სექსუალობა

ყველაფერი, რაც ჰორმონული კონტრაცეპციის შესახებ უნდა ვიცოდეთ

ჰორმონული კონტრაცეპციის გამოყენება უცხო აღარავისთვისაა, თუმცა, მასთან დაკავშირებულ საკითხებში გარკვევა საკმაოდ რთულია. აშშ-ში 15-44 წლის ქალების 45% ჰორმონულ კონტრაცეპციას იყენებს.

თანამედროვე სამყაროში მასშტაბური ბრძოლა მიმდინარეობს სხვადასხვა რელიგიურ, კულტურულ და სოციალურ სტერეოტიპებთან. ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი ქალთა რეპროდუქციულ თავისუფლებას უკავშირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალი საკუთარ სხეულზე კონტროლს იბრუნებს: აქვს ისეთი სექსუალური ცხოვრება, რომელიც მოსწონს, დამოუკიდებლად იღებს დაფეხმძიმების ან არასასურველი ორსულობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას. ბევრ საკითხში, სწორედ ჰორმონული კონტრაცეპციის გაჩენა-განვითარებამ მისცა ქალებს საკუთარი ორგანიზმის კონტროლის შესაძლებლობა.

ჰორმონული კონტრაცეპცია არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვის ხერხია, რომელსაც ქალი დამოუკიდებლად არეგულირებს. გარდა ამისა, გამოყენების წესების სრული დაცვის პირობებში, მისი ეფექტურობა სხვა კონტრაცეპტივებთან შედარებით, მაღალია. მისი გამოყენებისას, შესაძლებელი ორსულობა პარტნიორების შეგნებული არჩევანია. თუმცა, სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან იგი ვერ იცავს – ამისგან თავის დაზღვევის ერთადერთ გზად ისევ პრეზერვატივი რჩება.

საერთო ჯამში, ყველა ჰორმონული კონტრაცეპტივი ერთი და იგივე პრინციპით მუშაობს: ოვულაციას უშლის ხელს და კვერცხუჯრედს საშვილოსნოს ლორწოვანას ზედაპირზე მიმაგრების საშუალებას არ აძლევს. ეს იმის ხარჯზე ხდება, რომ ორგანიზმს თანდათანობით მიეწოდება სინთეტიკური სასქესო ჰორმონების მცირე დოზა. ოვულაციის დათრგუნვა საკვერცხეებს ხელოვნურად გამოწვეულ, კონტროლირებულ „ძილში“ აქცევს: ისინი ზომაში მცირდებიან და ფოლიკულები კვერცხუჯრედებს ქაოსურად აღარ გამოისვრიან.

როგორ მუშაობს ჰორმონები

ჰორმონები არის ნივთიერებები, რომლებიც აქტიურად მოქმედებენ ადამიანის ორგანიზმის ყველა ფუნქციაზე. უმეტეს შემთხვევაში, ისინი ხელს უწყობენ კანისა და თმის ხარისხის გაუმჯობესებას, არეგულირებენ წონას და გააჩნიათ ბევრი ისეთი უპირატესობა, რომელიც ჩასახვასთან კავშირში არაა. მიუხედავად ამისა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჰორმონების თვითნებურად მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ამასთან, გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთან კონსულტაციის გარეშე, ეს პრეპარატები არ უნდა დანიშნოს არც კოსმეტოლოგმა და არც – გინეკოლოგმა.

სასქესო ჰორმონები ჩვენი ორგანიზმის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომლებიც ქალის ან კაცის სასქესო ნიშნების განვითარებაზეა პასუხისმგებელი. ქალებს ისინი ორი ტიპის გვაქვს: ესტროგენებს საკვერცხეები გამოიმუშავებს. სქესობრივი მომწიფების დასაბამიდანვე, ისინი პასუხს აგებენ ლიბიდოსა და მენსტრუაციაზე. ჰესტაგენებს საკვერცხეების ყვითელი სხეულები და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქი გამოიმუშავებს. ისინი უზრუნველყოფენ ჩასახვის შესაძლებლობასა და ორსულობის გაგრძელებას. ამიტომაც, მათ „ორსულობის ჰორმონებს“ უწოდებენ.

ჰორმონების სწორედ ეს ორი სახეობა უზრუნველყოფს ყოველთვიურად ჩვენს ციკლს, რომლის დროსაც საკვერცხეში მწიფდება კვერცხუჯრედი, ხდება ოვულაცია (კვერცხუჯრედი ტოვებს საკვერცხეს) და საშვილოსნოს ორსულობისთვის მომზადება. თუ განაყოფიერება არ ხდება, ოვულაციის შემდეგ კვერცხუჯრედი კვდება, ხოლო ენდომეტრიუმი, ანუ საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი, მისგან გათავისუფლებას შეუდგება, რაც მენსტრუაციას იწვევს. მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, რომ მენსტრუაცია „დაფლეთილი კვერცხუჯრედია“, სინამდვილეში სისხლდენას იწვევს სწორედ ლორწოვანი გარსის გაწმენდა. მისგან მართლაც გამოიდევნება გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედი, მაგრამ იგი ძალიან პატარაა იმისათვის, რომ ხილული იყოს.

ქალის ორგანიზმში ძირითადი ჰორმონი ესტროგენი საკვერცხეებში გამომუშავებული ესტრადიოლია. ციკლის შუა პერიოდში ესტრადიოლის დიდი კონცენტრაცია სისხლში იწვევს იმას, რომ თავის ტვინში აქტიურდება ჰიპოფიზი. ჰიპოფიზი იწყებს ოვულაციას და წარმოქმნის მთავარ ჰესტაგენს – პროგესტერონს, რომელიც ორსულობისთვისაა საჭირო. ჰორმონული კონტრაცეპტივები ასე მუშაობენ: ისინი თრგუნავენ ჰიპოფიზის ოვულაციურ აქტივობას, რომელიც დამატებით მთელ ამ რთულ პროცესს მართავს და ორსულობის ჰორმონის პროგესტერონის სტაბილურ დონეს უზრუნველყოფს. ამგვარად, ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღებისას, ჰიპოფიზი ისვენებს რეპროდუქციული სამუშაოებისგან, ქალის ორგანიზმი კი ე. წ. ცრუ ორსულობის მდგომარეობაშია: ჰორმონების ყოველთვიური დუღილი არ მიმდინარეობს, კვერცხუჯრედებს მშვიდად „სძინავთ“ საკვერცხეში, და ამის გამო, განაყოფიერება შეუძლებელია.

არსებობს ჰორმონული პრეპარატების სხვა ტიპიც. მათ შემადგენლობაში შემავალი ჰესტაგენები ვაგინალური ლორწოს რაოდენობასა და ხარისხს ცვლიან, ძლიერდება მათი ხახუნიც. ამ ვითარებაში, სპერმატოზოიდებისთვის საშვილოსნოში მოხვედრა რთულდება, ხოლო მისი გარსის შეცვლილი სიმკვრივე გამორიცხავს კვერცხუჯრედის იმპლანტაციას და აქვეითებს საშვილოსნოს მილებში შეღწევადობას.

როგორ დავიწყოთ ჰორმონული კონტრაცეპტივების მოხმარება?

ჰორმონული კონტრაცეპტივების გამოყენება შესაძლებელია გვიანი პუბერტატის პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც წესრიგდება ციკლი (საშუალოდ 16-18 წელი), მენსტრუაციის შეწყვეტამდე და მენოპაუზის დადგომამდე. რეგულარული საპროფილაქტიკო დიაგნოსტიკისას, ქალებისთვის ჰორმონების მიღებებს შორის შესვენების გაკეთება რეკომენდებულია მხოლოდ დაორსულების აუცილებლობის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. თუ არ არსებობს უკუჩვენებები, ჰორმონული კონტრაცეპციის მიღება ყველა დანარჩენ პერიოდშია შესაძლებელი.

უნდა გვახსოვდეს, რომ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგმა მაქსიმალურად დეტალურად უნდა შეაგროვოს ინფორმაცია ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობის შესახებ, რათა ეფექტურად შეარჩიოს პრეპარატი და თავიდან აიცილოს არასაჭირო რისკები. ამ ინფორმაციაში შედის ანამნეზი – გამოკვლევა და ინფორმაცია თრომბოემბოლიურ დაავადებებზე, დიაბეტზე, ჰიპერანდროგენიასა და გენეტიკურ დაავადებებზე. გამოკვლევა უნდა მოიცავდეს საერთო გინეკოლოგიურ შემოწმებას, სარძევე ჯირკვლების გამოკვლევას, არტერიული წნევის კონტროლს, საშვილოსნოს ყელის ნაცხის ანალიზს, სისხლის შედედებასა და დიაბეტზე ტესტს. მიღებული შედეგების მიხედვით, დგინდება რისკფაქტორები.

 ჰორმონული კონტრაცეპციის სახეები

არსებობს ჰორმონული კონტრაცეპციის რამდენიმე სახე: ისინი განსხვავდებიან გამოყენების მეთოდებით, რეგულარობით, შემადგენლობითა და დოზირებით.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ორალური კონტრაცეპტივები. მაგალითად, აშშ-ში მის ხარჯზე მოდის კონტრაცეპციის ყველა საშუალების გამოყენების 23%. ესაა აბები, რომლებიც ყოველდღიურად მიიღება, გარკვეული დროითი მონაკვეთის ფარგლებში. შემადგენლობის მიხედვით, აბები ორი სახისაა: მინი აბები შეიცავენ მხოლოდ სინთეტურ ჰესტაგენს (მათი გამოყენება დაშვებულია მეძუძური დედებისთვისაც), ხოლო კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები შეიცავენ სინთეტურ ესტროგენს და სინთეტური ჰესტაგენის რომელიმე სახეობას, – ორგანიზმის ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით.

ორალურ კონტრაცეპტივებში ჰორმონები ყველაზე ნაკლები დოზითაა, მაგრამ – არასასურველი ორსულობისგან დაცვის მაღალი ეფექტურობით. ახლახან, ესტროგენის ბუნებრივი ანალოგი აღმოაჩინეს – ესტრადიოლის ვალერატი. მის საფუძველზე დამზადებული პრეპარატი ჰორმონს დღესდღეობით ყველაზე დაბალი კონცენტრაციით შეიცავს. აბების ერთადერთი უარყოფითი მხარე ისაა, რომ მისი მიღება აუცილებლად ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს უნდა მოხდეს. თუ ეს პირობა რთულად გეჩვენებათ, მაშინ ისეთი კონტრაცეპტივი უნდა შეგირჩიონ, რომელიც ნაკლებ ყურადღებას ითხოვს, რადგან პრეპარატის მიღების წესის დარღვევამ შესაძლოა ორსულობა და შესაძლო გართულებები გამოიწვიოს.

მექანიკური კონტრაცეპტივები თავსდება კანზე ან კანქვეშ, ასევე საშოში ან საშვილოსნოში. ისინი დროდადრო გამოყოფენ ჰორმონების კონცენტრაციას და პერიოდულად მათი გამოცვლაა საჭირო. პლასტირი ფიქსირდება სხეულის ნებისმიერი ნაწილზე და იცვლება კვირაში ერთხელ. ვაგინალური რგოლი მზადდება ელასტიკური, გამჭვირვალე მასალისგან და თვეში ერთხელ თავსდება საშოში, პრაქტიკულად ისევე, როგორც ტამპონი.

არსებობს ასევე ჰორმონული საშვილისნოსშიდა სისტემა, ანუ სპირალი, რომელსაც ათავსებს მხოლოდ ექიმი, სამაგიეროდ, მისი ექსპლუატაციის ვადა ხუთ წლამდეა. ჰორმონული იმპლანტი კი, რომელიც კანქვეშ თავსდება, ასევე თითქმის ხუთი წლის მანძილზე მოქმედებს.

