ბლოგები / რა უნდა იცოდე სექსუალობაზე

სქესობრივი აღზრდის შესახებ

საქართველოს მოსახლეობაში არის ძალიან დიდი შიში სქესობრივ განათლებასთან დაკავშირებით. რატომღაც ჰგონიათ, რომ ბავშვებისთვის მეცნიერული ცოდნის მიწოდება ანატომიაზე, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ბავშვებს დააბნევს და ნაადრევი სქესობრივი ცხოვრების დაწყებისკენ უბიძგებს. არა, მეგობრებო, პირიქით – რაც უფრო ინფორმირებულია ბავშვი, მით უფრო ფრთხილია: არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებს, იცის შესაძლო საფრთხეების შესახებ, არ უკვირს მის სხეულში მიმდინარე პროცესები და უფრო მშვიდად გადააქვს გარდატეხის ასაკი, შეუძლია ამოიცნოს და თავი დაიცვას სექსუალური შევიწროებისა და გარყვნილი ქმედებისაგან, იცის როდის და რაზე თქვას უარი, უყალიბდება ჯანსაღი ფსიქიკა, არ აბულინგებს სხვებს სექსუალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და სხვა.
 
ასაკთან ერთად ბავშვებს უჩნდებათ ლოგიკური შეკითხვები საკუთარ დაბადებაზე, გამრავლებაზე, სექსზე, სიყვარულზე – ეს შეკითხვები გარდაუვალია. თუ ეს ინფორმაცია არც სკოლაში და არც ოჯახში ბავშვს არ მიეწოდება, ის იწყებს ინფორმაციის შეგროვებას საკუთარი ძალებით, ხშირად პორნოგრაფიული ვიდეოებიდან და ჟურნალებიდან, ან იმ უფროსი მეგობრებისგან, რომლებსაც ასევე არ აქვთ სწორი განათლება მიღებული. შედეგად ბავშვები იჯერებენ უამრავ მითს და ცრუ წარმოდგენას, რაც მომავალში პრობლემებს უქმნის მათ.
 
არაიმფორმირებული ბავშვი ვერ ხვდება, როდესაც მას გარყვნილად ექცევა უფროსი, არ იცის რა არის დაშვებული და რა არა, ვის უნდა მიმართოს საშველად, რისი უნდა შერცხვეს და რა არ არის მისი ბრალი. მოგვიანებით, როცა არაინფორმირებული ადამიანები სქესობრივ ცხოვრებას იწყებენ, კიდევ უფრო დიდ პრობლემებს აწყდებიან: არ იციან თავის დაცვა არც დაავადებებისაგან და არც ადრეული ფეხმძიმობისაგან; უჭირთ საკუთარ შეგრძნებებთან გამკლავება; მტკივნეულად განიცდიან ზედმეტად ბევრ რამეს; ნაადრევად ქორწინდებიან, რასაც ცალკე გართულებები მოჰყვება; დასცინიან ერთმანეთს; არასწორი წარმოდგენები ექმნებათ ქალწულობაზე, სექსზე და რეპროდუქციაზე; იმატებს ძალადობა გოგონების მიმართ.
 
ცოდნა, სწორად და კარგად მიწოდებული მეცნიერული ინფორმაცია, კი არ რყვნის, არამედ იცავს ბავშვს უამრავი პრობლემისაგან და მათ შორის გარყვნილებისგანაც. სექსი და რეპროდუქცია ადამიანის განუყოფელი ნაწილია და მის მიმართ სწორი დამოკიდებულება განსაზღვრავს ადამიანის მთელ მომდევნო ცხოვრებას. სქესობრივ განათლებას არაფერი არ აქვს საერთო ბავშვების გარყვნასთან, პირიქით, სწორ დროს მეცნიერულად მიწოდებული ინფორმაცია ბავშვს აძლიერებს და ამზადებს მომავალი სქესობრივი ცხოვრებისათვის, სადაც ბავშვმა იცის, რა ელის, რა საფრთხეები, როგორ დაგეგმოს და დაიცვას თავი არასასურველი პირებისაგან, არ ტყუვდება ადვილად და დროულად ეჩვევა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღებას.