სექსუალური შევიწროება

„წერილობითი კომუნიკაციისას, ლექტორი სტუდენტ გოგონას ორალურ სექსს სთავაზობდა“ – სტუდენტი ქუთაისის უნივერსიტეტში არსებული პრობლემების შესახებ საუბრობს

დავით ზივზივაძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტია. მან განათლების მინისტრს წერილით მიმართა, სადაც უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. „დღე, როდესაც ჩემი ფაკულტეტის პრეზენტაციაზე მივედი, იყო და არის გარდამტეხი ჩემს და იმედია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაშიც, რადგან მაშინ მოსმენილმა ძალადობრივმა, სექსისტურმა, დისკრიმინაციულმა და აგრესიულმა განცხადებებმა, რომლის მიხედვით ამავე უნივერსიტეტის ადმინისტრაცია საუნივერსიტეტო სივრციდან “გაყრის” მზაობას გამოხატავდა ყველა იმ სტუდენტთან მიმართებით, ვისაც საღეჭ რეზინს, ან ყურსასმენებს გვიპოვიდნენ, მე, როგორც ერთ-ერთ სტუდენტს სხვა მრავალი ათასიდან, გამიჩინა პროტესტის გრძნობა და ცვლილებების სურვილი.] [მრცხევენია იმ ფაქტის, რომ ჩემ ირგვლივ, ლექტორები სექსუალურად ავიწროვებენ ჩემს სტუდენტ მეგობრებს და პასუხს არ აგებენ ამ ფაქტებზე…] [მე მსურს, იზრუნოთ იმაზე, რომ ლექტორებმა ძალადობრივი იდეოლოგიის ნაცვლად, ტოლერანტული განწყობები გამოავლინონ და არ იყვნენ სელექციურები სტუდენტებთან მიმართებით. მე და ჩემს მეგობრებს, რომლებსაც არ აქვთ გამბედაობა რომ ილაპარაკონ ღიად და თამამად და რომელთა ნაცვლადაც მიწევს ლაპარაკი, გვინდა, რომ უნივერსიტეტი ადაპტირებული იყოს სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის და არავინ განიცდეს მწვავე ინდოქტრინაციას, დისკრიმინაციას და იმას, რომ უბრალოდ ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულობის გამო ვინმე მას დაჩაგრავს და არასახარბიელო და სტრესულ სიტუაციაში ჩააგდებს!”, – ვკითხულობთ წერილში.

დავით ზივზივაძე: ამ წერილის დაწერა ბევრ მიზეზთანაა კავშირში. პირველ რიგში, იგი ადამიანის უფლებებსა და განათლების ხარისხის პრობლემებს უკავშირდება. უნივერსიტეტში სწავლის დაწყების პირველივე დღიდან, დისკრიმინაციულ, სექსისტურ და ერთგვარად ძალადობრივ მესიჯებს წავაწყდი. ცალკე აღსანიშნავია მოძველებული საუნივერსიტეტო ლიტერატურა. ეს ყველაფერი, ჩემი პროტესტის წყაროდ იქცა. ამ ფონზე, დიდი პრობლემაა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდიფერენტულობა, რაც იმაში გამოიხატება, რომ სტუდენტების განწყობების თუ საჭიროებების კვლევა არასოდეს ჩაუტარებიათ. ჩემი სურვილია, სამინისტროს ყურადღება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ მივაპყრო და აქ არსებული სისტემური ხარვეზების აღმოფხვრას შევუწყო ხელი.

როგორ ფიქრობთ, რა არის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცისთვის სრულიად არაადეკვატური მიდგომების დეკლარირების მიზეზი?

მე ვფიქრობ, ყველაზე არაადეკვატური მიდგომა უნივერსიტეტის მხრიდან სტუდენტებთან მიმართებით არის ის, რომ გამოცდების შედეგებს კედლებზე გაკრული ფურცლებით ვიგებთ და ხშირად, სენსიტიური პირადი ინფორმაცია, მაგალითად, ადამიანის საიდენტიფიკაციო მონაცემები, როგორიცაა პირადი ნომერი, ყველასთვის შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, მე, როგორც სტუდენტს, სულაც არ მინდა, ინფორმაცია ჩემი აკადემიური მიღწევების შესახებ ნებისმიერ გამვლელს ჰქონდეს. ამასთანავე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განწყობები ხშირად აგრესიული და შეურაცხმყოფელია, რაზეც მეტყველებს მათი არაკონსტრუქციული კომუნიკაცია და მინიმალური მიმღებლობა სტუდენტების მხრიდან გაცემული უკუკავშირისა. ფაქტია, რომ ელექტრონული ჟურნალის სისტემის გაუმართაობა, ხშირად დისკომფორტულია. ასევე, უნივერსიტეტში არ არსებობს საკმარისი რაოდენობის წიგნები, ან თუ არსებობს, იმდენად ძველი და დრომოჭმულია, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნებს ვერ პასუხობს მისივე არაპრაქტიკოლობისა და მოძველებული თეორიების გამო.