ასევე, არსებობს ჰორმონული ინექციები, რომლებიც ასევე ხანგრძლივი მოქმედებისაა. ძირითადად, მაღალეფექტურობისა და ხელმისაწვდომი ფასის გამო, ისინი ეკონომიკურად პრობლემურ ქვეყნებში გამოიყენება. ამ მეთოდის უარყოფითი მხარე ისაა, რომ მისი მოქმედების გაუქმება ვერ ხერხდება: პლასტირის მოხსნა, რგოლის ამოღება, აბების დალევის შეწყვეტა შეიძლება, მაგრამ ინექციის მოქმედების შეჩერება – არა. ამ თვალსაზრისით, იმპლანტები და სპირალები ასევე ჩამორჩებიან რგოლებს, აბებსა და პლასტირებს, რადგან მათი გამოყენების შეჩერება ექიმის ჩარევის გარეშეა შესაძლებელი.

სწორედ იმის წყალობით, რომ ჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები ქალის ორგანიზმში ჰორმონულ ფონს არეგულირებენ, მათ გააჩნიათ არა მხოლოდ კონტრაცეპციული, არამედ – სამკურნალო, ანუ არაკონტრაცეპციული ეფექტი. გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგებს მიაჩნიათ, რომ თანამედროვე ქალები ეკოლოგიურ-სოციალური რეპროდუქციული დისონანსისგან ზარალდებიან. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის დრამატული სხვაობა ჩვენს ცხოვრების წესსა და ძველ ბიოლოგიურ ორგანიზმს შორის. თანამედროვე ქალის ცხოვრება არა მხოლოდ არ მოიცავს მუდმივ ორსულობას, არამედ მისგან დიდი სოციალური დატვირთვის გაძლებას მოითხოვს. მას შემდეგ, რაც კონტრაცეპცია გაჩნდა, ქალის ცხოვრებაში მენსტრუალური თვიური ციკლის რაოდენობა გაიზარდა. ყოველთვიური ჰორმონული გადაწყობა უკავშირდება არა მხოლოდ წინამენსტრუალური სინდრომის ან დისფორიული აშლილობის გამოწვევის ყოველთვიურ რისკს, არამედ მთლიანად ორგანიზმის ძალებს ფიტავს. ქალს უფლება აქვს, ეს ენერგეტიკული რესურსები თავისი შეხედულებებისამებრ განკარგოს.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჰორმონული კონტრაცეპტივები მკურნალობს წინამენსტრუალური სინდრომის სიმპტომებს და მის მძიმე ფორმას – წინამენსტრუალურ დისფორიასაც. კომბინირებული ესტროგენ-ჰესტაგენური პრეპარატების ხარჯზე, ენდოკრინოლოგები ჰიპერანდროგენიასაც – ქალის ორგანიზმში კაცის ჰორმონების სიჭარბეს – მკურნალობენ. ამ სიჭარბემ შესაძლოა, გამოიწვიოს ციკლის დარღვევა, უნაყოფობა, ჰირსუტიზმი (კაცისთვის მახასიათებელი თმიანობის გაჩენა), გამონაყარი, ალოპეცია (თმის ცვენა), მძიმე მენსტრუაცია ან ციკლის გაქრობა, ფსიქოემოციური პრობლემები და სხვა მძიმე შედეგები.

ჰორმონული კონტრაცეპტივები საშვილოსნოს ანომალიურ სისხლდენებსაც მკურნალობს – ეს მენსტრუალური ციკლის ნორმიდან ნებისმიერი გადახვევის საერთო დასახელებაა: მენსტრუაციის სიხშირის ცვლილების, არარეგულარული ციკლის, ზედმეტად უხვი ან ხანგრძლივი სისხლდენის და ა.შ.

მსგავსი დარღვევების მიზეზი, შესაძლოა, სხვადასხვა იყოს, მაგრამ ხშირად, კომპლექსური მკურნალობის სახით ჰორმონულ კონტრაცეპტივებს უნიშნავენ. უკუჩვენებების არქონის გამო, ხშირად მედიკოსები უპირატესობას სპირალს ანიჭებენ: იგი ყოველდღიურად ათავისუფლებს საშვილოსნოს წიაღში ჰესტაგენს, რომელიც ეფექტურად იწვევს საშვილოსნოს გარსის ცვლილებებს. სწორედ ამის ხარჯზე კორექტირდება მძიმე მენსტრუალური სისხლდენები. საკვერცხეების ან საშვილოსნოს გარსის კიბოს რისკი ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღებისას ქვეითდება, რადგან საკვერცხეები ზომაში პატარავდებიან და „ისვენებენ“ ისე, როგორც ორსულობის დროს. ამასთან, რაც მეტია კონტრაცეპტივების მიღების პერიოდი, მით ნაკლებია რისკიც.

