ბავშვზე ძალადობა / სტატიები

ტვინის სკანირება გვიჩვენებს, რომ ძლიერი ემოციური ძალადობა ბავშვებს აზიანებს

შეგიძლიათ თუ არა ამ ორი ბავშვის ტვინებს შორის არსებული სხვაობის განსაზღვრა?

ეს ორი ტვინი ერთი და იმავე ასაკის ბავშვებს ეკუთვნის, მაგრამ ერთი მათგანი ემოციური ძალადობის ქვეშ მყოფი ბავშვისაა, ხოლო მეორეს მფლობელი ბედნიერად ცხოვრობს თავის ოჯახში.

მარცხნივ წარმოდგენილ სკანირებას გაცილებით ნაკლები სტრუქტურა გააჩნია, ხოლო მარჯვენას – ბევრი.

მარცხენა გამოსახულება გვიჩვენებს 3 წლის ჯანმრთელი ბიჭის საშუალო ზომის ტვინს, ხოლო მარჯვნივ – ასევე სამი წლის ბავშვის ტვინია, რომელსაც შიში, უკიდურესი ემოციური ტრავმა და უგულებელყოფა აქვს გამოვლილი.

ეს ბავშვი მძიმე სენსორული დეპრივაციით იტანჯება, – წერს პროფესორი ბრიუს პერი, ფსიქიატრიის განყოფილების ხელმძღვანელი ტეხასის ბავშვთა საავადმყოფოში.

პერი თვალსაჩინოებისთვის ამ გამოსახულებებს წარმოგვიდგენს, სადაც ნათლად ვხედავთ, თუ როგორ მოქმედებს ბავშვობაში გამოვლილი უგულებელყოფა შემდგომი ცხოვრების კოგნიტურ განვითარებაზე. იგი წერს: „ეს გამოსახულება განვითარების სტადიაში მყოფ ტვინზე ნეგატიურ გავლენას ასახავს“.

ამ ბავშვის ტვინის ზომა მნიშვნელოვნად ჩამორჩება საშუალოს, მას ტვინის უკანა ქერქის (კორტექსი) ატროფია აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვს გააჩნია შეფერხებები განვითარებაში და მეხსიერების პრობლემები. ტვინის ქერქის ატროფია ყველაზე ხშირად ალცჰაიმერის დაავადების მქონე ხანშიშესულ ადამიანებს აქვთ.

როგორც ცნობილია, ფიზიკური ძალადობა ბავშვის ტვინის დაზიანებას და მთელი ცხოვრების მანძილზე მიმდინარე გართულებებს, ზოგჯერ სიკვდილსაც იწვევს.

მართალია, ადამიანები ნაკლებად ფიქრობენ ემოციური ძალადობის შედეგებზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის ნაკლებ ზიანის მომტანია.

პერი გვიხსნის, რომ იმ ბავშვების და ზრდასრულებისთვის, რომლებსაც ემოციური უგულებელყოფა გამოუვლიათ, ყველაზე რთულია ჯანსაღი ურთიერთობების პირობებში ცხოვრება.

მათ შეიძლება გააჩნდეთ მიჯაჭვულობის პრობლემა, როდესაც ისინი ზედმეტად დამოკიდებულნი ხდებიან ერთ ადამიანზე, ან, ხანდაზმულ ასაკში, აღმოჩნდნენ სოციალურად იზოლირებულნი. ასევე, რამდენიმე კვლევა გვიჩვენებს, რომ ბავშვებს, რომლებიც ემოციურ ძალადობას ადრეული ასაკიდანვე განიცდიან, ემოციებთან და მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

2009 წელს სტენფორდის ბავშვთა საავადმყოფოში ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობების მქონე ბავშვებში სტრესის ჰორმონის კორტიზოლის მაღალი შემცველობა აღინიშნება. ეს, დიდი ალბათობით, იწვევს ჰიპოკამპის ზომაში შემცირებას, რომელიც ემოციებისა და მეხსიერების დამუშავებაზეა პასუხისმგებელი.

დოქტორი ვიქტორ კარიონი, ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი: „მართალია, ტვინის ნორმალური განვითარების სტიმულირებისთვის სტრესის გარკვეული დონე ყოველდღიურადაა საჭირო, მაგრამ მისი ჭარბი დონე უკვე საზიანოა. აქ საუბარი არაა სახლის სამუშაოს შესრულებაზე ან მამასთან კონფლიქტზე, მე ვსაუბრობ ტრავმულ სტრესზე. ეს ბავშვები თავს ისე გრძნობენ, თითქოს შუა ქუჩაში სატვირთოს ქვეშ იყვნენ მოყოლილნი“.

სხვა კვლევები ბავშვობაში სტრესის მაღალ დონეს სისხლის მაღალ წნევას, გულის დაავადებებსა და გვიან ასაკში ჭარბი წონისკენ მიდრეკილებას ადასტურებენ.

თავის სტატიაში, პერი ასკვნის: „ნერვული სისტემების ჯანსაღი განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს ოპტიმალურ სოციალურ და ემოციურ ფუნქციონირებას, დამოკიდებულია ადრეულ ასაკში ყურადღებიან ზრუნვაზე და სხვა ბავშვებთან თუ ზრდასრულებთან ურთიერთობების მრავალფეროვნების მხარდაჭერაზე, მთელი ბავშვობის პერიოდში“.

nypost.com