ვირჯინები
2016 წლის აგვისტოში, 85 წლის ასაკში, მონტენეგროში, ქვეყნის უკანასკნელი ვირჯინი – სტანა ცეროვიჩი (Stana Cerovic) გარდაიცვალა. ვირჯინები, ანუ შეფიცული ქალწულები, ბალკანური კულტურული ფენომენის წარმომადგენლები არიან. ისინი მონტენეგროში, ალბანეთსა და კოსოვოში ცხოვრობდნენ. აქაური ტრადიციის თანახმად, ოჯახი, რომელსაც ვაჟი არ ჰყავდა, მის როლს ერთ-ერთ თავის გოგონას აკისრებდა. გოგონა ნებაყოფლობით დაუქორწინებლობის აღთქმას დებდა (აქედან მოდის სახელი „ვირჯინიც“) და ოჯახში კაცის ფუნქციას კისრულობდა. სოფლის უხუცესების წინაშე ფიცის დადების შემდეგ, შეფიცულ ქალწულს კაცის დარად ეპყრობოდნენ. მას კაცის სამოსი ეცვა, „კაცურად“ ცხოვრობდა და თემის მმართველობაში კაცის თანაბარი უფლებები გააჩნდა. საზოგადოება ვირჯინსა და მის მშობლებს პატივისცემით ეპყრობოდა.
გოგონას მისთვის უცხო გენდერული როლის გათავისებას ბავშვობიდან აჩვევდნენ, კაცის სამოსს აცმევდნენ, მოზარდობის ასაკში კი მკერდს უკრავდნენ. ვირჯინებს საკუთარ თავზე მდედრობით სქესში საუბარი და ხელსაქმით დაინტერესება ეკრძალებოდათ. სოფლის ყველა დანარჩენი მცხოვრები ვალდებული იყო, მათ მოქცეოდა, როგორც კაცს.
შედეგად, ბევრ ვირჯინს უყალიბდებოდა წარმოდგენა, რომლის თანახმადაც ბიოლოგიურ სქესს ბუნების შეცდომად აღიქვამდა. ამგვარი ქალები კაცის სამუშაოს ასრულებდნენ, ბრძოლებში მონაწილეობდნენ, ეწეოდნენ, სვამდნენ, დედას იგინებოდნენ და ქალებისთვის აკრძალული ხმის უფლებითაც სარგებლობდნენ. ნიშანდობლივია, რომ ვირჯინებს საბუთებიც კი კაცისა ჰქონდათ. მათი ქალობა მხოლოდ ერთ საკითხში იკვეთებოდა – დაკრძალვის დროს. ამ შემთხვევაში, გაურკვეველი მიზეზების გამო, მათი კაცებად მოხსენიება იკრძალებოდა.
გარდა ვაჟის არყოლისა, ქალიშვილის ვირჯინად აღზრდას სხვა მიზეზებიც ჰქონდა. ჯერ ერთი, მთიან რაიონებში, სისხლის აღების ადათი იყო გავრცელებული, – როდესაც ოჯახში მამრობითი სქესის ყველა წარმომადგენელს ხოცავდნენ. გოგონები ვირჯინებად მაშინაც ხდებოდნენ, როდესაც ოჯახის ყველა კაცს კლავდნენ ან მშობლები ვაჟის გადამალვას აპირებდნენ. გარდა ამისა, ვირჯინად გახდომა ყველა იმ გოგონას ეწერა, ვისი ნიშნობაც ჩაიშლებოდა ნებისმიერი მიზეზით, თუნდაც ეს საქმროს სიკვდილი ყოფილიყო.
ზოგჯერ, მაგალითად, ოჯახის ვაჟების მცირეწლოვნების გამო, ვირჯინობა გოგონას დროებით უნდა ეკისრებინა. ამ შემთხვევაში, მათ თემში ხმის უფლება არ ჰქონდათ. მას შემდეგ, რაც მისი ძმები იზრდებოდნენ და ვირჯინის მოვალეობისგან გათავისუფლდებოდნენ, როგორც წესი, მათ ოჯახის შექმნა და გათხოვება მკაცრად ეკრძალებოდათ.
