თანასწორობის პოლიტიკა / რა უნდა იცოდე დისკრიმინაციაზე / სტატიები

„ქმარი გყავთ?“ – უადგილო კითხვები დასაქმებასთან დაკავშირებული გასაუბრებისას

ILLUSTRATION service des relations humaines RH entretien d'embauche une jeune femme passe un entretien dans une entreprise en détaillant son cv

ოდესმე დაუსვამთ თუ არა თქვენთვის სამსახურში მისაღები გასაუბრების დროს ისეთი კითხვები, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამუშაოსთან? როგორც ჩანს, ბევრი ადამიანი იძულებულია, ამ კითხვებს პასუხი გასცეს.

37 წლის კეტრინ ირვინს (Katherine Irvine) კორნუოლში კადრების კონსულტანტის თანამდებობაზე მოწყობა სურდა. გასაუბრებაზე, იგი შოკში ჩააგდო ადამიანმა, რომელიც მისი ინტერვიუერი იყო. ეს უკანასკნელი შეშფოთებული იყო იმით, რომ კეტრინი „ზედმეტად მოხუცი იყო“ და მას საკუთარ მოვალეობებთან გასამკლავებლად უბრალოდ ენერგია არ ეყოფოდა.

„ამ გასაუბრებაში ერთდროულად რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, და ინტერვიუერმა ჩემზე და ერთ-ერთ კანდიდატზე მიუთითა, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებას ვერ შევძლებდით, რადგან „ასაკში ვიყავით“. შემდეგ პირდაპირ მკითხეს: „როგორ ფიქრობთ, კეტრინ, ზედმეტად მოხუცი ხომ არ ხართ?“.

კეტრინი ამგვარმა გულახდილმა დისკრიმინაციამ შოკში ჩააგდო. მან ამის შესახებ დამქირავებელი კომპანიის კადრების განყოფილებას აცნობა, სადაც აღიარეს, რომ თვითონაც შოკში იყვნენ.

კეტრინი ერთადერთი არაა, ვისთან გასაუბრებაზეც მსგავსი მოულოდნელობები მოხდა. ბიბისის მსგავსი გამოცდილება ათასხუთასზე მეტმა ადამიანმა გაუზიარა.

„გასაუბრებაზე მკითხეს: რადგან არმიაში მსახურობდით, რამდენი ადამიანი გყავთ მოკლულიო? – გვიამბობს სტუდენტი კევინ ჰელტონი (Kevin Helton), – მე ვუპასუხე, რომ ჩემი მოკლულების რიცხვი ამ კონკრეტული საუბრის შედეგზეა დამოკიდებული“.

პირადი ცხოვრების შესახებ უცნაური კითხვებით ხშირად რეპროდუქციული ასაკის ქალებს მიმართავენ.

ახლა ფრანსინი (Francine) წარმატებული იურისტია. მაგრამ კარიერის დასაწყისში, როდესაც სამედიცინო სფეროში სამუშაოდ მდივნის განაცხადი შეიტანა, მას ჰკითხეს, აპირებს თუ არა დაორსულებას და ამის გამო სამსახურის მიტოვებას. „24 წლის ვიყავი და ეს ჩემი ერთ-ერთი პირველი გასაუბრება იყო. როდესაც საბოლოო ჯამში მათ ეს სამსახური შემომთავაზეს, მე უარი ვთქვი“, – იხსენებს იგი.

მარკ  კელოუ (Marc Callow) განცვიფრდა, როდესაც მენეჯერის თანამდებობაზე მოსახვედრად ჩატარებული გასაუბრების დროს, მას ჰკითხეს, გეი ხომ არ იყო. „შეცბუნებულმა ვუპასუხე, რომ კი. ამ სამსახურში ამიყვანეს, მაგრამ ეს ბევრს მეტყველებს ამ კომპანიაზე“, – აღნიშნავს მარკი.

შრომითი ურთიერთობების ინსტიტუტის (Institute for Employment Studies, IES) უფროსი სპეციალისტი პიტერ რაილი (Peter Reilly) ამბობს, რომ მსგავსმა კითხვებმა სამსახურში აყვანის დროს არასოდეს უნდა გაიჟღეროს, რადგან არსებობს დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონები.

