"საფარის" საქმეები / თანასწორობის პოლიტიკა / იურიდიული დახმარება

საქმე ორსულობის გამო განხორციელებულ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით

კავშირმა „საფარმა“ 2015 წელს საქმე მოამზადა, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან ქალის მიმართ მისი ორსულობის გამო განხორციელებულ დისკრიმინაციას ეხებოდა.

საქმე („ნ.ლ. ოზურგეთის ერთ-ერთი ბაღის წინააღმდეგ“) ეხება ოზურგეთის ერთ-ერთ ბაღში დისკრიმინაციის ფაქტს, როდესაც 7 თვის ორსულ ნ.ლ-ს დამსაქმებელმა ხელშეკრულება ორსულობის გამო აღარ გაუგრძელა.

ნ.ლ 2012 წლიდან 2014 წლის სექტემბრამდე ოზურგეთის ერთ-ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში მუშაობდა. ამ დროის მანძილზე, მოსარჩელეს ხელშეკრულება ორჯერ გაუგრძელეს. 2014 წლის 3 იანვარს კი, ნ.ლ დაწინაურდა და მენეჯერის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. 2014 წლის თებერვალში მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ ორსულად იყო და სავარაუდოდ, 2014 წლის ოქტომბერში იმშობიარებდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს კანონმდებლობით გარანტირებული ჰქონდა ორსულობის გამო შვებულების აღების შესაძლებლობა, მას ეს უფლება არ გამოუყენებია. ნ.ლ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში ორსულობის მე-7 თვეში იმყოფებოდა. 2014 წლის სექტემბერში, მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ სააღმზრდელო დაწესებულებაში ხელმძღვანელობა შეიცვალა.

2014 წლის 9 სექტემბერს მოსარჩელესა და ახალ ხელმძღვანელს შორის შედგა საუბარი, ხელმძღვანელმა მოსარჩელეს პირდაპირ განუცხადა, რომ შრომითი ხელშეკრულება ორსულობის გამო ვეღარ გაუგრძელდებოდა. ხელმძღვანელის თქმით, თანამშრომლისათვის დეკრეტული შვებულების მიცემა არ შედიოდა სააღმზრდელო დაწესებულების ინტერესებში. იმისათვის, რომ ნ.ლ-ს უკანონოდ გათავისუფლება სამართლებრივ ჩარჩოებში მოეთავსებინათ, მოსარჩელის დაკავებულ პოზიციას შეეცვალა მხოლოდ სახელწოდება. რამდენიმე ათეული თანამშრომლიდან მხოლოდ მოსარჩელე გაათავისუფლეს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევაში არ არსებობს კომპარატორი ანუ პირთა ჯგუფი, რომელთან შედარებითაც დადგინდება არახელსაყრელი მოპყრობა, ვინაიდან ორსულობა არის მდგომარეობა, რომლის მსგავსიც სხვა არ არსებობს. ნ.ლ.-ს მიმართ ადგილი ჰქონდა პირდაპირი სახის დისკრიმინაციას ორსულობის ნიშნით. პირდაპირი დისკრიმინაცია გამოხატული იყო მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მოსარჩელე ორსულად იყო და მშობიარობის შემდეგ მისთვის დეკრეტული შვებულება უნდა მიეცათ შესაბამისი ანაზღაურებით. დისკრიმინაციის ფაქტით, ნ.ლ.-ს წაერთვა შრომისა და დეკრეტული შვებულების აღების უფლება.

მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხეს დაევალოს მოსარჩელის აღდგენა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებულ თანამდებობაზე. ასევე მოსარჩელემ მოითხოვა მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის 1500 ლარის ოდენობით ანაზღაურება. მოსარჩელე სამსახურიდან რომ არ გაეთავისუფლებინათ, ის მინიმუმ 6 თვის დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას ყოველთვიური 250 ლარის ოდენობით მიიღებდა, რაც ჯამში 1500 ლარია).

მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის მორიგების აქტი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც მოპასუხემ აიღო ვალდებულება, დაესაქმებინა ნ.ლ. დამხმარე თანამშრომლად 2015 წლის 1 აპრილიდან და ასევე აენაზღაურებინა მისთვის 4 თვის გაცდენილი ხელფასის ოდენობა.