საფარი

„საფარი“ ბენეფიციარებს ეკონომიკურ უფლებებზე სამართლებრივ დახმარებას გაუწევს

2017-2018 წლებში, კავშირი „საფარი“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) დაფინანსებით, პროექტის „ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობისადმი კომპლექსური მიდგომა“ (Complex Approach to the Violence against Women and Girls) მეშვეობით, პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) განხორციელებას შეუდგა. პროექტის მთავარი მიზანია, გოგონებისა და ქალების უფლებები დაიცვას სტრატეგიული სამართალწარმოების მეშვეობით. პროექტის ფარგლებში, „საფარის“ იურისტები ბენეფიციარებს ეკონომიკურ უფლებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ.

თეა თადაშვილი, „საფარის“ იურისტი: ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ ვმუშაობთ ქალთა უფლებების დაცვაზე. აქ მოიაზრება ის უფლებები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის პირად ცხოვრებასთან და შეეხება, მაგალითად, ქორწინების თემას, საქორწინო-საოჯახო ურთიერთობებს,   მეუღლეებს შორის ქონების გაყოფის, ასევე,  ბავშვებთან მშობლების ურთიერთობის, ბავშვების სასარგებლოდ ალიმენტის/ბავშვების რჩენისთვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების თემებს და ა.შ.

ვიდრე განქორწინების საკითხს შევეხებით, უმჯობესია ითქვას, რომ მხოლოდ რეგისტრირებულ (სამოქალაქო) ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს შეიძლება ჰქონდეთ ქონებრივი პრეტენზიები/მოთხოვნები ერთმანეთის მიმართ; რელიგიური წესის დაცვით დაქორწინების, ისევე როგორც ფაქტობრივი საქორწინო-საოჯახო ურთიერთობების დროს, მეუღლეებს არ წარმოეშობათ იმ სახის და შინაარსის ქონებრივი უფლება-მოვალეობები, რომლებიც დამახასიათებელია სამოქალაქო ქორწინებისთვის და რომლებსაც აწესრიგებს კანონი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

რაც შეეხება განქორწინების თემას, უნდა ითქვას, რომ არსებობს განქორწინების ორი გზა –  სასამართლო  წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მეშვეობით, თუ ორივე მეუღლეს სურს განქორწინება. ანუ, თუ მეუღლეები შეთანხმდებიან და განქორწინების შესახებ ერთობლივი განცხადებით მიმართავენ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, წყვილის განქორწინების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს დასახელებული ადმინისტრაციული ორგანო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი-ერთი მეუღლის სარჩელის საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტს განქორწინების შესახებ საკითხს.

ასევე, არის შემთხვევები, როდესაც მშობლები ვერ თანხმდებიან ბავშვთან ურთიერთობის, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, ბავშვის აღზრდასთან და რჩენასთან (ალიმენტი) დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენს ორგანიზაციას შეუძლია, დაეხმაროს ბენეფიციარ ქალებს, კერძოდ, სადავო საკითხების გამო გაუწიოს მათ სამართლებრივი კონსულტაცია, მოუმზადოს სარჩელი/შესაგებელი, მოიპოვოს/შეაგროვოს სხვა აუცილებელი დოკუმენტები სასამართლოში დავის დასაწყებად, განახორციელოს ბენეფიციარი ქალბატონების წარმომადგენლობა სასამართლოში მათი ინტერესების დაცვის მიზნით.

რა დახმარების გაწევა შეგიძლიათ ბენეფიციარებისთვის ალიმენტის საჭიროების შემთხვევაში?

ალიმენტს მშობლები შვილების სასარგებლოდ იხდიან. ალიმენტს იხდის ის მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს. შესაბამისად, მშობელს, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი, შეუძლია, აღძრას სარჩელი მეორე მეუღლის წინააღმდეგ და მოსთხოვოს მას ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, აგრეთვე, შვილის აღზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელ საგამონაკლისო ხარჯებში (მაგალითად, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხარჯი) მონაწილეობის მიღება;

აღსანიშნავია, რომ ალიმენტის თემა მაინცდამაინც ქორწინებას არ უკავშირდება. ქორწინებაში მყოფი მეუღლეები თუ ცალ-ცალკე ცხოვრობენ და მხოლოდ ერთ მშობელს უწევს ბავშვის გამო ზრუნვა, მას აქვს უფლება, რომ მეორე მეუღლის წინააღმდეგ აღძრას სარჩელი და მოითხოვოს ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა.