ჰორმონული პრეპარატები ძირითადად შემუშავებულია ისე, რომ მენსტრუალური ციკლის იმიტაცია მოახდინოს. ამიტომ, არსებობს მენსტრუაციის ყოველთვიური შეჩერება – ამისათვის საჭიროა ციკლებს შორის შესვენებების დროს, პრეპარატის რამდენიმე დღით მიღება. ეს ჩინებული სიახლეა მათთვის, ვისთვისაც მენსტრუაცია ნამდვილი ჯოჯოხეთია; ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ზოგიერთი აბის მიღება იმ რეჟიმითაა შესაძლებელი, რომ სისხლდენა საერთოდ არ გვექნება.

 ვისთვის არის უკუნაჩვენები ჰორმონული პრეპარატების მიღება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, არსებობს უკუჩვენებათა შთამბეჭდავი სია, რომლის იგნორირება შეუძლებელია. კომბინირებული კონტრაცეპტივების მიღება აკრძალულია ორსულთათვის, არამეძუძური დედებისთვის არა უადრეს სამი კვირის შემდეგ მშობიარობიდან, ხოლო მეძუძურებისთვის – არა უადრეს ექვსი თვის შემდეგ მშობიარობიდან, მწეველებისთვის – 35 წელს ზემოთ, ჰიპერტონიკებისთვის, რომლებსაც თრომბოემბოლიური დაავადებები ან ამის რისკი აქვთ, დიაბეტიკებისთვის სისხლძარღვოვანი პრობლემებით ან დიაბეტის ოც წელზე მეტი სტაჟიანებისთვის, ასევე სარძევე ჯირკვლის კიბოს, ნაღვლის ბუშტის დაავადებების, გულის იშემიური დაავადებების ან სარქველის პრობლემის გართულებების, ჰეპატიტის, ღვიძლის სიმსივნეების დროს.

პროგესტერონული კონტრაცეპტივების მიღებაზე შეზღუდვები ნაკლებია. მათი გამოყენება უკუნაჩვენებია კვლავ ორსულობის, სარძევე ჯირკვლების კიბოს, ჰეპატიტის, ღვიძლის ჰეპატიტის ან ციროზის დროს, ასევე, მეძუძურობის დროს, – მშობიარობიდან 6 კვირამდე პერიოდში. ზოგიერთი ანტიბიოტიკის, საძილე საშუალების, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატის შეთავსება ჰორმონულ კონტრაცეპციასთან ასევე შესაძლოა, იყოს არასასურველი: ექიმს აუცილებლად შეატყობინეთ ამ სხვა პრეპარატების მიღების შესახებ.

ჰორმონები ზემოქმედებენ არა მხოლოდ რეპროდუქციულ სისტემაზე, არამედ – ზოგადად მთელს ორგანიზმზე: ისინი ითავსებენ ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთ პროცესს. ამიტომ, ჰორმონების მიღება უკუნაჩვენებია შესაძლო გვერდითი მოვლენების გამოც. ჯერ კიდევ მაღალდოზიდებული ჰორმონული კონტრაცეპტივების პირველი და მეორე თაობის პერიოდიდან, არსებობს უამრავი შემაშინებელი ინფორმაცია წონის მატების, ჭარბთმიანობის, ინსულტების, ქიმიური დამოკიდებულების და სხვა სავალალო შედეგების შესახებ, ჰორმონების დიდი კონცენტრაციით მიღების შემთხვევაში. ახალი თაობის ჰორმონულ კონტრაცეპციაში ჰორმონების კონცენტრაცია ათჯერ და მეტჯერაა შემცირებული და გაცილებით ხშირად გამოიყენება სხვა ნივთიერებები, ვიდრე აქამდე. ეს მათი არაკონტრაცეპციური, სამკურნალო დანიშნულებით გამოყენების საშუალებას იძლევა. ამიტომაც, პრეპარატების პირველ თაობაზე მათი თვისებების გავრცელება არასწორია.

