"საფარის" აქტივობები / თანასწორობის პოლიტიკა / ქალზე ძალადობა

საკანონმდებლო ინიციატივა პროსტიტუციის რეგულირებასთან დაკავშირებით

კავშირმა „საფარმა“ დღეს „ფრონტლაინ საქართველოში“,  ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რომელიც მოქმედ კანონმდებლობაში პროსტიტუციის რეგულირების მხრივ არსებული ხარვეზების აღმოფხვრას ითვალისწინებს. კანონპროექტი ქალთა ფონდის დაფინანსებით შემუშავდა. საჯარო პრეზენტაციაზე, „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ და იურისტმა ეკა ლომთათიძემ დამსწრე საზოგადოებას მოქმედი კანონმდებლობა და მასში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს და ამასთან დაკავშირებით შენიშვნები და რეკომენდაციებიც მოისმინეს.

კანონპროექტში პროსტიტუციასთან დაკავშირებული დანაშაულების სხვადასხვა სახეებია მოცემული. მაგალითად, სიახლეს წარმოადგენს მუხლი, რომლის მიხედვითაც დასჯადი ხდება არა მხოლოდ პროსტიტუციაში იძულებით ჩაბმა, არამედ უკვე პროსტიტუციაში ჩაბმული პირისთვის ამ საქმიანობის გაგრძელების იძულება („ძალადობით, დაშინებით, მოტყუებით, ან პირის დამოკიდებულების გამოყენებით მსხვერპლის იძულება, ჩაებას პროსტიტუციაში, ან განაგრძოს პროსტიტუცია“). ბაია პატარაიასა და ეკა ლომთათიძის აზრით, ამგვარი რეგულაციის არარსებობა მოქმედი კოდექსის მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს. ამ პუნქტის ჩამატების იდეა მოიწონეს დისკუსიაში მონაწილე პირებმაც.

ამასთანავე, კანონპროექტში სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება ანაზღაურების სანაცვლოდ არა მხოლოდ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარება, არამედ ასეთი კავშირის შეთავაზება, თხოვნა ან შეთავაზების მიღება.

აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა კანონპროექტის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც დანაშაულად განიხილება არა მხოლოდ პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა, არამედ სარგებლის მიღების მიზნით პროსტიტუციის მართვა, ზედამხედველობა და/ან კონტროლი, პროსტიტუციის ხელშეწყობა და/ან დახმარება. დისკუსიაში მონაწილეთა ნაწილის აზრით, ასეთი რეგულაციის შემოღებამ შესაძლოა გააუარესოს სექს-მუშაკთა მდგომარეობა. გამოითქვა მოსაზრება, რომ პროსტიტუციის ხელშეწყობის და ორგანიზების აკრძალვამ შესაძლოა  სექს-მუშაკების ნაკლებად უსაფრთხო პირობებში გადანაცვლება გამოიწვიოს (მას, ვინც აქამდე დაწესებულებაში მუშაობდა, შესაძლოა ქუჩაში დადგომა მოუწიოს). გარდა ამისა, დამსწრეთა ნაწილის აზრით ეწინააღმდეგება პროექტის მიხედვით ადმინისტრაციულ კანონდარღვევათა კოდექსში ჩასამატებელ 1726 მუხლს, რომელიც კრძალავს პროსტიტუციას სკოლის ან არასრულწლოვანთა დაწესებულების სიახლოვეს, ან იმ საცხოვრებელში, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება. მათი აზრით, რთულია იმის განსაზღვრა, რამდენად ხილვადია პროსტიტუცია ბავშვის ან მოზარდისთვის, შესაძლოა მსგავსი მუხლის არსებობამ გააუარესოს პროსტიტუციის რეგულირება, თუ გაწერილი იქნება, თუ სად და რომელ საათებში ეკრძალებათ სექს-მუშაკებს პროსტიტუცია.

კანონპროექტის შემქმნელების თქმით, პროექტი ღიაა ცვლილებებისთვის და ისინი მზად არიან,  გაითვალისწინონ როგორც უშუალოდ სექს-მუშაკების, ასევე ამ თემაზე მომუშავე უფლებადამცველების მოსაზრებები. ბაია პატარაიას თქმით, კანონპროექტის განხილვის მიზნით იგეგმება შეხვედრები საერთაშორისო, ადგილობრივ და სათემო ორგანიზაციებთან, რათა დაგეგმილი რეგულაციები მაქსიმალურად იყოს ადამიანის უფლებებსა და ბენეფიციარებზე ორიენტირებული.

პროსტიტუციის რეგულირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის პრეზენტაცია იხილეთ აქ.