სექსუალობა / სექსუალური ძალადობა / სტატიები

ფასი, რომელსაც ქალი კაცის სიამოვნებისთვის იხდის

ავტორი:  Lili Loofbourow

ხშირად, სამყარო მშვიდად უყურებს, თუ როგორ მთავრდება ზოგჯერ ქალისთვის სექსი ცრემლებით.

როდესაც ვებგვერდმა Babe.net აზიზ ანსარის ისტორია გამოაქვეყნა და მას ბრალი დასდო სექსუალურ შევიწროებაში, ინტერნეტი გადაივსო კომენტარებით იმის შესახებ, რომ მოძრაობა #MeToo-მ ძალზე ღრმად შეტოპა და ზოგადად, აზიზსა და ინციდენტის მონაწილე 23 წლის გოგონას ერთადაც კი არ უმუშავიათ. ესეც რომ არ იყოს, ბოლოს და ბოლოს, ამ გოგონას ხომ შეეძლო, აზიზისთვის ორალური სექსზე უარი ეთქვა, უბრალოდ ამდგარიყო და წასულიყო?

ჰო, რატომ არ წავიდა ეს გოგონა მაშინვე, როდესაც დისკომფორტი იგრძნო? – პირდაპირ თუ ირიბად, სწორედ ეს კითხვა დასვა ბევრმა.

ეს რთული საკითხია და მასზე რამდენიმე შესაძლო პასუხი არსებობს. მაგრამ, თუ თქვენ მას სვამთ იმ მიზნით, რომ მართლაც გსურთ საქმეში გარკვევა, თუ რატომ იქცევა ესა თუ ის ადამიანი ისე, როგორც იქცევა, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, გვესმოდეს ერთი რამ: უმეტეს სიტუაციებში, კულტურა ქალს დისკომფორტის განცდას აიძულებს და აიგნორებს.

ეს მიდგომა ჩვენს საზოგადოებაში იმდენად ჩაკირულია, რომ ყველაზე ხშირად, ჩვენ ამგვარ ფაქტებს საერთოდ ვერ ვამჩნევთ. დევიდ ფოსტერ უოლესის (David Foster Wallace) მეტაფორას თუ გამოვიყენებთ, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის წყალი, რომელშიც ჩვენ ვცურავთ.

**

აზიზ ანსარის შემთხვევა კოჟრზე დაბიჯებას ჰგავდა, რადგან, როგორც ვშიშობდი, #MeToo-ს მსგავსი მოძრაობები ჩვენთვის მისაღებია მანამდე, სანამ მოძალადე კაცები, რომლებზეცაა საუბარი, რაღაც განყენებულ მონსტრებად წარმოგვიდგება, რომელთა სხვებისგან გამოცალკევება ძალზე ადვილია.

ეს ის შემთხვევაა, რომლის შესახებაც ენდრიუ სალივანი (Andrew Sullivan) თავის ბოლო არასამეცნიერო სვეტში წერს. მისი თქმით, მოძრაობა #MeToo-მ ძალზე შორს შეტოპა და კაცების ბიოლოგიური რეალობა უარყო. იგი ამტკიცებს, რომ ფემინიზმი კაცებს კუთვნილის მიღებაზე უარს ეუბნება და თავის დისკუსიებში „ბუნების“ როლს უარყოფს, და დასძენს, რომ თუ ქალები კვლავაც განაგრძობენ ბიოლოგიის როლის უარყოფას, იმის მომსწრენი შეიქნებიან, თუ როგორ იცავენ თავს კაცები.

ეს ძალზე პრიმიტიული შეხედულებაა. არამხოლოდ სალივანი იხლართება ბუნებასა და მის რეალობაში. როგორც კოლინ დიკი (Colin Dickey) ამბობს თავის პოსტში, სალივანი ძალზე გავრცელებულ აზრს აჟღერებს. იგი ამბობს, რომ ტესტოსტერონის ინექციების მიღების შედეგად, „აშკარა და ვეება ბუნებრივი განსხვავება აღმოაჩინა იმაში, თუ რას ნიშნავს, იყო ქალი, ან – კაცი“.