რაც შეეხება არარეგისტრირებულ ქორწინებაში დაბადებული ბავშვისთვის ალიმენტის გადახდის საკითხს, უნდა განიმარტოს შემდეგი: თუ ბავშვის დაბადების მოწმობაში მითითებული არის ორივე მშობლის ვინაობა და თუკი ბავშვი მუდმივად ცხოვრობს და იზრდება ერთ-ერთ მშობელთან, ასეთი მშობელი უფლებამოსილია, აღძრას სარჩელი მეორე მეუღლის წინააღმდეგ და მოსთხოვოს მას ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა/დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღება;

თუ ბავშვის დაბადების მოწმობაში მითითებული არის მხოლოდ ერთი მშობლის – დედის ვინაობა, დედას შეუძლია, აღძრას სარჩელი სასამართლოში ბავშვის მამის მიმართ მამობის დადგენის და ასევე, მისთვის ალიმენტის დაკისრების შესახებ მოთხოვნებით; მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეკისრება პირს ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, თუკი ეს პირი სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნება ბავშვის მამად (მამობის დადგენა).

ალიმენტის ოდენობა რაზე არის დამოკიდებული და შესაძლებელი თუა გასული წლების ალიმენტის მიღება?

ალიმენტის კონკრეტულ ოდენობას კანონი არ ადგენს. თითოეული, ინდივიდუალური დავის ფარგლებში, საბოლოო ჯამში, სასამართლო  წყვეტს, რა რაოდენობის ალიმენტის თანხა შეიძლება დაეკისროს მშობელს შვილის სასარგებლოდ; იმისთვის, რომ განისაზღვროს გადასახდელი ალიმენტის ოდენობა, სასამართლომ უნდა გამოარკვიოს ორივე მეუღლის ქონებრივი მდგომარეობა, შემოსავლების ოდენობა, აგრეთვე ის გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ყოველი ცალკეული, ინდივიდუალური საქმის სწორად გადაწყვეტისთვის;

მოპასუხეს ალიმენტი დაეკისრება სარჩელის აღძვრის დღიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, ანუ 18 წლის ასაკამდე.

რაც შეეხება წარსული დროის ალიმენტს, იგი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მოსარჩელემ გაატარა ზომები სარჩოს (ალიმენტის) მისაღებად, მაგრამ ბავშვმა ვერ მიიღო კუთვნილი ალიმენტი  იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. ამდენად, ალიმენტის მაძიებელს (მოსარჩელეს) უნდა შეეძლოს იმ ფაქტის დადასტურება, რომ იგი შეეცადა მეორე მეუღლისგან ალიმენტის მიღებას, მაგრამ ვერ მიიღო მოპასუხის მიერ მისი გადაუხდელობის გამო. წარსულ დროში იგულისხმება სარჩელის აღძვრის დღიდან უკუსვლით გადათვლილი სამი წლის პერიოდი.

მართებულია, რომ დაინტერესებულ პირებს მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობს  სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობის  მომავალში გაზრდის შესაძლებლობა, კვლავ სასამართლოსთვის მიმართვის გზით; კერძოდ, მშობელს შეუძლია, მოითხოვოს უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდა იმ მოტივით,  რომ  ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად იზრდება მისი აღზრდის, განათლებისა და რჩენისთვის საჭირო ხარჯების ოდენობა.

როგორ ხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი?

თუკი მოპასუხე ნებაყოფლობით არ ასრულებს ალიმენტის დაკისრების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს უკანასკნელი შესაძლებელია აღსრულდეს იძულებით, სასამართლო აღმასრულებლის მეშვეობით. კერძოდ,  მოსარჩელეს (იგივე კრედიტორს) შეუძლია განცხადებით მიმართოს სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვოს ალიმენტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება.  სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, სასამართლო  აღმასრულებელს ევალება, რომ მოიძიოს მოპასუხის კუთვნილი ქონება, გამოარკვიოს და დაადგინოს მისი შემოსავლის ეს თუ ის წყარო (იგულისხმება ხელფასი, დივიდენდი, ქირა, ჰონორარი, პენსია და ა.შ.), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ალიმენტის  თანხების   ჩამოჭრა და მოსარჩელეს სპეციალურ ანგარიშზე გადარიცხვა. ალიმენტის დავალიანების დაფარვა ასევე შესაძლებელია მოპასუხის კუთვნილი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების მეშვეობით.

ხშირად, ქალები ალიმენტის გამო ჩივილზე იმის გამო ამბობენ უარს, რომ ბავშვის მამა უმუშევარია, მის სახელზე ქონება გაფორმებული არ არის და მათი აზრით, სასამართლოში დავას აზრი არ აქვს. სწორია ასეთი მიდგომა?