„კანონის თვალსაზრისით, თქვენ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, – ამბობს პიტერი, – უნდა იფიქროთ, აქვს თუ არა თქვენ მიერ დასმულ კითხვას კავშირი სამუშაოსთან. თუ არა, მისი დასმა დაუშვებელია“.

კითხვები, რომელიც სამსახურში აყვანის მიზნით გასაუბრებისას არ უნდა დაგისვან:

არის თუ არა ქართული ენა თქვენი მშობლიური ენა?

ქმარი/ცოლი გყავთ?

ბავშვები გყავთ?

რამდენი წლის ხართ?

რამდენი დღით გქონიათ ბიულეტენი აღებული წინა სამსახურში?

ნასამართლევი ხართ თუ არა?

რომელი რელიგიის აღმსარებელი ხართ?

დაასახელეთ თქვენი სექსუალური ორიენტაცია…

ხართ თუ არა პროფკავშირების წევრი?

ჯო ფოუტი (Jo Foat) გვაფრთხილებს, რომ გასაუბრება კარგით არაფრით დასრულდება, თუ დამსაქმებელი ვეება ჩალის ქუდს მოგიტანთ და მის სახეზე აფარებას მოგთხოვთ.

„აიფარეთ ეს ქუდი სახეზე და მითხარით, რატომ უნდა მოგცეთ ეს სამსახური?“, – უთხრეს ჯოს.

„და ეს რა საჭიროა?“, – იკითხა ჯომ.

„გამოცდილებით ვიცი, რომ თქვენნაირი სიმპათიური გოგონები თავიანთ გარეგნობაზე დიდ იმედებს ამყარებენ“, – უპასუხა დამსაქმებელმა. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, მაგრამ ჯოს ამ წყენის დავიწყება არ შეუძლია.

„მე ქუდი არ ამიფარებია, მაგრამ მას იგი ჩემი სახის წინ ეჭირა. ოთახიდან რომ გამოვედი, ქვითინი ამივარდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემზე იძალადეს. ახლაღა ვხვდები, რომ პრობლემა თვითონ ამ კაცში იყო. იგი საკუთარ თავს არ ენდობოდა და არ შეეძლო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ისე მიეღო, რომ თან ჩემი სახე ჰქონოდა თვალწინ“, – ამბობს გოგონა.

მიუხედავად ამისა, როგორც პიტერ რაილი გვიხსნის, არსებობს შემთხვევები, როდესაც ერთი შეხედვით უადგილო კითხვა იმ მიზნით ისმება, რომ კანდიდატს დახმარება გაეწიოს და არ ჩაჭრას იგი.

„როდესაც მსხვილი კომპანია თანამშრომელს ქირაობს, უშუალო მენეჯერი ფიქრობს, ვინ დაიქირაოს ამ თანამდებობაზე ისეთი, ვინც კომპეტენტური თანამშრომელი იქნება, სამუშაოდ დიდხანს დარჩება და კეთილსინდისიერად იმუშავებს. ამავე დროს, კორპორატიულ დონეზე, კომპანია ფიქრობს, რომ სწორი ეთნიკური და გენდერული ბალანსი უნდა დაიცვას. ამიტომაც, ზოგიერთ შემთხვევაში, კითხვა მიუღებელი კი ჩანს, მაგრამ იმ კომპანიის გადმოსახედიდან, რომელსაც „თანამშრომლების მრავალფეროვნების ხაზგასმა“ სურს, მსგავსი კითხვა სრულიად სხვაგვარ დატვირთვას იძენს“, – ამბობს რაილი.

„ორი სახის აღმაშფოთებელი კითხვა არსებობს, რომლებსაც გასაუბრებების დროს გვისვამენ: პირველი სახის კითხვები მოწოდებულია, გაფიქრებინოთ, რომ არ არსებობს არაფერი კანონსაწინააღმდეგო, თუმცა ამგვარმა კითხვებმა შესაძლოა ჩვენში გაღიაზიანება გამოიწვიოს. თუ ოდესმე თქვენთვის უკითხავთ, რა ცხოველად ან რა სახის ორცხობილად წარმოგიდგენიათ თავი, ე. ი. ამგვარ კითხვებს იცნობთ. მეორე სახეობას დაუშვებელი კითხვები წარმოადგენს. თუ მიგაჩნიათ, რომ გასაუბრების დროს რომელიმე კითხვა უადგილოდ დაგისვეს, – მას პასუხი არ გასცეთ“, – გვირჩევს ჯეიმს რიდი (James Reed), კომპანიათა ჯგუფის თავმჯდომარე, რომელიც დასაქმებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზეა სპეციალიზებული.

დასაქმებასთან დაკავშირებულ გასაუბრებაზე წარმოშობილი კიდევ ერთი პრობლემა ხელფასის ქვედა ზღვარის დასახელებაა, რომელიც კონკრეტული პოზიციისთვის არის გათვალისწინებული.

იყო დრო, როდესაც სამსახურში აყვანის განცხადებებში თავისთავად იგულისხმებოდა ხელფასის ოდენობა, რომელსაც დამსაქმებელი გვთავაზობდა.

მაგრამ დღეს, პიარის ერთ-ერთ სპეციალისტს მსხვილმა კომპანიამ სამუშაო შესთავაზა ისე, რომ შეთავაზებული ხელფასის ოდენობის დაზუსტება არ ისურვა.

„მეორე კითხვა ასე ჟღერდა: „ახლა რამდენს გიხდიან?“. მე, ჩემი მხრივ, ვკითხე: ჩემი პოზიციისთვის რა ანაზღაურებაა გათვალისწინებული? პასუხად მივიღე ფრაზა: ჩვენ ასეთი პოლიტიკა გვაქვს: ჩვენი ხელფასების ოდენობას არ ვამჟღავნებთ. ასე რომ, პირველად თქვენ თქვითო. განცვიფრებული ვიყავი. მივიჩნიე, რომ ეს სრულიად არაპროფესიული მიდგომა იყო და ვუპასუხე: არა მგონია, ასე შორს წავიდეთ-მეთქი“, – გვიამბობს პიარის სპეციალისტი. საბოლოო ჯამში, მან გადაწყვიტა, რომ ამ კომპანიაში მუშაობა სამისო საქმიანობა არ იყო.

პიტერ რაილის თქმით, როდესაც დამსაქმებელი ისეთ შეკითხვას გისვამთ, რომელსაც უადგილოდ მიიჩნევთ, ეს ფაქტი ურეაქციოდ არ უნდა დატოვოთ.

„გამოცდილი კანდიდატი შეტევაზე გადავა და იკითხავს: რატომ მისვამთ ამ კითხვასო? კარგი დამსაქმებელი ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ჩახლართული კითხვის დასმის უფლება აქვს. მას უნდა, რომ ადამიანმა გულახდილად ისაუბროს. თუ თქვენ ამგვარი კითხვებისთვის მზად არ ხართ, შესაძლოა, ეს სამსახური თქვენთვის არ იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ კარნახობს თავის პირობებს: თქვენ თუ შრომითი ბაზარი. თუ თქვენ ძალიან გესაჭიროებათ ეს სამსახური, ალბათ უადგილო კითხვებსაც უპასუხებთ“, – ამბობს რაილი.

ჯეიმს რიდის თქმით, გასაუბრებისთვის დამსაქმებელიც ისევე უნდა ემზადებოდეს, როგორც – კანდიდატი. „გასაუბრების ბევრი მწარმოებელი პროფესიულად არ არის გაწვრთნილი, კომპანიებს კი სწორი არჩევანი სჭირდებათ, – ამბობს რიდი, – ყველაზე უარესი კი ის არის, როდესაც უარყოფილი ადამიანი სხვა კომპანიაში მიდის და იქ ბრწყინვალედ მუშაობს. ამიტომაც, გასაუბრებისთვის მომზადება ძალზე მნიშვნელოვანია“.

წყარო: bbc.com