ჰორმონული კონტრაცეპციის მიღების ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა სისხლის შედედების აჩქარებაა, რაც თრომბოემბოლიური დაავადებების რისკს იწვევს. რისკჯგუფში შედიან, ასევე, მწეველი ქალები და ისინი, ვისაც გენეტიკურად რაიმენაირი თრომბოემბოლიური გართულებების ალბათობა გააჩნია. იმის გამო, რომ მოწევა თავისთავად ზრდის თრომბის წარმოქმნის რისკს, მწეველ ქალებს 35 წელს ზემოთ ექიმთა უმრავლესობა უარს ეუბნება ჰორმონული კონტრაცეპციის გამოწერაზე. თრომბოზების რისკი, ჩვეულებრივ, მაღალია პრეპარატების მიღების პირველ წელს და მისი შეწყვეტის პირველ 6 თვეს. სწორედ ამიტომაც, გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, მათი მიღება რეკომენდებული არაა წელიწადზე ნაკლები დროის მანძილზე, განახლებული მიღება კი – არა უადრეს ერთწლიანი შესვენებისას, რათა თქვენს ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს. თრომბოზების პროფილაქტიკა, მოწევაზე უარის თქმის გარდა, არის ცხოვრების აქტიური წესი, სითხის საკმაო რაოდენობით მიღება და სისხლის ყოველწლიური კონტროლი ჰომოცისტეინსა და კოაგულოგრამაზე.

ჰორმონების მიღების ფონზე, უარყოფითი ეფექტი შეიძლება მოგვცეს ინტოქსიკაციის სხვა ფორმებმაც: ალკოჰოლისა და სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების, მათ შორის მარიხუანის, ჰალუცინოგენებისა და ამფეტამინების, გამოყენებამ. შესაძლოა, ამან გამოიწვიოს არტერიული წნევის, გულის სისხლძარღვებისა და თავის ტვინის პრობლემები. თუ თქვენ ჰორმონული კონტრაცეპციის მიღებისას არ აპირებთ ტოქსიკური ნივთიერებების მიღების შეზღუდვას, რისკების თავიდან ასაცილებლად, ამის შესახებ უნდა აცნობოთ ენდოკრინოლოგს.

საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკები კონტრაცეპტივების მიღებისას იზრდება მაშინ, თუ ქალს გააჩნია ადამიანის პაპილომავირუსი, ქლამიდიები ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით დაავადების მაღალი რისკი. ორსულობის ჰორმონი პროგესტერონი ორგანიზმის იმუნურ პასუხს თრგუნავს. ამის გამო, რისკფაქტორში მოყოლილი ქალებისთვის შეიძლება ჰორმონული კონტრაცეპციის მიღება, მაგრამ მათ ხშირად უნდა გაიარონ ციტოლოგიური შემოწმება – ჩივილების არქონის შემთხვევაში, ნახევარ წელიწადში ერთხელ მაინც.

არ არსებობს საიმედო მონაცემები იმის შესახებ, რომ თანამედროვე კონტრაცეპტივები ღვიძლის კიბოს რისკს ზრდის, თუმცა, მაღალი დოზირების გამო, პრეპარატების პირველი თაობა ცუდად მოქმედებდა მათ ჯანმრთელობაზე. ბევრ ქალს ეშინია, რომ პრეპარატების მიღება მკერდის სიმსივნეს წაახალისებს. კვლევათა უმრავლესობაში, რეალური კავშირი ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღებასა და სარძევე ჯირკვლის კიბოს წარმოშობას შორის არ იკვეთება. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ რისკჯგუფში იმყოფებიან ანამნეზში ძუძუს კიბოს მქონე ქალები, ასევე გვიანი მენოპაუზიანი, ორმოც წელზე ზემოთ ასაკში ნამშობიარები და ისეთი ქალები, რომლებსაც საერთოდ არ უმშობიარიათ. გამოყენების პირველ წელს, ეს რისკები იზრდება, ხოლო სისტემატური გამოყენებისას – ქრება.

