სექსუალობა

ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები

ავტორი: ნია ხაჭაპურიძე

დავიწყოთ იმით, რომ ზოგი კონფრაცეპტივი პირდაპირ შეგიძლიათ აფთიაქში იყიდოთ. მაგრამ ზოგიერთი მათგანი, მაგალითად ჰორმონები, ექიმის გარეშე არ უნდა მიიღოთ.

არსებობს კონტრაცეფციის:

–  დროებითი და მუდმივი მეთოდები;

– ბარიერული, ჰორმონული და არაჰორმონული;

– მამაკაცის და ქალის’

– გარეგანი, შინაგანი, დასალევი, დასაკრავი, მოკლედ ყველანაირი;

– ყოველდღიური/კვირეული/თვიური და “ერთხელ იზამ და დაისვენებ”;

– ზოგი დაავადების რისკის გამზრდელი და შემამცირებელი.

მოკლედ, უნდა დასხდეთ და კარგად გაეცნოთ, გაიაროთ კონსულტაცია გინეკოლოგთანაც და აუცილებლად შეარჩევთ თქვენთვის ოპტიმალურ რამეს, რათა აიცილოთ არასასურველი ორსულობა და არანაკლებ არასასურველი მეორე დღის აბების ყლაპვა არ დაგჭირდეთ.

ზოგადად, ყველა მათგანს აქვს თავისი ეფექტურობის მაჩვენებელი. მაგალითად, 95%-იანი ეფექტურობა ნიშნავს, რომ 100 ქალი რომ იყენებდეს, მათგან საშუალოდ 5 პირველივე წელიწადში დაორსულდება.

80%-იანი – 100-დან 20 დაორსულდება და ასე შემდეგ.

მაგრამ საშუალებების უმრავლესობის რეალური ეფექტურობა ნაკლებია თეორიულზე, რადგან საშუალებებს ხშირად არასწორად იყენებენ.

  1. პრეზერვატივი/კონდომი – მამაკაცის

არსებობს ლატექსის, რეზინის (Plastic) და ორგანული (ბატკნის ნაწლავისგან დამზადებული). მხოლოდ ლატექსის და რეზინისა იცავს სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან (ანუ სგდ). პაპილომავირუსის შემთხვევაში – არა 100%-ით, რადგანაც ეს დაავადება გენიტალიებზე კანის კონტაქტითაც გადადის.

შესაძლებელია ალერგია მასალაზე, მაგალითად ლატექსზე, ამ დროს, შეგიძლიათ სცადოთ სხვა მასალა ან სხვა საშუალება.

ეფექტურობა – თეორიული 98%. რეალური, არასწორი გამოყენებისას – 85% (მოკლედ, გამოიყენეთ სწორად, დროულად და საკმაოდ ეფექტური იქნება).

მნიშვნელოვანია, რომ კონდომის ხმარებისას არ გამოიყენოთ ზეთზე დამზადებული ლუბრიკანტები, რადგან აზიანებს მის მთლიანობას. რეკომენდებულია მხოლოდ წყალზე დამზადებული ლუბრიკანტების გამოყენება.

  1. კონდომი – ქალის, საშოში მოსათავსებლად

იგივენაირად, იცავს სქესობრივად გადამდები დაავადებებისგანაც.

ეფექტურობა თეორიული 95%, რეალური (რადგანაც მამაკაცისაზე უფრო ძნელია გამოსაყენებლად) – 79%.

იდგმება ყოველი სექსის წინ.

შეიძლება უფრო სასიამოვნოც კი გახადოს სექსიო, ირწმუნებიან.

ქალის და კაცის კონდომს უკეთესი ეფექტისთვის ერთად ნუ გამოიყენებთ, სხვა საშუალებების კომბინაცია მოიფიქრეთ.

  1. სპერმიციდები

სპერმიციდები სპერმატოზოიდების მკვლელი საშუალებებია.

არსებობს ბევრნაირი: ჟელე, გელი, სანთლები, ტაბლეტი. ცელოფანივით ნივთია. იგი

უნდა განათავსოთ/მოახვედროთ საშოში და თან სწორად, ყოველი სექსის წინ.

არ სჭირდება ექიმის დანიშნულება. როგორც ამბობენ, ადვილია გამოსაყენებლად.

ეფექტურობა – საშუალოდ 80%.

