„ქალი, რომელიც მანქანას ატარებს, მოკვდინებულ იქნება“, – ამბობს შეიხი ჰაზიმ მუჰამად ალ-მანშადი. იგი ისე საუბრობს, თითქოს არაფერი ხდება, ხმასაც კი არ უწევს. მისი ტომის, ალ-ღაზის (სამხრეთ ერაყი) დაუწერელი კანონები ასეთია: ქალი, რომელიც მანქანას ატარებს, შესაძლოა, კაცს გადაეყაროს, ეს კი „მის ღირსებაზე თავდასხმის“ შესაძლებლობას ბადებს. ამიტომაც, მისი ნათესავი კაცები მას დანით ან ტყვიით მოკლავენ და გვამს ქვიშიან დიუნებში დაფლავენ.
შეიხი კეთილსინდისიერი მასპინძელია. იგი სტუმრებს დარბაზში, შესანიშნავ ხალიჩებზე სვამს, უდაბნოს მზისგან მოსაჩრდილად. თავის ვაჟს მათთვის მაგარი, მწარე ყავის მოტანას უბრძანებს. მას კოვიდსაწინააღმდეგო ნიღაბი უკეთია.
მაგრამ კოდექსი, რომელსაც იგი მისდევს, სასტიკია. ამ სისასტიკის ერთ-ერთი მიზანი კაცების მიერ ქალების ფერტილობის კონტროლია. მისი ქალიშვილი ვალდებულია, მიიღოს ქმარი, რომელსაც მამა შეურჩევს. თუ მას სხვა კაცთან შეუსწრებენ, მისი მამრობითი სქესის ნათესავები ვალდებულნი არიან, ორივე დახოცონ.
ქალები ძირითადად შინ არიან. ივნისში, როცა ჩვენმა კორესპონდენტმა ერაყის სამხრეთით სამი შიიტური ტომი ინახულა და ეს სოფლები მოიარა, მას არც ერთი მოზარდობის ასაკს გადაცილებული ქალი არ უნახავს.
ქალთა ჩაგვრა ზიანს მხოლოდ ქალებს როდი აყენებს: ეს სავალალოა კაცებისთვისაც. ეს ფაქტორი საზოგადოებას მეტ სიღარიბეს და არასტაბილურობას ანიჭებს, ამტკიცებენ ვალერი ჰადსონი (Valerie Hudson) ტეხასის A&M უნივერსიტეტიდან (Texas A&M University) და დონა ლი ბოუენი (Donna Lee Bowen) და პერპეტუა ლინ ნილსენი (Perpetua Lynne Nielsen) ბრიგემ იანგის უნივერსიტეტიდან (Brigham Young University).
ზოგიერთი ერაყული ქალაქი ახლო აღმოსავლეთის სტანდარტებთან შედარებით საკმაოდ ლიბერალურია, მაგრამ სოფლების ძირითადი ნაწილი პატრიარქალურია, ამ სიტყვის მკაცრი გაგებით. სოციალური წესრიგი აქ მონათესავე ჯგუფების წარმომადგენელი კაცების ირგვლივ იგება. ყველა ლიდერი კაცია. ქალები შინ უნდა ემორჩილებოდნენ ქმრებს, მამებსა და ძმებს. ტომების შეკრებებს ისინი არ ესწრებიან. „დავაკონკრეტებ: ტომის წეს-ჩვეულებების თანახმად, ქალებს აზრის გამოხატვის უფლება არ აქვთ“, – ამბობს მანშადი.
ისტორიის დიდი ნაწილის მანძილზე, კაცების მმართველი უჯრედები, ბევრი თუ არა, უმრავლესი საზოგადოების ძირითადი ერთეული იყო. იგი ვითარდებოდა თავდაცვის მექანიზმის მსგავსად. კაცები, რომლებიც ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი, დიდი ალბათობით გარე მტრების წინააღმდეგ ერთიანდებოდნენ.
თუ ისინი ქორწინდებოდნენ ჯგუფის გარეთ მყოფ ქალებზე, ეს ქალები ქმრებთან გადმოდიოდნენ (ამას „პატრილოკალური“ ქორწინება ეწოდება და ჯერ კიდევ გავრცელებულია აზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის უმეტეს ქვეყანაში). საგვარეულო ხაზი მამიდან ვაჟზე გადადიოდა (ამ შეთანხმებას „პატრილინეალური“ ეწოდება). ქონებრივი და ხელმძღვანელი როლებიც ასევე კაცის ხაზით გადადიოდა. ქალ შვილებს მხოლოდ იმ კუთხით ჰქონდათ ფასი, რომ ვაჟების გაჩენა შეეძლოთ. აქ მკაცრი წესები იყო შემუშავებული, რომლებიც ქალის „წესიერებას“ უზრუნველყოფდა.
ასეთი წესები იყო შემუშავებული იმ სამყაროსთვის, რომელსაც არ გააჩნდა თანამედროვე ტიპის სახელმწიფო, არ ჰქონდა უზრუნველყოფილი წესრიგი და გააჩნდა თანამედროვე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები. მდიდარ ლიბერალურ ქვეყნებში წარმოდგენა კაცის ხაზით გვარის გაგრძელებაზე, როგორც საზოგადოების ქვაკუთხედზე, დიდი ხნის წინ მინავლდა. სხვა ადგილებში მსგავსი მიდგომა გასაკვირად გავრცელებულია. ავღანეთში მსგავსმა ჯგუფმა ახლახან ხელისუფლება ჩაიგდო ხელთ. ამიტომ, ღირს, ვნახოთ, როგორაა მოწყობილი მსგავსი საზოგადოებები.
წიგნში „პირველი პოლიტიკური წყობა: რა გავლენა აქვს სქესს მმართველობასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე მთელს მსოფლიოში“ (The First Political Order: How Sex Shapes Governance and National Security Worldwide), ჰადსონი, ბოუენი და ნილსენი 176 ქვეყანას აფასებენ 0-დან 16-ამდე სკალით, იმის მიხედვით, თუ რას უწოდებენ ისინი პატრილინეალურ/ძმურ სინდრომს. ეს არის სხვადასხვა ფაქტორის შეჯერება: ქალის მიმართ უთანასწორო მოპყრობა საოჯახო სამართალსა და ქონებრივ უფლებებში, ადრეული ქორწინება გოგონებში, პატრილოკალური ქორწინება, პოლიგამია, საცოლის გამოსყიდვა, ვაჟისთვის უპირატესობის მინიჭება, ქალთა მიმართ ძალადობა და მის მიმართ სოციალური დამოკიდებულებები (მაგალითად, ითვლება თუ არა გაუპატიურება კაცის საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად?).
აქ ლიდერობენ მდიდარი დემოკრატიები: ავსტრალია, შვედეთი და შვეიცარია დიაგრამაზე 0 ქულითაა აღნიშნული. ერაყს მიენიჭა სამწუხარო 15 ქულა, ნიგერიას, იემენსა და თალიბებამდელ ავღანეთთან ერთად. ამაზე უარესი სიტუაცია მხოლოდ სამხრეთ სუდანშია. პირქუში ქულები მხოლოდ ღარიბ ქვეყნებს არ დაუმსახურებია. საუდის არაბეთი და ყატარი საშინელ შედეგს გვიჩვენებს, ისევე, როგორც ინდოეთი და აფრიკის დიდი ნაწილი, საჰარის სამხრეთით. საერთო ჯამში, ავტორების შეფასებით, 120 ქვეყანა ჯერ კიდევ გარკვეულწილად ექვემდებარება ამ სინდრომს.
