მეცნიერებმა იკვლიეს, თუ როგორ შეიცვალა უკანასკნელი 50 წლის მანძილზე საშინაო საქმის გადანაწილების ვალდებულებები სხვადასხვა ქვეყნებში.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარების დაკვირვების არეში, 1961 წლიდან მოყოლებული, 19 ქვეყნის მცხოვრებნი აღმოჩნდნენ. კვლევის თანახმად, სახლში ქალი საშუალოდ ორ საათზე მეტს საქმიანობს, ვიდრე კაცი. თუმცა, ეს ტენდენცია ბოლო წლებში გენდერული თანასწორობის სასარგებლოდ იცვლება.
როგორც აღმოჩნდა, საშინაო საქმეს ყველაზე ნაკლებ დროს იტალიელი და ესპანელი ქალები უთმობენ. ჯერ კიდევ 30 წლის წინ, იტალიელი ქალები კაცებთან შედარებით სახლში 243 წუთით მეტს ფუსფუსებდნენ. დღეისთვის, ეს განსხვავება უკვე 183 წუთამდეა შემცირებული. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ესპანეთშიც, სადაც ქალები საოჯახო საქმეს 139 წუთით მეტს უთმობენ, ვიდრე კაცები (2009 წლის მონაცემები).
ქალებმა საშინაო საქმისთვის დროის დახარჯვა დიდ ბრიტანეთშიც შეამცირეს: 1961 წელს ისინი ამისთვის კაცებთან შედარებით 195 წუთზე მეტს ხარჯავდნენ, 2005 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 74 წუთამდე ჩამოვიდა. ეს იმ პირობებში, როდესაც ბრიტანელი კაცების საოჯახო საქმით დაკავების დრო პირდაპირპროპორციულად გაიზარდა.
საყოფაცხოვრებო საქმის თანაბარ გადანაწილებაში გენდერული თანასწორობის მხრივ ჩრდილოეთის ქვეყნები ლიდერობენ. კანადაში, ნორვეგიაში, ფინეთსა და დანიაში, საოჯახო საქმის კეთებისას ქალები კაცებთან შედარებით მხოლოდ ერთი საათით მეტს ხარჯავენ.
„ზოგადი ტენდენციის მიხედვით, საშინაო შრომის გადანაწილებაში ქალებიც და კაცებიც თანაბრობისკენ მიდიან. თუმცა, მიუხედავად ბოლო ათწლეულების მანძილზე მიღწეული აშკარა პროგრესისა, ჩვენი კვლევა გვიჩვენებს, რომ ბევრ ქვეყანაში ბოლო დროს ამ პროცესის შენელება შეინიშნება“, – განმარტავს კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, გენდერის სოციოლოგიის პროფესორი ორიელ სალივანი (Oriel Sullivan).
მეცნიერების თქმით, საოჯახო საქმის გადანაწილებაში არსებული გენდერული სხვაობა მჭიდროდ უკავშირდება შრომის ბაზარზე არსებულ უთანასწორობას. მათი აზრით, ყოფით საკითხებში თანასწორობის მიღწევას სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესება და სკოლამდელ ბავშვთა დაწესებულებების დაფინანსება შეუწყობს ხელს.