საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების მხრიდან გრძელდება მიზანმიმართული თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელებზე. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მორიგი ასეთი თავდასხმა, კოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო ანტიკორუფციული კონფერენციის ფარგლებში, 22 ოქტომბერს, განახორციელა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის კომენტარის პასუხად, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ მოსაზრებას და საერთაშორისო ორგანიზაციების წუხილს გამოხატავდა (ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესის ჩავარდნა, ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის და სახელმწიფოს მიტაცების ნიშნები), იუსტიციის მინისტრმა, პრობლემებზე საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად, თავდასხმა მიიტანა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელზე და ეცადა წარმოეჩინა თითქოს კრიტიკული მოსაზრებები მხოლოდ ერთი ორგანიზაციის აზრია.
მინისტრმა წულუკიანმა გაიმეორა კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ, 2015 წელს, გამოთქმული ცრუ ბრალდებები ეკა გიგაურის მიმართ, რომ იგი თითქოსდა მონაწილეობდა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლაში. აღსანიშნავია, რომ ეს ბრალდებები იმ პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, თავდასხმას მოყვა, როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელთა წარსულის შესწავლას გეგმავდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბრალდებების წინააღმდეგ თავად ეკა გიგაურმა შეიტანა სარჩელი გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, რომელზეც სასამართლო განხილვები რამდენიმე წელია გრძელდება.
იუსტიციის მინისტრის მხრიდან „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელზე თავდასხმას წინ უძღვოდა, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, 8 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელზე პერსონალური თავდასხმა, ხოლო მანამდე, თეა წულუკიანი და ირაკლი კობახიძე, კორუფციულ სკანდალზე კრიტიკული განცხადების გამო, არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკურ პარტიებად მოიხსენიებდნენ.
23 ოქტომბრის ინტერვიუში მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმაც გაიმეორა იგივე რიტორიკა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ნაციონალური მოძრაობის აქტივი“ უწოდა. იმ პირობებში, როცა არც გუშინდელი ინტერვიუ და არც მანამდე, სახელისუფლებლო გუნდის წარმომადგენლების გამოსვლები დასაბუთებულ პასუხს არ სცემს საზოგადოებაში არსებულ კრიტიკულ კითხვებს, არასამთავრობო ორგანიზაციების სახით მტრის ხატის ხელოვნურად შექმნა, მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანის მორიგ მცდელობას წარმოადგენს. გასათვალისწინებელია წინასაარჩევნო კონტექსტი და სწორედ ამ დროს სადამკვირვებლო და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დისკრედიტაცია, რაც მათი საქმიანობის და შეფასებების დელეგიტიმაციას ისახავს მიზნად.
ცხადია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე მსგავსი თავდასხმები ხელისუფლების მიერ მთელი სამოქალაქო სექტორისა და მათი საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით წარმოებული კამპანიის ნაწილია. ხელისუფლების წარმომადგენლების კოორდინირებული თავდასხმების პარალელურად, სოციალურ ქსელებშიც შეიმჩნევა, არასწორ ინფორმაციაზე და მძიმე პერსონალურ შეურაცხყოფაზე დაფუძნებული, ორგანიზებული და მიზანმიმართული კამპანია, რომელსაც ანალოგიური ხელწერა აქვს. უნდა ითქვას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ძალაუფლების შეკავების, კონტროლისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მეთვალყურეობის როლს ასრულდებდნენ ყველა დროსა და პოლიტიკურ კონტექსტში, როგორც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ და ასე გაგრძელდება მომავალშიც.
იუსტიციის მინისტრის აგრესიული და სიცრუეზე დაფუძნებული კომუნიკაციის სტილი და ხელისუფლების წარმომადგენელთა კოორდინირებული შეტევა სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ორგანიზაციების წინააღმდეგ ამცირებს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის შესაძლებლობას, რაც ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების აუცილებელი ატრიბუტია. ამგვარი ქცევა სრულიად შეუფერებელია ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე ორიენტირებული სახელმწიფოს იდეასთან. სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა შეშფოთებას იწვევს საერთაშორისო დონეზეც, არაერთი უფლებადაცვითი ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს თავი შეიკავოს მსგავსი თავდასხმებისაგან.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნაცვლად არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელებზე თავდასხმისა, პირველ რიგში, უპასუხოს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს სავარაუდო კორუფციულ ბრალდებებთან დაკავშირებით და დააყენოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, მიუხედავად მათი გავლენებისა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ღია საზოგადოების ფონდი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
საფარი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ადამიანის უფლებათა სახლი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)