უსაფრთხოება – თუ ალერგიული აღმოჩნდებით შიგ შემავალ რომელიმე ნივთიერებაზე თქვენ ან პარტნიორი, რა თქმა უნდა, ვერ გამოიყენებთ. დღეში რამდენჯერმე თუ იყენებთ, შესაძლოა გააღიზიანოს ლორწოვანი, რაც კონდომით დაუცველი სექსის შემთხვევაში ზრდის სქესობრივად გადამდები დაავადების გადადების რისკს. ცოტა (ან კარგად) თხუპნიაცაა.

  1. სხვა ბარიერული მეთოდები, საშოში მოსათავსებლად

ამისთვის რეკომენდებულია სპერმიციდის  ან მამაკაცის კონდომის მიხმარება. თუ ერთზე მეტად გაქვთ სექსი – მით უმეტეს. არ შეიცავენ ჰორმონებს.

დიაფრაგმა – რეკომენდებულია სპერმიციდთან ერთად გამოსაყენებლად, კიდევ უკეთესი – მამაკაცის კონდომის დამატება. უნდა გამოიყენოთ ყოველი სექსის წინ. არ იცავს სგდ-ებისგან. ეფექტურობა 88%. შესაძლებელია მისი მოთავსება აქტამდე 2 საათით ადრეც კი. უნდა აარჩიოთ თქვენი შესაბამისი ზომა. მრავალჯერადი მოხმარებისაა, 2 წელი შეგიძლიათ გამოიყენოთ-გარეცხოთ-გამოიყენოთ. წონის ცვლილების ან ორსულობის შემდეგ, სხვა ზომა შეიძლება დაგჭირდეთ.

სექსის შემდეგ საშოში უნდა იყოს მინიმუმ 6 საათი. მაგრამ არ დატოვოთ 24 საათზე მეტი!

საშვილოსნოს ყელის “თავსახური” (cap) – ფაქტობრივად იგივეა, რაც დიაფრაგმა, მაგრამ შეგიძლიათ, 2 დღე გააჩეროთ საშოში. კეთდება ყოველი სექსის წინ. დიაფრაგმაზე ცოტა ნაკლებად ეფექტურია (86% არანამშობიარევ ქალებში, 74% – ნამშობიარევში). უკეთესია, მიახმაროთ მამაკაცის კონდომი ან სპერმიციდი, განსაკუთრებით განმეორებით სექსის შემთხვევაში. არ იცავს სგდ-ებისგან. მრავალჯერადი მოხმარებისაა ესეც, შეგიძლიათ 1 წელი გამოიყენოთ-გარეცხოთ-გამოიყენოთ.

სექსის შემდეგ მინიმუმ 6 საათი უნდა დარჩეს საშოში!

არ დაიტოვოთ 48 საათზე მეტი!

ღრუბელი – საშოში ღრმად, საშვილოსნოს ყელთან ფაქტობრივად საცობივით თავსდება, რათა სპერმამ შიგ ვერ შეაღწიოს. მოთავსებიდან 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ, გქონდეთ სექსი. არანამშობიარევ ქალებში უფრო ეფექტურია (88%), ვიდრე ნამშობიარევებში (76%). არ იცავს სგდ-ებისგან. რეკომენდებულია კონდომის ან სპერმიციდის დამატებაც, სრული უსაფრთხოებისთვის.

ზრდის ტოქსიკური შოკის განვითარების რისკს!

არ შეიძლება 30 საათზე დიდხანს დატოვება და მენსტრუაციის დროს გამოყენება. ერთჯერადი გამოყენებისაა.

გადავედით ჰორმონულ მეთოდებზე, რომელთა გამოყენების წინაც უნდა გაიაროთ კონსულტაცია გინეკოლოგთან და აარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო და უსაფრთხო ვარიანტი.

გინდა აბი იყოს, გინდა – ფირფიტა და გინდა ნემსი, ჰორმონების მხრივ, ზოგადად, არსებობს ორნაირი საშუალება:

  • პროგესტერონი+ესტროგენი ანუ კომბინირებული საშუალება;
  • მარტო პროგესტერონიანი.

რა თქმა უნდა, სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან არც ერთი არ იცავს.

დაორსულება თუ მოგინდათ რომელიმეს ხმარებისას, – უბრალოდ შეწყვიტეთ გამოყენება და დაელოდეთ.

