როდესაც იურისტ ცირა ჯგერენაიას მცირეწლოვანი ბავშვის 26 წლის დედამ დაურეკა და უთხრა, რომ ყოფილი ქმარი მოკვლით ემუქრებოდა, ცირამ მას მობილური აპლიკაცია Safe YOU-ს ჩამოტვირთვა ურჩია.
“აპლიკაციის ინსტალაციიდან ორ დღეში, ქალს თავს ყოფილი ქმარი დაესხა მაშინ, როდესაც იგი და მისი სამი წლის შვილი საბავშვო ბაღში იყვნენ. კაცმა დაიჟინა, ბავშვი გაყოლოდა, და როცა უარი მიიღო, აგრესიული გახდა, ყვირილი და ლანძღვა-გინება დაიწყო. როცა მან ქალს სახეში გაარტყა, ამ უკანასკნელმა Safe YOU-ს SOS ღილაკს დააჭირა. კაცმა ყოფილ ცოლს ტელეფონი გამოგლიჯა, თუმცა არ იცოდა, რომ პოლიცია უკვე გაფრთხილებული იყო. პოლიციამ იგი შემთხვევის ადგილზე დააკავა”, – ამბობს ჯგერენაია. იგი თბილისში მუშაობს, ორგანიზაცია საფარში – ქალთა უფლებებზე მომუშავე ერთ-ერთ მთავარ არასამთავრობოში, რომელიც Safe YOU-ს პირველი პარტნიორი გახდა და აქტიურად თანამშრომლობს აპლიკაციასთან.
სომხეთში შემუშავებული მრავალფუნქციური მობილური აპლიკაცია Safe YOU ქალებს არამხოლოდ გენდერული ძალადობისგან იცავს, არამედ მათ საჭირო ცოდნასაც აწვდის სხვადასხვა საკითხებზე.
აპლიკაცია შეიქმნა 2018 წელს, როდესაც ტექნოლოგიურმა კომპანიამ Enterprise Incubator Foundation-მა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრემია აიღო სქესობრივ ძალადობასთან ბრძოლასთან დაკავშირებული ინიციატივისთვის. ამის კვალდაკვალ, ქალებისგან შემდგარმა ჯგუფმა იკვლია და შეიმუშავა აპლიკაცია Safe YOU.
“ტექნიკური საკითხების, თარგმანისა და დიზაინის რამდენიმეკვირიანი შემუშავების შემდეგ, ჩვენ წარმატებით ჩავუშვით აპლიკაცია. ჩვენს ქართველ პარტნიორებს, კონტენტის სამართავად, მონაცემთა ცალკე ბაზა შევუქმენით, რაც იმ ფორუმებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას გულისხმობდა, რომელსაც თითოეული ქვეყანა ადგილობრივი სალიცენზიო პარტნიორობის მიხედვით მართავს”, – ამბობს სოციალური მენეჯერი მარიამ ტოროსიანი, საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი და Impact Innovations Institute-ის (IMIN) გენერალური დირექტორი, რომელმაც Safe YOU 2020 წელს ჩაუშვა. ტოროსიანი ამაყობს, რომ 22-დან 32 წლამდე ქალებისგან შემდგარ ჯგუფს ხელმძღვანელობს. ადამიანის უფლებებისა და ანთროპოლოგიის სფეროში მუშაობის გამოცდილებით, იგი ჯანდაცვის სამართალს ასწავლის სომხეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
სომხეთში 2020 წლის მაისში ჩაშვებული Safe YOU ივლისში უკვე საქართველოში გაეშვა, და მისი პირველი პარტნიორი ორგანიზაცია საფარი გახდა. პანდემიის პირობებში, როდესაც გენდერული ძალადობის შემთხვევების მკვეთრი მატება აღინიშნა, აპლიკაცია დროულ გადაწყვეტილებად იქცა – საქართველოში მას ამჟამად 5000 აქტიური მომხმარებელი და 17 კონსულტანტი ჰყავს.
“აპლიკაცია სიცოცხლეების გადარჩენაზე უკვე მუშაობს. ჩვენ ამას ორი წლის შემდეგ ველოდით, მაგრამ უკვე 5 თვეში, მან ბევრი სიცოცხლე იხსნა”, – ამბობს ტოროსიანი და 26 წლის ქართველ დედას იხსენებს, რომლის ინტერესებსაც დღეს საფარი იცავს.
აპლიკაცია პანდემიის პერიოდში ჩაეშვა, მეზობელ აზერბაიჯანთან 44-დღიან ომამდე რამდენიმე თვით ადრე, და სომხეთში აპლიკაციის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. სომხეთში აპლიკაციას 500-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, 20-დან 25 წლამდე, და შვიდი კონსულტანტი. ტოროსიანმა ითანამშრომლა მსოფლიო ბანკთან, UNICEF-თან, UNFPA-სთან და სომხეთის ევროკავშირის ოფისთან. მომავალი წლის დასაწყისისთვის იგეგმება Safe YOU-ს მორგება მოზარდ გოგონებზე და სომხეთში მომხმარებელთა ბაზის გაფართოება 100 000-მდე.
