულებებზე და სხვებზეც იმდენი არასდროს მიფიქრია, რამდენიც – ბოლო ექვს თვეში. თეორიულად სულ ვიცოდი, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ორგანიზმი და ფსიქიკა, რადგან მის გარეშე წარმოუდგენელია, მიიღო სიამოვნება იმ ყველაფრისაგან, რისთვისაც ყოველდღიურად ამდენს ვშრომობთ. გექნება ყველაფერი, მაგრამ არ ექნება ფასი არაფერს.
ჩემთვის ასე იყო, სულ ერთი გახდა ყველაფერი, ნევროზმა წამართვა ყველაზე მნიშვნელოვანი -ბედნიერების შეგრძნება და სიხარულის უნარი. სწორედ ამის გამო დავიწყე ბრძოლაც და მოქმედებაც. მივხვდი, რომ თუ არ ვიმოქმედებდი, შიზოფრენიამდე მივიდოდი და საკვების მიღების უნართან ერთად, სხვებსაც დავკარგავდი.
ამიტომ, ჩემი მთავარი მიზანი გახდა, დამებრუნებინა საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვიყავი ნევროზამდე.
პირველი, რაც გავაკეთე, მივმართე ნევროპათოლოგს და დავიწყე წამლების მიღება, შემდეგ კი, შევცვალე ჩემი დამოკიდებულება და მიდგომა მთელი რიგი საკითხების მიმართ. მაგალითად, გადავწყვიტე, ვაკეთო მხოლოდ ის, რაც მე მანიჭებს სიამოვნებას და არა – სხვებს.
მანამდეც ასე ვიქცეოდი, მაგრამ ზოგჯერ მიწევდა სხვანაირად მოქცევაც. აღარ მოვუსმინე ადამიანებს, რომლებმაც ჩემზე უკეთ იციან, რა მინდა ან რა მჭირდება. აღარ მოვუსმინე არავის, საკუთარი თავის გარდა. არ ვუყურე პოლიტიკურ და სხვა უაზრო გადაცემებს, საიდანაც მხოლოდ ცუდი ამბები ისმის. ზოგადად და განსაკუთრებით ნევროზის დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნაა იმისა, თუ რა გჭირდება და რა გინდა.
მე ვიცოდი, რა მინდოდა – დამებრუნებინა ჩემი ხასიათი, ისევ მიმეღო სიამოვნება ფეხით სეირნობისგან, მუსიკის მოსმენისგან, შოპინგისგან, მეგობრებთან ურთიერთობისგან. იმდენად მინდოდა, მეცინა და ყავა ისე დამელია, დახრჩობაზე არ მეფიქრა, რომ მივხვდი, თუ ამას ვერ შევძლებდი, აზრი არ ექნებოდა არაფერს.
და შევძელი. იმდენად დიდი მქონდა სურვილი, წარმოუდგენლად მოკლე დროში დავიბრუნე ჩემი ბუნებრივი განწყობა. ახლა უკვე შემიძლია ბევრი სახეობის საკვების მიღება. ახლა აღარ ვფიქრობ, რა იქნება ჭამის დროს, ახლა საერთოდ აღარ ვფიქრობ არაფერზე. მხოლოდ ერთ რამეზე ვარ კონცენტრირებული – რომ ვერაფერმა შეძლოს, წამართვას ბედნიერების შეგრძნება. მანამდე არასდროს მიფიქრია ამაზე. მანამდე ინერციით მივდიოდი და ვეგუებოდი ცუდ ამბებს ჩემს ცხოვრებაში, კარგი მოვლენები კი მიხაროდა. ნევროზი უამრავ რამეს ცვლის: შეხედულებებს, დამოკიდებულებებს და ჩვენს ხასიათსაც კი. ნევროზი არ არის მუდმივი მდგომარეობა, ის დროებითი მოვლენაა, რომლიდანაც აუცილებელია, გამარჯვებული გამოხვიდე. ამისთვის, ყველაზე მთავარი სურვილია, მკურნალობა და ნებისმიერ ფასად თავის არიდება სტრესული გარემოსთვის.