ანუ, ამით მას იმის თქმა სურს, რომ წარმოსახვითი მამაკაცურობა შესაძლოა, დაიყვანებოდეს ამპულაში არსებულ ჰორმონამდე, ხოლო ქალურობის შესახებ საუბარი კი უჭირს კიდეც. თუ თქვენ გსურთ, მოკლედ მიხვდეთ, თუ აზროვნების რა პატერნებმა გამოიწვია მოძრაობა #MeToo, ახსნა თქვენ წინაშეა. სალივანის პოზიცია ერთობ რეპრეზენტაციულია.

ნამდვილი პრობლემა იმაში სულაც არაა, რომ ჩვენი კულტურა კაცის ბიოლოგიას ნაკლებად უგორებს კოჭს. არა, პრობლემა იმაშია, რომ სინამდვილეში, ეს ერთადერთი ბიოლოგიური რეალობაა, რასაც ჩვენ ანგარიშს ვუწევთ.

მაშინ მოდით, მართლა ვისაუბროთ ბიოლოგიაზე, სხეულებზე. მოდით, განვიხილოთ სხეულები და სხვადასხვა სერიოზული ფაქტები სექსის შესახებ. და მაინც, მოდით, ჩვენს კვლევაში ქალები ჩავრთოთ, კარგი? იმიტომ, რომ თუ კაცური სიამოვნების ღირსებებზე ვისაუბრებთ, მზად უნდა ვიყოთ მის საიდუმლო, უსიამოვნო და ყველგანმსუფევ ტყუპ დაზე – ქალის ტკივილზე სასაუბროდაც.

კვლევები გვიჩვენებს, რომ ქალების 30% ვაგინალური, 72% კი ანალური სექსის დროს ტკივილს განიცდის, ხოლო მათი უმეტესობა პარტნიორს არასოდეს ეუბნება, თუ როდის განცდის ტკივილს.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ აქ აშკარავდება ჩვენი ჩვევა, „ცუდ სექსზე“ საუბრისას მხოლოდ კაცის ბიოლოგიური რეალობის ჩარჩოებში განხილვისა. როდესაც გვესმის, რომ ყველა შესაძლო ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ იმის განსაზღვრისას, თუ რა უნდა მიიჩნეოდეს ძალადობად და შევიწროებად, განცვიფრებული დავრჩი ფრაზა „ცუდი სექსის“ მნიშვნელობის კვლევისას, განსაკუთრებით იმ იდეით, რომ თითქოს ეს ტერმინი ერთსა და იმავეს ნიშნავდეს ქალისთვისაც და კაცისთვისაც.

ამ პრობლემას სულ რამდენიმე კვლევა ეძღვნება. ძირითადად, გვხვდება გამოკითხვები ფორუმებზე იმასთან დაკავშირებით, თუ რას მიიჩნევენ ადამიანები „ცუდ სექსად“. აქ ჩანს, რომ ეს ტერმინი პასიური პარტნიორის ან უბრალოდ, მოსაწყენი სექსის აღსაწერად გამოიყენება.

მაგრამ, ქალების უმრავლესობისთვის, „ცუდი სექსი“ იძულებას, ემოციურ დისკომფორტს და ხშირად ფიზიკურ ტკივილსაც ნიშნავს. დები ჰერბენიკი (Debby Herbenick), ინდიანას უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის პროფესორი, „სექსუალური ჯანმრთელობისა და ქცევის ეროვნული კვლევის“ ერთ-ერთი ავტორი, ამას ადასტურებს: „როდესაც საქმე „კარგ სექსზე“ მიდგება, ქალები ამაში ტკივილის არარსებობას გულისხმობენ, მაშინ, როდესაც კაცები ორგაზმების ქონას აქცევენ ყურადღებას“.

რაც შეეხება „ცუდ სექსს“, მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი სარა მაკკლელანდი (Sara McClelland) ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მეცნიერებს შორის, რომელმაც შემდეგი საკითხის გამოწვლილვითი კვლევა ჩაატარა: როგორ განსაზღვრავენ ახალგაზრდა კაცები და ქალები სექსუალურ კმაყოფილებას?

მკვლევარმა აღმოაჩინა, რომ „კაცები და ქალები სრულიად სხვადასხვაგვარად განსაზღვრავენ სექსუალური კმაყოფილების მინიმუმს. „ქალები ათვლის წერტილად ამ დროს პოტენციურად ექსტრემალურ ნეგატიურ გრძნობებსა და ტკივილს იღებენ, ხოლო კაცები მინიმუმს ითვლიან ნაკლები სიამოვნების მომნიჭებელი შედეგიდან, მაგრამ ისინი ვერასოდეს წარმოიდგენენ მათთვის მტკივნეულ ან დამაზიანებელ სცენარს“ [“Intimate Justice: Sexual satisfaction in young adults”].

როგორც კი თქვენ აცნობიერებთ, თუ რაოდენ საშინლად ჟღერს ეს ფაქტი, მაშინვე ლოგიკურ დასკვნამდე მიხვალთ, რომ სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობასთან დაკავშირებული ჩვენი „გამოთვლები“ რამდენადმე დამახინჯებულია, რადგან ქალები და კაცები სრულიად განსხვავებულ სკალებზე იმყოფებიან. კაცის სკალით, ცუდი სექსის შეფასება „8“ უდრის ქალის სკალით „ერთიანს“. ამაში ობიექტური დამკვირვებელი სრულიად სხვა სურათს დაინახავს, მაგრამ ქალებისთვის და კაცებისთვის ტერმინი „ცუდი სექსის“ ერთნაირი განსაზღვრის ტენდენცია, „ფარდობითი დეპრივაციის“ ფსიქოლოგიურ ფენომენს მიაგავს, როდესაც უუფლებო ჯგუფები მიჩვეულნი არიან მცირედით კმაყოფილებას და ამას ისეთივე ხარისხით გამოხატავენ, როგორც – მათი ბევრად მომგებიან პირობებში მცხოვრები თანატოლები.

ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არის სალივანისეული ბუნებისთვის სტატუს-კვოს მინიჭების მცდელობა ასეთი მატრავმირებელი.

როდესაც ქალი ამბობს, დისკომფორტს განვიცდიო და სექსუალურ კონტაქტს ატირებული წყვეტს, საერთოდ საუბარიც ვერ იქნება იმაზე, რომ იგი დისკომფორტს მიუჩვეველი რაღაც ნაზი ყვავილია. იქნებ, მეტად სერიოზულად დავფიქრებულიყავით იმ ბიოლოგიურ რეალობაზე, რასაც ბევრი ქალი აწყდება, რადგან, საუბედუროდ, მტკივნეული სექსი არც ისეთი იშვიათი გამონაკლისია, ვიდრე ჩვენ გვინდა, რომ იყოს. ეშმაკმა დალახვროს, ეს ძალზე გავრცელებული ტენდენციაა.

სალივანის მტკიცების განხილვისას, ჩვენ ასევე სააზროვნო ექსპერიმენტად უნდა განვიხილოთ ის ფაქტი, რომ ბიოლოგია, ანუ „ბუნება“, ისტორიასთან შეზრდილია და ზოგჯერ თავისი დროის სიმრუდეებს ასახავს.

ეს დებულება განსაკუთრებით მართებულია მედიცინასთან მიმართებაში. მაგალითად, მე-17 საუკუნეში მიიჩნეოდა, რომ სწორედ ქალებს გააჩნიათ დაუოკებელი და ველური სექსუალური მადა.

საზოგადოებაში ბევრად ფასეული თვისებები ან საქმიანობები იერარქიით ბევრად მაღლა მდგომ გენდერს მიეწერება. ამიტომაც, შუასაუკუნეებში მიიჩნეოდა, რომ ქალები ბუნებით ბიწიერნი არიან, ყველა აზრში ცოდვილნი, და მუდამ სექსი სურთ.

ის, რომ მსგავსი მიდგომები შეიცვალა, არ ნიშნავს, რომ უკეთესობისკენ შეიცვალა. დღეს კაცს ექიმის კაბინეტიდან ვიაგრას რეცეპტით გამოსვლა ხანმოკლე კონსულტაციის შემდეგ შეუძლია, მაშინ, როდესაც ქალი საშუალოდ, 9.28 წელი უნდა იტანჯოს, ვიდრე მას ენდომეტრიოზის დიაგნოზს დაუსვამენ, მდგომარეობისა, რომელსაც ენდომეტრიუმის საშვილოსნოს საზღვრებს გარეთ ზრდა იწვევს. ამ დროისათვის, ბევრი ქალი აცნობიერებს, რომ არა მხოლოდ სექსი, არამედ უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრება წინააღმდეგობათა მთელი ჯაჭვისგან შედგება. სწორედ ესაა „უბრალოდ ბიოლოგიური რეალობა“, თუ მაინცდამაინც მასზე ვისაუბრებთ.

