ბლოგები / ქალზე ძალადობა

შშმ ქალთა მიმართ ძალადობის ძირითადი ასპექტების შესახებ

ესმა გუმბერიძის ბლოგი

ამ დღეებში, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ოფისში, შშმ ქალთა მიმართ ძალადობაზე ვისაუბრეთ. ეს პოსტიც ამ დისკუსიის შეჯამებასავით იქნება, გავამახვილებ რა ყურადღებას კონკრეტულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ ძალადობის რამდენიმე ძირითად თავისებურებაზე.

  1. ბავშვობაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, როგორც წესი, ვერც გოგონებს და ვერც ბიჭებს ჩვენს რეალობაში არსებული ოჯახში ძალადობისგან (მაგ. მშობლების, უფროსი ნათესავებისა თუ და–ძმების მხრიდან ფიზიკური დასჯისგან) ვერ აზღვევს და ვერ იცავს. შესაძლოა, შშმ სტატუსმა ბავშვი „დაიცვას“ დამოუკიდებლობისგან, გარკვეული მოვალეობების შესრულებისგან ან მშობელთა მოთხოვნისგან, ისწავლოს, თუმცა ძალადობისგან ის მათ იშვიათად თუ იცავს: შესაძლოა, ბავშვი სწავლით არ დატვირთონ, ცოდვაა, „ავადმყოფია“ და ა.შ. თუმცა ფიზიკურ დასჯაზე, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ოჯახებმა უარი მაინც არ თქვან.
  2. შშმ ბავშვზე ძალადობას ხშირად იწვევს კონკრეტულად შეზღუდულ შესაძლებლობასთან შეჭიდული ფაქტორი, როგორიცაა ბავშვზე მზრუნველის გაღიზიანება, ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე, მასზე მოვლისა და ზრუნვის გართულებასთან დაკავშირებით). მაგალითად, ეს ხდება მაშინ, როდესაც ბავშვს მობილობის შეზღუდვა აქვს: მისი ტარება, ფიზიკურად დახმარება თავის მოვლაში იმ ასაკშიც, როცა ეს შეზღუდვის არმქონე ბავშვს აღარ ესაჭიროება, ან თუ ბავშვს ინტელექტუალური ან ფსიქო–სოციალური შესაძლებლობების შეზღუდვა აქვს, გაღიზიანება ბავშვის აღქმის გაძნელებული უნარის ან სიახლესთან შეუგუებლობის, ან ბავშვის ქცევითი სპეციფიკის გამო. ხშირია შემთხვევები, როცა ოჯახის წევრებს თავიანთი „ბედით“ იმედგაცრუებულობა სწორედ ბავშვზე გადააქვთ.
  3. ძალადობა, რომელიც გამომდინარეობს ბავშვის აღზრდაში მონაწილე ოჯახის წევრთა თვითმოტყუების მცდელობიდან. მაგალითად, როცა ოჯახის წევრები არ იმჩნევენ ბავშვის შეზღუდულ შესაძლებლობას და ცდილობენ, ასწავლონ ან მიაჩვიონ ისეთ რამეს, რისი გაკეთებაც მას არ შეუძლია, თავისი შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე (მაგ. სმენადაქვეითებულს/სმენის არმქონეს აიძულებენ, უსმინოს და ისაუბროს, არ გამოიყენოს ჟესტური ენა. უსინათლოს ან ძალიან მცირე ნარჩენი მხედველობის მქონეს ასწავლიან წერა–კითხვას ბრტყელი შრიფტით). ბავშვის უძლურება, აჩვენოს შეზღუდვის არმქონე ბავშვის იდენტური შედეგი, იწვევს თვითილუზიაში მყოფ ოჯახის წევრთა გაღიზიანებას, რაც ასევე ხშირად მთავრდება ბავშვზე ძალადობით, მისი ისეთი რამისთვის „დასჯით“, რაც მასზე არ არის დამოკიდებული. სხვათა შორის, სწორედ ასეთი თვითმოტყუების გამოვლინებაა ყრუ/სმენის არმქონე ბავშვთათვის პატარა ასაკში, შესაბამისად ბავშვის მხრიდან ინფორმირებული თანხმობის გარეშე, კოხლეარული იმპლანტანტის ჩადგმა, რადგან აღნიშნული ოპერაცია ბავშვს უამრავ დისკომფორტს უქმნის, მისი შედეგები ძალზე საეჭვოა, აქვს უამრავი გვერდითი ეფექტი. არადა, დადებითი შედეგის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ინტენსიური, ხანგრძლივი და ძვირადღირებული რეაბილიტაციის პირობებში, რომელიც საქართველოში ვერ ტარდება. იმპლანტანტის ჩანერგვაც არის იმ არაინფორმირებულობისა და თვითმოტყუების ნაწილი, რომ ბავშვს აუცილებლად დაუბრუნდება სმენა, თანაც სრულად ყოველგვარი გართულებების გარეშე.
  4. რადგანაც ჩვენს კულტურაში გამჯდარია შშმ პირის ინფანტილიზაცია, ანუ მისი მუდმივ ბავშვად, არასრულწლოვნად აღქმა, შესაბამისად, მასზე ოჯახში ძალადობა, როგორც ბავშვზე, „აღზრდის“, დასჯის, კონტროლისა და იძულების მიზნით, ზრდასრულობის პერიოდშიც ხშირად გრძელდება ხოლმე.
  5. წინა 4 პუნქტი თანაბრად შეეხება როგორც შშმ ბიჭებს, ისე გოგონებსაც. ახლა კი ისეთ საკითხებზე გადავალ, რომელიც უშუალოდ შშმ ქალს ეხება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები ხშირად სქესის არმქონე არსებებად აღიქმებიან. საზოგადოებრივი აზროვნება ხშირად ვერც კი წარმოიდგენს, რომ შშმ ქალსაც შეიძლება, ჰქონდეს ოჯახის შექმნის, შვილის ყოლა–აღზრდისა ან უბრალოდ პირადი ცხოვრების უფლება, თავის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად, ჩარევისა და ზეწოლის გარეშე მიღება ზრდასრულობის მიღწევის შემდეგ და ა.შ. თუმცა, ქალისთვის დაწესებული ქცევის ნორმები და მოთხოვნები შშმ ქალისადმიც სრულად ვრცელდება (ვალდებულებები უფლებების გარეშე, ანუ შშმ ქალთა შემთხვევაში, მათდამი, როგორც ქალებისადმი, არსებული მოთხოვნები არაფრით კომპენსირდება). შშმ ქალების ჩაცმულობაც ისეთივე, თუ არა უფრო მკაცრი შეფასების საგანია, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის არმქონეების. ოჯახის, სანათესაოსა თუ საახლობლო წრის მიერ ზუსტად ისევე კონტროლდება, თუ სად, როდის, ვისთან და რამდენი ხნით აქვთ მათ წასვლის უფლება, როგორ უნდა/არ უნდა ერთობოდნენ, სიგარეტს უნდა ეწეოდნენ/არ ეწეოდნენ და ა.შ.
    შშმ ქალი პირიქით, შეიძლება, უფრო მეტადაც გაიკიცხოს, „მაგას მაინც რად უნდა სამკაულები ან მანიკური, რა საჭიროა, რატომ, რისთვის, მაინც რა…“ – მსგავსი კომენტარები საკმაოდ ხშირად გამიგია სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების მიმართ, თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებისგანაც, რომლებსაც წესით ნაკლები სტიგმა უნდა ჰქონდეთ და მეტი გამოცდილება-მიმღებლობა შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებში.
  6. ეკონომიკური ძალადობა. შშმ ქალები სხვა ქალებთან შედარებით კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ ძალადობას განიცდიან, აქვთ რა დასაქმებისა და, შესაბამისად, საკუთარი შემოსავლის ქონის ნაკლები შესაძლებლობა. დასაქმებული შშმ ქალებიც ხშირად ნაკლებად ანაზღაურებად, დროებით ან ნახევარგანაკვეთიან სამუშაოზე არიან. შესაბამისად, მათ აქვთ არასტაბილური შემოსავალი და ფინანსურად ოჯახის წევრებზე დამოკიდებულნი არიან ზრდასრულ ასაკშიც კი. შშმ ქალთა ფინანსურ მდგომარეობას ართულებს საქართველოში დამკვიდრებული ის პრაქტიკაც, რომლის მიხედვითაც, მემკვიდრეობას მხოლოდ ვაჟები იღებენ, გოგონებს და ქალებს კი მხოლოდ მზითევი ეკუთვნით. ეს მზითვი მემკვიდრეობის თანაბარი წილი არასდროს არაა ხოლმე, და ვინაიდან შშმ ქალისგან ოჯახის შექმნასაც კი არავინ მოელის და ხშირ შემთხვევაში, მათ მართლაც უჭირთ ოჯახის შექმნა, – შეზღუდული შესაძლებლობების არმქონე ქალებისგან განსხვავებით, არც მზითევი ერგებათ და რჩებიან ყოველგვარი მატერიალურ–ქონებრივი უზრუნველყოფისა და გარანტიის გარეშე. თავისთავად იგულისხმება, რომ და–ძმები ან ოჯახის სხვა წევრები, ვისაც მემკვიდრეობა ერგოთ, მათ მოუვლიან, რაც შშმ ქალებს სიცოცხლის ბოლომდე აგდებს ეკონომიკურად დამოკიდებულ და მოწყვლად მდგომარეობაში. ისინი ხდებიან ნათესავთა კეთილ ნებაზე დამოკიდებულნი, რაც ძალადობისთვის ასევე ნოყიერ ნიადაგს ქმნის.
  7. დამოუკიდებელი ცხოვრების სერვისების არარსებობა, დამოუკიდებლად ცხოვრების უნარების არქონა, არაადაპტირებული გარემო ქალაქსა და ორგანიზაციებში. აღნიშნული ფაქტორები ხელს უშლიან ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრებაში იმ შშმ ქალებსაც, რომლებსაც აქვთ დამოუკიდებელი და სტაბილური შემოსავალი, რაც საკმაოდ იშვიათია თავისთავად ქართულ რეალობაში. თუმცა ასეთი შემოსავლის მქონე შშმ ქალებიც ვერ ამბობენ უარს ოჯახის წევრთა ზრუნვაზე, აცნობიერებენ რა არაადაპტირებულ გარემოში მარტო/დამოუკიდებლად ცხოვრების სირთულეებსა და სიძვირეს. (შშმ ქალს პირადი ასისტენტების, კერძო ტრანსპორტით სარგებლობის, საკვების უფრო ძვირადღირებულ, თუმცა ადაპტირებულ მაღაზიებში შეძენისა და სხვა მსგავს ფაქტორთა გამო დამოუკიდებლად ცხოვრება საშუალოდ უჯდებათ შეზღუდვის არმქონე ქალებთან შედარებით გაცილებით უფრო ძვირი, შესაბამისად თუკი შშმ ქალი იღებს ხელფასს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ქალისთვის კარგად ჩაითვლება, მისთვის ის შესაძლოა, არ აღმოჩნდეს საკმარისი). ამასთან ხშირად ოჯახი უნერგავს შშმ ქალს რწმენას, რომ უცხო ადამიანებმა (პირადი ასისტენტები, გამყოლები და ა.შ.) შესაძლოა, მათ ზიანი მიაყენონ, საფრთხეში ჩააგდონ, გაქურდონ, მოუპარონ რამე, ავარიაში მოაყოლონ გულგრილობით. ოჯახები ხშირად ჩააგონებენ შშმ ქალებს, რომ ოჯახს გარეთ, საჯარო სივრცეში, ისინი აუცილებლად ძალადობის, დაცინვისა და დაჩაგვრა–დისკრიმინაციის მსხვერპლნი გახდებიან, თავს ხიფათში ჩაიგდებენ, რომ ოჯახზე უკეთ მათზე ვერავინ იზრუნებს, ვერავინ გააცნობიერებს მათს საჭიროებებს. ამგვარად მატერიალური კეთილდღეობაც ყოველთვის ვერ აძლევს შშმ ქალს შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ქალებისგან განსხვავებით, დამოუკიდებლობას და ბოლომდე ვერ იცავს ძალადობისგანაც. ძალადობის, როგორც ასეთის, არარსებობის შემთხვევაშიც კი, შშმ ქალები, იაზრებენ რა თავიანთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებსა და სხვათა კეთილ ნებაზე, იაზრებენ რა თავიანთი მდგომარეობის უალტერნატივობას, რომ სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში წასასვლელი მაინც არსად აქვთ, ექცევიან თვითწნეხისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. ეს კი შესაძლოა, გახდეს ფსიქოლოგიური ძალადობა.
  8. ინტელექტუალური და ფსიქო–სოციალური შესაძლებლობების შეზღუდვის მქონე ქალებთან დაკავშირებით ითქვა, რომ ისინი საკმაოდ ხშირად არიან ხოლმე ოჯახის წევრთა მხრიდან მუქარის მსხვერპლნი. ხშირად ემუქრებიან, რომ ამა თუ იმ მოქმედების შესრულების ან შეუსრულებლობის ანდა რაღაცაზე ხმის ამოღების შემთხვევაში, მათ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, შშმ პირთა პანსიონატში ან სხვა რამე მსგავს ინსტიტუციაში მოათავსებინებენ, ანდა უბრალოდ მიატოვებენ და „მერე ნახონ, ვინ და როგორ იზრუნებს მათზე“, რაც ფსიქოლოგიური ძალადობაა.
  9. ამასთან, ინტელექტუალური და ფსიქო–სოციალური შესაძლებლობების შეზღუდვის მქონე ქალებს უარს ეუბნებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფრებში მოთავსებაზე იმ მოტივით, რომ აღნიშნულ თავშესაფრებში არსებული სერვისები მათზე არ არის მორგებული, რაც მათ დამატებით მოწყვლადებს ხდის, აგდებს რა უალტერნატივობის მდგომარეობაში.
  10. განვიხილავდით ასევე იმასაც, თუ რომელი ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები არიან ძალადობის უფრო დიდი რისკის ქვეშ. სტატისტიკურად, შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ქალთან შედარებით, შშმ ქალს აქვს 2–4 ჯერ უფრო მაღალი შანსი, გახდეს ძალადობის მსხვერპლი. კონკრეტული ჯგუფების გამოყოფა გაჭირდა. თუმცა აღინიშნა, რომ ღრმა გონებრივი და ფსიქო–სოციალური შესაძლებლობების, მძიმე მობილობისა და მნიშვნელოვანი მხედველობის შეზღუდვა ანდა სრული უსინათლოობა არის ის რამდენიმე ნიშანი, რის მქონე ქალებიც ძალადობის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. მობილობის შეზღუდვის მქონენი გაქცევის, მოძალადისგან ფიზიკურად თავის დაღწევის სირთულის გამო, ინტელექტუალური და ფსიქო–სოციალური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები მათთან მიმართებაში არსებული სტიგმების გამო (სამართალდამცავები და საზოგადოების წევრები ხშირად არასერიოზულად აღიქვამენ ასეთ ქალთა ნათქვამს, რომ დახმარება სჭირდებათ, რომ მათზე ძალადობენ, უსწორდებიან, არ იჯერებენ, თვლიან, რომ აზვიადებენ და ა. შ.). რაც შეეხება უსინათლო ქალებს, მათი დაუცველობა მდგომარეობს მოძალადის იდენტიფიცირების სირთულეში, განსაკუთრებით, თუკი ის მათთვის უცნობი ადამიანია. ამასთან, უსინათლოსაც გაუჭირდება საფრთხისგან თავის დაღწევა (შეიძლება, ვერ გაიქცეს სწორი მიმართულებით) და ბოლოს, უსინათლოს უძნელდება იმის შემჩნევა, რომ მასზე თავდასხმა იგეგმება. ამის გამო, იგი საფრთხეს თავს დროულად ვერ არიდებს.
  11. რაც შეეხება სივრცეებს, სადაც შშმ ქალები ძალადობისგან მეტნაკლებად დაცულად გრძნობენ თავს, აღინიშნა, რომ ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, სხვათა წინაშე წარმოჩინდეს კარგ ადამიანად, თავისი ნეგატივი კი დაუცველზე, უტყვზე, მოწმეთა გარეშე, პირისპირ გადმოანთხიოს, – საჯარო სივრცე ჩაითვალა შედარებით უფრო უსაფრთხოდ. ასევე, ხაზი გაესვა, რომ ისეთი სივრცეები, როგორიცაა უმაღლესი სასწავლებლები, არაფორმალური განათლების მიღების ადგილები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ საჯარო სტრუქტურების სათაო ოფისები, სადაც თავს იყრის საზოგადოების განათლებული, საგანგებოდ, კონკურსების შედეგად შერჩეული, მოტივაციის მქონე ფენა, ასევე შეიძლება, ჩაითვალოს შშმ ქალისთვის უსაფრთხო სივრცედ. მსგავს ადგილებში ისინი შესაძლოა, გახდნენ დისკრიმინაციის, მაგრამ არა იმდენად პირდაპირი ძალადობის მსხვერპლნი.