  1. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები

შეიცავს ჰორმონებს, რომლებიც ფაქტობრივად ატყუებენ ორგანიზმს, რომ უკვე ორსულად ხართ, ამიტომ ოვულაცია წყდება (ოვულაცია არის კვერცხუჯრედის მომწიფება და საკვერცხიდან საშვილოსნოსკენ დაძვრა, მომავალი ორსულობის იმედით). ამასთან ერთად, ჰორმონები ასქელებენ საშვილოსნოს ყელის ლორწოს, რის გამოც სპერმას შედარებით უჭირს შეღწევა.

ეფექტურობა – თეორიულად 99%. მაგრამ რადგანაც ყოველდღე აბის დალევაში იდეალურები არ არიან ადამიანები – რეალობაში 91%-ია.

გაითვალისწინეთ, რომ ეს საშუალებები ურთიერთქმედებს ზოგ მედიკამენტთან და ეს ამცირებს მათ ეფექტურობას. ასევე, ღებინებისა და ხანგრძლივი დიარეის შემთხვევაში, ვერ ესწრება შეწოვა და ფაქტობრივად ჩაგდებას ნიშნავს.

აბები, როგორც ვთქვით, არსებობს ორნაირი:

  1. კომბინირებული ორალური კონტრაცეპცია – კოკ, – შეიცავს პროგესტერონს და ესტროგენს, ქალის ორ მთავარ ჰორმონს;
  2. მარტო პროგესტერონის შემცველი – ე. წ. მინი-პილი.

კომბინირებული უნდა მიიღოთ ყოველდღე და სასურველია ერთსა და იმავე დროს (რადგან ასე უფრო ნაკლებია შანსია დავიწყების, უფრო მიეჩვევა ტვინი).

ძირითადად არსებობს 21-აბიანი და 28-აბიანი შეფუთვები. 28-იან შეფუთვაში 21 აბი არის ჰორმონების შემცველი, ისმევა 21 დღე.

ბოლო 7 აბი არის არაფერი, ან რკინის და მინერალების შემცველი (ჯობია, მიიღოთ, რადგან უფრო მტკიცე ჩვევად გექნებათ ყოველდღე მიღება და არ დავიწყებათ, მაგრამ გამოტოვებასაც არა უშავს, იმიტომ, რომ შიგ ჰორმონი არაა).

თუ 21-იანი შეფუთვა გაქვთ – ყველა ჰორმონიანი აბია და არ უნდა გამოტოვოთ.

მენსტრუაცია მოგივათ უჰორმონო აბების დღეებში. დაცული ხართ მაინც ყოველდღე.

29-ე დღეს უნდა დაიწყოთ ახალი შეფუთვა.

პროგესტერონიანი აბების შეფუთვა არის 28-აბიანი და ყველა არის ჰორმონიანი, არ უნდა გამოტოვოთ.

უნდა მიიღოთ ყოველდღე, აუცილებლად 3 საათის შუალედში, ეს უკვე ეფექტურობისთვისაა საჭირო!

მაგალითად, თუ დღეს დალევთ 12-ზე, ხვალ უნდა დალიოთ ისევ 12-თან ახლომახლო. დილას 9-ზე ან შუადღისას 3-ზე რომ დალიოთ, იზრდება დაორსულების რისკი. ამ შემთხვევაში, შემდეგი 2 დღე სხვა რამითაც დაიცავით თავი.

შეიძლება გქონდეთ მენსტრუაცია ან სპოტინგი (მცირე გამონადენი) პერიოდულად ან საერთოდ არაფერი.

ორივეს შემთხვევაში დაწყება შეიძლება თვის ნებისმიერ დღეს, მაგრამ ეფექტური არ არის ეგრევე – რამდენიმე დღე შეიძლება სხვა მეთოდით მოგიწიოთ თავის დაცვა, სანამ მოქმედებას დაიწყებდეს.

ზუსტად დაეკითხეთ ექიმს!

35 წლის ასაკს ზემოთ და მწეველი ქალებისთვის არაა რეკომენდებული ესტროგენის შემცველი (ანუ კომბინირებული) საშუალებები. მარტო პროგესტერონიანი (მაგ. მინი-პილი) შეიძლება.

ასევე არსებობს რამდენიმე დაავადება და დარღვევა, რის დროსაც არაა რეკომენდებული კომბინირებული კონტრაცეფციის მიღება (თრომბოზისკენ მიდრეკილება, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, მკერდის კიბო და სხვ.). შესაძლოა, გაიზარდოს ამ დაავადებების რისკი. ასე რომ, აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია და ნუ დაიმართებთ რამეს.