მომხმარებელს შეუძლია, მხოლოდ ჩამოტვირთოს უფასო აპლიკაცია, და თავის ტელეფონის ნომერს, გვარს ან ფსევდონიმს დაუკავშიროს. ინტერნეტთან კავშირი საჭიროა, სამაგიეროდ, Safe YOU სმს შეტყობინებების ხარჯებს თავად ფარავს.
ღილაკ HELP-ს Safe YOU-ში 7-ამდე უფასო სმს შეტყობინების დაგზავნა და გამომძახებლის ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლია.
“საფრთხის შემთხვევაში, მომხმარებელი აჭერს ღილაკს HELP, რათა 7-ამდე უფასო სმს შეტყობინება დაუგზავნოს და თავისი ადგილმდებარეობა შეატყობინოს სამ წინასწარ არჩეულ ჯგუფს: სამამდე პირად კონტაქტს, სამ მომსახურების მომწოდებელს (ქალთა მხარდამჭერი ორგანიზაციები ან სახელმწიფო ორგანოები) და პოლიციას”, – ამბობს ტოროსიანი. რადგან მოძალადეებს, როგორც წესი, თავიანთი პარტნიორების მობილურებზე წვდომა აქვთ ხოლმე, აპლიკაციას უსაფრთხოების ორი დონე აქვს, რაც გამოაშკარავების რისკს მინიმალურს ხდის. Safe YOU-ს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების გაფართოებული ფუნქციები მომხმარებელზეა ორიენტირებული და გამჟღავნებული არ არის, მათი დაცვის მიზნით.
ღილაკი HELP ავტომატურად იწერს ერთწუთიან აუდიოს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე ხშირად, მსხვერპლი მოძალადესთან მარტო რჩება და სასამართლოსთვის ფაქტის დამადასტურებელი სამხილები არ გააჩნია. ჩანაწერი ასევე საჭიროა ფსიქოლოგიური კონსულტაციისთვისაც.
“აპლიკაციის აუდიოჩანაწერი ჩადებულ იქნა ჩემი კლიენტის საქმეში, მტკიცებულებად. ამ შემთხვევაში, მოძალადე პოლიციამ დანაშაულზე დაიჭირა, მსხვერპლს კი დროული დახმარება გაეწია”, – განმარტავს ცირა ჯგერენაია, რომელმაც, როგორც ახალგაზრდა დედის ადვოკატმა, ჩანაწერი სასამართლოში ყოფილი ქმრის მხრიდან სასტიკი მოპყრობის მტკიცებულებად წარადგინა.
აპლიკაციის ბიზნეს მოდელი ანალიტიკის საშუალებასაც იძლევა, რისი დამუშავებაც არასამთავრობო ორგანიზაციებს თავიანთი სამიზნე აუდიტორიის დასაფარად სჭირდებათ. იგი მოიცავს დაცულ შეტყობინებებს ფორუმებსა და ორგანიზაციებზე. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ, Safe YOU გამოიყენონ ტექსტური შეტყობინებების, ელექტრონული ფოსტის, Facebook ან Instagram გვერდებისთვის.
აპლიკაციის „უსაფრთხო სივრცე“ განხილვებსა და ფორუმებზე ანონიმურად მონაწილეობის საშუალებას იძლევა. მომხმარებლებს შეუძლიათ, გაიარონ კონსულტაციები, დასვან კითხვები ან სასწრაფო დახმარება მიიღონ სხვადასხვა სპეციალისტებისგან – საგანგებოდ შერჩეული ფსიქოლოგების, ექიმებისა და იურისტებისგან.
Safe YOU-ს გამოყენებით ბევრი ქვეყანაა დაინტერესებული კარიბის აუზიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან, აზიიდან და აფრიკიდან.
ცირა ჯგერენაიას თავისი კლიენტის შემთხვევა იმის მაგალითად მოჰყავს, თუ როგორ ეფექტურად შეუძლია Safe YOU-ს ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა. საქმე გამყარებულია მრავალრიცხოვანი მტკიცებულებით და სასამართლო განხილვაშია. ცირა ამბობს, რომ ახალგაზრდა დედამ ახალი სამსახური იშოვა, აღადგინა მეგობრებთან ურთიერთობა და „უკონფლიქტო გარემოში“ ცხოვრობს, მასზე და ბავშვზე ფსიქოლოგიური ზეწოლისგან თავისუფლად.
„აპლიკაცია Safe YOU-ს ყველა ქალს ვურჩევდი და არამხოლოდ მათ, ვინც გარკვეული საფრთხის ქვეშაა. აპლიკაცია ქალებს საშუალებას აძლევს, უფასო და საიმედო კონსულტაციები მიიღონ გინეკოლოგებისგან, იურისტებისგან, ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკებისგან, რაც თითოეული ქალისთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება იმ ქალებს, რომლებიც უშუალოდ თავდასხმების რისკის ქვეშ ცხოვრობენ, აპლიკაცია მათ თავის დაცვაში დაეხმარება. ის ფაქტი, რომ ჩემს კლიენტს და მის ბავშვს Safe YOU ძალადობისგან თავის დაღწევაში დაეხმარა, ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მე ხშირად ვეკონტაქტები მას და ვიცი, რომ თავს კარგად გრძნობს, რადგან მისი ცხოვრება გაუმჯობესდა. ვისურვებდი, რომ მსოფლიოში ყველა ქალს მიეღწიოს ამისთვის“, – აცხადებს ჯგერენაია.