დიდი თუ მცირე დოზით, ჩვენ ყველანი სტერეოტიპებით ვაზროვნებთ – ნებისმიერი ნიშნით განზოგადება, იქნება ეს დიასახლისი თუ სპორტსმენი, აუცილებლად წარმოშობს მთელ რიგ კლიშეებს ჩვენს გონებაში. მიჩნეულია, რომ განზოგადებული აზროვნება ჩვენს გონებას საქმეს უადვილებს. თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც „ქალისა“ და „კაცის“ სტერეოტიპებზეა საუბარი, ამის თქმა სრულიად უადგილოა. სქესის მიხედვით სტერეოტიპიზაცია უამრავ ფაქტორს მოიცავს, დაწყებული ხასიათის ნიშნებითა და გონებრივი შესაძლებლობებით, დამთავრებული პროფესიითა და ჩაცმის მანერით.
სტერეოტიპები ცარიელ ადგილზე არ აღმოცენდება, ყოველდღიურობაში დამკვიდრებულისგან თავის დაღწევა ძალზე ძნელია. იგი ჩვენს ქცევას ისე განსაზღვრავს, რომ ამას ვერც კი ვამჩნევთ. იმისათვის, რომ სტერეოტიპების მსხვერპლნი არ გავხდეთ, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, თუ როგორ მუშაობს იგი.
გარეგნობა მთავარია
ამას, როგორც წესი, ქალებზე ამბობენ, მაგრამ როდესაც საქმე კაცის გარეგნობას ეხება, აქ უცებ გვახსენდება, რომ იგი „მაიმუნზე ცოტათი ლამაზი“ უნდა იყოს, ძლიერი და თმიანი. აი, ასეთ გარეგნულ სტანდარტებში უნდა ჯდებოდეს „იდეალური კაცი“. როგორც ქალისთვის, ასევე კაცისთვის, გარეგნობასთან დაკავშირებული სტანდარტები მკაცრად რეგლამენტირებული და სტერეოტიპიზებულია. ურთიერთობის დასაწყისში, ყოველ ჩვენგანს წესების თავისი ნაკრები აქვს, თუ როგორ უნდა/არ უნდა გამოიყურებოდეს ქალი/კაცი. ქალები მაკიაჟის გამოყენების ხარისხით, კილოგრამებით, მოვლილობით „მოწმდებიან“, და თუ შედეგი „ოქროს სტანდარტს“ არ აკმაყოფილებს, მას „არაქალურისა“ და „ულაზათოს“ კლიშე ელის.
თავის მოვლის მხრივ, კაცებს არანაკლებ მკაცრად აფასებენ. თუ კაცი „კაცური კანონისგან“ განსხვავებულად უვლის თავს (მაგ. მანიკიურს, მაკიაჟს იკეთებს, ხასხასა, ექსტრავაგანტულ სამოსს იცვამს), იგი აუცილებლად უკიდურესად ნეგატიურ რეაქციას წააწყდება გარკვეულ პატრიარქალურ წრეებში – ქალაჩუნას, „პიდარასტს“ დაუძახებენ, ეს კი კონსერვატულ საზოგადოებაში შეურაცხყოფად მიიჩნევა. საბოლოო ჯამში, უხეშობის შესახებ სტერეოტიპების მსხვერპლნი თავად კაცები ხდებიან, ხოლო ქალურობის შესახებ სტერეოტიპებისა კი – ქალები. სინამდვილეში, საქმე სხვაგვარადაა: მოწინააღმდეგე სქესს პარტნიორის გარეგნობის მიმართ არაადამიანური მოთხოვნები არ აქვს, მაგრამ სუპერმოდელის გარეგნობას და ტრიცეფსების გამოყვანას ხშირად საკუთარ თავს თავად ვუსჯით, რადგან შეცდომით გვგონია, რომ ჩვენგან საზოგადოება მხოლოდ ამას ელის.
ყველა ქალს ბავშვი უნდა
ეს სისულელეა. არც ყველა ქალს და არც ყველა კაცს, ბავშვი არ უნდა, და ამაზე სქესობრივ მიკუთვნებულობას არანაირი გავლენა არ გააჩნია. მაგრამ, ეს სტერეოტიპი განსაკუთრებით ჩაგრავს ქალს, რომელსაც ძალიან ადრეული ასაკიდანვე დედობას ლამის ცხოვრების მთავარ ფუნქციად უსახავენ; სრულფასოვანი, რეალიზებული ქალი აუცილებელი არ არის, პროფესიონალი იყოს, მაგრამ იგი აუცილებლად დედაა. დედობის და მამობის სტატუსების მიხედვით, მაგალითად, დედის სასარგებლოდ წყდება ბავშვზე მეურვეობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ მამები ხშირად ბავშვის მეურვეობას დედაზე მეტად იმსახურებენ, მაგრამ სტერეოტიპი მას საკუთარ შეზღუდვას უწესებს.