რადგანაც სექსზე ვსაუბრობთ, ბარემ შემდეგი კითხვაც დავსვათ: როგორ ეკიდება სამეცნიერო საზოგადოება ქალის დისპარეუნიას – სერიოზულ ფიზიკურ ტკივილს, რომელსაც ქალები სექსის დროს განიცდიან, ან ერექციულ დისფუნქციას?

დიახ, PubMed-ზე თითქმის 5-ჯერ მეტი კლინიკური კვლევა დევს კაცის სექსუალური სიამოვნების შესახებ, ვიდრე – სექსის დროს ქალის მიერ განცდილი ტკივილების შესახებ. რატომ? – იმიტომ, რომ ჩვენ ისეთ კულტურაში ვცხოვრობთ, რომელიც ქალის ტკივილს ნორმად განიხილავს, ხოლო კაცის სიამოვნებას – უფლებად.

ქალების მიმართ ჯანდაცვაში არსებული წინასწარგანწყობების ცნობილი მაგალითია გულის შეტევებთან დაკავშირებული სიტუაცია. The New England Journal of Medicine-ში 2000 წელს გამოქვეყნებული კვლევა გვიჩვენებს, რომ გულის შეტევის დროს, 7-ჯერ მეტად, ვიდრე კაცებს, ქალებს არასწორ დიაგნოზს უსვამენ და მკურნალობაზე უარს ეუბნებიან. ხშირად, საქმე იმაშია, რომ ექიმები ქალის გულის შეტევის დიაგნოზს ვერ ამოიცნობენ, რადგან იგი კაცისას არ ჰგავს. ამ დროს, 8-დან მხოლოდ ერთ ქალს აღენიშნება მკერდის არეში ტკივილი, 71%-ს კი გულის შეტევის სიმპტომები გრიპისას მიუგავს. შესაბამისად, პაციენტები, რომლებიც გულის შეტევისას ტკივილს არ განიცდიან, ამის შედეგად სიკვდილის ორჯერ მეტი რისკის ქვეშ არიან. საერთო ჯამში, 50 წელს ქვემოთ ქალებში, გულის შეტევისგან სიკვდილის ალბათობა იგივე ასაკის კაცებთან შედარებით, გაცილებით მაღალია, რადგან ექიმები მათ ჩივილებს უყურადღებოდ ტოვებენ.

ეს უცნაური სექსუალური ასტიგმატიზმი ჩვენს კულტურას იმდენადაა შეზრდილი, რომ ძალზე რთულია იმის ხარისხის შეფასება, თუ რამდენად დამახინჯებულად ვუყურებთ ჩვენ მსგავს მოვლენებს.

საყურადღებოა მონაცემები, თუ როგორ ანაზღაურებს აშშ-ში ჯანდაცვის სისტემა ქალის და კაცის ქირურგიას: 2015 წლის მონაცემებით, კაცებისთვის საჭირო ქირურგიული ოპერაციები, კომპენსაციის ხარისხით, აჭარბებს ქალებისთვის სპეციფიკური ოპერაციების კომპენსაციებს. ახლა წარმოვიდგინოთ, რამდენი ქალი რუტინულად ითმენს ექიმების მხრიდან წამოსულ დამცირებას ან პრობლემების იგნორს.

აი პირდაპირი ციტატა სამეცნიერო სტატიიდან, იმის შესახებ, თუ როგორი სასტიკები არიან ქალები საკუთარი თავის მიმართ, მიუხედავად მუდმივად მოწუწუნის რეპუტაციისა და დისკომფორტის წინაშე შიშისა: „ყველამ, ვისაც დისპარეუნიის სიმპტომები ჰქონია, იცის, რომ საჭიროების შემთხვევაში, ქალები სქესობრივ კონტაქტს განაგრძობენ, ტკივილისგან მოკუმული ტუჩებით.

თუ თქვენ იკითხავთ, თუ რატომ არ დატოვა „იმ გოგომ“ ანსარის აპარტამენტები, როგორც კი უმცირესი დისკომფორტი იგრძნო, მაშინ, იგივე კითხვა ამ კვლევის კითხვის დროსაც უნდა დასვათ. თუ სექსი ქალებს ტკივილს აყენებს, მაშ რატომ არ წყვეტენ ისინი მას? რატომ ხდება ასე? რატომ ითმენენ ქალები მტანჯველ ტკივილებს კაცის ორგაზმების გამო?

ამის პასუხის დღევანდელ კულტურულ გარემოს შესახებ დისკუსიისგან დაცალკევება შეუძლებელია. აქ ქალებზე ძალადობა, შევიწროება და სამსახურიდან გათავისუფლება ყოველწამიერად ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ კაცებს სურთ, სამუშაო ადგილზე ერექცია ჰქონდეთ. ეს გვაიძულებს, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ სალივანის მტკიცებაზე იმის შესახებ, რომ ჩვენ არასაკმარისად ვუწევთ ანგარიშს კაცის ბიოლოგიას, მაშინ, როდესაც მთელი ჩვენი საზოგადოება ჰეტეროსექსუალი კაცის ორგაზმისკენ სწრაფვის ირგვლივაა დარაზმული. ეს ამოცანა კულტურის ცენტრადაც იქცა, ამან კი ჩვენს სხეულებზე, სიამოვნებასა და ტკივილზე სავალალო გავლენა იქონია.

როგორც სალივანი ითხოვს, მეც სწორედ ბიოლოგიაზე ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკურ შეგრძნებებზე, რომელსაც ქალები აიგნორებენ, რადგან მათ ამას საზოგადოება ასწავლის.

ქალებს მუდმივად და საგანგებოდ ასწავლიან, არ შეიმჩნიონ სხეულებრივი დისკომფორტი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ სურთ, სექსუალურად „მნიშვნელოვნები“ იყვნენ.

მიგიქცევიათ თუ არა ყურადღება იმაზე, თუ როგორი სახე-ხატია სავალდებულო ქალისთვის, რომელსაც სურს, სექსუალურად მიმზიდველი იყოს? მაღალი ქუსლები? კორსეტები? სხეულის ფორმების მაკორექტირებელი თეთრეული? ყველა ეს საგანი სხეულისთვის საოცრად მოუხერხებელია.

კაცი მიმზიდველი მაშინაა, როდესაც კომფორტულ სამოსშია გამოწყობილი. მას ისეთი ფეხსაცმელი აცვია, რომ მის მყესებს არ ჭიმავს. მას არ სჭირდება თმის ამოპუტვა გენიტალიებიდან ან კანში ნემსების შერჭობა, რათა იგი მიმზიდველად მიიჩნიონ. რა თქმა უნდა, მას, ისევე, როგორც ქალს, ამ ყველაფერზე უარის თქმა შეუძლია, მაგრამ საზოგადოებას ქალისგან სრულიად სხვაგვარი საბაზისო მოლოდინები აქვს, ვიდრე – კაცისგან, და სასაცილოა, ვიფიქროთ, რომ ეს ასე არ არის.

ძველი სოციალური გარიგება ქალებსა და კაცებს შორის, რასაც ენდრიუ სალივანი „ბუნებრივს“ უწოდებს, იმაში მდგომარეობს, რომ ერთმა მხარემ მეორის სიამოვნებისა და ტკბობისთვის, დისკომფორტი და ტკივილი უნდა მოითმიოს. და ჩვენ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, თუ როგორი ქცევაა ნორმალური, და რომ სამყარო ასეა მოწყობილი. ამიტომ მიიღეს საშინლად რადიკალურ ნაბიჯად ის ფაქტი, რომ ოქროს გლობუსზე Frances McDormand უმაკიაჟოდ გამოცხადდა.

სწორედ ამიტომ იყო ადამიანებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ჯეინ ფონდას (Jane Fonda) მიერ საკუთარი ფოტოს გამოქვეყნება, სადაც, წითელი ხალიჩის მეორე დღეს, მას ნატანჯი იერი ჰქონდა.

