თანასწორობის პოლიტიკა

ფიფას გენერალური მდივანი ქალი გახდა

დღეს, მეხიკოში, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) გენერალურ მდივნად პირველად აირჩიეს ქალი – სენეგალელი ფატმა სამურა (Fatma Samoura). ფატმა ნიგერიაში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელია. ამის შესახებ ორგანიზაციის კონგრესზე ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ (Gianni Infantino) ისაუბრა.

„საბჭომ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, – განაცხადა ინფანტინომ, – ეს ადამიანი ჩვენს ორგანიზაციაში საბჭოს მიერ შემუშავებული სტრატეგიების დანერგვაში მიიღებს მონაწილეობას. ღრმად ვარ დარწმუნებული თითოეული ადამიანის უნარებსა და მრავალფეროვნების იდეალში. მე მჯერა ფაქტებისა და არა სიტყვებისა. ეს კანდიდატი ამ თანამდებობისთვის ყველაზე ზედგამოჭრილი იყო. იგი იქნება ახალი სისხლი, ადამიანი მომავლიდან და არა წარსულიდან. მნიშვნელოვანია, რომ იგი ჩვენთან სხვა სამყაროდან მოვიდა. ეს ჩვენ საჭირო მიმართულებით მოძრაობაში დაგვეხმარება. ჩვენ მხარს ვუჭერთ მრავალფეროვნებას და ვემხრობით გენდერულ თანასწორობას!“.

ფიფას გენერალური მდივნის მოვალეობებს აქამდე მარკუს კატნერი ასრულებდა, რომელმაც ამ პოსტზე ჟერომ ვალკე შეცვალა. ეს უკანასკნელი საფეხბურთო მოღვაწეობას 12 წლით ჩამოაცილეს მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს ფიფას ეთიკის შვიდი პუნქტის, მათ შორის ქცევის ზოგადი ნორმების, კონფიდენციალობისა და ლოიალობის წესების, ინტერესთა კონფლიქტის დარღვევაში.