მონტენეგროელი უკანასკნელი ვირჯინის ისტორია ასეთია: მას შემდეგ, რაც ოჯახში ორი ვაჟი გარდაიცვალა, გვარის შენარჩუნების მიზნით, იგი ვირჯინად აქციეს. 5 წლის გოგონა უკვე თამბაქოს ეწეოდა, 8 წლისა მიწას ხნავდა, შემდეგ იარაღის ფლობაც ისწავლა. „კაცობა ბავშვობიდანვე მიადვილდებოდა, მაგრამ ჩემმა წყეულმა ბედმა კაცად არ გამაჩინა“, – ამბობდა უკანასკნელი ვირჯინი. იგი მარტოობაში, მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა.
შეხვეული ფეხები
გოგონას ტერფის ლოტოსის ყვავილად დეფორმირების ჩვეულება, რათა იგი აღარ გაზრდილიყო, ჩინეთში მთელი საუკუნის მანძილზე იყო გავრცელებული – ХХ საუკუნის დასაწყისამდე. თუ გოგონას ტერფის სიგრძე შვიდ სანტიმეტრს აჭარბებდა, მას ოქროს ლოტოსს უწოდებდნენ, 10 სანტიმეტრამდე სიგრძისას ვერცხლისას, 10 სანტიმეტრზე მეტს კი – რკინისას. ადვილი მისახვედრია, რომ ამგვარად დეფორმირებული ფეხით ქალს ნორმალური ცხოვრება არ შეეძლო, სამაგიეროდ, ეს მისი წარმატებულად გათხოვების საწინდარი იყო. ფეხებს მდიდრების გოგონებს უხვევდნენ, ღარიბები კი ცდილობდნენ, ლოტოსის ფორმის ფეხები მათ უფროს გოგონებს მაინც ჰქონოდათ. ფეხების შეხვევის პროცედურას გოგონებს მოწვეული სპეციალისტები ან საკუთარი დედები უტარებდნენ.
ფეხის შეხვევის ეს ადათი კონფუციანელობის იდეას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, ქალი სისუსტისა და პასიურობის, „ინის“ განსახიერებაა. არათანაბარზომიერად პატარა ტერფის მქონე ქალები ოჯახსა და ქმარზე მთლიანად დამოკიდებულები ხდებოდნენ. ამიტომაც, საზოგადოების თვალში, ისინი კეთილგონიერებასა და მორჩილებასთან ასოცირდებოდნენ. მდიდარი კაცები ამგვარი ქალის ცოლად მოყვანას ცდილობდნენ, რათა კიდევ ერთხელ დაემტკიცებინათ საკუთარი სიმდიდრე – მათი ცოლები ხომ დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდნენ და შესაბამისად, სახლის საქმესაც ვერ ასრულებდნენ.
რაც შეეხება თავად ფეხის შეხვევის პროცედურას: ამაზე დაახლოებით სამი წელი მიდიოდა. ამ ხნის მანძილზე, გოგონას ფეხის გადამტვრეული თითები ისე იყო მოკეცილი, რომ ბამბის ნახვევებისა და წვეტიანი ფეხსაცმლის ყალიბის თავისებურ „თაბაშირში“ იჯდა. ამ პირობებში, გოგონები იძულებულნი იყვნენ, დღეში რამდენიმე კილომეტრი გაევლოთ ფეხით, რათა ფეხში სისხლის მიმოქცევა აღმდგარიყო, ხოლო ტერფს სხეულის სიმძიმის შედეგად საჭირო ფორმა მიეღო. პერიოდულად, ნახვევებს ხსნიდნენ, ფეხზე მასაჟს, პედიკიურს უკეთებდნენ და სურნელოვანი წყლით ამუშავებდნენ. ფრჩხილის ჩაბრუნების შემთხვევაში, მას საერთოდ აშორებდნენ. ხშირად, ფრჩხილები თავისით ცვივდებოდა ბუდიდან და ეს უფრო მოსახერხებელ მოვლენად მიიჩნეოდა.