დადებითი მხარეები:

ორივე, კოკი და მინი-პილი, ამცირებს მენსტრუალურ ტკივილს, სისხლდენას და ექტოპიური, ანუ საშვილოსნოსგარე ორსულობის რისკს, აკნეს, საკვერცხისა და მკერდის ცისტებს, საკვერცხისა და საშვილოსნოს ენდომეტრიუმის კიბოს რისკს, ანემიის რისკს (სისხლდენის შემცირების გამო), პმს-ის სიმპტომებს.

თუ აბების მიღებისას მაინც დაორსულდით და განაგრძეთ მიღება, სანამ გაიგებდით, – არა უშავს, არ ზრდის დეფექტების რისკს.

რეკომენდებულია მშობიარობიდან მინიმუმ 3 კვირის მოცდა კომბინირებული აბების დაწყებამდე (ძუძუს აჭმევთ თუ არა, მაინც). აბორტის ან მუცლის მოშლის შემთხვევაში, მაშინვე შეგიძლიათ დაწყება.

მინი-პილის შემთხვევაში ეგრევე შეიძლება, აბორტის, მუცლის მოშლის და მშობიარობის მერე.

მოკლედ, ამ ყველაფერს ვწერ იმიტომ, რომ ზოგადი წარმოდგენა აღვწერო. მაგრამ ეს ინფორმაცია არ ანაცვლებს ექიმს და კიდევ ბევრი რამ უნდა გითხრათ სპეციალისტმა, რა ქნათ, როგორ, რა გვერდით მოვლენებს ელოდოთ, რა არა უშავს და რა უშავს.

  1. კანზე დასაკრავი ფირფიტა – ესეც კომბინირებულია, ანუ პროგესტერონს და ესტროგენს შეიცავს

99% ეფექტურია თეორიულად, ადამიანების ადამიანობის გამო – 91%-ით.

ყველაფერი, რაც ითქვა კომბინირებულ აბებზე, – იგივე, აქაც

დაიკარით ფირფიტა სუფთა, მშრალ კანზე — მუცელზე, მკლავზე, დუნდულზე ან ზურგზე.

გამოცვალეთ ზუსტად კვირაში ერთხელ, ყოველთვის ერთსა და იმავე დღეს.

დასველებისას არ ძვრება, მაგრამ ყოველდღე მაინც შეამოწმეთ ხომ არ მოგძვრათ

სამი კვირა – სამი ფირფიტა, მეოთხე კვირას შეგიძლიათ, არაფერი დაიკრათ და 1 კვირა შეისვენოთ (როგორც აბების დროს, 21 და 7 დღე).

ამ შემთხვევაში მენსტრუაცია მოგივათ.

ან დაიკარით ახალი და წესით არ მოგივათ, ან ძალიან ცოტა.

თუ მოგძვრათ და 2 დღეზე ადრე აღმოაჩინეთ – დაიკარით ახალი და გააგრძელეთ ჩვეულებრივად.

თუ 2 დღეზე მეტია, რაც მოგძვრათ ან არ იცით, რამდენი ხანია – დაიწყეთ თავიდან. დაიკარით ახალი და ის დღე იქნება თქვენი “ფირფიტის გამოცვლის დღე” ამიერიდან. შემდეგი 7 დღე თავი დაიცავით სხვა ხერხით.

  1. საშოს რგოლი

ესეც კომბინირებულია – პროგესტერონი+ესტროგენი, მაგრამ საშოში თავსდება

ეფექტურობა, გვერდითი ეფექტები, დადებითი ეფექტები – იგივე, რაც აბებზე და დასაკრავზე ითქვა.

მოთავსების შემდეგ საშოში დატოვებთ 3 კვირა, შემდეგ გამოიღებთ და დაისვენებთ 1 კვირა (როგორც ფირფიტაზე, როგორც 21+7 აბზე).

მერე გაიკეთებთ ახალს და ა. შ.

გამოცვლით ყოველთვის ერთსა და იმავე დღეს.

ფრთხილად იყავით, მენსტრუაცია თუ მოგივიდათ და ტამპონი იხმარეთ, არ გამოიძროთ შემთხვევით.

არ გამოიყენოთ მენსტრუალური ჭიქა.