რაც ყველაზე მეტად საგანგაშოა, უნივერსიტეტის საგარეო საქმეთა განყოფილება ფაქტობრივად უფუნქციოა. საზღვარგარეთ სასწავლებლად მინიმალური რაოდენობის ახალგაზრდების გაშვება, რომელთა სელექცია ხშირად კონტრავერსული საკითხია, უნივერსიტეტისა და სტუდენტების კონკურენტუნარიანობას ამცირებს და ამის ფონზე, არაფერი კეთდება, გარდა პრობლემის იგნორირებისა.

რა რეაქცია აქვთ ამაზე თავად სტუდენტებს?

სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა სტუდენტთა დიდ ნაწილს, ინდოქტრინაციის ფაქტებზე, ძალადობრივ შემთხვევებსა და ლექტორების მხრიდან უფლებებისა თუ მოვალეობების გადამეტებისას, არანაირი რეაქცია არ აქვს. ძირითადად, კონფორმისტულად განწყობილ ადამიანთა ინტერესი, დაბალი ხარისხის განათლების დიპლომით ლეგიტიმაციას არ სცდება. ამასთანავე, ყველაზე მწვავე და საგანგაშო ისაა, რომ ხშირად, იმ მცირე სტუდენტურ ნაწილს, რომელიც ბედავს ხმის ამოღებასა და პრობლემებზე მუშაობის დაწყებას, აკრიტიკებს და მოუწოდებს იმისკენ, რომ საერთოდ შეწყვიტონ კონკრეტულ შემთხვევებზე საუბარი, რათა უნივერსიტეტის იმიჯს მოუფრთხილდნენ. ცალკე თემაა სტუდენტური თვიმმართველობა, რომელსაც ერთხელაც არ ჩაუტარებია საჭიროებების კვლევა და სრულიად ავტონომიურად წყვეტს, რაში დაიხარჯოს ათასობით ლარი, რომელიც უცვლელად, ყოველ წელს, ტაშ-ფანდურის  თემას არ სცდება.

რა ინფორმაცია გაქვთ ამ კუთხით საქართველოში სხვა უმაღლეს სასწავლებლებში არსებული ვითარების შესახებ?

ძალიან საინტერესო შეკითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემა იმის თქმით უნდა დავიწყო, რომ ყველა უნივერსიტეტს აქვს პრობლემები, მით უმეტეს რომ განვითარებად ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც საკმარისად არ ბანდდება თანხები განათლების სფეროში. საქართველოში არსებულ სხვა უმაღლეს სასწავლებლებში არსებული ვითარება, არც ისე ცუდია. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ მოძიებული ინფორმაციით, იქ არ არსებობს გაუმართავი ელექტრონული სისტემა, ან წიგნების დეფიციტი. ასევე, არსებობს პროგრამები, რომლებიც სტუდენტების ხელშეწყობასა და პიროვნულ ზრდას ეხმარება. საშუალება მქონდა, დავსწრებოდი საჯარო ლექციებს თსუ-სა და ილიას უნივერსიტეტის ლექტორების მონაწილეობით და დამრჩა იმის განცდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში სტუდენტები ბევრად უფრო ადეკვატური ხარისხის განათლებას იღებენ და უკეთეს საუნივერსიტეტო სივრცეში, ვიდრე ეს ქუთაისში ხდება.

როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება უნივერსიტეტში სამოქალაქო აქტივიზმში ჩართული სტუდენტების მარგინალიზება?

ეს პრობლემა ჯერ კიდევ სკოლებიდან იწყება, სადაც ბავშვებს რაღაცებზე თვალის დახუჭვას ასწავლიან და ამ „რაღაცების“ უკან, ხშირად, დგას სერიოზულად მძიმე პრობლემები, რისმა იგნორირებამაც არაერთხელ მიგვიყვანა ფატალურ შედეგებამდე. ამასთანავე, სტუდენტების დიდ ნაწილს არავინ ესაუბრება მათ უფლებებსა და მოვალეობებზე, – არსებული საგანმანათლებლო სისტემა ამის საშუალებას არ იძლევა. არსებობს ერთგვარი შიშიც, რომ ლექტორებთან პრობლემურ საკითხებზე საუბარი მათ დააზარალებს. ამიტომაც, ისინი ამჯობინებენ ჩრდილში ყოფნას და იმ სისტემით კმაყოფილებიან, რომელიც უბრალოდ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ვითარებაში, სტუდენტები ერთგვარ ბარიერად მოიაზრებენ იმ ადამიანებს, რომლებიც კითხვებს სვამენ, აკრიტიკებენ არსებულ სისტემას და ხმამაღლა ლაპარაკობენ პრობლემებზე. მათი აზრით, მეამბოხე სტუდენტები მხოლოდ პრობლემების ესკალაციას უწყობენ ხელს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარად ნიჰილისტური განწყობები დაძლევადია და ყინული ოდესღაც გალღვება.

