ბოლო 24 საათში შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების გამოცდილებაზე უკვე სამმა ქალმა ისაუბრა. ეს სექსუალური შევიწროების ისტორიები ჰგავს თათია სამხარაძის საქმეს, რომელზეც “საფარი” 2016 წლიდან მუშაობდა და რომელშიც დისკრიმინაცია ორი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა.
შალვა რამიშვილი დასაქმებისა და კარიერული წინსვლის დაპირებით, სექსუალური შინაარსის არასასურველ კომუნიკაციას აწარმოებს ქალებთან. რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ადევნების დანაშაულსაც.
“საფარის” გუნდი სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ქალებს, რომლებმაც, მოსალოდნელი წნეხის მიუხედავად, ამხილეს მოძალადე. საჯაროდ საუბარი ქალებისგან უდიდეს გამბედაობას მოითხოვს, ამიტომ, გვესმის იმ ქალებისაც, რომლებიც, მსგავსი გამოცდილების მიუხედავად, ამას, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ.
საზოგადოებას მოვუწოდებთ, გამოიჩინოს სათანადო ემპათია და მხარში დაუდგეს ქალებს, რომლებმაც გადაიტანეს დისკრიმინაციის ეს მძიმე გამოცდილება.
“საფარი” მზად არის სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის ყველა მსხვერპლს გაუწიოს საჭირო იურიდიული, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.