კაცებს სექსი უნდათ, ქალებს – სიყვარული
ამ წარმოდგენას ხალხურ ფოლკლორში ბევრი ასახვა აქვს, სადაც ყოველთვის ხაზგასმულია კაცის პოლიგამიურობა და ქალის მონოგამიურობა, რაც კაცის სასიყვარულო სურვილების „ფიზიოლოგიურობას“ და ქალის „რომანტიკულობას“ უსვამს ხაზს. მოკლედ რომ ვთქვათ, პორნო კაცებისთვისაა, სასიყვარულო რომანები კი – ქალებისთვის. მიუხედავად ამისა, თანამედროვე სამყაროში, სადაც საკუთარი სხეულის ფლობის საკითხში ქალები ბევრად თავისუფალნი გახდნენ, ქალის მხრიდან რომანტიკული ურთიერთობის გარეშე სექსზე საუბარიც კი „ბოზის“ იარლიყის მიკერებას ნიშნავს.
ქალები მინიშნებებით საუბრობენ, მათი „არა“ ნიშნავს „კის“.
ინტერნეტში მილიონობით სისულელის წაკითხვა შეიძლება იმაზე, თუ რას ფიქრობს ქალი, სინამდვილეში კი სულ სხვა რამეს ამბობს. ამიტომაა, რომ კაცები ქალის „არას“ ჩვენში არად აგდებენ. შედეგად, რომანტიკული შეხვედრა ან შემთხვევითი ნაცნობობა ხშირად გაუპატიურებით სრულდება.
ქალებს მდიდარი კაცები ურჩევნიათ
ამ სტერეოტიპში ურთიერთობების დამყარების საბაზრო პრინციპი იკვეთება, სადაც კაცი მომხმარებელია, ქალი კი – მოხმარების საგანი. შესაბამისად, რაც უფრო მდიდარია კაცი, მით უფრო მეტი მოხმარების საშუალება აქვს მას. ამ სტერეოტიპს მეორე მხარეც აქვს – კაცის ვალდებულება, „შეინახოს“ ქალი. ობიექტის სტატუსის შენარჩუნებით, ურთიერთობის საფუძველზე, ქალი კაცის ფინანსური რესურსების მომხმარებლად იქცევა.
რა თქმა უნდა, ასეთ ურთიერთობებში ცნობიერად მონაწილეობა ყველას მიზანი სულაც არაა, მაგრამ ყველაზე უანგარო წყვილებიც კი, ზოგჯერ გაუცნობიერებლად ამ მოდელის ურთიერთობაში შედიან, სადაც კაცმა საკმარისი უნდა გამოიმუშაოს, რათა საკუთარი პარტნიორის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, ქალი კი თავის მხრივ ამას უკვე საკუთარი არსებობით იმსახურებს. თუ რა თანხა აქვს კაცს ანგარიშზე, – ეს უკვე დეტალებია.
ყველა ქალი გათხოვებაზე ოცნებობს
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს სტერეოტიპი ასე მუშაობს: ყველა ქალს სურს კაცის „გამოჭერა“, ანუ მასზე დაქორწინება, ხოლო კაცებს კი – ქორწინების გარეშე სექსი. ქალის გათხოვებისკენ სწრაფვას სხვადასხვა ინსტიტუტი უწყობს ხელს, დაწყებული ხალხური გამოთქმიდან „შინაბერად ჩაჯდა სახლში“, დამთავრებული უამრავი მაგალითით რეკლამაში, ჟურნალებში, საქორწილო ინდუსტრიაში, სადაც ფსონი კეთდება არა ნეფეებზე, არამედ პატარძლებზე. ამ სტერეოტიპის სტაბილურად მყარ პოზიციას თავად ქალებიც სიამოვნებით ამყარებენ გაშინაგნებული მიზოგინიის მეშვეობით (იმ ქალების განსჯა, რომლებიც ოჯახური კერიისკენ არ მიილტვიან). კაცებს კი ტრადიციულად მოეთხოვებათ, რომ ქორწინების ინიციატორები იყვნენ, თუმცა ოჯახის შექმნის სურვილი არ უნდა სწვავდეთ. ეს სტერეოტიპი ძალზე სიცოცხლისუნარიანი და მყარია.