თანდათანობით, ნახვევები სულ უფრო და უფრო მჭიდრო ხდებოდა. ძვლები ისევ თავიდან იმტვრეოდა. უკანასკნელ ეტაპზე, ფეხის ტერფს იმდენად მაღალი ზედა მხარე უნდა ჰქონოდა, რომ ფეხის თითებსა და მას შორის მდებარე ღიობში ქათმის კვერცხი უნდა ჩატეულიყო. ქალი ფეხის შეხვევას მთელი ცხოვრების მანძილზე აგრძელებდა, რაც მას გაუსაძლის ტკივილად უჯდებოდა.
მიუხედავად ყველაფრისა, ის ქალები, ვინც საკუთარმა დედამ დაინდო და ეს ტკივილი არ მიაყენა, დედაზე უკიდურესად განაწყენებულნი იყვნენ, რადგან არც წარმატებული გათხოვება შეეძლოთ და არც მდიდრულ სახლში მუშაობის შანსი ჰქონდათ. ნორმალური ფეხების მქონე ქალები საზოგადოებაში სძულდათ, კაცებს კი ციცქნა, დასახიჩრებული ფეხი ეროტიკის მწვერვალად მიაჩნდათ, თუმცა მათი ნახვა სახვევებისა და ფეხსაცმლის გარეშე არ სურდათ. დღეს ჩინეთში ლოტოსის ფორმის ფეხის მქონე ქალების თაობა ჯერ კიდევ ცოცხალია.
კისრის დაგრძელება
მიანმაში მცხოვრები პადაუნგის ტომის ქალები იძულებულნი არიან, კისრები დაიგრძელონ, რათა სილამაზის სპეციფიკურ კანონებთან თანხვედრაში მოვიდნენ. კისრის დაგრძელება სპილენძის მასიური სპირალის მეშვეობით ხდება, რომელსაც უკვე 5 წლის ასაკის გოგონებს უკეთებენ. თანდათანობით, სპირალის რგოლების რიცხვი იზრდება და ზრდასრულ ასაკში მათი რაოდენობა 25-ს აღწევს. ამის გამო, პადაუნგის ქალებს ხშირად ჟირაფებს უწოდებენ.
კისრის დამაგრძელებელი სამკაული შემდეგი პრინციპითაა დამზადებული: მისი რგოლები მთლიანი ჩამოსხმისაა. როდესაც კისერი მის გარკვეულ ზომას ეჩვევა, იგი გრძელდება და უფრო ფართოთი იცვლება. ამგვარი კონსტრუქციის წონა 5 კილოგრამამდე მერყეობს. მიიჩნევა, რომ კისრის ჯანსაღი დაგრძელება ჯანმრთელობას არ ვნებს და არც ხერხემალს აზიანებს.
ამ ადათის წარმომავლობის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, იგი მონობის პერიოდის გადმონაშთია, მეორე კი გვიამბობს, რომ ბრასლეტები ერთგვარი საოჯახო ბანკის ფუნქციას ითავსებდა; პადაუნგის ტომის ქალები, კისერზე ბრასლეტის გარდა, მაჯის ვეება ბრასლეტებსაც ატარებენ. მსგავსი ჩვეულება სამხრეთ აფრიკაშიც გვხვდება. ჩვენს დროში, ქალები ამ ტრადიციას ტურისტების დიდი ყურადღების გამო მისდევენ, რასაც მათთვის გარკვეული სახის შემოსავალიც მოაქვს.
