2016 წლის 10 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ტელეკომპანია „ტაბულას“ გადაცემა „რესტორანის“ სექსისტური შინაარსის მქონე პრომო ვიდეო–რგოლთან დაკავშირებით ზოგადი წინადადებით მიმართა. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გავრცელებული ვიდეო რგოლი გენდერული სტერეოტიპების გაძლიერებას უწყობს ხელს.
გადაცემის პრომო რგოლში ქალის შიშველი სხეული გამოყენებული არის საკვების განთავსებისათვის განკუთვნილ ობიექტად – წარმოჩენილია როგორც ღირებულებას მოკლებული ნივთი, რაც აუფასურებს ქალის პიროვნებას. გადაცემისა და მისი პრომოს შინაარსს შორის ლოგიკური კავშირი დარღვეულია, რადგან აქცენტი გადატანილია არა საკვებზე, არამედ ქალის ობიექტივიზირებულ სხეულზე.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ქალის შეფასება მისი გარეგნული, ბიოლოგიური მახასიათებლებით, მისი ობიექტივიზაცია და „ნივთად წარმოჩენა“ წარმოადგენს სექსიზმს, რომელსაც დამანგრეველი შედეგების მოტანა შეუძლია ქალთა უფლებრივი მდგომარეობისთვის საქართველოში. სექსისტური რეკლამით ქალს მინიჭებული აქვს დეკორატიული როლი და ამასთან, ის არის სექსუალიზირებული, შიშველი სხეულის წარმოჩენით.
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ უარი განაცხადა რეკლამის მოხსნაზე, სახალხო დამცველმა ტელეკომპანიას მიმართა, აიღოს ვიდეო რგოლი ინტერნეტ სივრციდან და მომავალში საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს.
იხილეთ წინადადების ელექტრონული ვერსია
წყარო: www.ombudsman.ge