ქალზე ძალადობა

ხვალ თბილისი მსოფლიო ქალთა მსვლელობას შეუერთდება

ასობით ათასი ადამიანი გეგმავს მონაწილეობის მიღებას ხვალინდელ მსვლელობაში, რომელიც საგანგებოდ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მეორე დღეს დაამთხვიეს. Women’s March მსოფლიოს 55 ქვეყანაში ჩაივლის. ორგანიზატორების თქმით, იგი მიმართულია ქალთა უფლებებზე ყურადღების გამახვილებისკენ. მარში შესაძლოა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართული უმსხვილესი საპროტესტო აქციად იქცეს. მასში მონაწილეობის მიღებას უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, შოუბიზნესის ვარსკვლავები, ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები და სხვ.

საპროტესტო მსვლელობის ლოზუნგი იქნება The Rise of the Woman = The Rise of the Nation. ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ 21 იანვარს, ამერიკის ორივე კონტინენტზე, ევროპასა და აზიაში გამართულ მსვლელობებზე ჯამში მილიონ ადამიანზე მეტი გამოვა. მხოლოდ ამერიკაში, სხვადასხვა ქალაქებში 600 აქციაა დაგეგმილი.

„ამერიკის პრეზიდენტის გასული არჩევნები შეურაცხყოფს, დემონიზებას უკეთებს და ემუქრება ბევრ თქვენთაგანს – არალეგალურ და ლეგალურ ემიგრანტებს სხვადასხვა ქვეყნებიდა, მუსლიმებსა და სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს, ასევე ლგბტ საზოგადოებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს და მათ, ვინც სექსუალურ ძალადობის გამოცდილება ჰქონია. ჩვენ შევეჯახეთ საკითხს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიმოძრაოთ წინ ნაციონალური და საერთაშორისო საფრთხეებისა და შიშის პირობებში“, – ვკითხულობთ Women’s March-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ერთ-ერთი მსხვილი მსვლელობა ვაშინგტონში ჩაივლის, თეთრი სახლის წინ. იგი ადგილობრივი დროით 10 საათზე დაიწყება. ორგანიზატორების თქმით, აქციაზე გამოვლენ ადვოკატები, მხატვრები, არტისტები და ბიზნესმენები. თავად მარში 13:15-ზე დაიწყება.

ქალთა მარში ხვალ თბილისშიც გაიმართება. მსვლელობა 14.00-ზე, ფილარმონიის შენობიდან დაიწყება, პარლამენტის შენობამდე, 15.00-დან 16.00-მდე კი ქალის უფლებებისადმი მიძღვნილი აქციით დასრულდება.

„სექსიზმისა და დაყოფის რიტორიკამ აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ბევრი ჩვენგანი შეშფოთებული დატოვა.

ვაშინგტონში ქალთა მარშისა და მსოფლიოს 370 ქალაქში დაგეგმილი ქალთა მარშების მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით ჩვენ, როგორც მსოფლიოსა და საქართველოს შეშფოთებული მოქალაქეები, ვიკრიბებით ახალი ადმინისტრაციის პირველ სამუშაო დღეს, რათა დავიცვათ ქალთა და ადამიანის უფლებები.

ჩვენ ვართ არაფორმალური, არაპარტიული სახალხო მოძრაობა, ვისაც გვჯერა თანასწორობის, მრავალფეროვნების, ინკლუზიურობისა და სამართლიანობის გამონაკლისების გარეშე. ჩვენ ვიკრიბებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქალთა უფლებების დაცვას ყველგან და წინ აღვუდგეთ შიშის და დაყოფის პოლიტიკას და მიზოგინიას.

გიწვევთ ყველას, ვინც იზიარებთ ჩვენ შეხედულებებს, შემოგვიერთდეთ. ჩვენ პოზიციას დავაფიქსირებთ მშვიდობიანად და პატივს მივაგებთ ჩვენამდე მოღვაწე ადამიანის უფლებათა და სამართლიანობის დამცველებს. ჩენ ვაცხადებთ: უკან არ დავიხევთ, არ გავჩუმდებით და ბრძოლას განვაგრძობთ, სანამ ყველას თანასწორობა და ღირსება არ იქნება მიღწეული”, – ვკითხულობთ თბილისის აქციის ანონსში.