ბავშვზე ძალადობა / ბლოგები / სტატიები

“ჩვენმა შვილებმა მასეთებს რატომ უნდა უყურონ!” – ადაპტირებული საქანელას განადგურების ამბავი

ბლოგპოსტის ავტორი: ნოდა რუხაძე

ზუსტად 4 წლის წინ, სკოლის მოსწავლეებმა დავწერეთ ძალიან პატარა, მაგრამ საკმაოდ ამბიციური პროექტი.
ინიციატივა მიზნად ისახავდა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.

გადავწყვიტეთ, ყურადღება მიგვექცია ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის საკითზე.
კვლევის დროს შევიტყვეთ, რომ ბავშვებს ყველაზე მეტად გასართობი საშუალებების არარსებობა აწუხებდათ. მათ მხოლოდ სხვებთან ერთად თამაში სურდათ.

პროექტსაც ასე დავარქვით – “მეც მინდა თამაში”.

ინსპირაცია იქცა იდეად, იდეა – პროექტად, პროექტი კი – ძალიან დიდ მოძრაობად, რომელმაც ბევრი სკოლა და კიდევ უფრო მეტი გულანთებული მოსწავლე გააერთიანა.

საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ ძირითად ფაზაში უნდა გაგვეკეთებინა სპეციალური საქანელა, რომელიც საჭიროებების მიხედვით იქნებოდა ადაპტირებული. ეტლით მოსარგებლე ბავშვები შეძლებდნენ ადეკვატურ გარემოში გართობას და დროებით მაინც დაივიწყებდნენ იმ მარგინალიზებულ გარემოს, რომელშიც მათ სახელმწიფო და საზოგადოება ამყოფებდა.

მაშინ თბილისში ამ ტიპის ორი საქანელა იდგა. აქედან ერთი ფასიანი იყო.

ჩვენი ყველაზე ერთგული კოორდინატორის და მეგობრის, სოფო ბაჩილავას დახმარებით, პროექტის სტრუქტურა იდეალურად გავმართეთ და რამდენიმე კვირაში USAID-ის მცირე გრანტების პროგრამაშიც გავიმარჯვეთ.

ეს იყო პირველი დიდი გამარჯვება, რომელსაც მოჰყვა კიდევ ერთი – დიდუბის გამგეობის მაშინდელი წევრები მაქსიმალურად დაგვიდგნენ გვერდში. ისინი თანამონაწილეობაში შემოვიდნენ და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების ადაპტირებულ საქანელაზე გამოაცხადეს ტენდერი.

პროექტის მიზანი იყო ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანა, განსხვავებული და ფერადი ბავშვების ერთ სივრცეში არსებობა, მათი გაცნობა და დამეგობრება. სწორედ ამ მიზნით ავარჩიეთ სკვერი, რომელშიც უკვე იყო სათამაშო ტერიტორია და კარგად იყო ათვისებული ადგილობრიგი მოსახლეობის მიერ.

სამი თვის განმავლობაში მოსახლეობასთან კარდაკარ დავდიოდი და ხელმოწერებს ვაგროვებდი. შეიძლება, რომელიმე იქ მცხოვრებს დღესაც ვახსოვარ, იმდენჯერ მიწევდა მათთან შეხვედრა. ამის პარალელურად, ვარიგებდით საინფორმაციო ბროშურებს, ვესწრებოდით ტრეინინგებს და სამიზნე ჯგუფისთვის ვატარებდით კინო ჩვენებებს. შევქმენით ძალიან სასიამოვნო, მაგრამ შრომატევადი პროცესი.

გახნის წინა დღეს, სკვერში საზეიმოდ მივედით ბუშტებით, პლაკატებითა და ფერადი მაისურებით. ჩვენი კურატორები, სოფო და გამგეობის თანამშრომლებიც ჩვენ გვერდით იყვნენ. შემდეგ დღეს ოფიციალური გახსნა იყო, ბედნიერები ვიყავით. სამთვიანი ბრძოლის შემდეგ, ჩვენ ეს შევძელით. გვიხაროდა. უძინარი ღამეები, დაღლა და ბევრი შრომა წარსულში დარჩა.

უკვე დრო იყო, დავმტკბარიყავით საბოლოო პროდუქტით და შედეგით გვეამაყა.

მეორე დღეს, სკვერთან ერთი საათით ადრე მივედი. მიუხედავად იმისა, რომ იქ განვითარებული მოვლენები შედარებით ბუნდოვნად მახსოვს, მაინც შევეცდები, მცირე მონახაზით შეგიქმნათ წარმოდგენა.

ვინმემ თუ არ იცით, როგორ გამოიყურება ოცნებების დანგრევა, იმედების განადგურება, შრომის წყალში ჩაყრა და ძალიან დიდი უსამართლობა, ჩემთვის ასეთი სახე აქვს ამ ყველაფერს.

საქანელას ირგლივ დაახლოებით ოცდაათამდე ადამიანია შეკრებილი. რაღაცას ხმამაღლა განიხილავენ. ისმის გინება. ხალხი ორ ნაწილად იშლება და ვხედავ ჩამოგდებულ რკინის კონსტრუქციას, რომლის ბოძები გაღუნულია, კარი – ჩამოღებული, ჯაჭვები – მიმოფანტული და რაც ყველაზე მეტად მიკვირს დღემდე, – მიწიდან ამოგდებულია ბეტონის ჩარჩოები, რაზეც წესით უნდა იდგეს მთლიანი კონსტრუქცია.

საბოლოოდ, როგორც გავიგე, საქანელა მოსახლეობის თხოვნით საპატრულო სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს, შემდეგ კი მის განადგურებაზე სკვერში მყოფმა ხალხმა იზუნა. სხვა ვერსიებმაც გაიჟღერა.

ჩემი ჩხუბისა და ყვირილის დეტალები მართლა არ მახსოვს. რამდენიმე რეპლიკა კი აღმებეჭდა მეხსიერებაში. პირველი – “ჩვენმა შვილებმა მასეთებს რატომ უნდა უყურონ!”.
მეორე – “მათთვის ცალკე გააკეთეთ პარკი!”.
მესამე – “ჩვენს უფლებებზე რატო არ ზრუნავთ?”.

მერე ჩემმა მეგობარმა მითხრა, სულ ნაციონალები გვეძახეს და გინებით გამოგვაცილესო.
მგონი, კონტრაქციის ფენომენს ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი.

ყველაზე მეტად მაინც იმაზე მწყდება გული, რომ იმ დღეს ათამდე განსაკუთრებულ ბავშვს ველოდით.

მშობლებს მოყავდათ, თურმე ძალიან გახარებულები იყვნენ.

საქანელა იმდენად დაზიანებული იყო, რომ მისი რეკონსტრუქცია ვეღარ მოვახერხეთ. საქართველოში სპეციალისტებიც ვერ ვიპოვეთ, რომლებსაც პარამეტრების შესაბამისად შეეძლოთ პირვანდელი სახის დაბრუნება.

ფაქტია, რომ ვერასოდეს შევქმნით ჯანსაღ, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოს, თუ არ გავითავისებთ, რომ განსხვავებულობა არის ნორმალური.

ერის ერთიანობის განცდა ნიშნავს ინდივიდის აღიარებას, დაფასებასა და მიღებას. ინკლუზიურ საზოგადოებაში ვერ იარსებებენ სხვაზე დამოკიდებული ადამიანები.

განსხვავებული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისთვის მარტო აფთიაქებთან მოწყობილი პანდუსები არ არის საკმარისი, მათ უნდა ჰქონდეთ თვითრეალიზების საშუალება.

დასავლეთ ევროპის ქვეყანაში ინკლუზიურობა სიახლეს არ წარმოადგენს.

საქართველოს კი პირველი ნაბიჯების გადადგმაში ხელს უშლის საზოგადოების ნაწილი, რომელიც საბჭოთა კავშირის აზკაბანისეულ მენტალურ ტყვეობაშია მოქცეული, და სახელმწიფო, რომელიც ვერ უქმნის საკუთარ მოქალაქეებს განათლების, ჯანდაცვის, სოციალიზაციის, გადაადგილების ან თუნდაც ეზოში თამაშის თანაბარ პირობებს.

იმ დღეზე, ჩვენზე და ბავშვებზე ბევრს ვფიქრობ ხოლმე. ხან თვეები გადის და არ მახსენდება. ხან ყოველდღე თვალწინ მიდგას ეს კადრები. დღემდე მახრჩობს უსამართლობის განცდა.

4 წელი უკვე გავიდა, შეიძლება კიდევ გავიდეს რამდენიმე, თუმცა იმ ადგილს მაინც მივუბრუნდები. საბოლოოდ, იმდენი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა გამგეობასა და მუნიციპალიტეტს განაშენიანების გეგმაში ედოს თითო ადაპტირებული საქანელა – თითო სკვერისთვის.