რა არის გაუპატიურების კულტურა?
გაუპატიურების კულტურა არის გარემო, სადაც გაუპატიურება ხშირია და სადაც ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა ნორმალიზებული და მიტევებულია მედიის და პოპულარული კულტურის მიერ. გაუპატიურების კულტურას ინარჩუნებს მიზოგინიური ენა, ქალის სხეულის ობიექტივიზაცია და სექსუალური ძალადობის გლამურიზაცია, ანუ ისეთი საზოგადოების შექმნა, რომელიც უგულებელყოფს ქალის უფლებებს და უსაფრთხოებას.
გაუპატიურების კულტურა ყველა ქალს ეხება. ერთი ქალის გაუპატიურება ყველა ქალის დამცირება, დატერორება და შეზღუდვაა. ქალების და გოგოების უმეტესობა საკუთარ ქცევას ზღუდავს გაუპატიურების არსებობის გამო. ქალების და გოგოების უმეტესობა გაუპატიურების შიშით ცხოვრობს. კაცები არ ცხოვრობენ ასეთ შიშში. და სწორედ ასე ხდება გაუპატიურება ძლიერი იარაღი ქალის კაცზე დასაქვემდებარებლად, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კაცი არ სჩადის გაუპატიურებას და ბევრი ქალი არ ხდება გაუპატიურების მსხვერპლი. შიშის ეს წრე არის გაუპატიურების კულტურის შედეგი.
გაუპატიურების კულტურის მაგალითები:
– მსხვერპლის დადანაშაულება (მან გამოიწვია);
– სექსუალური ძალადობის ტრივიალიზება (“Boys will be boys!”);
– სექსუალური ხასიათის უხამსი ხუმრობები;
– სექსუალური შევიწროების მიმართ შემწყნარებლობა;
– გაუპატიურების შესახებ ცრუ ბრალდებების სტატისტიკის გაზვიადება;
– მსხვერპლის კაბის, ფსიქოლოგიური მდგომარეობის, მოტივების და ცხოვრების საჯარო განხილვა;
– არასაჭირო გენდერული ძალადობა ფილმებში და ტელევიზიაში;
– “კაცობა”, როგორც დომინანტურობა და სექსუალური აგრესიულობა;
– “ქალობა”, როგორც მორჩილება და სექსუალური პასიურობა;
– კაცებზე ზეწოლა, რომ ბევრი სექსუალური ურთიერთობა ჰქონდეთ;
– ქალებზე ზეწოლა, რომ “უკარება” არ ეგონოთ;
– დაშვება, რომ მხოლოდ “უწესო” ქალებს აუპატიურებენ;
– დაშვება, რომ კაცებს არ აუპატიურებენ, ან მხოლოდ “სუსტ” კაცებს აუპატიურებენ;
– გაუპატიურების ბრალდების სერიოზულად აღქმაზე უარის თქმა;
– ქალებისთვის სწავლება, თავი აარიდონ გაუპატიურებას იმის ნაცვლად, რომ კაცებს ასწავლონ, არ ჩაიდინონ გაუპატიურება.
როგორ შეიძლება, კაცები და ქალები ებრძოლონ გაუპატიურების კულტურას?
– თავი აარიდე ისეთი ენის გამოყენებას, რომელიც ქალს ობიექტივიზაციას უკეთებს ან ამცირებს;
– ჩაერიე, თუ გესმის შეურაცხმყოფელი ხუმრობა ან გაუპატიურების ტრივიალიზება;
– თუ მეგობარი გეტყვის, რომ გააუპატიურეს, სერიოზულად მიიღე და მხარი დაუჭირე;
– კრიტიკულად შეხედე მედიის გზავნილებს ქალების, კაცების, ურთიერთობების და ძალადობის შესახებ;
– პატივი ეცი სხვა ადამიანების ფიზიკურ სივრცეს ყოველდღიურ ურთიერთობებშიც კი;
– ყოველთვის ელაპარაკე სექსუალურ პარტნიორებს და ავტომატურად არ ჩათვალო, რომ სექსზე თანხმობა გაქვს;
– განსაზღვრე საკუთარი კაცობა და ქალობა. შენი ქმედებების ჩამოყალიბების უფლება არ მისცე სტერეოტიპებს;
– ჩაერთე. შეუერთდი ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
თარგმანი: თამარ გურჩიანი
წყარო: marshall.edu