2014 წელს, მხოლოდ 10 თვის მანძილზე, ოცამდე ქალი მოკლეს. ეს მხოლოდ მსხვერპლის სიკვდილით დასრულებული მონაცემებია. გაცილებით შემაშფოთებელია იმ შემთხვევების რიცხვი, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის სხვა ფორმებს მოიცავს.
“112“-ის ცხელ ხაზზე, 2013 წელს ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით 5 447 გამოძახება დაფიქსირდა. ეს რიცხვი ქალზე ძალადობის შემთხვევების ზუსტ რაოდენობას ვერ გვიჩვენებს, ვინაიდან ამგვარი ძალადობის შემთხვევების უდიდესი ნაწილი ოჯახის კედლებს არ სცილდება. რაც შეეხება არსებულ გამოძახებებს, სახელმწიფოს მხრიდან მასზე რეაგირების შემთხვევები დაბალია. მაგალითად, იმავე 2013 წელს მხოლოდ 212 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.
ამგვარი სავალალო სტატისტიკა პირდაპირ მეტყველებს ჩვენს საზოგადოებაში ქალის დაკნინებული როლზე. პატრიარქალური კულტურის ნორმები და ტრადიციები არა მხოლოდ გადაულახავ წინაღობად არის აღმართული ქალის ცხოვრების ყოველდღიურობაში, არამედ ხშირად ხელყოფილია მისი სიცოცხლის უფლებაც კი. ხშირ შემთხვევაში, საზოგადოება ქალზე ძალადობას კულტურული ნორმებით ამართლებს და მას ნორმად მიიჩნევს.
საქართველოში ქალთა მოძრაობის ჩამოყალიბების აუცილებლობა სწორედ ზემოთ დასახელებულმა პირობებმა წარმოშვა.
2014 წლის 7 ნოემბერს, ფრონტლაინის კლუბში “ქალთა მოძრაობის” პრეზენტაცია გაიმართა.
„ქალთა მოძრაობა“ არ არის პოლიტიკური პარტია, არც არასამთავრობო ორგანიზაცია და არც საქველმოქმედო ფონდი, არამედ მოძრაობა, რომელმაც გააერთიანა ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობა, ქალების უფლებები და ვინც უკიდურესად შეშფოთებულია მიმდინარე წლის მანძილზე სულ ცოტა 25 ქალის მკვლელობით, გახშრებული ოჯახური ძალადობით და ქალების მუდმივი ჩაგვრით საქართველოში”, – ნათქვამია “ქალთა მოძრაობის” განცხადებაში.
„ჩვენ ვერთიანდებით იმისათვის, რომ ვუთხრათ მთავრობას და პარლამენტს – ქალზე ძალადობის აღმოფხვრა საზოგადოების დაკვეთაა. შესაბამისად, ეს მათი პრიორიტეტი უნდა გახდეს! მივმართავთ საზოგადოებას, ჩვენ, ყველას ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე, შეგვიძლია შევცვალოთ არსებული მდგომარეობა, ნუ დავხუჭავთ თვალს ქალის მიმართ ძალადობაზე“,- განაცხადა ბაია პატარაიამ, ქალთა მოძრაობის აქტივისტმა.
“ქალთა მოძრაობამ” უამრავი ადამიანი გააერთიანა, ვისთვისაც ძვირფასია მოძრაობის მიერ დეკლარირებული ღირებულებები. “ქალთა მოძრაობის” აქტივისტებმა 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გრანდიოზული აქცია დააანონსეს.
2014 წლის 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმში, თელავში, ახალციხეში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში, მარნეულში, გარდაბანში, დმანისსა და წყალტუბოში, სლოგანით „ქალზე ძალადობა დანაშაულია – შეაჩერე!“, ქალთა უფლებების ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა.
აქციის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომელიც ქვეყნის უმაღლეს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფალთ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად დაუყოვნებლივი და ქმედითი ზომების გატარებას სთხოვდა.