არ არსებობს მონაცემები, რომელთა თანახმადაც, ჰორმონული კონტრაცეპტივების მომხმარებელ ქალებს კვერცხუჯრედების რაოდენობა უმცირდებათ.

არსებობს მოსაზრება, რომ ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღება დეპრესიულ მდგომარეობას იწვევს. მსგავსი რამ შეიძლება მაშინ მოხდეს, როცა ინდივიდს არ ერგება კომბინირებულ პრეპარატში შემავალი ჰესტაგენი. ამ პრობლემის დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, კომბინირებული პრეპარატის გამოსაცვლელად. მართალია, ზოგადად დეპრესია და ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებაზე უკუნაჩვენები არაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ორივე ექიმი აუცილებლად საქმის კურსში უნდა იყოს იმ პრეპარატების შესახებ, რომელსაც პაციენტი იყენებს, რადგან ზოგიერთ მათგანს ერთმანეთის მოქმედების შესუსტება შეუძლია.

არსებობს მითი იმის შესახებ, რომ ჰორმონული კონტრაცეპტივები, რეპროდუქციული სისტემის შეფერხების გამო, უნაყოფობას, ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას და ნაყოფის პათოლოგიებს იწვევს.

ეს ასე არაა. ე. წ. საკვერცხეების მიძინება, ანუ ჰიპერდამუხრუჭების სინდრომი, შექცევადია. ამ დროს, საკვერცხეები ისვენებენ, ხოლო მთელი ორგანიზმი ჰორმონულად გაწონასწორებულ, „ცრუ ორსულობის“ მდგომარეობაში იმყოფება. არანაირი მონაცემები არ არსებობს, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღებისას, ქალს კვერცხუჯრედების მარაგი უმცირდება. უფრო მეტიც: ჰორმონულ თერაპიას უნაყოფობის მკურნალობაში იყენებენ, რადგან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ, საკვერცხეები გაცილებით აქტიურად მუშაობენ. ჰორმონული კონტრაცეპტივების წარსულში მიღება არ მოქმედებს ორსულობის მიმდინარეობასა და ნაყოფის განვითარებაზე. უმეტეს შემთხვევაში, ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღებისას რისკები და გვერდითი მოვლენები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე – არასასურველი ორსულობის შეწყვეტისას.

ასევე, ჰორმონული კონტრაცეპტივები არ იწვევენ ამენორეას – მენსტრუალური ციკლის პათოლოგიურ შეწყვეტას. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ, როგორც მინიმუმ, სამი თვე უნდა იყოს გასული, რომ მენსტრუაცია აღდგეს (თუ იგი 6 თვეზე მეტ ხანს არ დაბრუნდა, უნდა მივმართოთ ექიმს).

ჰორმონული კონტრაცეპციის შეწყვეტის სინდრომი არის მდგომარეობა, რომელიც ჰორმონების მიღების შემდეგ დგება. ამ დროს ორგანიზმი მუდმივ ყოველთვიურ ჰორმონულ ფუნქციონირებას უბრუნდება. პირველ 6 თვეს, შესაძლებელია, ორგანიზმი შფოთავდეს, და ამიტომ სჯობს, ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყოთ. სამედიცინო აუცილებლობის გარდა, პრეპარატების შეწყვეტა რეკომენდებული არაა ციკლის შუა პერიოდში: უცაბედმა შესვენებებმა, შესაძლოა, საშვილოსნოდან სისხლდენა და ციკლის დარღვევა გამოიწვიოს.

ენდოკრინოლოგიურ სფეროში პოეტური ფრაზეოლოგიზმი არსებობს, რომელიც ქალის „გაწონასწორებულ“ ჯანმრთელობას აღწერს: ჰორმონთა ჰარმონია. თანამედროვე ჰორმონულ კონტრაცეპტივებს ჯერ კიდევ გააჩნიათ უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები, მაგრამ სწორი შერჩევის, მიღების წესების დაცვისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პირობებში, მათ არა მხოლოდ შეუძლიათ არასასურველი ორსულობის რისკების გაქრობა, არამედ – თანამედროვე ქალის ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება და მისი ძალების სასურველ აქტივობებში ხარჯვის გამოთავისუფლება.