ეს ცხოვრების მხოლოდ დამქანცველი ყაიდა კი არაა, არამედ – ცნობიერების პატერნების განსაზღვრაა, რომლისგან გათავისუფლებაც ძალზე რთულია.

ჩემი პოზიციის განმარტების მიზნით, მინდა ვთქვა, რომ ახლა სილამაზის აბსურდული სტანდარტების განხილვასაც კი არ ვაპირებ. ერთადერთი, რაზეც საუბარი მსურს, იმის მიხვედრაა, თუ რისი გაკეთება შეეძლო გოგონას ანსარის აპარტამენტებში და რისი – არა.

საზოგადოება ქალებისგან კომფორტისა და იმ სიამოვნების დემონსტრაციას ელის, რომელსაც არ განიცდის, რადგან ისეთ ვითარებაში იმყოფება, რომ ნამდვილი კომფორტის განცდა შეუძლებელია. მომდევნო ჯერზე, როდესაც ნახავთ ქალს, რომელიც ვიწრო და გულახდილ კაბაშია გამოწყობილი და უზრუნველად იღიმის (ეს მდგომარება მისგან ხანგრძლივ შიმშილსა და წყურვილს მოითხოვს), იცოდეთ, რომ: ა) თქვენ მთელი გულით მომუშავე, უბადლო ილუზიონისტის მუშაობის შემსწრენი ხართ, და ბ) ის, რომ თქვენ ასეთი განსაკუთრებული, ოსკარის ღირსი პერფორმანსის აღქმა გასწავლეს, როგორც ყოველდღიურობის.

მოდით, ახლა იმაზე დავფიქრდეთ, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი სექსუალურ კონტექსტზე.

კაცებს უკვირთ: რატომ აკეთებენ ქალები ორგაზმის იმიტირებას? განა ეს კონტრპროდუქტიული არ არის? რა თქმა უნდა, და მერე როგორ! სწორედ ამიტომ ღირს ძალზე ყურადღებით დაფიქრება იმაზე, თუ რატომ უწევს ბევრ ადამიანს იმის გაკეთება, რაც, თითქოს, მის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ქალები კარგად იცვამენ და პაემანზე მიდიან ნაწილობრივ იმიტომ, რომ სექსუალურ მიზიდულობას განიცდიან და სექსუალური სიამოვნების მიღებას იმედოვნებენ. მაშ, როდესაც თავად სექსის მომენტი დგება, რატომ ნებდებიან და რატომ მიმართავენ ორგაზმის იმიტაციას?

ამის რეტროგრადული პასუხი, რომელიც აიგნორებს იმ ფაქტს, რომ ქალს სექსუალური სურვილები გააჩნია, ის არის, რომ ქალები მათთვის არმოსაწონ სექსუალურ პოზიციებს მოსაწონ სოციალურ პოზიციებზე ცვლიან. მათთვის სიამოვნება მნიშვნელოვანი არაა.

მაგრამ, ამის მიზეზი, შესაძლოა, სხვაგან იმალებოდეს. იქნებ, მაგალითად, ქალები ორგაზმის იმიტაციას იმიტომ მიმართავენ, რომ მას შემდეგ, რაც სიამოვნების მიღების იმედს კარგავენ, ისინი იმაზე ერთვებიან, რაც ასწავლეს. კერძოდ: ა) მოითმინონ დისკომფორტი, და ბ) თუ ამას სოციალური პირობები მოითხოვს, რამენაირად, სიამოვნება მეორე მხარის სიამოვნებაში აღმოაჩინონ.

ეს განსაკუთრებით ეხება სექსს. ორგაზმის იმიტაცია ერთბაშად რამდენიმე ამოცანას წყვეტს: კაცს სტიმულს აძლევს, მალე დაამთავროს აქტი, რაც ტკივილის შეწყვეტის საწინდარია. გარდა ამისა, ეს კაცს სიამოვნებას მოგვრის, და ამ მხრივაც, ქალის მიერ ორგაზმის იმიტაცია კაცის გამარჯვების საწინდარია. მოკლედ, ყველა ფრონტზე გამარჯვებაა.