რა თქმა უნდა, არა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წარსული დროის ალიმენტის მიღება (მტკიცების ტვირთის გამო) გაცილებით რთულია, ვიდრე მომავალი დროისა. ამიტომ, მშობელი რაც უფრო მალე აღძრავს სასამართლოში სარჩელს, უკეთესია. რაც უფრო მალე დაეკისრება მოპასუხეს ალიმენტი, მით უფრო უკეთ უზრუნველყოფილი იქნება ბავშვის ინტერესები.  ეს პესიმისტური განწყობა, რომ მოპასუხეს ქონება არ გააჩნია და რომ სასამართლოში დავას აზრი არ აქვს, არის საკითხისადმი  არასწორი მიდგომა. შეიძლება, მოპასუხეს დღეს არ ჰქონდეს ქონება, მაგრამ შეიძინოს ხვალ, შეიძლება დღეს იყოს იგი უმუშევარი და არ გააჩნდეს შემოსავლის წყარო, მაგრამ ხვალ დასაქმდეს/დაიწყოს მუშაობა, ხვალ გამოუჩნდეს შემოსავლის ესა თუ ის წყარო; შესაძლოა, მოსარჩელე საერთოდაც არ იყოს ინფორმირებული მოპასუხის ნამდვილი ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე; ამიტომ, ყოველთვის ჯობია, რომ მშობელმა, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს, დროულად მიმართოს სასამართლოს  ალიმენტის საქმეზე;

მართებულია, რომ დაინტერესებულ პირებს მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მოსარჩელე გათავისუფლებული არის ალიმენტის შესახებ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. ჩვენ დავეხმარებით ბენეფიციარ ქალებს, ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული ყველა იმ შეღავათით და შესაძლებლობით, რომლებიც შეეხება ამა თუ იმ  სახის სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან მოსარჩელის გათავისუფლებას, ასევე, მოსარჩელისთვის ასეთი ხარჯის გაწევის გადავადებას ან განაწილვადებას.

რა დახმარების გაწევა შეგიძლიათ ბენეფიციარებისთვის ისეთ საკითხთან მიმართებაში, როგორიც არის მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა? 

დიახ, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბენეფიციარ ქალებს საქორწინო ურთიერთობებიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებების დაცვასა და განხორციელებაში;  კერძოდ, ჩვენ შეგვიძლია გავუწიოთ მათ სამართლებრივი კონსულტაციები ისეთ საკითხებზე, თუ რომელი ქონება მიიჩნევა მეუღლეთა თანასაკუთრებად, რომელი ქონება – თითოეული მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებად, რა შემთხვევაში ხდება ინდივიდუალური ქონების თანასაკუთრებად ტრანსფორმირება და მისი მეუღლეებს შორის გაყოფა, ასევე, რა გავლენას ახდენს ბავშვების ფაქტორი მეუღლეებს შორის გასაყოფი ქონების წილების თანაბრობაზე და ა.შ.

რა დახმარების გაწევა შეგიძლიათ ბენეფიციარებისთვის ისეთი პრობლემის მოსაგვარებლად, როგორიც არის ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა?

დიახ, ჩვენი ორგანიზაცია ეხმარება ძალადობის მსხვერპლ ქალებს; ჩვენ  ვუწევთ უფასო იურიდიულ კონსულტაციებს ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, ვახორციელებთ მსხვერპლი ქალების ინტერესების წარმომადგენლობას და დაცვას პოლიციისა და პროკურატურის ორგანოებში, სასამართლოში, სხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში; ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული მსხვერპლი ქალების დაცვის მიზნით დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემის პროცესში, სისხლის სამართლის საქმეების წარმოებაში; ძალადობის მსხვერპლ ქალებს ვთავაზობთ და თანხმობის/საჭიროების შემთხვევაში ვეხმარებით მათ, რომ ისინი გადაყვანილ იქნენ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ თავშესაფრებში;  ვაპირებთ, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებს მივეხმაროთ ძალადობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით სამოქალაქო დავების წამოწყებასა და წარმართვაში.

დასკვნის სახით განვმარტავ, რომ ჩვენი ორგანიზაციის მიერ ბენეფიციარი ქალბატონებისთვის შეთავაზებული მომსახურება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ქალბატონებს ვაწვდით ინფორმაციას  მათთვის კანონით მინიჭებული ამა თუ იმ უფლების შესახებ და იმავდროულად ვთავაზობთ დახმარებას ასეთი უფლებების დაცვის, განხორციელების, რეაბილიტაციის მიზნებისთვის. ჩვენი ორგანიზაცია, დასახელებული პროექტის ფარგლებში, მოწოდებულია, დაეხმაროს ბენეფიციარ ქალებს ისეთი აქტივობების განხორციელების გზით, როგორიც არის მათთვის უფასო იურიდიული კონსულტაციების გაწევა, ასევე, ანაზღაურების გარეშე განცხადებების, საჩივრების, სარჩელების, შესაგებლების მომზადება, დოკუმენტების შეგროვებაში/მოძიებაში დახმარების გაწევა, პოლიციისა და პროკურატურის ორგანოებში, სასამართლოში, სხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში  წარმომადგენლობის განხორციელება. ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასახელებული პროექტი საკმაოდ ინტენსიურად და წარმატებით ხორციელდება.

ესაუბრა შორენა გაბუნია