ლგბტქი

ტრანსგენდერი ადამიანების დოკუმენტებში სქესის შეცვლის წესის გამარტივების მოთხოვნით, იუსტიციის მინისტრის სახელზე პეტიცია შევიდა

დღეს, “ქალთა მოძრაობამ” იუსტიციის მინისტრის სახელზე პეტიცია “აღიარე ტრანსგენდერი ქალი ქალად” შეიტანა, რომელსაც ბოლო 3 დღის განმავლობაში, ხელი 1 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა.

პეტიციის ხელმომწერები იუსტიციის სამინისტროსგან ტრანსგენდერი ადამიანების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის ჩანაწერის შეცვლის პროცედურის გამარტივებას მოითხოვენ.
“ჩვენ მოვითხოვთ, რომ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები ზოგადად ტრანსგენდერი ადამიანების პირადობის მოწმობაში სქესის ჩანაწერის შეცვლასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს პროცესი გახდეს უფრო ჰუმანური, ხოლო სქესის ჩანაწერის შეცვლა მოხდეს გენდერული დისფორიის საბუთის წარდგენის საფუძველზე”, – განაცხადა მირანდა ფაღავამ.

“დღევანდელი კანონმდებლობა არ კრძალავს სქესის შეცვლას პირადობის მოწმობაში. თუმცა, სრულიად არაჰუმანურია ის პროცედურა, რასაც ტრანსგენდერი ადამიანებისგან ითხოვენ. ეს არის სავალდებულო ოპერაცია, იძულებითი სტერილიზაცია, რაც მძიმედ აისახება მათ ჯანმრთელობაზე”, – განაცხადა ქალთა მოძრაობის წევრმა იდა ბახტურიძემ.

ანალოგიური მოთხოვნით, ქალთა მოძრაობამ 8 მარტს აქცია იუსტიციის სახლითან გამართა.

დღესდღეობით, საქართველოს კანონმდებლობა პირადობის მოწმობაში სქესის ჩანაწერის შეცვლას ითვალისწინებს, მაგრამ ამის პირობად ტრანსგენდერი ადამიანებისგან სახელმწიფო სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის დამადასტურებელ საბუთს მოითხოვს. ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი ოპერაციის გაკეთება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. გარდა ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანისა, სქესის კორექციის ოპერაცია მნიშვნელოვან ფინანსებს მოითხოვს, რის გამოც, სქესის ჩანაწერის შეცვლის უფლებით ვერც ერთი ადგილობრივი ტრანსგენდერი ადამიანი ვერ სარგებლობს. პეტიციისა და 8 მარტის აქციის მოთხოვნაც სწორედ ეს იყო – პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის ჩანაწერის შეცვლის პროცედურის გამარტივება, ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების კონსილიუმის მიერ გაცემული გენდერული დისფორიის ცნობის საფუძველზე.