სექსის დროს დატოვება პრობლემა არაა, უნდა იყოს კიდეც.

თუ მაინცდამაინც – შესაძლებელია გამოღება, ოღონდ 2 დღეზე დიდხანს არ დარჩეთ ისე.

თუ რამეა და 2 დღეზე დიდხანს იყავით ურგოლოდ – ისევ უკან მოათავსეთ და მომდევნო 7 დღე სხვანაირად დაიცავით თავი.

  1. საინექციო კონტრაცეფცია – ანუ ნემსს გაგიკეთებენ ხოლმე სამ თვეში ერთხელ

შეიცავს მხოლოდ პროგესტინს. უნდა გაკეთდეს 12-13 კვირაში ერთხელ (მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 15).

ეფექტურობა – 99% თეორიული, 94% რეალური.

უკუნაჩვენებია, თუ მკერდის კიბო გაქვთ გადატანილი.

შეწყვეტიდან 9-10 თვე შეიძლება დასჭირდეს დაორსულებას.

  1. იმპლანტი – ე. წ. „გაიკეთე და დაივიწყე“ თავდაცვა

პატარა ჩხირუკაა, რომელიც მკლავზე, კანქვეშ იდგმება და პროგესტერონს გამოათავისუფლებს ორგანიზმში. გექნებათ 5 წელი.

ეფექტურობა – 99%. თეორიულიც და რეალურიც (ვერაფერი დაგავიწყდება და ვერაფერს აურევ).

შეგახსენებთ, რომ ჩადგმის დღიდანვე ეფექტური არაფერი არაა და რამდენიმე დღე სხვანაირად უნდა დაიცვათ თავი. დაეკითხეთ ექიმს.

ქალების 30%ს ერთ წელში საერთოდ უწყდება მენსტრუაცია, ანუ ვისაც საშინელი ტკივილი ან სისხლდენა ტანჯავს – მისწრებაა.

რადგანაც ესტროგენს არ შეიცავს – იმ ქალებისთვისაა, ვისთვისაც ესტროგენი არ შეიძლება (მწეველები, 35+ და ასე შემდეგ).

თუ დაორსულება მოგინდათ – გამოიღებს ექიმი და დაელოდებით. არის მოსაზრება, რომ გამოღებისთანავე კიდევ უფრო ადვილია დაორსულება.

5 წლის შემდეგ ამოიღებთ და თუ გინდათ, იქვე ახალს ჩაისვამთ.

ეს მეთოდი, მე რომ მკითხოთ, საკმაოდ ახლოსაა იდეალურთან, მაგრამ რა თქმა უნდა, იდეალური არ არის და რა გვერდითი ეფექტები აქვს და როდის არ შეიძლება – ექიმთან გაარკვიეთ და დაგუგლეთ.

  1. საშვილოსნოსშიდა საშუალება (ე. წ. IUD)

ანუ სპირალი, რომელსაც სპირალის კი არა, T-ს ფორმა აქვს – ესეც იგივე, – გაიკეთე და დაივიწყე.

სპირალები არსებობს ორნაირი: სპილენძიანი და ჰორმონიანი.

სპილენძიანი მოქმედებს 12 წელი, ჰორმონიანები (პროგესტინიანი) – 3-5-7 წელი, გააჩნია რომელია.

!!!საოცრება ამბავი: მეორე დღის გადაუდებელი აბის გარდა, კიდევ არსებობს ერთი საშუალება დაუცველი სექსის მერე ორსულობის ასაცილებლად.

ეს არის სპილენძის სპირალი. დაუცველი სექსიდან 5 დღის მანძილზე შეიძლება მისი ჩადგმა და არის 99,9%-ით ეფექტური. მერე შეგიძლიათ მარტო იმ პერიოდში კი არა, 12 წელი მშვიდად იყოთ. ან ამოიღოთ, როცა გინდათ და დაორსულდეთ, როცა გინდათ.

ვისთვისაც ჰორმონული კონტრაცეფცია არ შეიძლება – სპილენძიანია გადასარევი.

ვისთვისაც შეიძლება და თან ძლიერი სისხლდენა და ტკივილები აქვს მენსტრუაციისას – ძალიან ამცირებს ან საერთოდ წყვეტს ჰორმონული.