გთავაზობთ პეტიციის სრულ ტექსტს:
“საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ-ნ. ირაკლი ღარიბაშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბ-ნ. დავით უსუფაშვილს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ბ-ნ. კონსტანტინე კუბლაშვილს
პეტიცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად
ჩვენ, პეტიციის ხელმომწერები,დაუშვებლად მივიჩნევთ ქალთა და გოგონათა მიმართ ნებისმიერი ფორმით ძალადობას. ჩვენ ყოველდღიურად გვესმის ქალების გაუპატიურების, მკვლელობების, ცემის შემზარავი ისტორიები. ძალადობის უკიდურესად მძიმე და უხეშმა ფორმებმა გააფერმკრთალა მისი შედარებით მსუბუქი გამოვლინებები და მათი არასერიოზულად აღქმისა თუ ძალაუნებური „ლეგიტიმაციის“ რისკი შექმნა. ძალადობასთან სისტემური და მძლავრი დაპირისპირების ნაცვლად, ხელისუფლება ფრაგმენტულ და ხარვეზიან რეაგირების გვთავაზობს და აქცენტი მხოლოდ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე გადააქვს, მაშინ როცა ქალზე ძალადობა კომპლექსურ მიდგომას და დამხმარე მექანიზმების ჩამოყალიბებას საჭიროებს.
ჩვენ, პეტიციის ხელმომწერები, ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, გააცნობიეროს ქალზე ძალადობის პრობლემის სიმწვავე და საკუთარი პასუხისმგებლობა გენდერულ უთანასწორობასთან ბრძოლაში. ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, გაატაროს დროული, ქმედითი და ეფექტური პოლიტიკა ქალზე ძალადობის და გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, კერძოდ:
– საგანმანათლებლო დაწესებულებებში გენდერული თანასწორობისა და არაძალადობრივი კულტურის დანერგვის მიზნით, გენდერული თანასწორობა გახდეს სკოლამდელი და სასკოლო განათლების შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, გაწერილ იქნას მისი დეტალური სამოქმედო გეგმა;
– ოჯახში ძალადობის დანაშაულის პრევენციის მიზნით, ჩამოყალიბდეს მულტიდისციპლინური ჯგუფები, სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის, უბნის ინსპექტორის და სხვა სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც იმუშავებენ პრობლემურ ოჯახებთან; განვითარდეს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისები, როგორც მსხვერპლთათვის, ასევე მოძალადეთათვის;
– უზრუნველყოფილ იქნას ქალთა მიმართ ძალადობის ყოველ შემთხვევაზე დროული და ეფექტური რეაგირება, დამნაშავეთა გამოვლენა და დასჯა. დაინერგოს გენდერულად სენსიტიური მართლმსაჯულების სისტემა. საზოგადოებას მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შესახებ;
– უზრუნველყოფილ იქნას ქალთა თანასწორობა დასაქმების სფეროში, აღმოიფხვრას დისკრიმინაცია წინასახელშეკრულებო და სახელშეკრულებო შრომით ურთიერთობებში, შემუშავდეს კონკრეტული ეფექტური რეაგირების მექანიზმი დასაქმების ადგილებზე ქალთა სექსუალური შევიწროვებაზე, მოხდეს ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, მათ შორის, სოციალური დაცვის გენდერულად სენსიტიური სისტემის დაგეგმვით და განხორციელებით;
– გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებში სათანადოდ გადამზადდნენ საჯარო მოხელეები, მათ შორის, პოლიციის, პროკურატურისა და სასამართლოს მოხელეები; შესაბამისად გაიწეროს დეტალური სამოქმედო გეგმა;
– არაძალადობრივი კულტურისა და გენდერული თანასწორობის გავრცელებასა და დამკვიდრებაში თანამდებობის პირებმა და საჯარო მოხელეებმა პირადი მაგალითების მეშვეობით შეიტანონ წვლილი”.
გარდა ამისა, “ქალთა მოძრაობამ” 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის სტარტი აიღო.
კამპანიის ბოლო დღეს, 10 დეკემბერს, “ქალთა მოძრაობამ” პეტიცია პარლამენტის კანცელარიას ჩააბარა. პეტიციის შეტანას პერფორმანსის სახე ჰქონდა: მონაწილეები პეტიციას ერთმანეთს ხელიდან ხელში აწვიდნენ. ამ პერფომანსში მონაწილეობა 6 უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს.