ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უცხო არაა ფანატიზმი, დისკრიმინაცია და ჩაგვრა. ეს ნიშნავს, რომ მისთვის ასევე არაა უცხო მარგინალების მიერ თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩადენილი სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და შეუპოვარი წინააღმდეგობის დაუჯერებელი მაგალითები. ბოსტონის ჩაის სმა, ჰარპერის არსენალზე თავდასხმა და სტოუნვოლის ამბოხი ამერიკის ისტორიის ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენებია. მიუხედავად ამისა, ძალიან ხშირად მას კულტურულ-ისტორიულ კონტექსტს აცლიან და ისე გვაწვდიან, თითქოს იგი დღესაც აქტუალური არ იყოს. საჭირო არაა იმის შეხსენება, თუ რამდენადაა დამახინჯებული სტოუნვოლის ამბოხის ისტორია. ამავდროულად, დანარჩენი ფაქტები მთლიანად ამოღებულია აშშ-ის ისტორიის სახელმძღვანელოებიდან: სავსებით შეგნებულად არ არის ნახსენები თავისუფლებისთვის მებრძოლი, გარემოსდამცველი და ანტიიმპერიალისტი აქტივისტების მთელი თაობები. როდესაც ჩვენ არ გვასწავლიან წინააღმდეგობის ამ ფაქტებს, ამით გვართმევენ ისტორიის რევოლუციურ მომენტებს და ჩვენ ვეღარ ვიყენებთ უფროსი თაობების მნიშვნელოვან გამოცდილებას თავისუფლებისათვის ბრძოლის გამოცდილებაში. ქვემოთ მოცემულია სახელმწიფო ძალადობის მიმართ გაწეული წინააღმდეგობის 6 ფაქტი. მათი ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი დღევანდელი ბრძოლისთვის. და ეს სრული სია სულაც არაა.
ბავშვების ლაშქრობა (children’s crusade)
1963 წელს ბირმინგემი (ალაბამას შტატი) გახლდათ სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის კერა. გაზაფხულისთვის სამხრეთის ქრისტიანთა ხელმძღვანელობის კონფერენციამ (Southern Christian Leadership Conference – SCLC) მასობრივი აქციები მოაწყო შავკანიანთა წინააღმდეგ ძალადობის გასაპროტესტებლად. აქციების ბევრი ორგანიზატორი, დოქტორ მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის ჩათვლით, დააპატიმრეს. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს აქციები აბუჩად აიგდო. ჟურნალმა „თაიმმა“ ისინი უდროოდ ჩათვალა. სამუშაოს დაკარგვის შიშით, ბევრ ადამიანს არ სურდა ამ აქციების გაგრძელება. SCLC-ის ორგანიზატორმა ჯეიმს ბეველმა, პროტესტის მუხტის გასაძლიერებლად, ახალგაზრდული გამოსვლების მოწყობა მოიფიქრა. ახალგაზრდებს პროტესტის გამოხატვა სურდათ. SCLC-მ ისინი არაძალადობრივი ქმედებებისათვის საიდუმლო ვითარებაში მოამზადა. 2 მაისს ასობით ახალგაზრდამ დატოვა სკოლები და ბაპტისტურ ეკლესიასთან შეიკრიბა. ისინი მერიისკენ საპროტესტო ლოზუნგებით დაიძრნენ. მთლიანობაში, მანიფესტაციაში მონაწილეობა ათასობით ახალგაზრდამ მიიღო.
ეს ყველაფერი მთლად მშვიდობიანადაც ვერ დასრულდა. ბირმინგემის პოლიციამ, ბულ კონორის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდებს შეუტია და ასობით ბავშვი დააპატიმრა. მათ ღამე საკნებში გაატარეს. ყველაზე უმცროსი, ოდრი ფეი, 9 წლის იყო. ბევრი ახალგაზრდა, პროტესტის გასაგრძელებლად, გათავისუფლების შემდეგ ქუჩებს დაუბრუნდა. ამ მოვლენებისადმი გაზრდილმა ინტერესმა უბიძგა პრეზიდენტ ჯონ კენედის, სახალხოდ დაეჭირა მხარი სამოქალაქო უფლებების მოძრაობისათვის.
რა დასკვნის გამოტანა შეიძლება აქედან?
ისტორიიდან „ბავშვების ლაშქრობის“ ამოშლა ძალიან ცუდია, რადგანაც ეს წყალში ყრის ამ ახალგაზრდების სიმამაცესა და დაუცხრომელ ენერგიას. ეს წარმოშობს აზრს, რომ მხოლოდ უფროსებს შეუძლიათ ცვლილებების მოხდენა. ახლა ბევრი ახალგაზრდა უდგას სათავეში სასკოლო გაფიცვებს, მწოლიარე, ე.წ. „მომკვდარუნების“ აქციებსა და დაუმორჩილებლობის სხვა ფორმებს და როდესაც ჩვენ არ ვასწავლით ჩვენს ახალგაზრდებს, რომ ისინი საპროტესტო მოძრაობის სრულფასოვანი წევრები არიან, ამით ჩვენ მათ ქედმოუხრელი ბრძოლის მდიდარ ისტორიას ვართმევთ.
სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის მესამე სამყაროს გათავისუფლების ფრონტი
დღეს ეთნიკური გაკვეთილების არსებობა მესამე სამყაროს გათავისუფლების ფრონტის დამსახურებაა. TWLF იყო ფერადკანიანი სტუდენტების ორგანიზაციების კოალიცია სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში. TWLF -მა რამდენიმე საკითხი გააპროტესტა. ეს შეერთებული შტატების ისტორიაში სტუდენტთა ყველაზე ხანგრძლივი გაფიცვაა. 1968 წლისათვის, ბევრი სტუდენტი უკმაყოფილო იყო ევროცენტრისტული სასწავლო პროგრამით, ფერადკანიანებისათვის ფაკულტეტების ნაკლებობითა და მიმდინარე ვიეტნამის ომით. როდესაც უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესს პროფესორი ჯორჯ მიურეი, „შავი პანტერების’’ განათლების მინისტრი ჩამოაშორა, სტუდენტები გაიფიცნენ. შავკანიანი სტუდენტების კავშირისა და TWLF -ის ხელმძღვანელობით, სტუდენტებმა მოთხოვნები წამოაყენეს, მათ შორის მიურეისა და სხვა პროფესორების უნივერსიტეტში აღდგენა, მეტი ფერადკანიანი სტუდენტის მიღება და ეთნიკური სწავლების დეპარტამენტის შემოღება. მათ მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს.
ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა და კამპუსი ერთი კვირით დაიხურა კიდეც. დეკემბრისთვის, მასწავლებელთა ფედერაციის წევრებმა სტუდენტებს პიკეტით დაუჭირეს მხარი. თებერვლისთვის, კამპუსში 300-ზე მეტი სტუდენტი დააპატიმრეს. გუბერნატორმა რონალდ რეიგანმა TWLF-ს „კანონდამრღვევ ანარქისტთა ხროვა“ უწოდა. გაფიცვა შეწყდა მარტში, როდესაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ბევრ მოთხოვნას დათანხმდა. დაახლოებით იმავე დროს, ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში TWLF -ის მეორე კოალიცია ჩამოყალიბდა. მათ ასევე დაიწყეს ბრძოლა ეთნიკური საკითხების შემსწავლელი კლასების შექმნისა და ფაკულტეტის წევრთა ეთნიკური გამრავალფეროვნებისათვის.
რას გვასწავლის ეს ყველაფერი?
ახალი ტენდენციის მიხედვით, კოლეჯის სტუდენტები „მეტისმეტად პოლიტკორექტულები და მგრძნობიარენი“ არიან, მაგრამ მარგინალიზებული სტუდენტებისთვის მიმდინარე მოთხოვნები ხშირად წარსულის პროტესტების ანარეკლია. TWLF -ის აქციებმა და სტუდენტების მიერ ორგანიზებულმა სხვა პროტესტებმა გვიჩვენა, რომ მათი ხმები მნიშვნელოვანია. მათ გააჩნიათ საკმარისი ძალა, რათა ზეგავლენა მოახდინონ ადმინისტრაციაზე და უკეთესი პირობები მოითხოვონ თავიანთთვის და სტუდენტთა შემდგომი თაობებისათვის.
დარღვეული ხელშეკრულებების შედეგი
1972 ვაშინგტონში მკვიდრი აქტივისტების ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი თავყრილობა. „დარღვეული ხელშეკრულებების შედეგები“, მკვიდრი ამერიკელების ორგანიზაციების კოალიციის ხელმძღვანელობით, იყო პროტესტი, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა. ამერიკელ ინდიელთა მოძრაობის ჩათვლით, ფედერალური მთავრობისათვის წარსადგენად, ორგანიზაციებმა მოთხოვნათა 20-პუნქტიანი სია შეიმუშავეს. ეს პროტესტი მიზნად ისახავდა სახელმწიფოს ყურადღების მიპყრობას მკვიდრი მოსახლეობის პრობლემებისადმი, ხელშეკრულების უფლებების, საცხოვრებელი პირობებისა და სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის ჩათვლით. ამ მოძრაობას 1960-70-იან წლებში წინ უძღოდა წინააღმდეგობის აქციები მკვიდრი მოსახლეობის მხრიდან: ალკატრაზის ოკუპაცია და ვუნდიდ ნიის ამბოხი. კოალიცია არჩევნებამდე 1 კვირით ადრე შეიკრიბა და ვაშინგტონისკენ დაიძრა. პრეზიდენტმა ნიქსონმა უარი თქვა მათთან შეხვედრაზე და გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით განაცხადა: „მოაშორეთ ეს წყეული ინდიელები ქალაქს’’. ამის შემდეგ, კოალიციამ შინაგან საქმეთა დეპარტამენტი დაიკავა. აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად სამთავრობო არქივები გაანადგურეს და უარი განაცხადეს შენობის დატოვებაზე. ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების შედეგად, 1 კვირაში მათ გაათავისუფლეს შენობა და მიიღეს ნიქსონის ადმინისტრაციის პირობა 20 პუნქტიანი დოკუმენტის განხილვაზე. თუმცა მიუხედავად ამისა, მკვიდრმა ისტორიკოსმა ვაინ დელორიამ აღნიშნა, „ნათელი იყო, რომ დოკუმენტს არ მიაქცევდნენ დიდ ყურადღებას’’.
რას გვასწავლის ეს?
როგორც ბევრი მკვიდრი აქტივისტი აღნიშნავს, ადგილობრივების ისტორია შემდეგნაირადაა დაკნინებული – ‘’მადლიერების დღე შედგა და შემდეგ ისინი გაუჩინარდნენ’’. როდესაც ჩვენ მხოლოდ ამას ვასწავლით, იჩქმალება ინდიელების მიმდინარე ბრძოლა და მათი ტრიუმფი, ისტორიიდან იშლება საუკუნეების განმავლობაში გაწეული წინააღმდეგობა და ამით ჩვენ ვკარგავთ მკვიდრი მოსახლეობისა და გარემოს დაცვის უფლებებისათვის ბრძოლის აშშ-ის ისტორიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომენტებს. ამის ცოდნა კი გვჭირდება, რათა უკეთ ჩავწვდეთ მიმდინარე საკითხებს, მაგალითად წყლის რესურსების დამცველთა საქმიანობას სთენდინგ როკში.
კაჰო ოლავე
1893 წელს აშშ-მა დაამხეს ჰავაის კონსტიტუციური მონარქია. 1900 წლისათვის, ჰავაელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, ის ოფიციალურად შეერთებული შტატების ნაწილი გახდა. როგორც ნოენოე სილვა უსვამს ხაზს წიგნში ‘’ნაღალატევი ალოჰა’’, მკვიდრი ჰავაელები ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ამ კოლონიზაციას, რომელიც მოიცავდა კულტურულ, რელიგიურ და გარემოსთან დაკავშირებულ ძალადობას. წინააღმდეგობის ერთი მაგალითია კაჰო ოლავეს კუნძულზე ‘’დესანტირება’’. მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-მა ჰავაის კუნძულებზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. კაჰო ოლავე გამოყენებულ იქნა ამერიკელი სამხედროების საწვრთნელ პოლიგონად. 1960-იანებში, ოპერაცია „სეილორ ჰეთის დროს, სამხედრო ექსპერიმენტებმა მასობრივი ეკოლოგიური ზიანი გამოიწვია. 1976 წელს შეტანილ იქნა სასამართლო სარჩელი, რათა სამხედროები დამორჩილებოდნენ გარემოსდაცვით კანონებს. ამან შთააგონა მკვიდრი ჰავაელები, უკან დაებრუნებინათ კაჰო ოლავე. ადგილობრივთა ლიდერმა ჩარლზ მაქსველმა თანამოაზრეებთან ერთად დაგეგმა აქციები კაჰო ოლავეს „ხელახალი ოკუპაციისათვის’’. 1976 წლის 5 იანვარს, 50-ზე მეტი აქტივისტი შეიკრიბა მაიუზე კაჰო ოლავეზე „დესანტირების“ გამო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფის უმეტესობას სამხედროებმა შეუშალეს ხელი, „კაჰო ოლავე 9-დ’’ წოდებულმა პატარა ჯგუფმა მიზნის მიღწევა მოახერხა. 1983 წლისათვის, შტატის კანონმდებლობამ ამ ადამიანების მცდელობები ცნო. შეიქმნა კაჰო ოლავეს კუნძულის ნაკრძალი. კაჰო ოლავეს და მის გარშემო არსებული წყლების გამოყენების უფლება მხოლოდ მკვიდრ ჰავაელებს გააჩნიათ.
რას გვასწავლის ეს?
სადღეისოდ, მატერიკზე მცხოვრებ ბევრ ამერიკელს წარმოდგენაც კი არ გააჩნია ჰავაელების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ. ბევრი ჩვენგანისათვის ჰავაი მხოლოდ და მხოლოდ დამსვენებელთა სამოთხეა, უბრალოდ ლამაზი ადგილი, რაიმე რეალური ღირებულების გარეშე. ეს ფაქტები ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ახალმოსახლეთა კოლონიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი დღევანდელ აქტივისტებს უჩვენებს, რომ მიწების დაბრუნება შესაძლებელია სამხედროებისა და დღევანდელი კოლონიზატორებისგანაც კი.
სან-ფრანცისკოს აქციები
მიუხედავად იმისა, რომ შშმ აქტივისტები აშშ-ში ყოველთვის იბრძოდნენ სამოქალაქო უფლებებისათვის, ძალიან ცოტა ინსტიტუციური რეფორმა შესულა ძალაში შშმ პირთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ მეოცე საუკუნის შუა ხანებამდე. 1973 წლის რეაბილიტაციის აქტი, არსებითად, „კრძალავს დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე იმ პროგრამებში, რომელიც ფინანსდება ფედერალური სააგენტოებისაგან’’. პარაგრაფი 504 იყო საკვანძო ამგვარი დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ის ნებისმიერ ინსტიტუციას, რომელიც მთავრობიდან ფინანსდებოდა – საავადმყოფოებს, სკოლებს, ფოსტამტებს და ა.შ., შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დისკრიმინაციას უკრძალავდა. და მაინც, სამი მომდევნო პრეზიდენტის ადმინისტრაცია თავს არიდებდა ამ ცვლილებების ცხოვრებაში გატარებას. მეტიც, ჯოზეფ კალიფანომ, ჯანდაცვისა და განათლების (HEW) მინისტრმა, უარი განაცხადა ამ აქტზე ხელის მოწერაზე. ასე რომ, შშმ მოსახლეობის ამერიკულმა კოალიციამ (ACCD) მიმართა პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 1977 წლის 4 აპრილს, შშმ აქტივისტებმა პიკეტირება მოუწყეს და დაიკავეს HEW-ის რეგიონული ოფისები მთელს ამერიკაში. HEW-ის სან-ფრანცისკოს ოფისის ოკუპაცია გაგრძელდა 25 დღე. ეს იყო აშშ-ის ფედერალური შენობის ყველაზე ხანგრძლივი ოკუპაცია. მთავარი ორგანიზატორები იყვნენ შშმ აქტივისტები ჯუდი ჰეუმანი და კიტი კონი. ისინი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ სხვა ორგანიზაციებთან, რათა მოემარაგებინათ აქტივისტები მედიკამენტებით, ცხელი საკვებით, ლეიბებითა და სხვა საჭირო ნივთებით. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რათა HEW-ის ოფისები საცხოვრებლად ვარგისნი გაეხადათ და ასევე მედიის ყურადღება მიეპყროთ როგორც ინსტიტუციურ, ასევე პერსონალურ დონეზე. 28 აპრილს მდივანმა კალიფანომ ხელი მოაწერა პარაგრაფ 504-ს ისე, რომ არაფერი არ შეუცვლია.
რას გვასწავლის ეს?
იმის გამო, რომ ამ ამბების შესახებ არაფერია ცნობილი, ძალიან ბევრი აქტივისტი არ მონაწილეობს შშმ ადამიანების უფლებებისათვის ბრძოლაში და სამწუხაროდ, ისეთ ინტერსექციურ საკითხებს, მაგალითად იმას, რომ პოლიციის მიერ მოკლული ბევრი შავკანიანი ამავე დროს შშმ-ც იყო, საერთოდ არ ექცევა ყურადღება ამ კუთხით. ამ ყველაფრის ცოდნის გარეშე, გავრცელებულია აზრი, რომ შშმ ადამიანებს არ შეუძლიათ ცვლილებების მოხდენა. სინამდვილეში მრავალი გამოჩენილი აქტივისტი სწორედაც რომ შშმ-ა. როგორც კიტი კონმა თქვა, „ჩვენ ვუჩვენეთ ლოგინად ჩავარდნილებსა თუ იზოლირებულებს, პოტენციურად დაუცველებსა და სუსტებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ბრძოლაში ჩაბმა… და გამარჯვება!’’.