უკუნაჩვენებია ზოგი სქესობრივად გადამდები დაავადების, საშვილოსნოს ან საშვილოსნოს ყელის კიბოს და ა. შ. დროს. ეს ექიმთან ერთად უნდა განიხილოთ. სპილენძიანი არ იდგმება სპილენძზე ალერგიის, სისხლის შედედების დარღვევის დროს. ჰორმონიანი არ იდგმება, თუ ქალს მკერდის კიბო აქვს გადატანილი.

თუ გამოვარდა საშვილოსნოდან – შეიძლება დაორსულდეთ და გამოღება და წესიერად ჩადგმა დასჭირდება მაინც. ადრე იყო ვარაუდი, რომ სპირალი მცირედ ზრდის საშვილოსნოსგარე ორსულობის რისკს. საბოლოოდ, მგონი ვერ დაადგინეს, რას შვრება და თუ შვრება. ასევე, გამოცდილი გინეკოლოგის ხელში ძალიან მცირეა საშვილოსნოს გახვრეტის რისკი, მაგრამ იგი მაინც არსებობს და ეს უნდა იცოდეთ.

ბოლოს, ორი მუდმივი მეთოდიც – ქალის და კაცის სტერილიზაცია.

მას მიმართავენ მაშინ, როცა ზუსტად იციან, რომ ამიერიდან შვილის გაჩენა არ მოუნდებათ.

  1. კაცის სტერილიზაცია, ანუ ვაზექტომია

სათესლე პარკზე პაწაწუნა განაკვეთს გაატარებს ექიმი და თესლის გამომტან სადინრებს ანუ „ვაზ დეფერენსებს“ გადაჭრის. უგანაკვეთო მეთოდიც არსებობს.

ამ მცირე ოპერაცია-პროცედურიდან 3 თვეა საჭირო, რომ სპერმისგან გაიწმინდოს იქაურობა. შემდეგ სპერმის ანალიზი ბარდება, რომ დადასტურდეს და აი შემდეგ ეფექტურია 99,9%.

გართულებები: გარდა იმისა, რაც პატარა განაკვეთს შეიძლება მოჰყვეს კანზე და მიხედვადია, არაფერი. არც ნაკერები უნდა და არც ნაწიბური რჩება.

ერთადერთი, რაც შეიცვლება ისაა რომ სპერმაში სპერმატოზოიდები აღარ იქნებიან. დანარჩენი არც გარეგნულად, არც ფერზე და არც ლიბიდოს მხრივ არ მოხდება.

რაღაცა თეორიულ დონეზე არსებობს შანსი რომ სადინრები ისევ გადაებას და დადგეს ორსულობა (ან გადასაბმელი ოპერაცია გაკეთდეს, თუ გადაიფიქრა კაცმა და შვილი მოუნდა). მაგრამ დიდი არაა ამის შანსი.

  1. ქალის სტერილიზაცია, ანუ კვერცხსავალი მილების ლიგაცია (გაკერვა)

ამ დროს საკვერცხისა და საშვილოსნოს დამაკავშრებელი მილები გადაიკვანძება, რათა მათ კვერცხუჯრედი ვეღარ გაატარონ.

შეიძლება გაკეთდეს ოპერაცია – უფრო ლაპაროსკოპიით – და მილები გადაიკვანძოს

ან საშვილოსნოს გავლით მათში სპეციალური სპირალები (ნამდვილი დახვეული სპირალები) მოთავსდეს, რომ დაიხშოს.

საჭიროა მოცდა 3 თვემდე, თუ მაინც გამტარია მილები, კიდევ მოცდა და ასე შემდეგ.

ეს არ ცვლის ჰორმონების დონეს და არ იწვევს მენოპაუზას.

არის შანსი, რომ მილების გამავლობა ისევ აღდგეს და ქალი დაორსულდეს. ამასთანავე, რადგანაც ოდესღაც ჩაკერილი მილები დიდი განიერი გვირაბივით გამტარი ვეღარ გახდება, შეიძლება, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შიგვე ჩარჩეს და საშვილოსნოსგარე ორსულობა განვითარდეს.

სურვილის შემთხვევაში, შეიძლება ოპერაციაც მილების გამტარობის აღდგენის მიზნით, მაგრამ არაა გარანტირებული. ასევე შეიძლება ინვიტრო განაყოფიერება (ანუ პირდაპირ საშვილოსნოში შეყვანა განაყოფიერებული კვერცხუჯრედის და მილები საჭირო აღარ იქნება).