სექსუალობა / სტატიები

ქალები სხეულზე თმის მოცილების აუცილებლობის წინააღმდეგ

ფემინისტები სხვა ქალებისგან არაფრით განსხვავდებიან. საკუთარ სხეულზე არსებულ თმასთან დაკავშირებით ყველას სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვს. ამიტომაც, ფემინისტებს შორის ისეთი ქალებიც არსებობენ, ვინც სხეულზე ერთ ღერ თმასაც კი არ იჩერებს. მეორე მხრივ, არც ფეხგაუპარსავი ყველა ქალია ფემინისტი. ფემინიზმი სქესის ნიშნით არსებულ სიძულვილს ებრძვის. ფემინიზმი თანასწორობის იდეოლოგიაა და არა – დისკრიმინაციის. მნიშვნელოვანია არჩევანის ეტაპზე წინასწარგანწყობებისგან გათავისუფლება.

ფემინიზმის ერთ-ერთი მიმართულება კაცის უპირატესობასთან ბრძოლაა, თუმცა არა – კაცებთან. ფემინისტები ებრძვიან ჩვენს ცნობიერებაში ჩაკირულ სტერეოტიპებს. ფემინიზმი არჩევანის შესაძლებლობაა. ჩვენი ნებაა, იღლიას ან ბოქვენის თმას გავიპარსავთ თუ არა, ძლიერები ვიქნებით თუ სუსტები. ფემინიზმში ყველანაირი არჩევანი ღირსეულად მიიჩნევა და პატივისცემას იმსახურებს. ფემინიზმის მიზანია, ნებისმიერ ქალს იმის საშუალება მისცეს, რომ იაროს სხეულით, რომელზეც ნებისმიერი რაოდენობის თმა აქვს, და ამის გამო არავინ უკირკიტოს, რომ ფეხის გაპარსვა „სავალდებულოა“. ფემინიზმი მიზანდრია (კაცების სიძულვილი) არ არის. თუმცა, ზოგიერთი ფემინისტი კაცების მიმართ რადიკალურად არის განწყობილი და მუდმივად შეახსენებს მათ, რომ მრავალი საუკუნის მანძილზე, მათ გამო ქალები აუტანელ ჩაგვრას განიცდიდნენ.

საინტერესოა, რომ ზოგჯერ გაუპარსავი იღლია და კაცების სიძულვილი ერთ პრიზმაში განიხილება. სინამდვილეში, ფემინისტები ეპილაციას კი არ ებრძვიან, არამედ მისი არგაკეთების შესაძლებლობას გვთავაზობენ, თუ ეს არ გვსურს (ქალების დიდი ნაწილი ეპილაციას სხეულზე თმას მხოლოდ იმის გამო იცილებს, რომ გარემომცველი საზოგადოების მხრიდან წამოსული შერცხვენის ეშინია). ვიღაცას უთმო ფეხები მოსწონს, ვიღაცას თმა ზურგზეც კი ეზრდება და იძულებულია, დღენიადაგ იპარსოს და იტანჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ ამას მისგან საზოგადოება ითხოვს. არავის აინტერესებს, რომ ეს სრულიად ნორმალური მდგომარეობაა. ბოლო ასი წლის მანძილზე ადამიანებმა რატომღაც თავში ჩაიჭედეს სრულიად სულელური აზრი, რომ თითქოს ქალი ის განსაკუთრებული არსებაა, რომელსაც თმა მხოლოდ თავზე ეზრდება (არც ზედა ტუჩზე!).

ზოგიერთი ფემინისტი იმის გამო არ იცილებს სხეულის თმას, რომ მიაჩნია, რომ ამგვარ რამეს ქალები მხოლოდ კაცებისთვის თავის მოსაწონებლად აკეთებენ. გარდა ამისა, ფემინისტები ობიექტივიზაციის წინააღმდეგაც იბრძვიან: სილამაზისა და ჰიგიენის თანამედროვე სტანდარტები თუ კაცებს არ ავალდებულებს სხეულის თმის მოშორებას, მაშ ამის ვალდებულნი არც ქალები არიან.

მართალია, ყველა ფემინისტი არ იტოვებს სხეულზე თმას, მაგრამ აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ფემინიზმი და სილამაზის არსებული სტანდარტების უგულებელყოფა ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირშია. გინეკოლოგები და ზოგადად მედიკოსები ქალებს ბოქვენის თმის გაპარსვას არ ურჩევენ. რეგულარულად ქვეყნდება კვლევები, რომელთა თანახმადაც, სხეულზე თმის დატოვება არა მხოლოდ ჩვენი ჯიბისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. ბევრი ფემინისტი სხეულზე დატოვებულ თმას სხვადასხვა ლამაზ ფერშიც იღებავს.

გუშინ, 19 სექტემბერს, სოციალურ ქსელებში ახალი ვიდეო გამოჩნდა, რომლის მონაწილე ქალებიც ჩვენ წინაშე საკუთარ სხეულზე არსებული თმის დემონსტრირებას ახდენენ. მათი თქმით, ვიდეოში მონაწილეობის მიღება სოციალურ ქსელებში ქალის „თმიანობის“ მიმართ არსებულ საშინლად დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ეხმიანება. „ჩვენ ვცდილობთ, იღლიის თმის ის სახალისო და პოზიტიური მნიშვნელობა გიჩვენოთ, რასაც მას ჩვენ ვანიჭებთ“, – ამბობენ გოგონები.

https://www.youtube.com/watch?v=8Eup-6JRVs4