"საფარის" აქტივობები

ხელისუფლების წარმომადგენელთათვის სახალხო დამცველზე თავდასხმა ჩვევად იქცა

ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიმართ განხორციელებული მორიგი თავდასხმის გამო. სამწუხაროდ, როგორც ქართული ოცნების წევრების, ასევე საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთათვის, უკვე ჩვევად იქცა სახალხო დამცველის შესახებ დაუსაბუთებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებებები. ამ განცხადებების ერთადერთი მიზანია, უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის დისკრედიტაცია, ადამიანის უფლებების სფეროში არსებული რეალური პრობლემებისა და გამოწვევებისგან ყურადღების გადატანა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციური ორგანოა, რომელსაც კანონმდებლობით ევალება, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი და ზედამხედველობა. შესაბამისად, წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი, ისევე როგორც, გამოვლენილი დარღვევების თაობაზე საზოგადოებისა თუ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება, სახალხო დამცველის პირდაპირი და დღესდღეობით – ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა.

საქართველოს სახალხო დამცველი, წინა წლების მსგავსად, თავისი მანდატის ფარგლებში, აკვირდება 2020 საპარლამენტო არჩევნებს. შესაბამისად, ისეთი მძიმე დარღვევები, როგორებიცაა: დაშინება, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გასაჯაროების მუქარა და ძალისმიერი მეთოდებით პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორება, სწორედ ის საკითხებია, რასაც სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეაგირება არასდროს მოჰყოლია. დღემდე არ გამოძიებულა ან გამოძიება არ დასრულებულა ბევრ ძალადობრივ ქმედებაზე, რომელიც გასულ წლებში, წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არაჯანსაღ და ძალადობრივ წინასაარჩევნო გარემოზე, განმეორებით მიუთითებენ როგორც საერთაშორისო მისიები, ასევე, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები. შესაბამისად, მმართველი გუნდის წარომადგენლების აშკარა და პირდაპირი თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველზე დაუსაბუთებელია და მიზნად ისახავს ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის დისკრედიტაციას.

ხელმომწერი ორგანიზაციები, მოვუწოდებთ ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდს, თავი შეიკავონ სახალხო დამცველის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან პირდაპირი თუ ირიბი გზებით, შეწყვიტონ ამ ინსტიტუტის საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობები.

ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სამართლიანი არჩევნები (ISFED)
უფლებები საქართველო
Institute for Development of Freedom of Information
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
Emc • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR
Economic Policy Research Center
საქართველოს მედია კლუბი-თავისუფლებისთვის/ Georgian Media Club for Freedom
Democracy Research Institute – DRI / დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
საფარი/Sapari
მწვანე ალტერნატივა