სექსზე საუბრისას, ჩვენ იმდენად ვაიგნორებთ ტკივილს, რომ 2004 წელს ABC News-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში The American Sex Survey, რომელიც 67 კითხვისგან შედგებოდა, ეს პუნქტი ნახსენებიც კი არაა, როგორც ორგაზმის იმიტაციის შესაძლო მიზეზი.

სწორედ ამაშია მეცნიერების და კერძოდ სოციალური მეცნიერების პრობლემა. მკვლევარები უარს ამბობენ, ტკივილი და დისკომფორტი ქალებში სექსის დროს არსებულ მუდმივ პრობლემად განიხილონ და განაგრძობენ უცნაურ და ჭირვეულ არსებებზე საუბარს, რომლებიც, გაურკვეველ მიზეზთა გამო, „მუდამ უქეიფოდ არიან“, ან სექსს „სრულიად უმიზეზოდ“ წყვეტენ.

თუმცა, საქმე მხოლოდ სექსს არ ეხება. ჯერ კიდევ გოგოობისას, ქალებს ხშირად ესმით იმასთან დაკავშირებული კომპლიმენტები, თუ როგორი სიმპათიურები არიან. ამგვარად, ისინი ითავისებენ, რომ საზოგადოებაში მათი ფასეულობა იმით განიზომება, თუ რამდენად სასიამოვნოა სხვებისთვის მათი თვალიერება. ისინი იწყებენ იმის სწავლას, თუ როგორ უნდა დაინახონ თავიანთი სიამოვნება იმ სიამოვნებაში, რომელსაც სხვები განიცდიან მათი დანახვისას. ამგვარად, ეს ძირითადი ხერხია, რითიც მათ საზოგადოება აჯილდოებს.

ეს ის შემთხვევაა, როცა ქალებს კარგ დიასახლისებად ყოფნას სწავლიან. საკუთარი სურვილების სხვისი სურვილებისთვის დამორჩილება. კონფრონტაციების თავიდან არიდება. ქალს ყოველ ნაბიჯზე ასწავლიან, რომ გარშემომყოფთა რეაგირება მის შესახებ გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რასაც თავად გრძნობს.

იმის ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი, რომ ერთ სქესს ასწავლიან, თავისი სიამოვნება მესამე მხარეს გადასცეს, ამ დროს საშინელი დისკომფორტის განცდით, ასეთია: ეს სქესი თავის დისკომფორტს ძალზე ცუდად აანალიზებს, რადგან მას ზედმიწევნით თანმიმდევრულად ასწავლიდნენ ამ დისკომფორტის დაიგნორებას.

სამყაროში, სადაც სექსუალური სიამოვნების საკითხში ქალები კაცების თანასწორი პარტნიორები არიან, სრულიად ლოგიკური იქნებოდა, ქალს მაშინვე შეეწყვიტა კავშირი, როგორც კი დისკომფორტს იგრძნობდა.

მაგრამ, ჩვენ ასეთ სამყაროში არ ვცხოვრობთ.

რეალურ სამყაროში, პირველი გაკვეთილი, რომელსაც ქალი ითვისებს სექსთან დაკავშირებული მოლოდინების მხრივ, არის ის, რომ ქალწულობის დაკარგვა მტკივნეული იქნება. იგულისხმება, რომ მან პირმოკუმულმა უნდა გაიაროს ეს გზა. იფიქრეთ იმაზე, სექსის ამ პირველმა გამოცდილებამ მას, შესაძლოა, „დისკომფორტი“ რაღაც ისეთად დაუხატოს, რაც არ უნდა მოხდეს. მაგრამ, თუ სექსი მისთვის მტკივნეულია უკვე ქალწულობის დაკარგვის შემდეგაც, როგორც ეს ჩემს ბევრ მეგობარს დაემართა, ბევრი ქალი უკვე იწყებს იმაზე ფიქრს, რომ პრობლემა მხოლოდ მასშია. ბოლოს და ბოლოს, თუ პირის მოკუმვით ტკივილის უხმოდ ატანა პირველად შევძელით, რატომ არ უნდა გავიმეოროთ იგივე? ამ მომენტში, სექსი მაგიურად ტრანსფორმირდება პროცესიდან ვიღაცის ატანად, ვინც ჩვენ რაღაცას გვიკეთებს, რაც არ მოგვწონს. ამასთან, გახსოვდეთ: ყველა თანახმაა, რომ მოითმინოთ ორმხრივი სიამოვნების პროცესში, რომელიც, თითქოს ყველას აქვს, თქვენ გარდა.