ქალის წინადაცვეთა
ქალის წინადაცვეთის ტრადიცია ХХI საუკუნეშიც კი არის გავრცელებული, თუმცა საკმაოდ დიდი ხნის წინ გაჩნდა და ინკები იყენებდნენ. პროცედურა ქალის გარეგანი სასქესო ორგანოების მოკვეთას ითვალისწინებს, რისი მიზანიც, კაცების აზრით, ქალის მხრიდან ღალატის აღკვეთა და მისთვის სექსუალური მგრძნობელობის წართმევა იყო. ქალების უმრავლესობა ამ ოპერაციის შემდეგ სექსის დროს ყოველგვარი სიამოვნების განცდის უნარს კარგავს.
როგორც წესი, ოპერაცია კუსტარულ პირობებში ტარდება, ექიმისა და ანესთეზიის მონაწილეობის გარეშე. ამას ქალის ჯანმრთელობისთვის სერიოზული უარყოფითი შედეგები მოაქვს, სეფსისიდან დაწყებული, უშვილობით დამთავრებული. ქალის წინადაცვეთა გავრცელებულია აფრიკაში (ეგვიპტე, ჩადი, სომალი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კენია), ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ზოგიერთ ქვეყანასა და რუსეთის ზოგიერთ რეგიონში. როგორც წესი, გოგონას წინადაცვეთას 16 წლის ასაკში უკეთებენ.
2012 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ქალის წინადაცვეთის ამკრძალავი რეზოლუცია მიიღო.
ღირსების მკვლელობები
იმ სირცხვილის გამო მკვლელობა, რომელიც ქალმა ან გოგონამ ოჯახს „დამართა“, ყველაზე მეტად თანამედროვე პაკისტანში, თურქეთში, ინდოეთსა და ეგვიპტეშია გავრცელებული. ოფიციალური მონაცემებით, პაკისტანში ამის გამო წლიურად ათასამდე ქალს კლავენ, თუმცა, რეალური სურათი შესაძლოა უარესი იყოს. როგორც წესი, მკვლელობას მსხვერპლის ახლო ნათესავები – ძმები, ბიძები ან მამები სჩადიან. სირცხვილად შესაძლოა არა მხოლოდ ქმრის ღალატი, არამედ უცხო კაცისთვის ნათქვამი ორი სიტყვა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო ან კარიერის გაკეთების სურვილი დასახელდეს.
ერთ-ერთი მსგავსი ინციდენტი 25 წლის ფარზანა იკბალის (Farzana Iqbal) მკვლელობა გახდა. სიყვარულით ფარული ქორწინების გამო, გოგონა ქვებით ჩაქოლეს. მისი სიკვდილით დასჯაში დაახლოებით 10 კაცი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ: მამა, ძმა და მსხვერპლის ყოფილი საქმრო.
2016 წლის ივლისში, Instagram-ის პაკისტანელი ვარსკვლავი ქანდილ ბალოჩი (Qandeel Baloch) საკუთარმა ძმამ გამოასალმა სიცოცხლეს იმის გამო, რომ 26 წლის კანდილმა პაკისტანის საზომებით „გულახდილი“ ფოტოები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. მკვლელმა გოგონას ჯერ ნარკოტიკი მისცა, შემდეგ კი გაგუდა.
უკანასკნელი გახმაურებული ამბავი ამა წლის აგვისტოში მოხდა. პაკისტანელმა მეორე ცოლი ღალატში ეჭვის გამო მოკლა.
დადანაშაულებული ქალი ოჯახის წევრ კაცებს „არცხვენს“, და მისი ხვედრი სიკვდილია. გარდა ამისა, პაკისტანსა და ინდოეთში ქალებისთვის სახეში გოგირდმჟავის შესხმის ტრადიცია ძალზე პოპულარულია. როგორც წესი, ამას ის კაცები სჩადიან, ვის სიყვარულსაც კონკრეტული ქალები უარყოფენ. ისინი მათ ქუჩაში უსაფრდებიან და სამუდამოდ ასახიჩრებენ.