როგორც მოსალოდნელია, პატრიარქი მანშადი თანატომელი კაცების პრობლემებს გადაჭრის, რომელთა შორისაც უმრავლესობა სისხლისღვრას უკავშირდება. „გუშინ მიწასთან დაკავშირებული დავა მოვაგვარე. სხვა ტომელი კაცები ქვიშას თხრიდნენ, რომ მიწის ის ნაკვეთი დაეცემენტებინათ, რომელზე პრეტენზიაც ასევე მანშადის ტომსაც გააჩნდა. ატყდა სროლა. ერთ-ერთი კაცი თეძოში დაიჭრა. ზავი გამოცხადდა, რათა მესამე ტომის ჩართულობით კომპენსაციის რაოდენობა დადგენილიყო. 5 დღის წინ, ერთ-ერთი ინციდენტისას, 3 კაცი დაიღუპა სატვირთოზე დავის გამო. მსგავსი პრობლემები უამრავი გვაქვს“, – გმინავს შეიხი.
ერაყის პოლიციას ტომობრივ მკვლელობებში ჩარევა არ სურს; დამნაშავე, სავარაუდოდ, შეიარაღებულია. თუ იგი დაკავებისთვის შეწინააღმდეგებისას მოკვდება, მისი ნათესავი კაცები პოლიციის ოფიცრის მოკვლის მორალურ ვალს იგრძნობენ და თუ ეს ვერ მოხერხდება, მის ერთ-ერთ კოლეგას მაინც მოკლავენ. პოლიციელთაგან ცოტას თუ სურს ამ დავიდარაბაში თავის გაყოფა. უფრო ადვილია ტომებისთვის მათი პრობლემების გადაჭრის საშუალების მიცემა.
შედეგად, ღირსების ძველი კოდექსები ჯაბნიან ერაყის მოქმედ კანონებს და ისლამის წმინდა წერილებსაც, რომლებიც ჩვეულებრივ შედარებით რბილია. შურისძიების ციკლები კონტრლს არ ექვემდებარება. „უდანაშაულო გამვლელებსაც კლავენ. ბოლო სროლა გუშინწინ მოხდა. წინა თვეში სროლების მეშვეობით 1995 წელს მომხდარი მკვლელობის მოგვარებას ეცადნენ, „თვალი თვალისა წილ“ პრინციპით. ბატონ ზადინს თავში აქვს ჭრილობები იმის გამო, რომ ნავთობის კომპანიების ტომობრივი გამომძალველობა დაგმო“, – ამბობს მუჰამად აზ-ზადინი.
მისი ტელეფონი ახლაც რეკავს. უკვე სხვა საქმის გარჩევის დროა. ქალი ქორწინების გარეშე სექსში დაადანაშაულეს. ამ მომენტისთვის, ბოლო დღეებში 7 კაცი მოკლეს ამის გამო და 5 დაჭრილია. მათგან ორი მოკლული უხუცესია. ამიტომ, მათი ნათესავები ამბობენ, რომ 10 ადამიანი უნდა დაუხოცონ მეორე ტომს, რომ ბალანსი აღდგეს.
ჰადსონი და მისი თანაავტორები პატრილინეარულ სინდრომსა და ძალადობრივ პოლიტიკურ არასტაბილურობას შორის კავშირს ხედავენ. 176 ქვეყანაში მათ სხვადასხვა რეგრესია იკვლიეს, რაც კონფლიქტების წამახალისებელ სხვა ფაქტორებსაც ითვალისწინებდა: ეთნიკურ და რელიგიურ უთანხმოებას, კოლონიალურ ისტორიასა და ფართო კულტურულ კატეგორიებს – მუსლიმებს, დასავლეთის ქვეყნებსა და ინდუისტებს.
ავტორებმა იმის დადასტურება იხილეს, რომ პატრიარქატი და სიღარიბე გვერდიგვერდ არსებობენ.
ქალების წინაშე არსებული წინაღობები დედის საშოდან იწყება. ოჯახები, რომლებიც უპირატესობას ვაჟებს ანიჭებენ, ჩანასახშივე იცილებენ გოგო შვილებს. ეს განსაკუთრებით გავრცელებულია ჩინეთში, ინდოეთსა და პოსტსაბჭოთა კავკასიაში. ზოგიერთი შეფასების თანახმად, სელექციური აბორტების გამო, 130 მილიონი გოგონა არ დაბადებულა.
ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი კაცი ქალის გარეშე დარჩება, სასოწარკვეთილი კაცი კი სახიფათოა. ლენა ედლუნდმა (Lena Edlund ) კოლუმბიის უნივერსიტეტიდან და მისმა ჩინელმა თანაავტორებმა აღმოაჩინეს, რომ ჩინეთში კაცების ქალთა მიმართ დამოკიდებულების ყოველ 1%-ზე დანაშაული 3,7%-ით იზრდება. ინდოეთის ზოგიერთ ნაწილში, სადაც კაცები ქალებს დიდი რაოდენობით ჭარბობენ, ასევე ქალთა მიმართ ძალადობის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ქაშმირის ჯანყს პოლიტიკური ფესვები აქვს, თუმცა ეს ვერ შველის იმას, რომ შტატში სქესთა შორის ერთ-ერთი ყველაზე არათანაბარი მაჩვენებელია მთელს ინდოეთში.
ასევე, შესაძლოა, სოციალურად დესტაბიზილიზაციის გამომწვევი ფაქტორი პოლიგამია იყოს, იმ ფორმით, როცა კაცი რამდენიმე ქალზეა დაქორწინებული. ომში გახვეულ მალიში, ბურკინა-ფასოსა და სამხრეთ სუდანში ეს მაჩვენებელი მესამედს აჭარბებს. ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სადაც „ბოკო ჰარამის“ ბოევიკები ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებენ, 15-49 წლის ქალთა 44% პოლიგამიური ცოლის სტატუსით ცხოვრობს.
საცოლის გამოსყიდვის პრაქტიკა ასევე დესტაბილიზაციის გამომწვევია. ეს ფულისა და საქონლის ხელიდან ხელში გადასვლას ნიშნავს. ეს პატრილინეარული კულტურების უმრავლესობაშია გავრცელებული. ასევე, უგანდაში ქალების 34% 18 წლამდე ქორწინდება, 7% კი – 15 წლამდე. როცა ქმარს ცოლისთვის გამოსასყიდი აქვს გადახდილი, მას იგი თავის საკუთრებად მიაჩნია. ხანდახან, საცოლის ფასი ისეთი მაღალია, რომ კაცებს ამის გადახდა არ შეუძლიათ. ამის გამო, ისინი იძულებულნი ხდებიან, სხვადასხვა კრიმინალურ გარჩევაში მიიღონ მონაწილეობა, იმ იმედით, რომ ეს ფული იშოვონ.
არაფორმალური შეიერაღებული დაჯგუფებები ხშირად ამ პრობლემას „ადვილად“ აგვარებენ: ისლამური სახელმწიფო თავის მებრძოლებს სექს მონებს სთავაზობს, ბოკო ჰარამი კი აქეზებს მათ, მოიტაცონ გოგონები. ზოგიერთი თალიბი კარზე აკაკუნებს და მოითხოვს, რომ ოჯახებმა მარტოხელა ქალები მისცენ, რათა ისინი „გაათხოვოს“.
პატრილინეარობა გამყარებულია საკუთრების ფლობის ისეთი წესებით, რომელიც მორგებულია კაცზე. მამის ხაზის აქტივების შენარჩუნება, საკუთრების ფლობა ან მისი მემკვიდრეობით მიღება ქალისთვის ბევრ საზოგადოებაში უკიდურესად რთულია. ინდოეთში მიწების მხოლოდ 13% ეკუთვნის ქალებს. კვლევები გვიჩვენებს, რომ მიწების მფლობელ ქალებს სახლში მეტი სიტყვა ეთქმით და ნაკლებ ემუქრებათ ოჯახში ძალადობაც.
და მაინც, ოპტიმიზმისთვის საფუძველი არსებობს. პატრილინეარული კულტურა უკან იხევს. გოგონებზე სელექციური აბორტების რიცხვი მცირდება. კაცებისა და ქალების დაბადების მაჩვენებელმა ჩინეთსა და ინდოეთში პიკს მიაღწია და ახლა ქვეითდება. სამხრეთ კორეაში, საქართველოსა და ტუნისში, სადაც ადრე სქესთა ასიმეტრია ძალზე თვალშისაცემი იყო, იგი დაახლოებით ბუნებრივ მაჩვენებელს დაუბრუნდა.
კლებულობს ადრეული ქორწინებაც. 2000 წლიდან, 50-ზე მეტმა ქვეყანამ ქორწინების მინიმალური ასაკი 18 წლამდე ასწია. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, 20-დან 24 წლამდე ასაკის ქალების 19% 18 წლისა უკვე დაქორწინებული იყო, ხოლო 5% – 15 წლისა. 2000 წლისთვის ეს რიცხვი 31%-დან 10%-ზე დავიდა.
სექსისტური ტრადიციები უკან იხევს ერაყის სოფლებშიც კი. მანშადი ამბობს, რომ კაცებისთვის უკვე მიუღებელია ქალიშვილის გათხოვების სანაცვლოდ საფასურის სისხლით გადახდა.
სხვა დამხმარე ტენდენციები ურბანიზაცია და პენსიებია. როცა ქალები ქალაქებში გადადიან საცხოვრებლად, უფრო მაღალ ანაზღაურებას იღებენ და შინ თავიანთ გავლენას აფართოებენ. მათი კლანური კავშირებით სუსტდება, რადგან უკვე უცხოების გარემოცვაში ცხოვრობენ.
როცა სახელმწიფო პენსიას გასცემს, ხნიერი ადამიანები შვილებზე ნაკლებ დამოკიდებულნი ხდებიან. ეს მამობის ლოგიკას ასევე ასუსტებს. თუ მშობლებს უკვე აღარ უნდათ ვაჟი, რომელიც მათზე იზრუნებს, მაშინ არც მისი ყოლა მოუნდებათ ასე ძალიან და აღარც – ვაჟთან და რძალთან ცხოვრება. შესაბამისად, არც ქალიშვილის დაბადებას აღიქვამენ ტრაგედიად.
სწორედ ასე მოხდა სამხრეთ კორეაში, ქვეყანაში, რომელმაც ჩვენს დროში უსწრაფესად დაშალა პატრილინეარული სისტემა. 1991 წელს მან კაცების და ქალების მემკვიდრეობის უფლება გაათანაბრა და გააუქმა ქმრის ავტომატური უფლება ბავშვის მეურვეობაზე განქორწინების შემდეგ. 2005 წელს აღმოიფხვრა კაცის, როგორც ოჯახის ერთადერთი თავის იურიდიული ცნება. 2009 წელს სასამართლომ ქორწინებაში გაუპატიურება არაკონსტიტუციურად ცნო. პარალელურად სახელმწიფო პენსიების გაზრდამ მნიშვნელოვნად შეამცირა იმ მოხუცი კორეელების რიცხვი, რომლებიც თავიანთ ვაჟებთან ცხოვრობდნენ და მათზე იყვნენ დამოკიდებულნი. მშობლებს შორის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლტოლვა მამრობითი სქესის შვილების მიმართ ერთ თაობაში გოგონების უპირატესობამ შეცვალა.
ცვლილებები იმდენად სწრაფი იყო, რომ სახტად დარჩენილი კაცების უკმაყოფილება გამოიწვია. შედარებისთვის, დასავლეთში წლები დასჭირდა კაცების კულტურის ჩაქრობას, თუმცა იგი გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე კათოლიკური ეკლესია პოლიგამიას, ბიძაშვილებთან იძულებით ქორწინებასა და ქვრივი ქალებისთვის მემკვიდრეობის ჩამორთმევას აკრძალავდა.
უგანდაში, რომელმაც მთავრობების 5 ძალადობრივი ცვლა გამოიარა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქალების 49% და კაცების 41% სოციოლოგებს უცხადებს, რომ ზოგჯერ დასაშვებია ქმრის მიერ ცოლის ცემა, მაგრამ ეს მაჩვენებელიც კლებულობს.