ტუნისის პრეზიდენტმა ბეჯი კაიდ ესებსიმ (Beji Caid Essebsi) 1973 წლის ბრძანება გააუქმა, რომელიც მუსლიმ ქალებს არამუსლიმებთან ქორწინებას უკრძალავდა.
აღსანიშნავია, რომ დასახელებული კანონი კაცებზე არ ვრცელდებოდა: მათ ყოველთვის შეეძლოთ არამუსლიმ ქალებზე დაქორწინება, რაც, უფლებადამცველთა აზრით, დიდი უთანასწორობა იყო. ქვეყნის კონსტიტუციაში პირდაპირ მითითებულია ქალისა და კაცის თანასწორობაზე და ნათქვამია, რომ ადამიანს მეუღლის არჩევის უფლება აქვს.
ადამიანის უფლებათა აქტივისტები დიდი ხანია, რაც ამ მოძველებული ბრძანების გაუქმების მოთხოვნით კამპანიას აწარმოებენ, თუმცა, ქვეყნის 90 წლის პრეზიდენტი მის გაუქმებაზე მხოლოდ 2017 წლის აგვისტოში დაფიქრდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტუნისი არაბულ სამყაროში ქალთა უფლებადაცვის მხრივ ლიდერად მოიაზრება, ამ ჩრდილოაფრიკული ქვეყნის ქალები კვლავ დისკრიმინაციისა და ძალადობის ქვეშ ცხოვრობენ.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის ივლისში, ტუნისის პარლამენტმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი დაამტკიცა.