“საფარმა” უმასპინძლა სამცხე-ჯავახეთში მომუშავე ორგანიზაციას “წინ, ახალი შესაძლებლობებისკენ”. ორგანიზაცია აერთიანებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ ქალებს.
20-მდე აქტივისტ ქალთან ერთად განვიხილეთ ის გამოწვევები, რასაც საქართველოში ქალები, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი და სოფლად მცხოვრები ქალები აწყდებიან. ასევე, ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებსა და მექანიზმებზე, რითაც შეგვიძლია ერთმანეთისა და სხვა ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება.
ქალების ეკონომიკური გაძლიერება, განათლება, გენდერული როლების გადანაწილება ოჯახსა თუ საზოგადოებაში, ოჯახში ძალადობა, ადრეული ქორწინება – განსაკუთრებით საინტერესო იყო ამ და სხვა საკითხების განხილვა სხვადასხვა პერსპექტივიდან. შეხვედრაზე ერთმანეთს გავუზიარეთ როგორც პირადი, ისე ორგანიზაციული გამოცდილებები ამა თუ იმ პრობლემისა და მისი გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ახალქალაქელ აქტივისტ ქალებს წარვუდგინეთ აპლიკაცია Safe You, გავაცანით მისი ფუნქციები და ვასწავლეთ, როგორ შეუძლიათ მისი გამოყენება, როგორც საფრთხის დროს, ისე საგანმანათლებლო მიზნებით.
რეგიონში მომუშავე ორგანიზაციებთან, სამოქალაქო მოძრაობებთან და სათემო ცენტრებთან თანამშრომლობა და მათი გაძლიერება “საფარის” ერთ-ერთი პრიორიტეტია. ორგანიზაცია მხარს უჭერს ქალებისა და ახალგაზრდების ინიციატივებს და ზრუნავს მათ განვითარებაზე.