სტატიები

ქალთა პრობლემებისადმი მიძღვნილი ფილმები წლევანდელ ბერლინალეზე

ხვალ, ბერლინის 67-ე კინოფესტივალის ლაურეატები დასახელდება. სასიხარულოა, რომ წლევანდელ ბერლინალეზე ქალთა პრობლემებისადმი მიძღვნილი ფილმების სიმრავლეა.

კრიტიკოსების რეიტინგში, რომელიც ყოველდღიურად ქვეყნდება, ქულების სარეკორდო მაჩვენებელი სურათს „ფანტასტიკური ქალი“ (Una Mujer Fantastica) აქვს. მისი ავტორი წარმოშობით არგენტინელი სებასტიენ ლელიოა (Sebastian Lelio), რომელმაც განათლება ჩილეში მიიღო და ამის გამო ჩილელ რეჟისორს უწოდებენ.

„ფანტასტიკური ქალი“

ფილმის მთავარი გმირია მარინა – ტრანსგენდერი მომღერალი ქალი, ტრანსგენდერი მსახიობის დენიელა ვეგას (Daniela Vega) შესრულებით. მარინას თავისზე ოცი წლით უფროსი, 57 წლის ბიზნესმენი შეყვარებული ჰყავს, რომლის სიკვდილის შემდეგ, მის ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დგება: მჟღავნდება მისი ტრანსგენდერობის ამბავი, საყვარელი ადამიანის ყოფილი ცოლი კი მას დაკრძალვაზეც კი არ მიუშვებს. დანიელა ვეგას მიერ შესრულებულ ზოგიერთ სცენას კრიტიკოსებმა მომაჯადოებელი უწოდეს, თუმცა, სურათს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.

ოთხი წლის წინ, ბერლინალეს კონკურსში სებასტიან ლელიოს სურათი „გლორია“ (Gloria) მონაწილეობდა. ფილმში ქალის საუკეთესო როლის შემსრულებელი პაულინა გარსია (Paulina Garcia), 58 წლის განქორწინებული ქალის როლის შესრულებისთვის, რომელიც ცეკვებზე კაცების გაცნობით არის დაკავებული, ვერცხლის დათვის მფლობელი გახდა. მაყურებელი ასაკოვანი შეყვარებულების გულახდილმა სცენებმა მოხიბლა. ამის გამო, ლელიო ალმოდოვარსაც კი შეადარეს.

“ფელისიტე”

სენეგალელი წარმოშობის ფრანგის ალენ გომისის (Alain Gomis) „ფელისიტე“ (Félicité) კინშასაში გადაიღეს. ეთნო-ჯაზ შემსრულებელი ფელისიტე (თარგმანში: ბედნიერება) ბედს არ უჩივის, სანამ მისი მოზარდი ვაჟი ავარიაში არ მოხვდება. ფელისიტეს მისი ოპერაციისთვის ფული სჭირდება, მაგრამ ვერ აგროვებს და ამის გამო, ბავშვის ფეხის ამპუტაცია გარდაუვალია. ფელისიტე ძალებს არ კარგავს, მას მხსნელად მუსიკა ევლინება. საბოლოოდ, იგი მის თავს დამტყდარ კატასტროფას წარმატებით დაძლევს.

ტერეზა ვილავერდეს (Thereza Villaverde) საკონკურსო სურათი Colo პორტუგალიური ოჯახის ყოველდღიურობაზე გვიამბობს ეკონომიკური კრიზისის პერიოდში. ფილმის გმირების ცხოვრებას სასოწარკვეთა და კონფლიქტები სდევს თან. მაშინ, როდესაც დედა ორ სამსახურში მუშაობს, ოჯახის მამა მთელი დღეების განმავლობაში სადღაც დახეტიალობს, ღამით კი საკუთარი შვილის კლასელ გოგონას ესაუბრება, რომელიც თავისი მხრივ ასევე სასოწარკვეთილია და სახურავიდან გადმოხტომას ლამობს.

სერბი რეჟისორის ბოიან ვულეტიჩის (Bojan Vuletić) სურათში „რეკვიემი მისის ჯეინისთვის“ (Requiem for Mrs. J) ნაჩვენებია, თუ როგორ გაანადგურა ეკონომიკურმა კრიზისმა 50 წლის ქალის ცხოვრება და როგორ ცდილობს იგი სასოწარკვეთის გამო თავის მოკვლას.

„ჩემი ბედნიერი ოჯახი“

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბერლინალეზე წარმოდგენილი ქართულ-გერმანულ-პოლონური სურათი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ავტორობით. „გრძელი, ნათელი დღეების“ (2013) შემქმნელთა ახალი, რიგით მეორე ნამუშევარი ისევ ქალზეა, 50 წლის ქალზე, რომელიც საზოგადოებაში მიღებული ნორმების წინააღმდეგ მიდის და საკუთარი ცხოვრების განკარგვაზე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებს. ფილმი წლევანდელ ფესტივალზე „ფორუმშია“ წარმოდგენილი, რის შემდეგაც მისი ჩვენება თბილისში იგეგმება.