პროექტები / ფანჯარა

“ფანჯარა” – ქართულ-აზერბაიჯანულენოვანი ვებ პლატფორმა

ამა წლის 1 აპრილიდან, საფარი კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

“ფანჯარას” – აზერბაიჯანულენოვანი ვებ პლატფორმის შექმნა, საფარის მიერ წლების მანძილზე საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელ თემთან მუშაობის გამოცდილებამ უკარნახა. პროექტი მთლიანად ეთნიკურად აზერბაიჯანელი ადამიანების ქართულ საზოგადოებაში უკეთესი ინტეგრაციისთვისაა გამიზნული.

სახელმწიფო ენის არცოდნა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული მოსახლეობისთვის დიდი პრობლემაა და ძირითადი ბარიერი ეროვნული უმცირესობის ინტეგრაციის საკითხში. ქართული ენის არცოდნა ადგილობრივ ახალგაზრდებს ხელს უშლის, დაგეგმონ საკუთარი მომავალი, რადგან მათ შეზღუდული აქვთ წვდომა ინფორმაციაზე, მათ შორის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობებზე. დაბალია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების ცოდნაც აზერბაიჯანულ თემში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნება ორენოვანი – ქართულ-აზერბაიჯანულენოვანი პლატფორმა, სადაც ყველა ის ინფორმაცია, რაც შეიძლება საინტერესო და საჭირო იყოს ახალგაზრდებისთვის, ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე განთავსდება და გავრცელდება ფეისბუქ გვერდის საშუალებით. გარდა ამისა, იმისათვის, რომ დასახელებული მასალები მკითხველისთვის მუდამ ხელმისაწვდომი და ადვილად მოსაძებნი იყოს, ისინი განთავსდება “საფარის” ვებგვერდის აზერბაიჯანულენოვან ვერსიაზე.

აღსანიშნავია, რომ ვებ გვერდისთვის სტატიებს ამზადებენ ის აზერბაიჯანელი ახალგაზრდები, რომელთაც საფარის 2017-2018 წლის პროექტებში მონაწილეობით საკმაო ცოდნა და გამოცდილება დააგროვეს აზერბაიჯანელი ახალგაზრდების წინაშე არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე და სრულყოფილად ფლობენ ქართულ ენას.

“ფანჯარა” გააშუქებს ყველა იმ მოვლენას, რომელიც აქტუალუარია საზოგადოებაში. მისი სტრუქტურა მრავალფეროვანია: ბლოგები, სტატიები, ვიდეო, ფოტო და საინფორმაციო მასალები ადამიანის უფლებებზე.

პროექტი ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით.