ბლოგები

ჩხუბი სექსის გამო

ბაია პატარაიას ბლოგი

ცოტა ხნით დავივიწყოთ ვასაძე-დუგინისა და რუსეთის პოლიტიკა და დავფიქრდეთ რეალურ მიზეზზე, რის გამოც გუშინ ყველა ყველას ეჩხუბა.

რეალურად რაზე ვჩხუბობთ? სექსზე? ნუთუ იმაზე ვჩხუბობთ ამდენი ხალხი, თუ ვინ ვისთან დაწვება? ასე ძაან გვაღელვებს სხვა, ზრდასრული, ჩვენთვის უცხო ადამიანების ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირები?

კონტრაქციის ბევრი მონაწილე იტყვის, არაო, მე რაში მაინტერესებს ეგ ამბავიო, რაც უნდათ, ის ქნან, ოღონდ სახლშიო. კარგი.

მაგრამ ქუჩაში ხომ ისედაც არ აპირებდა სექსით დაკავებას არავინ? რამდენადაც მე ვიცი, იგეგმება ჩვეულებრივი მსვლელობა, კარნავალურიც კი არა; აი, სრულიად ჩვეულებრივი მსვლელობა – „დაიცავით მუშათა უფლებების“ მსგავსი მსვლელობა, ოღონდ ამჯერად ლგბტ პირების პრობლემებზე აქცენტით.

მაინც არ გვინდა არც ასეთი აქცია? რატომ? რადგან ამ მსვლელობაზე სწორედ ლგბტ ადამიანების პრობლემებზე ისაუბრებენ, ამიტომ არ გვინდა?

ანუ არ გვინდა, ლგბტ ადამიანების პრობლემებზე ვინმემ ისაუბროს. ანუ თვითონ ისინიც ნუ ისაუბრებენ საჯაროდ საკუთარ პრობლემებზე – ესაა ჩვენი სურვილი?

ჩვენ ხომ ვიცით, რომ ვისი მოსმენაც არ გვინდა, ისედაც არ მოვუსმენთ. არც მათ აქციაზე მივალთ, და თუ ტელევიზორში გამოაჩინეს 3 წუთით, არხსაც მშვენივრად გადავრთავთ.

იქნებ გვინდა, რომ არავინ უსმენდეს მათ? რატომ? თუ, მაგალითად, ჩვენი მეზობელი ჟუჟუნა მოისმენს ლგბტ ადამიანების პრობლემების შესახებ, რა მოხდება? რა მოუვა ჟუჟუნას? ჟუჟუნას მოუნდება ლესბოსელობა? დავუშვათ, ჟუჟუნამ ტელევიზორს უყურა, დაინახა იქ ლგბტ ადამიანების აქცია და გადაწყვიტა, რომ მასაც უნდა გახდეს ლესბოსელი, აი, ასე, ზოგს მსახიობობა და ვარსკვლავობა უნდა, ჟუჟუნას კი უცბად მოუნდა, რომ გახდეს ლესბოსელი და, ჯანი გავარდეს, ესეც დავუშვათ, რომ ჟუჟუნა მართლა გახდა ლესბოსელი პრაიდის გამო.

მერე? ჩვენ რა გვაწუხებს კონკრეტულად? ჟუჟუნას სექსი ვისთან ექნება, ეგ გვაწუხებს? ანუ ჩვენი პრობლემა და ჩვენი გადასაწყვეტია, ჟუჟუნას ვისთან ექნება ნებაყოფლობითი სექსი? ანუ მთელი ეს დავიდარაბა იმისთვის ავტეხეთ, რომ ერთმანეთის სექსი ვაკონტროლოთ?

ანუ, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, სხვა ადამიანების სექსუალური ცხოვრება როგორი უნდა იყოს – ესაა ჩვენი პრეტენზია საბოლოოდ? ვინ ვისთან დაწვება, ამის კონტროლი გვინდა? ანუ სექსში გვინდა მორალური რეგულაციების შემოტანა – ამისთვის იბრძვის ვასაძე და მის გარშემო შეკრებილი ხალხი?

კაი, დავუშვათ, ეკლესიას აინტერესებს და უნდა, რომ გააკონტროლოს ადამიანების სექსუალური ცხოვრება და გვიკარნახოს, ვის ვისთან, როდის, რა პირობებში და რა მიზნით უნდა ჰქონდეს სექსი. აი, ეკლესიას უნდა ადამიანების ცხოვრების, მათ შორის სექსუალური ცხოვრების კონტროლი.

კი, ბატონო. მაგრამ ჩვენ? ჩვენც გვინდა, რომ სხვა ადამიანებს განვუსაზღვროთ ვისთან, სად, რატომ და როგორ ჰქონდეს სექსი?

დავფიქრდეთ, აბა, კიდევ ერთხელ. მე, მაგალითად, არ მინდა სხვისი სექსის კონტროლი. გულწრფელად მჯერა, რომ ჩემი საქმე არ არის, შენ ვისთან და როგორი სექსი გექნება. ერთადერთი, როცა შეიძლება ავყვირდე და ჩავერიო, იქნება გაუპატიურება, პედოფილია და სხვა დანაშაულები. დანარჩენი ჩემი საქმე არ არის.

ჰოდა, მოდი ყველა ერთად დავფიქრდეთ, იქნებ არ არის ჩვენი საქმე სხვა ადამიანების სექსუალური ცხოვრება?!