კაცები მზად არ არიან, ბავშვებს მოუარონ
მართალია, საქართველოს კანონმდებლობა კაცისთვის დეკრეტული შვებულების გაცემის საშუალებას იძლევა, საქართველოში ამგვარი პრაქტიკა მხოლოდ ერთხელ დაფიქსირებულა; ბავშვის მოვლა კვლავინდებულად „ქალის საქმედ“ მიიჩნევა. ეს სტერეოტიპი მამობის ცნებას აკნინებს და კაცს ბავშვზე ყოველდღიური ზრუნვის საქმიანობისგან ათავისუფლებს. ბავშვის აღზრდა-მოვლა ქალის მონოპოლიაა. თუ კაცი ათასში ერთხელ ბავშვს საფენს გამოუცვლის ან გარეთ გაასეირნებს, საზოგადოების მხრიდან უზომო ქება-დიდებას იმსახურებს, იმ დროს, როდესაც ბავშვის აღსაზრდელად სამსახურის მიმტოვებელ კაცს ყველა კიცხავს. სტერეოტიპი თავის კანონებს გვკარნახობს და ყოველ კონკრეტულ წყვილს მისთვის ხელსაყრელი გრაფიკის შემუშავებაში უშლის ხელს.
ქალისთვის ოჯახია მნიშვნელოვანი, კაცისთვის კი – კარიერა
ამ მტკიცებით, ცხოვრებისეულ მისწრაფებებში გენდერულად მარკირებული ვალდებულება იჭრება იმ ადამიანებთანაც კი, რომლებიც აქამდე რაღაცნაირად ავტონომიურ რეჟიმში ცხოვრებას ახერხებდნენ. ერთი მომპოვებელია, მეორე კი – ოჯახში მოფუსფუსე. ამით ორივე კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან „ბუნებაში ჩადებულია, რომ ქალები და კაცები სიამოვნებას სხვადასხვა რამისგან იღებენ“. სპეციფიკური „ქალური“ ფსიქოლოგიის შესახებ ბევრი წერია გლამურულ ჟურნალებსა და ქალებისთვის განკუთვნილ რომანებში.
როგორც წესი, კაცების კეთილდღეობა ფინანსურ, კარიერულ, ფიზიკურ წარმატებებს უკავშირდება. ქალმა სახლში მყუდროება უნდა შეინარჩუნოს, კაცი კი პროფესიულ განვითარებას უნდა ესწრაფოდეს. პირიქით არ შეიძლება; ასეთი შემთხვევა განიხილება უკეთეს შემთხვევაში გამონაკლისად, უარეს შემთხვევაში კი საკუთარი სქესის წესების უღირს უგულებელყოფას ინათლება და კლიშეებს: „ქალის ჩმორი“ ან „კარიერის გიჟი“ – იმსახურებს.
კაცი რაციონალურია, ქალი – ემოციური
ქალისა და კაცის ფსიქიკის უტრირება სხვადასხვა დროსა და კულტურებში არსებობდა, ახლა კი, პოპ ფსიქოლოგიის მეშვეობით, ქალისთვის ემოციურობის ვითომ თანდაყოლილობა უკვე ლამის უეჭველ ჭეშმარიტებადაა აღიარებული.
სინამდვილეში, ქალის ემოციურობაც და კაცის ლოგიკურობაც წმინდა წყლის სტერეოტიპიზაციაა – ჩვენი ტვინების აგებულებაში მსგავსი არაფერი ხდება. ქალის მოჭარბებულ ემოციურობას ხშირად „ისტერიულობას“ უწოდებენ, თუმცა თავად „ისტერიის“ სამედიცინო დიაგნოზი უკვე კარგა ხნის გაქარწყლებულია.
და მაინც, ჩვენ მიგვაჩნია, რომ კაცები ლოგიკურად მოაზროვნე არსებები არიან, ქალებს კი ლოგიკურად აზროვნება არ შეუძლიათ, საუკეთესო შემთხვევაში, მათ გაურკვეველი „ქალური ლოგიკა“ ახასიათებთ. ვიდრე ჩვენში ეს სტერეოტიპები ბატონობს, ცხოვრება ყველასთვის მძიმე იქნება. ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან, კაცებს მგრძნობელობის გამოხატვა სასტიკად ეკრძალებათ („ნუ ქვითინებ გოგოსავით“), ქალებისგან ლოგიკურ საქციელს კი დაბადებიდან არავინ ელის. ეს ყველაფერი ხანდახან სრულიად შეუძლებელს ხდის პარტნიორებს შორის ურთიერთგაგებასა და ღიაობას.