წერილში ამბობთ, რომ სიმწრით ნაშოვნი სწავლის გადასახადი სრულიად არ შეესაბამება უნივერსიტეტის კედლებში მიღებულ ცოდნას, ანუ, ფაქტიურად, ეს არის წყალში ჩაყრილი ფული. ამის მიზეზი უნივერსიტეტში არსებული მანკიერი სისტემაა თუ ის ლექტორებიც, რომლებსაც სათანადო კვალიფიკაცია არ გააჩნიათ?

ორივე! უნივერსიტეტის მანკიერი სისტემა მე, როგორც სტუდენტს, არ მაძლევს საშუალებას, რომ პიროვნულად განვვითარდე, საზღვარგარეთ წავიდე და ტრეინინგებსა თუ სტუდენტურ პროექტებში მივიღო მონაწილეობა, ვიმუშაო და ა.შ. ამ სისტემის გამო, უარის თქმა მიწევს ბევრ რამეზე, რადგან დასწრებისა და აქტივობების ქულათა სისტემის გამო, ფაქტობრივად, მიჯაჭვული ვარ საუნივერსიტეტო სივრცეზე, რომელიც აბსოლუტურად არაფერს მაძლევს. რაც შეეხება ლექტორების კვალიფიკაციას: ისინი ხშირად სალექციო დროს არამიზნობრივად იყენებენ, ლექციებს უმიზეზოდ აცდენენ და ა. შ. თანაც, მგონია, რომ თეორიული ცოდნის გარდა არსებობს სხვა ფაქტორებიც, რაც პროფესიონალად გაქცევს. მაგალითად, კომუნიკაციის უნარები, მიმღებლობა, ტოლერანტულობა და ბევრი სხვა რამ, რასაც ლექტორთა დიდი ნაწილი მოკლებულია.

თქვენ წერილში ლექტორების მხრიდან სტუდენტების სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობთ. ეს მძიმე ბრალდებაა, თუმცა, წერილში ჩანს, რომ ტენდენციას ასევე სისტემური ხასიათი აქვს. იმ ფონზე, როდესაც ჩვენში ამ თემაზე საუბარს უკვე ტაბუ აეხსნა, იქნებ სტუდენტებიც გაძლიერდნენ და ხმამაღლა ისაუბრონ ამ საკითხებზე, მოძალადე ლექტორების მხილების მეშვეობით?

სხვადასხვა ლექტორების მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტები უამრავია და ვფიქრობ, ამაზე მათ პასუხი აუცილებლად უნდა აგონ! უბრალოდ, ძნელია, ვინმეს დაუმტკიცო კონკრეტული ფაქტები და კიდევ უფრო ძნელია, ისედაც შეშინებულ სტუდენტს სთხოვო, ხმა ამოიღოს. ერთ-ერთ მაგალითს გავიხსენებ. ჩემი მეგობარი მიყვებოდა, თუ როგორ სთავაზობდა მას წერილობითი კომუნიკაციისას ორალურ სექსს ლექტორი, ან დაჟინებულად როგორ აკვირდებოდა მხოლოდ მას აუდიტორიაში. ამას გარდა, ხშირია ფაქტები, როცა ორაზროვანი სექსუალური მესიჯების გაჟღერება ხდება ხოლმე სალექციო კურსის მსვლელობისას, უბრალოდ, იმდენად დაბალია ცნობადობა ამ საკითხზე, რომ არავინ არაფერს ამბობს.

წერილში განათლების სისტემაში არასამთავრობო ორგანიზაციების როლზეც საუბრობთ. როგორ წარმოგიდგენიათ არასამთავრობო სექტორის მუშაობა სასწავლო დაწესებულებებში ამ კუთხით?

აწსუ-ს სტუდენტები ბევრს რამეს არიან მოკლებული, პირველ რიგში, არაფორმალური განათლების მეთოდებს, რომელიც ძალიან კარგი საშუალებაა ადამიანის გასავითარებლად. ვფიქრობ, არასამთავრობო სექტორს აქვს იმის უნარი, რომ ბევრი სტუდენტური პროგრამა წამოიწყოს და ტრეინინგები დააორგანიზოს ისეთ თემებზე, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს, გენდერულ საკითხებს, ტოლერანტობის საკითხებს და ა. შ., სადაც ლექტორებიც იქნებიან ჩართულნი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეფერირების სისტემის შექმნაში უნდა დაეხმაროს უნივერსიტეტს, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს პრობლემებზე ადეკვატური რეაგირება და კანონის დარღვევის დროს, შესაბამისი ქმედებების განხორციელება.

ესაუბრა შორენა გაბუნია