სტატიები

უადგილო სიტყვებმა, შეიძლება, ქალებს იმაზე მეტად ატკინოს გული, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია

თუ არაფერი გაქვს სათქმელი, ნუ დააძალებ საუბარს. განსაკუთრებით, მგრძნობიარე საკითხებზე.

ნადირა ანგაილი (Nadirah Angail), ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი, რომელიც ორსულ ქალებთან და ახალბედა დედებთან მუშაობს, შეხვედრია ადამიანებს, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, თუ რამდენად პირადულია ბავშვის გაჩენის საკითხი და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

„როცა/თუ ქალი ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილებას იღებს, უამრავი ცვალებადი მოცემულობა არსებობს. მაგრამ, ადამიანების უმრავლესობა ამაზე არ ფიქრობს, როცა შეკითხვებს სვამს“, – ამბობს ნადირა. იმის სადემონსტრაციოდ, თუ რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს კითხვები, ნადირა საოცრად გულწრფელ ტექსტს აქვეყნებს, სახელწოდებით „მიხედეთ საკუთარ საშვილოსნოს“. ემოციური ტექსტი სამი წარმოსახვითი ქალის ცხოვრებაზე გვიყვება და გვიჩვენებს, რომ ზედაპირის ქვეშ ყოველთვის რაღაც იმალება.

სადღაც 30 წლის ქალია – უშვილო

ხალხი ეკითხება: „ისევ არ გყავს ბავშვები?“. მისი პასუხი ყოველ ჯერზე განსხვავებულია, თუმცა, ყოველთვის პასუხობს ნაძალადევი ღიმილით და თავშეკავებით. „არა, ჯერ არა“, – ამბობს ის ცალყბა ღიმილით, რომლითაც იმედგაცრუებას მალავს. „კარგი, მაგრამ სამუდამოდ ნუ მოიცდი. წამზომი ჩართულია, ხომ იცი“, – ამბობს საკუთარი ერუდიციით კმაყოფილი ბრძენი. ბრძენი მიდის. ქალი კვლავ იღიმის, მარტო დარჩენილი კი ტირის.

ის ტირის, რადგან ოთხჯერ იყო ორსულად და ოთხივე ნაყოფი დაკარგა. ტირის, რადგან ქორწინების პირველი ღამიდან მოყოლებული ცდილობს შვილის გაჩენას, ამ ღამის შემდეგ კი უკვე 5 წელია გასული. ტირის, რადგან მის ქმარს ყოფილმა ცოლმა შვილები გაუჩინა. ტირის, რადგან სასოწარკვეთამდე უნდა ინ ვიტროს გაკეთება, თუმცა ფული არ აქვს. ტირის, რადგან უკვე გაიკეთა ინ ვიტრო (რამდენჯერმე), მაგრამ მაინც არ ჰყავს შვილი. ტირის, რადგან მის საუკეთესო მეგობარს არ უნდა სუროგატი დედობა: “ეს ძალიან უცნაური იქნება“, – ეუბნება ის. ტირის, რადგან მისი მედიკამენტები დაორსულებას უშლის ხელს.

ტირის, რადგან ქმარი საკუთარ თავს ადანაშაულებს და დანაშაულის გრძნობა მასთან ცხოვრებას ართულებს. ტირის, რადგან მის ყველა დას ჰყავს შვილები. ტირის, რადგან ერთ-ერთ დას შვილები არც კი უნდოდა. ტირის, რადგან მისი საუკეთესო მეგობარი ორსულადაა. ტირის, რადგან კიდევ ერთი ახალშობილის სანახავად დაპატიჟეს. ტირის, რადგან დედა გამუდმებით ეკითხება, „გოგო, რაღას უცდი?“. ტირის, რადგან ქმრის მშობლებს შვილიშვილი უნდათ. ტირის, რადგან მეზობელს ტყუპები ჰყავს, რომლებსაც საშინლად ექცევა. ტირის, რადგან 16 წლისები ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ორსულდებიან. ტირის, რადგან არაჩვეულებრივი დეიდაა. ტირის, რადგან უკვე შერჩეული აქვს სახელები. ტირის, რადგან მის სახლში ცარიელი ოთახია. ტირის, რადგან მის სხეულში ცარიელი ადგილია. ტირის, რადგან ძალიან ბევრის შეთავაზება შეუძლია. ტირის, რადგან მისი ქმარი არაჩვეულებრივი მამა იქნებოდა. ტირის, რადგან თავადაც არაჩვეულებრივი დედა იქნებოდა.