ჩვენ ენაც კი არ გვაქვს ამ საოცრად რთული გადასვლის აღსაწერად, რადგან ჩვენ სექსის ბიოლოგიურ რეალიებზე ქალის რაკურსით არ ვფიქრობთ.

ქალები ათწლეულობით თავაზიანად აიგნორებდნენ თავიანთ დისკომფორტსა და ტკივილს, რათა კაცებისთვის მაქსიმალური სიამოვნება მიენიჭებინნათ. ისინი შეუპოვრად ეძიებდნენ სიყვარულსა და სექსუალურ სიამოვნებას, მიუხედავად ნასკდომების, სისხლჩაქცევებისა და „ცუდი სექსის“ სხვა სიმპტომებისა. ისინი მუშაობდნენ ინდუსტრიებში, სადაც სექსუალური შევიწროება და ობიექტივიზაცის ნორმად მიიჩნეოდა, და სიყვარულსა და სექსუალურ სიამოვნებას ეძიებდნენ, მიუხედავად ტკივილისა, რომელსაც არავინ, თავად ექიმებიც კი, სერიოზულად არ იღებდა. ამ დროისათვის, სქესი, რომლისთვისაც „ცუდი სექსი“ ცოტა მოწყენილობას ნიშნავს ორგაზმის დროს, სქესი, რომლის სექსუალურ მოთხოვნილებებს სამედიცინო საზოგადოება ემსახურება, სქესი, რომელსაც საზოგადოება კომფორტს უქმნის, მაქსიმალური ესთეტიკური და სექსუალური სიამოვნების მიღების მიზნით, – მიიჩნევს, რომ ცუდი არ იქნებოდა იმის შემოწმება, ზედმეტად მგრძნობიარენი ხომ არ არიან ქალები და გადაჭარბებულად ხომ არ რეაგირებენ ისინი დისკომფორტზე? ჩვენ მართლა არ ვუწევთ ანგარიშს კაცის ბიოლოგიას?

ძალიან მინდა, ისეთ სამყაროში ვცხოვრობდე, რომელიც ქალს ეტყოდა, ყურადღება მიექცია საკუთარი სხეულის ტკივილისთვის, იმის ნაცვლად, რომ იგი ამტანობაში ჩემპიონად გამოეწრთო. შესანიშნავი იქნებოდა, ქალებს (და კაცებსაც) რომ ასწავლიდნენ, რომ ქალის ტკივილი ნორმალური არ არის. მთლად უკეთესი იქნებოდა, რომ გვესმოდეს, რომ ქალის დისკომფორტი კაცის სიამოვნების შეწყვეტისთვის საკმარისი საფუძველია.

მაგრამ, საზოგადოება ჩვენ სხვა რამეს გვასწავლის – დიახ, ყველაზე განებივრებულ მილენიალებსაც კი. უნდა გვახსოვდეს: სექსი ყოვეთვის ერთი ნაბიჯით ჩამორჩება საზოგადოებრივ პროგრესს სხვა სფეროებში, რადგან იგი ინტიმური სფეროა. მისი დეტალების შესახებ საუბარი რთულია და კარგია, რომ ჩვენ ეს დავიწყეთ. მაგრამ, შემდეგ ჯერზე, როდესაც ჩვენ დავსვამთ კითხვას, თუ რატომ არ შეამჩნია ქალმა მაშინვე თავისი დისკომფორტის სიგნალები და არ გააჩერა იგი, ჩვენ მაშინვე უნდა დავინტერესდეთ იმითაც, თუ რატომ ვასწავლით ქალებს ამდენი ათწლეულის მანძილზე ამ სიგნალების დაძლევას. ახლა ფაქტიურად, ჩვენ მათ იმის გამო ვადანაშაულებთ, რომ ისინი უბრალოდ დისკომფორტის სიგნალებს ვეღარ ამოიცნობენ.

სტატიის ორიგინალი შეგიძლიათ, იხილოთ აქ: theweek.com