ავტორი: ლალეზარ გასანოვა
ძალადობის წინააღმდეგ წელიწადში ერთხელ კი არა, ყოველდღე უნდა ვიბრძოლოთ
ქალთა მიმართ ძალადობა საუკუნეების მანძილზე გავრცელებული პრაქტიკაა როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში. თუმცა, მეოცე საუკუნის დასაწყისიდან, ძალადობის ამ ფორმას მიზანმიმართულად და სისტემატურად ებრძვიან.
მიუხედავად ამ ბრძოლისა, 21-ე საუკუნის დასაწყისში ქალთა მიმართ ძალადობა კვლავ სახიფათო პრობლემად რჩება. ქმრების, საყვარელი ადამიანების ან ოჯახის წევრების მხრიდან მოკლული ქალების რიცხვი ათეულობით ათასია. 2018 წლის გაეროს ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 90 000-ზე მეტი ქალი ოჯახში ძალადობის გამო დაიღუპა.
ქალთა მიმართ ძალადობა და სასტიკი მოპყრობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ახლა მოგიყვებით ქალის ისტორიას, რომელიც სასტიკი ძალადობის მსხვერპლია.
ქალბატონი სურაია – თავშესაფარში ძალადობის მსხვერპლის სტატუსით ცხოვრობს. ის 46 წლისაა, 29 წელიწადი ქორწინებაში იყო. მისი თქმით, მთელი ამ წლების განმავლობაში, ქმარი მას სცემდა. მიზეზი ის არის, რომ მეუღლე ალკოჰოლის მიღების შემდეგ, მოძალადე თავს ვერ აკონტროლებდა. ყოველ შემთხვევაში, იგი გაღვიძებისას ამას იმიზეზებდა.
ქალბატონი სურაია ოჯახმა 18 წლის ასაკამდე გაათხოვა. ამბობს, რომ ნებაყოფლობით გაჰყვა ამ კაცს, მაგრამ ქორწინებიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ, ქმარმა მასზე ძალადობა დაიწყო.
„ფანჯრებსა და კარებს კეტავდა და ისე მცემდა. ყველაზე მეტად თავში მირტყამდა, მუშტებით მცემდა, წიხლებს მირტყამდა, ორივე ფეხით მადგამდა თავზე, ხან პირზე ხელს მიჭერდა და რაღაც ხნის განმავლოაბში უჰაეროდ მტოვებდა“, – ამბობს სურაია.
რამდენჯერაც დააპირებდა წასვლას, უფროსები არ უშვებდნენ, კარგად იქნებაო, ამბობდნენ. თუმცა, სიტუაცია უფრო დაიძაბა. სურაიამ 21 წლის შემდეგ განქორწინება მოახერხა. ამჯერად, ქმრის ბოდიშების და დაპირებების შემდეგ, იგი ისევ მასთან დაბრუნდა.
დაპირების მიუხედავად, მან ისევ დაუწყო ცემა… გარდა ამისა, სახლში მან ცოლს ხელ-ფეხი შეუკრა, განათება ჩააქრო, ფარდები ჩამოაფარა, კარები დახურა და ოჯახის ნახვის უფლებაც არ მისცა. ამის მერე, სურაიამ ისევ მოახერხა განქორწინება. მან თქვა, მეორედ მოვახერხეო ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევა.
ყველა დღე უნდა იყოს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე. თუ ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა არ გახდება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი, ეს პრობლემა წლების განმავლობაში სერიოზულ სახეს შეინარჩუნებს.
ბლოგის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია კავშირი საფარი. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.