სადღაც 34 წლის ქალია – ხუთი შვილით

ხალხი ეუბნება: „ხუთი? ღმერთო ჩემო, იმედია მორჩი!“ – და შემდეგ იცინიან, რადგან ამ ტიპის კომენტარები სასაცილოა. ქალიც იცინის, მაგრამ გულწრფელად – არა. საუბრის თემას ცვლის, როგორც ყოველთვის და არ აქცევს ყურადღებას უპატივცემულობას. სხვა დღე. ის მარტოა და ტირის… ტირის, რადგან ისევ ორსულადაა და თითქოს ვალდებულია, არ უხაროდეს. ტირის, რადგან ყოველთვის უნდოდა დიდი ოჯახი და არ ესმის, რატომ წუხს ხალხი ამის გამო. ტირის, რადგან დედმამიშვილები არ ჰყავს და მთელი ბავშვობა მარტოსულად გრძნობდა თავს. ტირის, რადგან ბებიას 12 შვილი ჰყავდა და მასაც უნდა.

ტირის, რადგან ვერ წარმოუდგენია ცხოვრება თავისი ბავშვების გარეშე, მაგრამ ხალხი ისე უყურებს, თითქოს ეს სასჯელი იყოს. ტირის, რადგან არ უნდა ებრალებოდეთ. ტირის, რადგან მას და მის ქმარს არაჩვეულებრივად შეუძლიათ, გაუძღვნენ ოჯახს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ტირის, რადგან უპასუხისმგებლოდ თვლიან. ტირის, რადგან ზოგჯერ ეჭვი შეაქვს საკუთარ თავში და ფიქრობს, რომ ორ ბავშვზე უნდა გაჩერებულიყო. ტირის, რადგან ხალხი უხეშია. ტირის, რადგან ერთადერთი, რაც უნდა, სიმშვიდეში ცხოვრებაა.

სხვა 40 წლის ქალი, ერთი შვილით

ხალხი ეუბნება: „მხოლოდ ერთი? არასდროს გდომებია მეტი?“. „ჩემს ერთ შვილთან ბედნიერი ვარ“ – ამბობს მშვიდად, იმეორებს პასუხს, რომელიც უკვე იმდენჯერ აქვს ნათქვამი, სათვალავი აერია. საკმაოდ დამაჯერებელია. ვერავინ იეჭვებს, რომ მარტო დარჩენილი ტირის… ტირის, რადგან მისი ეს ერთი ორსულობაც სასწაული იყო. ტირის, რადგან შვილი დას ან ძმას სთხოვს. ტირის, რადგან ყოველთვის სამი შვილი უნდოდა. ტირის, რადგან მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, მეორე ორსულობის შეწყვეტა გახდა საჭირო. ტირის, რადგან ექიმი ამბობს, რომ რისკი მაღალია. ტირის, რადგან იმ ერთის მოვლაც უჭირს.

ტირის, რადგან ქმარი გარდაიცვალა და ახალი სიყვარული ვეღარ იპოვა. ტირის, რადგან ოჯახი თვლის, რომ ერთიც საკმარისია. ტირის, რადგან კარიერაშია ჩაფლული და თავის დაღწევა არ შეუძლია. ტირის, რადგან მშობიარობისშემდგომი მძიმე დეპრესია ჰქონდა. ტირის, რადგან საშვილოსნოს ამოჭრა დასჭირდა. ტირის, რადგან კიდევ ერთი ბავშვი უნდა, მაგრამ არ შეუძლია.

ეს ქალები ყველგან არიან. ისინი ჩვენი მეზობლები, მეგობრები, დები, თანამშრომლები, ბიძაშვილები არიან. მათ არ სჭირდებათ ჩვენი რჩევები და მოსაზრებები. მათი საშვილოსნო მათი საკუთრებაა. პატივი ვცეთ ამას.

რა არის საუკეთესო პასუხი ამ ტიპის შეკითხვებზე? – ნადირა თვლის, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მზად არის ქალი, დაუპირისპირდეს მოსაუბრეს. „მას შეუძლია, იყოს პირდაპირი და თქვას, რომ კითხვა უხეში და უხერხულია, მაგრამ ყველა არ გრძნობს ამის თქმისას თავს კომფორტულად, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ოჯახის ხანდაზმული წევრების პატივისცემას ეხება. ასეთ შემთხვევაში, შედარებით მარტივი გამოსავალია, რაც შეიძლება ცოტა ილაპარაკო. თუ ვინმე ჰკითხავს, როდის უნდა იყოლიოს ბავშვი, შეუძლია უპასუხოს – როცა ამის დრო მოვა, და შეცვალოს საუბრის თემა. იყავით ლაკონური და ტკბილი, მაგრამ არასდროს აიძულოთ თავი, გააზიაროთ პირადი ინფორმაცია“.

