სტატიები

ქალების უსაფრთხოება – კაცების პრობლემაა

2021 წლის მარტში, ქალები დიდ ბრიტანეთში ჯერ კიდევ დაუცველად გრძნობენ თავს. ქალების უსაფრთხოება კაცების პრობლემაა. მშობლებისაც, რადგან ბიჭებს ჩვენ ვზრდით.

საქმე ეხება საზოგადოებას, რომელიც დღემდე ითმენს ქალის მასობრივ ობიექტივიზაციას (და გაცილებით ნაკლებად, ვიდრე – კაცებისას). ესაა საზოგადოება, რომელიც ტაბლოიდებს წელიწადში მილიონობით ფუნტს უხდის გონების დამბინდველი სიბინძურის გასავრცელებლად, რომელიც თვალებით ჭამს რეალითი შოუების თითქმის ბოლომდე გაშიშვლებულ პერსონაჟებს, შემდეგ კი უკვირს, თუ რატომაა ირგვლივ ამდენი გაუმაძღარი ავხორცობა. სექსუალური მიმზიდველობის ასეთი ცინიკური გამოყენება პროდუქტების გაყიდვისას ადამიანების ღირებულებას აქვეითებს და მათ ჟინის დასაკმაყოფილებელ ხორცად აქცევს.

ამაზე მპასუხობენ, რომ ეს ერთეული შემთხვევებია, მაგრამ ეს პასუხი სისულელეა. ყველაფერი წლობით ყალიბდებოდა. საკმაოდ ზრდასრული ვარ საიმისოდ, რომ გავიხსენო, თუ როგორ წესდებოდა ტელევიზიაში კაცის უწმაწური ქცევა ნორმად. ეს არის იმის ნორმალიზაცია, რაც ადრე მიუღებელი იყო.

ქალებს უფლება აქვთ, ქუჩაში შევიწროების გარეშე გაიარონ. სარა ევერარდს უფლება ჰქონდა, ეფიქრა, რომ შინ მიმავალი ლონდონის ერთ-ერთ ქუჩაში უსაფრთხოდ იგრძნობდა თავს. რატომ არ მოხდა ასე? როგორც ყოველთვის, არსებობს ფაქტორებისა და დამნაშავეების კომბინაციები. როგორც წესი, ვინც ყველაზე მეტად ყვირის, მას ყველაზე მეტი ბრალი მიუძღვის: ტაბლოიდები და ტელევიზია სწორედ ამ მოსაზრებებს ეყრდნობიან. მასმედიის მხარდამხარ, უკიდეგანო სიბრძნით დატვირთულმა ტერეზა მეიმ ბრიტანეთში პოლიციელების რიცხვი 20 000-ით შეამცირა. ბორისი ამის გამოსწორებას დაგვპირდა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია. ნებისმიერი შავკანიანისთვის ცნობილია, რომ დედაქალაქის პოლიცია არაეფექტურად მუშაობს ინსტიტუციურ რასიზმთან მიმართებაში, და ეს უკვე ქალებზეც ვრცელდება.

რა მოვუხერხოთ ამას?

ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ბიჭებს უნდა ვასწავლოთ, თუ რა არის თანხმობა, რომ “არა” ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს “არას”, ხოლო თუ დარწმუნებული არ ხარ, მაშინ იფიქრე, რომ პასუხი ისევ “არაა”. ყოველწლიურად, უამრავი ცხოვრება ინგრევა გაუპატიურების ან გაუპატიურებაზე განაცხადების გამო. სჯობს, ამ წაშლილი ხაზებისგან შორს დავიჭიროთ თავი. ეს უსიამოვნო საუბარია, მაგრამ იგი კონტრაცეფციისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ ინფორმირებულობის გვერდით დგას. რაც შეეხება არჩევანს, საქმე იმ კომპანიებშია, რომლებსაც ჩვენი ფულით ვუჭერთ მხარს. თუ Daily Mail-ის გვერდითა პანელს გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ჩვენი ნახვებისგან უამრავი სამარცხვინო გამოცემა იღებს სარგებელს. უბრალოდ, ამაზე უარი უნდა ვთქვათ. ხელმისაწვდომია ინფორმაციის სხვა, ბევრად ავტორიტეტული წყაროებიც.

დეპუტატებმა წესით მთავრობას პასუხისმგებლობისკენ უნდა მოუწოდონ, მოითხოვონ პოლიციის მუშაობის აქტუალური სტატისტიკა და ამის საფუძველზე იბრძოლონ დამატებითი დაფინანსებისთვის, რათა მეტი პოლიციელი იქნას ჩართული საზოგადოებრივი უსაფრთხოების საქმეში.

საერთო ჯამში, ჩვენ, კაცებმა, სხვა კაცები უნდა ვაკონტროლოთ, თუ მათი უადგილო კომენტარები ან ქცევები შევნიშნეთ ქალების მიმართ. ჩვენ მათ უნდა შევეწინააღმდეგოთ ტაქტიანად და მტკიცედ. რაც მეტია ჩვენნაირი, მით სწრაფად მიხვდებიან მორღვეული მორალის მქონე კაცები, რომ მსგავსი ქმედებები სოციალურად მისაღები აღარაა. ზედმეტად დიდი ხნის მანძილზე ვიხედებოდით განზე და ამით ჩვენს კოლეგა და მეგობარ ქალებს ვწირავდით საკუთარი კომფორტისთვის. ეს არაა საკმარისი და ჩვენ შეგვწევს ძალა, რათა შევაჩეროთ ეს, ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ, თეთრკანიანები, ერთადერთნი ვართ, ვისაც რასიზმის რეალურად დამარცხება ძალგვიძს.

სამყაროს ჭვრეტა იქიდან უნდა დავიწყოთ, თითქოს მოზარდი გოგონა გვყავს, ვთქვათ, 13-14 წლისა. როგორ საზოგადოებაში გვსურს, რომ მან იცხოვროს? შეეძლება თუ არა მას ქუჩაში შიშის გარეშე გასვლა? ჩვენ ვიცით, რომ პასუხი დადებითია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკვე მოქმედებაზე უნდა გადავიდეთ.

adrianpure.medium.com