ფერფლის აქცია (The Ashes Action)
პირველმა ოფიციალურმა შეტყობინებამ შიდსის შესახებ 1981 წლის ივნისში გაიჟღერა. მას შემდეგ, აივ-ინფიცირებულმა ადამიანებმა სისტემური სტიგმატიზაცია გამოსცადეს. მათ უარს ეუბნებოდნენ ჯანმრთელობით უზრუნველყოფაზე, საცხოვრებელზე და სკოლაში სიარულზეც კი. ხშირად, ისინი საზოგადოების მხრიდან უკიდურესი რასიზმისა და ჰომოფობიის გამოვლინებებს ეჯახებოდნენ. ფედერალურ მთავრობას დიდად არ უზრუნია ამ ეპიდემიის ჩაცხრობაზე. ასე რომ, 1987 წლის მარტში ლერი კრამერმა შექმნა შიდსის კოალიცია „AIDS Coalition to Unleash Power“ (ACT UP). ACT UP-მა საკუთარი თავი დაახასიათა როგორც „არა პარტიზანული, აღშფოთებული ჯგუფი, რომელმაც ვალდებულება იკისრა, არაძალადობრივი მოქმედებებით გადაეჭრა შიდსის კრიზისი“. ხანგრძლივი არსებობის განმავლობაში, ACT UP-მა დააგროვა სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და იმ მრავალრიცხოვან ინსტიტუციებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება, რომლებიც შიდსით დაავადებულ ადამიანებზე ძალადობას იწვევდნენ. ერთ-ერთ ყველაზე დიდ აქციას ადგილი ჰქონდა 1992 წლის ოქტომბერში. მას უწოდეს „ფერფლის აქცია“. ACT UP-მა ვაშინგტონში დამკრძალავი პროცესია გამართა, რომელიც შიდსისგან გარდაცვლილი ადამიანების ფერფლის თეთრი სახლის მდელოზე მიმოფანტვით დასრულდა. ბევრი ადამიანისათვის ეს ყველაფერი პირდაპირი განაჩენი იყო მთავრობისა და ასევე მკურნალობის პროცესისათვის. 1996 წლის ოქტომბერში შედგა მეორე „ფერფლის აქცია“, როდესაც შიდსის მემორიალური კომპოზიცია ვაშინგტონის ნაციონალურ პარკში განალაგეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა კლინტონმა „დაბლოკა ნემსების გაცვლითი ნაციონალური პროგრამა“ და სხვა დაპირებული ჯანდაცვითი ინიციატივები. სულ რამდენიმე წელიწადში კი, ამ პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის მთავრობას უკვე „განადიდებდნენ“ შიდსის ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალური მასშტაბით ბრძოლის გამო, მიუხედავად იმისა, რომ შიდსით დაავადებული ადამიანები კვლავაც სტიგმატიზებულნი და კრიმინალიზებულნი არიან და ჩვენ კვლავაც იშვიათად თუ გვესმის იმ ადამიანების შესახებ, ვინც ათწლეულების განმავლობაში იბრძოდა მთავრობის წინააღმდეგ ამ საკითხების გადასაჭრელად.
რას გვასწავლის ეს ყველაფერი?
როდესაც ACT UP-ის მსგავსი ჯგუფების წაშლა ხდება მეხსიერებიდან, ასევე გვავიწყდება ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ მთავრობა თავისი ნებით არასოდეს ეხმარება მარგინალიზებულ ჯგუფებს. მხოლოდ ხალხი თუ აიძულებს მთავრობას საკუთარი უფლებების დაცვას. და რადგანაც უამრავი აივ ინფიცირებული აქტივისტი გარდაიცვალა მკურნალობის დეფიციტის გამო, ამ ისტორიის მეხსიერებიდან ამოშლით, ჩვენ ასევე ვივიწყებთ იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც გზამკვლევნი იყვნენ ამ ბრძოლაში. როგორს ბრუს ვარდი ამბობს, „ისტორია ქრება, როდესაც ჩვენ არ ვუფრთხილდებით მოწმეებს’’. საბედნიეროდ, ჩვენ გაგვაჩნია ზეპირი ისტორიები და ფილმები, რომელთა საშუალებითაც არასდროს დავივიწყებთ მათ. როდესაც ჩვენ გვაკლია ორგანიზება, ეს ჩვენთვის შემაშინებელია, რადგან ამ დროს თითქოსდა მარტოები ვდგავართ უამრავი მძიმე გამოწვევის წინაშე, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ჩვენ არც პირველები ვართ და არც უკანასკნელნი ვიქნებით. ჩვენ უკან უამრავი აქტივისტია, რომლებიც წარსულიდან შთაგვაგონებს და გვიმაგრებს ზურგს ამ ბრძოლაში. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მეტს შევიტყობთ მათ შესახებ და გავაგრძელებთ საქმიანობას მათი სახელით, რათა მომავალმა თაობებმა ყველაფერი შეიტყონ თავიანთი წარსულის შესახებ.
წყარო: everydayfeminism.com
თარგმანი: ერეკლე გრიგოლია