ნადირას თქმით, ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ, მას გამოეხმაურნენ ქალები, რომლებსაც არ სურდათ შვილები. „ისინი თავს გარიყულად გრძნობდნენ. ეს არ ყოფილა ჩემი მიზანი. ტექსტი ამგვარად იმიტომ არის დაწერილი, რომ ნამდვილ ამბებზეა, რომელიც ჩემს ირგვლივ ხდებოდა, იმ ქალებზე, რომლებსაც შვილები სურთ. თუმცა, რასაკვირველია, ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ ქალებს, რომლებსაც არ სურთ შვილები. მათი სხეული მათი არჩევანია.

კომენტარები ნადირას პოსტზე:

ქეთ სტეინსი – მე ვარ აქ, 49 წლის, ერთი შვილით, და ძალიან ბედნიერი ამ სიტუაციით – ცუდი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადავწყვიტე, მეტი აღარ გამეჩინა. ჩემი არჩევანია და ბედნიერი ვარ ამით. თუ მკითხავენ, ვეტყვი.

რონდა ფლეიკ-კოხი – ნამდვილად ასეა. 6.5 წლის განმავლობაში შვილი არ გვყავდა. შემდეგ ავიყვანეთ. ამ წლების მანძილზე, ხალხი ისეთ გულსატკენ რაღაცებს გვეუბნებოდა… დარწმუნებული ვარ, გაუცნობიერებლად, თუმცა მაინც გულსატკენს. ცოტამ თუ იცის, თუ რა გადავიტანეთ ყველა იმედგაცრუების გამო, რომელიც 6.5-წლიანი მცდელობის დროს გვქონდა.

პ.ს. ჩვენ ორი ბავშვი ვიშვილეთ და ისინი ჩემთვის ყველაფერია. ახლა მადლობელი ვარ, რომ არ დავორსულდი, თორემ ეს ბავშვები არ მეყოლებოდნენ.

დებორა ლევინ-პაუელი – ხალხი ისეთი უტაქტოა… მე და ჩემს ქმარს 12 წელი გვესმოდა: „ბავშვები ისევ არა გყავთ?“. მე ცრუ და საშვილოსნოს გარე ორსულობები მქონდა. მცდელობების შემდეგ მითხრეს, რომ შვილი არ მეყოლებოდა. გადავწყვიტეთ, უბრალოდ გაგვეგრძელებინა ცხოვრება. და დავორსულდი! კინაღამ დავკარგე ჩემი ბიჭი, მაგრამ ის დაიბადა და 15 თვეში გოგონაც შეგვეძინა. ყველაფერი ამის შემდეგ, ხალხი მაინც სვამს უტაქტო კითხვებს. არავინ უნდა განსაჯოს სხვისი ბედი!

მიშელ რეიდი – იღბლიანი ვარ, რადგან მყავს ჩემი გოგონა. გვიან გავაჩინე და კინაღამ გადავყევი მის გაჩენას, ამასთან ერთად, პოსტ სამშობიარო პერიოდიც ძალიან ცუდი მქონდა. ძალიან მინდოდა, მეორეც მყოლოდა, მაგრამ მივიღე ფაქტი, რომ ეს არ მოხდებოდა. ბევრი ცრემლის შემდეგ, შევეგუე – ხალხი ისევ მისვამს კითხვებს.

მარი დუნფი ფლინი – ასეა. მეზიზღებოდა, როცა მეკითხებოდნენ კიდევ როდის უნდა გააჩინოო. ეს არავის საქმე არ არის.

ჟაკ ვოლკერი – საშინლად მინდა ბავშვი. მხოლოდ ამაზე ვფიქრობ (ახლა, როცა ამას ვწერ, ცრემლები მახრჩობს), თუმცა არ შეგვიძლია. ვიმედოვნებ, ერთ დღეს შევძლებთ, რადგან ეს ერთადერთია, რაზეც ვოცნებობთ. ნუ გამოვიტანთ განაჩენს. ჩვენს სხეულებს ბევრი შეუძლია.

boredpanda.com

თარგმანი: ანა გვალია